მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #47
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-46(829)
მკვლელების უფროსმა დაიჯერა მოზესის სიტყვები და უთხრა:
– მე, მგონი, ასარჩევად არ გაქვთ საქმე. დარეკეთ. უფრო სწორად, ნომერი მიკარნახეთ. დავრეკავ და დაელაპარაკეთ.
– ხელბორკილები მომხსენით.
– ტელეფონს მე დაგიჭერთ.
– ტელეფონის გამო არა.
– აბა, რატომ მოგხსნათ?
– მოშარდვა მინდა.
– ისე მოშარდეთ.
მოზესს გაეცინა და მიუგო:
– ნუთუ ისე გეშინიათ ჩემი, რომ სამ კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცს ჩემი ახსნა არ გინდათ. რემბო ხომ არ ვარ? ბიზნესმენი ვარ.
მკვლელების უფროსმა ხელქვეითები გააფრთხილა, ყურადღებით ყოფილიყვნენ. შემდეგ პისტოლეტი შეაყენა და მოზესს უთხრა:
– ზედმეტი მოძრაობა და მოგკლავ! – მერე ერთ-ერთ ხელქვეითს უბრძანა:
– მოხსენი ბრასლეტები!
მოზესს ხელბორკილები მოხსნეს. საქსის უსაფრთხოების სამსამხურის უფრომა ხელები მოიფშვნიტა. შემდეგ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს შარვლის ელვას იხსნიდა. ამით მკვლელების უფროსისა და მისი ხელქვეითების ყურადღება მოადუნა. უცებ მარჯვენა ფეხის ქუსლი მკვლელების უფროსს ყბაში სთხლიშა და იქვე გათიშა. შემდეგ მიწაზე გაგორდა და ჯერ ერთი შეიარაღებული დასცა ძირს, შემდეგ მეორე. ორივე მათგანს თითო წიხლიც დააყოლა ცხვირ-პირში და გონება დააკარგვინა. ბოლოს პისტოლეტი აიღო და სამივე შუბლში თითო გასროლით მოკლა. ბოლოს ნიჩაბი აიღო და უზარმაზარი ორმო ამოთხარა. მოკლულებს იარაღი აართვა, ორმში ჩაყარა და მიწაც მიაყარა. უკვე თენდებოდა, როცა პოლიციელების ფურგონი დაქოქა და თბილისისკენ აიღო გეზი. მოზესმა მანქანა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო. ბოლოს კერძო მანქანა გააჩერა და კორპორაციის ოფისისკენ აიღო გეზი. მძღოლმა უცხოელს ფული არ გამოართვა და წავიდა. მოზესი ოფისმენეჯერის კაბინეტში ავიდა, რომელიც იქვე იმყოფებოდა და უთხრა:
– ათი ათასი დოლარი მჭირდება. კრინტი არავისთან დაძრა, რომ აქ ვიყავი.
შეშინებულმა ოფისმენეჯერმა მოზესს ფული მიუტანა და ჰკითხა:
– მოხდა რამე, მისტერ მოზეს?
– კი, მაგრამ გიმეორებ, არავისთან არფერი თქვა. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგო მოზესს ოფისმენეჯერმა და მზერა გააყოლა.
ჯონ მოზესი ჯერ თავის სასტუმროში მივიდა და ზურგჩანთაში მოკლული პოლიციელებისგან ართმეული იარაღი ჩააწყო. შემდეგ ფეხით დაეშვა ღვინის აღმართზე და სასტუმრო „მარიოტისკენ“ აიღო გეზი, თან ფიქრობდა: „ყველას გაგანადგურებთ, თქვე ნაძირლებო!“
რიტა გონჯუამ, როგორც სჩვეოდა, გენო კოკაიას ბინა საფუძვლიანად გადაჩხრიკა და სამომავლო გეგმებიც დეტალურად დააწყო. ბოლოს კი სავარძელში მოკალათდა, ოცნებებში წავიდა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც ზურგსუკან მოესმა:
– ჩაგეძინა, ძვირფასო?
