ინტიმური საუბრები #47
დედამთილმა ბედნიერი ოჯახი ჯოჯოხეთად მიქცია
ყოველთვის მეგონა, დედამთილს, როგორც საკუთარ დედას, ისე მოვექცეოდი, გავუფრთხილდებოდი და მასაც შვილივით ვეყვარებოდი. ასეც იყო. რომ გავთხოვდი და დათოს გავყევი ცოლად, ჩემი დედამთილი კალთაში მისვამდა, პატარა ბავშვივით მეფერებოდა და ცდილობდა, გავენებივრებინე. რას წარმოვიდგენდი, თუ ეს მხოლოდ ფარისევლობა იყო. დათო ძალიან კარგი ქმარი და მამა აღმოჩნდა, მაგრამ დედაზე იმდენად დამოკიდებული, რომ მას ყველა და ყველაფერი ამჯობინა. ნამდვილად არ დავუჯერებდი, სხვას რომ ეთქვა, მაგრამ საკუთრი ყურით მოვისმინე, როგორ ეუბნებოდა დედამთილი ჩემს ქმარს: შვილო, ცოლი ბევრი შეიძლება, მოიყვანო, დედა კი ერთიაო. ამას ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, დათო ჭკვიანი ბიჭია და დედის ენას არ აჰყვება-მეთქი. მაგრამ, სუსტი აღმოჩნდა. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც დედა ეტყოდა და ხშირად მიმეორებდა: დედა ერთია, მას ვერ ვაწყენინებო. ნელ-ნელა ოჯახში სიტუაცია დაიძაბა. ვფიქრობდი, დათო დედისერთაა და დედამისი ამიტომ არის მის მიმართ ასე ეგოისტურად განწყობილი-მეთქი, მაგრამ, მე რა დავაშავე? ჩვენს ოთახში ყოველ საღამოს შემოვიდოდა, გადაამოწმებდა, ხომ ყველაფერი წესრიგში იყო, დათოს მოეფერებოდა და ისე გავიდოდა, ზედაც არ შემომხედავდა. აღარც ჩემი დალაგებულ-დასუფთვებული მოსწონდა. იატაკს ან მტვერს რომ ვწმენდდი, ის უკან მომყვებოდა ჩვრით ხელში. შვილიშვილის მიმართაც არ გამოხატავდა სიყვარულს. მხოლოდ იმას გაიძახოდა: მე შვილი ასე გავზარდე, ასე ვუკეთებდი, ისე ვუკეთებდიო. მოკლედ, ისე გადაიბირა დათო დედამისმა, ერთ დღესაც გამომიცხადა, ჩვენი დაქორწინება შეცდომა იყო, სხვა გოგო მიყვარდა და მხოლოდ იმიტომ მოგიყვანე ცოლად, რომ შეძლებული ოჯახიდან იყავიო. აი, იქ მივხვდი, რომ ყველაფერი ფარსი იყო. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გაიუბედურა დათომ თავი თუ არ ვუყვარდი, ან მე რა დავუშავე და რატომ აჰყვა დედის ენას. თუმცა ფაქტია, არაფრის გამო ოჯახში პრობლემები შემექმნა. არც ოჯახის დანგრევა მინდა და მდგმურივით ვცხოვრობ ქმრის ოჯახში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჩავალაგო ყველაფერი, მოვკიდო ბავშვს ხელი და წავიდე ქმრის ოჯახიდან-მეთქი. მაგრამ მერე, რომ დავფიქრდები, ვხვდები. დედამთილის გამო არ უნდა დავანგრიო ოჯახი. დათოს ხასიათი ვიცი, საკმარისია, მარტო დავრჩეთ, რომ ჩემს ჭკუაზე გადმოდის. ბევრი მეტყვის, რად გინდა ეგეთი ქმარი, დედის ენას რომ ყვებაო. მაგრამ, მე ოჯახი მინდა. თანაც, მიყვარს დათო და არ მინდა, შვილი უმამოდ გაიზარდოს. დედამისი ცას ხომ არ გამოეკერება? მე კი მის გამო რატომ უნდა ავიწეწო ცხოვრება? იმედია, დათო მიხვდება, რომ ცხოვრებაში, რასაკვირველია, დედის პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ ცოლ-შვილზე ზრუნვა – არანაკლებ მნიშვნელოვანი. მე კი, ვფიქრობ, მოვითმინო ჯოჯოხეთში ცხოვრება და არ ავყვე დედამთილის ხუშტურებს. მჯერა, ერთ დღესაც მიხვდება თავის დანაშაულს და ინანებს.
მაკა, 27 წლის.