რიტა არ იყო მშიშარა და თავის დაჭერაც მშვენივრად შეეძლო, მაგრამ თავზე წამომდგარი მასპინძლის სიტყვებმა ისე შეაშინა, რომ გულმა ბაგაბუგი აუტეხა. მკვეთრად მიაბრუნა თავი უკან და გენო კოკაია რომ დაინახა, ხმის კანკალით უთხრა:
– შენ ხარ, გენო? როგორ შემაშინე.
კოკაიამ ქალს თავზე ხელი გადაუსვა. მის წინ სავარძელში ჩაჯდა და მიუგო:
– რამ შეგაშინა, ძვირფასო. ხომ გითხარი, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებოდი. დამშვიდდი და ნურაფრის გეშინია.
– ეს რა მოპარვა გცოდნია, გენო. გული კინაღამ გამისკდა, – თქვა რიტამ.
– დამშვიდდი, ლენაჩკა, – თქვა გენომ და დააყოლა, – მოგეწონა აქაურობა? ხომ არ მოიწყინე?
– უშენოდ მოვიწყინე. აქაურობა კი მშვენიერია. რა ქენი, შეუთანხმდი შვეიცარიელებს?
– ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაქვს, შევთანხმდებით. რა მეჩქარება, – თქვა გენომ, – გადავწყვიტე, ფასი გავახუთმაგო და უფრო სარფიანად გავყიდო. ბევრი ფული აქვთ და გადაიხდიან.
რიტამ გადაწყვიტა, მზრუნველი ქალის როლი ეთამაშა და გენოს უთხრა:
– დაღლილი და მოშიებული იქნები. რას შეჭამ, რა გაგიმზადო1
– ჯერ არ მშია. აქ იყავი, – მიუგო გენომ.
რიტამ იფიქრა, – ამ ბაბნიკს, ალბათ, სექსი უნდაო. ამიტომ კალთაში ჩაუჯდა მასპინძელს და ფერება დაუწყო. გენომ ქალს თმაზე ჩამოუსვა ხელი, შემდეგ ხელზე დაიხვია, უკან ძლიერად დაქაჩა და თვალებში მიაჩერდა. რიტას ეტკინა. სახე დაემანჭა და იყვირა:
– რას შვრები, გენო! მეტკინა!
გენომ უფრო ძლიერად დაქაჩა თმა და ჰკითხა:
– მართლა გეტკინა?
– მეტკინა, მეტკინა, შე კრეტინო! ხელი გამიშვი, – ტკივილისგან ღრიალებდა რიტა, რომელმაც იფიქრა, რომ გენო სადომაზოხისტი იყო. მასპინძელმა კი ქალს უთხრა:
– მიჩვეული უნდა იყო ასეთ რამეებს. შენ არ მითხარი, ქმარი მცემდა და მაწამებდაო?
– გამიშვი, შე მანიაკო! – კიოდა რიტა, რომელიც უკვე დარწმუნებული იყო, რომ სადომაზოხისტის ხელში ჩავარდა და გაიფიქრა: „როგორც კი გამიშვებს, მოვკლავ. ფულს და ძვირფასეულობას ავიღებ და გავიქცევი“.
გენო უფრო ძლიერად ქაჩავდა რიტას თმას. პირქუშად უმზერდა ქალს და ხელის გაშვებას არც ფიქრობდა. მაშინ რიტამ გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა, ატირდა და თქვა:
– ჩემზეა ნათქვამი, – ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო... ვიფიქრე, ნორმალურ კაცს შევაფარე-მეთქი თავი, შენ კი ჩემს ქმარზე უარესი ყოფილხარ. ღმერთო, რა დაგიშავე? ღმერთო, მიშველე...
– ღმერთი მართლებს შველის. შენ კი ფლიდი და მატყუარა ხარ! – შეუბრალებლად თქვა გენო კოკაიამ და რიტას ისე მაგრად დაქაჩა თმა, რომ ქალს მთელ სხეულში დაუარა ტკივილმა და აკივლდა:
– გენო, გენო, მტკივა, გამიშვი!
გენომ პირზე ააფარა ხელი ქალს, რომ არ ეკივლა, თან დააყოლა:
– გაჩუმდი, შე ძუკნავ, თორემ კისერს მოგტეხავ!
რიტა გაფითრდა და აბუბუნდა. შემდეგ ძალა გამოელია და უკვე გულიც მისდიოდა, რომ გენომ ჯერ პირი გაუთავისუფლა, შემდეგ კი ხელი ჰკრა და იატაკზე დააგდო. თვალი თვალში გაუყარა და გამომცდელად უყურებდა. რიტამ სული მოითქვა, შეშინებულმა შეხედა გენოს და ჰკითხა:
– რას მერჩი, რა დაგიშავე?
– სიმართლე მითხარი, ვინ ხარ, – თქვა გენომ და ისე დააბრიალა თვალები, რომ მრავლისმნახველ არამზადასაც კი მთელი სხეული აუცახცახდა და ასლოკინდა.
გენომ ჭიქა წყალი დადგა მაგიდაზე და რიტას უბრძანა:
– დალიე!
რიტამ წყალი დალია, მაგრამ სლოკინი არ შეუწყვეტია. გენომ კი მას მრისხანედ უთხრა:
– ღრმად ჩაისუნთქე და დამშვიდდი. ნერვები მოთოკე, თორემ აქვე მოგკლავ! – მასპინძელმა რიტა იატაკიდან აათრია, სავარძელში ჩააგდო და დააყოლა, – ერთ წუთში თუ არ დამშვიდდები, მოგკლავ!
რიტამ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა. ორიოდეჯერ ღრმად ჩაისუნთქა. სლოკინი შეწყვიტა და გენოს გულწრფელად ჰკითხა:
– რა დაგიშავე, ადამიანო, რომ ასე გამიმეტე, რა გინდა?
– ვინ ხარ და ჩემთან როგორ მოხვდი! – მომნუსხველი მზერით იკითხა მასპინძელმა.
– როგორ და, გუშინ ქუჩაში შეგხვდი, აღარ გახსოვს? – თქვა რიტამ.
– ჩემთან ვინ მოგაგზავნა.
– ვის უნდა მოვეგზავნე? არავინ, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
გენომ რიტას სილა შემოჰკრა და გაუმეორა:
– ჩემთან ვინ მოგაგზავნა?
– არავინ, გენო, ნუ მირტყამ. შენთან შემთხვევით მოვხვდი. ხომ მოგიყევი უკვე. სადისტ ქმარს გამოვექეცი და შენ შეგხვდი... ვიფიქრე, – მიშველის-მეთქი. შენ კი ჩემს მოკვლას აპირებ.
– მოგკლავ, თუ ასე გააგრძელებ და სიმართლეს არ მეტყვი, – თქვა გენომ.
– რა სიმართლეს, გენო? შენთვის არაფერი მომიტყუებია და სუფთა ვარ.
– სუფთა ხარ? – გაიმეორა გენომ.
– სუფთა ვარ, სუფთა. არ გატყუებ. ერთი უბედური გოგო ვარ.
– სუფთა გოგოები სხვის ბინებს არ ჩხრეკენ, – თქვა გენომ.
ჩხრეკის ხსენებაზე რიტა გაფითრდა და მიხვდა, რომ გენოს ბინაში ფარული ვიდეოკამერები ეყენა. თავი უხმოდ ჩაღუნა და ხმას არ იღებდა. გენომ კი ჰკითხა:
– რას ეძებდი აქ?
– არაფერს, – ამოილუღლუღა რიტამ.
– მიხვდი, ხომ, რომ ვიდეოთვალითაა აქაურობა სავსე. თქვი, რას ეძებდი.
რიტამ თავი ასწია და გენოს უთხრა:
– არაფერს. მართლა არაფერს. უფრო სწორად, ფულსა და ძვირფასეულობას. ქურდი გოგო ვარ და ასე ვმუშაობ, – თქვა რიტამ.
– ხომ გითხარი, არ მომატყუო-მეთქი!
– არ გატყუებ. შენ თვითონაც ხომ ნახე ეს?
– ესე იგი, ქურდი გოგო ხარ?
– კი. ქურდი გოგო ვარ და ასე ვჩალიჩობ.
– კარგი, – თქვა გენომ და რიტას მწველი მზერა ესროლა, – თუ მართალს ამბობ, მაშინ რატომ არ აიღე ფული და ძვირფასი ნივთები და რატომ არ მოტყდი? ხუთი ათასი ევრო და ოქროს ნივთები კარგი კუშია. თანაც, ორი პისტოლეტიც გამოგადგებოდა. შენ კი მათ ხელი არ ახლე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იტყუები.
– არ ვიტყუები, – თქვა რიტამ, – კედლის სეიფში უფრო მეტი ფული გექნება და ამიტომ დავრჩი.
– ლოგიკური პასუხია, მაგრამ მაინც იტყუები.
– თუ ლოგიკურია, მაშინ როგორ ვიტყუები?
– როგორ და, თუ ქურდი ხარ, მიხვდებოდი, რომ სეიფს ვერ გახსნიდი და რაც იპოვე, იმას წაიღებდი. სეიფის გახსნა რომ შეგძლებოდა, მაშინვე გახსნიდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ იტყუები. შენ ფული კი არა, სეიფის შიგთავსი გაინტერესებს. ვფიქრობ, მოგზავნილი ხარ და თუ სიმართლეს არ მეტყვი, აქვე გაგაგორებ! – გენომ ქამრიდან პისტოლეტი ამოაცურა და რიტას დაუმიზნა, – სიმართლე მითხარი, თორემ მოგკლავ!
რიტას იარაღის არ შეშინებია, რადგან გონებაში ერთმა აზრმა გაუელვა. გენოს თვალებში შეხედა და უთხრა:
– სიმართლე რომ გითხრა, არ მომკლავ?
– შევეცდები, – მიუგო გენომ, – თქვი.
– რაც არ უნდა საშინელი იყოს ეს სიმართლე, მაინც არ მომკლავ?
– შევეცდები, – გაიმეორა გენომ და დააყოლა, – თქვი!
– მართლა სეიფმა გამაჩერა. დარწმუნებული ვარ, რომ შიგნით დიდ ქონებას ინახავ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შენივე იარაღის მუქარით სეიფს გაგაღებინებდი. იქაურობას მოვასუფთავებდი და მოვტყდებოდი.
– მე რას მიპირებდი?
– გაგთიშავდი, ხოლო თუ წინააღმდეგობას გამიწევდი, მოგკლავდი! – მტკიცედ თქვა რიტამ.
– მომკლავდი? – ირონიულად გაეცინა გენოს.
– კი, – მოკლედ მოუჭრა ქალმა.
გენომ რიტას გამომცდელად შეხედა. კარგა ხანს უყურა თვალებში და უთხრა:
– მოგიკლავს ოდესმე ვინმე?
– არა, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.
– რატომ? – იკითხა გენომ.
– იმიტომ, რომ კარგი ცხოვრება მიყვარს. ამას კი დიდი ფული სჭირდება. ფული ძნელი საშოვნელია და თუ არ გარისკე, არ გექნება. დიდი ფული მსხვერპლის გარეშე არ არსებობს და მზად ვარ ასეთ მხსვერპლზეც. გასაგებია?
– გასაგებია, – ჩაეცინა გენოს და რიტას უთხრა, – ესე იგი, მზად ხარ, რომ ბევრი ფულის გამო ადამიანი მოკლა?
– კი. მზად ვარ, – მტკიცედ თქვა რიტამ.
გენომ პისტოლეტი შეინახა და ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ რიტას წინ გაჩერდა და უთხრა:
– მაინც მგონია, რომ ბოლომდე სიმართლეს არ მეუბნები და რაღაცას მატყუებ, შეიძლება, მიმალავ. თუ ბოლომდე გამენდობი, გპირდები, შენს ოცნებას აისრულებ.
– ისევ ფიქრობ, რომ მოგზავნილი ვარ? – თქვა რიტამ.
– მოგზავნილი შეიძლება არ ხარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცას მიმალავ.
– მაინც რას?
– ეგ რომ ვიცოდე, ხომ არ გკითხავდი.
– ისეთს არაფერს, – თქვა რიტამ.
– ესე იგი, სწორად მივხვდი. მიდი, ბოლომდე მითხარი სიმართლე.
რიტამ თვალი თვალში გაუყარა გენოს და კარგა ხანს ათვალიერა, თან ფიქრობდა, ეთქვა თუ არა ბოლომდე სიმართლე. ბოლოს კი გაიფიქრა, – ეს გენო შემსრულებელი ჩანს. გოკიელის საქმეში გამოვიყენებ. თუ გამოვიდა და ვერ მოვკალი, მასთან ერთად მაინც გავიქცევი უცხოეთში, მით უმეტეს, კარგი მოსექსავეა და ამ კუთხითაც მაწყობსო... – ქალმა პაუზის მერე გენოს უთხრა:
– რაღაც რომ გკითხო, შეიძლება?
– მკითხე.
– შვეიცარიელებზე რომ მითხარი, ჩემი მიწა უნდათო, მართალია თუ მომატყუე?
– მართალია.
– მართლა ბიზნესმენი ხარ?
– კი.
– თუ საიდუმლო არაა, რას საქმიანობ?
გენოს გაეცინა და რიტას უთხრა:
– ჯერ შენი ამბავი მომიყევი და არაფერი დამიმალო. თუ დავრწმუნდი, რომ არაფერს მატყუებ, ჩემზე მაშინ ვილაპარაკოთ.
– ვიცი, ვინც ხარ, – მოულოდნელად თქვა რიტამ და მასპინძელს თვალი თვალში გაუყარა.
– მაინც ვინ გგონივარ?
– გეტყვი, ვინც მგონიხარ, მაგრამ ეგრევე ნუ მომკლავ და ბოლომდე მომისმინე. ისეთ რამეს გეტყვი, რომ შეიძლება, ჭკუაში დაგიჯდეს და თუ არ დაგიჯდება, შეგიძლია, გამაგორო. მით უმეტეს, რომ ვხედავ, ვერსად გაგექცევი. ნაღდს გეუბნები. ბევრი საშიში ადამიანი მინახავს, მაგრამ შენ მათ შორის ყველაზე საშიში ხარ.
– მაინც, ვინ ვარ?
– ქილერი, – თქვა რიტამ და გენოს მწველი მზერით შეხედა.
– კი. დაქირავებული მკვლელი ვარ. სწორად გამოიცანი, – თქვა გენომ და დააყოლა, – ჩემი ასეთი აღიარების შემდეგ, ალბათ, ხვდები, რომ გადარჩენის მიზერული შანსი გაქვს და ისეთს რას შემომთავაზებ, რომ ცოცხალი დაგტოვო?
– დავიწყებ იმით, რომ სინამდვილეში რიტა გონჯუა ვარ და არა ლენა კაშია, – თქვა რიტამ. გენოს აბსოლუტურად ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს დააყოლა, – რას იტყვი, ეს საქმე რომ გავჩარხოთ, დიდ მაყუთს არ ვიშოვით? შენ ქილერობას შეეშვები. ერთად ვიცხოვროთ რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში და ჩვენი ჭია გავახაროთ, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა იქნები. დავიჯერო, გსიამოვნებს შენი პროფესია?
გაგრძელება შემდეგ ნომერში