რატომ გაიხსნა მაიმუნების საშენი უშუალოდ ბერიას თაოსნობით სოხუმში #47
ლავრენტი ბერია არაერთი საიდუმლო პროექტის კურატორი გახლდათ, არსებობს ნაკლებად ცნობილი ბერიას კურატორობით განხორციელებული პროექტები და ერთ-ერთი მათგანია, ეგრეთ წოდებული, „ჩო 01“. ის 1927 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 28 წლის საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, ლავრენტი ბერიას დაევალა... პროფესორი, ისტორიკოს-მკვლევარი პეტრე საგდეევი წერს: „საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად ლავრენტი ბერია 1927 წლის 4 აპრილს დაინიშნა. ის მხოლოდ 28 წლის იყო. მართალია, მას რეკომენდაცია ფორმალურად სერგო ორჯონიკიძემ გაუწია, მაგრამ სტალინი ბევრად უფრო ადრე იცნობდა „საზრიან ჩეკისტს“ (ასე უწოდებდა ბერიას სტალინი) და როგორც ეტყობა, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ამ ახალგაზრდა კაცისთვის „მთავარი შემსრულებლის“ როლი.
რაც შეეხება საიდუმლო პროექტ „ჩო 01-ს“, რუსული აბრევიატურაა და ნიშნავს ადამიანის მსგავს მაიმუნს) ეს იყო ბიოლოგ იაკობ კრასინსკის მიერ მოფიქრებული და თეორიულად ჩამოყალიბებული იდეა, ეგრეთ წოდებული, ძლიერი მუშა-მებრძოლის ტიპის შექმნის შესახებ. ეს გახლდათ – არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთმანეთთან შეჯვარების საექსპერიმენტო სამუშაოები. კრასინსკის აზრით, უნდა „გამოეძერწათ“ (კრასინსკის ფრაზა) ისეთი არსება, რომელიც დაუღალავად იშრომებდა მრავალი საათის განმავლობაში, უშიშრად შეებრძოლებოდა მტერს და რაც მთავარია, უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ნებისმიერ ბრძანებას. კრასინსკის სტალინისთვის გაუზიარებია ეს იდეა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ბელადს სკეპტიკურად აღუქვამს ის, მაინც მიუცია ნებართვა ექსპერიმენტების დასაწყებად. ფულიც გამოუყვია და პროექტის თავდაპირველ საიდუმლო კურატორად „ჩეკას“ კომისარი, იური ბლოშკინი დაუნიშნავს. თუმცა, ბლოშკინი 1927 წლის 30 მარტს გარდაიცვალა და 6 აპრილს „ჩო 01“ სულ რაღაც ორი დღის დანიშნულმა, საქართველოს „ჩეკას“ უფროსმა, ლავრენტი ბერიამ გადაიბარა...
პროექტი „ჩო 01“ თავდაპირველად თბილისში ხორციელდებოდა და საამისოდ დღევანდელი თბილისის ზოოპარკის ქვეშ (ზოოპარკი 1927 წლის 10 თებერვალს გაიხსნა) უზარმაზარი საიდუმლო ბუნკერი აიგო (დღეს ეს ბუნკერი ჩახერგილი და გაუქმებულია). სპეციალურად, აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ მაიმუნებს დახურულ ოთახებში ათავსებდნენ. მათთან შესაჯვარებელ ქალებს კი ნებაყოფლობით საწყისებზე პატიმრებისგან არჩევდნენ. როგორც კი ბერია ამ პროექტის კურატორი გახდა, რომელიც ასევე, სკეპტიკურად იყო განწყობილი მის მიმართ, ექსპერიმენტების გაგრძელება შავიზღვისპირეთში შესთავაზა კრასინსკის. სპეციალურად საამისოდ მან ეგრეთ წოდებული მაიმუნების „პიტომნიკი“ სოხუმის მახლობლად ააშენებინა, რომელიც 1927 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა. თბილისიდან სოხუმში ლაბორატორიის გადატანა კი, იმან გამოიწვია, რომ ერთ-ერთ ექსპერიმენტატორს წამლებით გაცოფებული გორილა გამოექცა და გარდა იმისა, რომ თავად ექსპერიმენტატორს ხერხემალი გადაუმტვრია, ორი მოქალაქეც მძიმედ დააზარალა. მილიციამ ის მოკლა... გენერალი სერგო გოგლიძე თავის ჩვენებაში 1953 წლის 19 ოქტომბერს ასე აღწერდა ამ ამბავს: „გორილასთან დაკავშირებული ამბის გამო, ბერიამ იაკობ კრასინსკი თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა:
– თქვენი ექსპერიმენტების მე არ მჯერა, მაგრამ ამხანაგ სტალინის ბრძანებას ვერ გადავუხვევ. არამც თუ მსგავსი ინციდენტი, არამედ პატარა „ჩეპეც“ რომ მოხდეს, მერწმუნეთ, საკუთარ თავს გამოემშვიდობებით...“
მეორე დღეს კი, ბერიასვე ინიციატივითა და საიდუმლო ბრძანებით, ლაბორატორიის მშენებლობა სოხუმის მახლობალდ დაიწყო და 27 აგვისტოდან კრასინსკი უკვე იქ ახორციელებდა თავის ბუნდოვან საქმიანობას...
საგულისხმო ფაქტია, რომ პროექტი „ჩო 01“ 1928 წლის 4 სექტემბერს, ბერიას ინიციატივით დაიხურა. 6 სექტებმერს კი, კრასინსკი „ჩეკამ“ დააპატიმრა და თაღლითობისა და სახელმწიფო სახსრების განიავებისთვის, გაასამართლეს, 10 წლით ციხეში ჩასვეს. 11 წლის შემდეგ კი, 1939 წელს, კრასინსკი დახვრიტეს.
ბერიას სასამართლო პროცესზე კრასინსკის საქმეც ამოატივტივეს და შარლატანი, თაღლითი ბიოლოგი ლამის გმირად, წამებულად შერაცხეს. ბერიას კი, მეცნიერების განვითარების შეფერხებაში დასდეს ბრალი.
რაც შეეხება ბერიას წვლილს მეცნიერების განვითარებაში, ის მართლაც რომ უსაზღვროა. ცნობილი ქართველი აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი, ბიოლოგი, ქალბატონი ბახტაძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ჩაის კულტურის განვითარების საქმეში, ასე იხსენებდა ლავრენტი ბერიას ღვაწლს: „ლავრენტი ბერიას უშუალო დამსახურებაა, რომ საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე, 1941 წლის 25 თებერვალს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა. ბერიას, მე ჯერ კიდევ 1922 წლიდან ვიცნობდი. მას მერე ბერიას არაერთხელ შევხვედრივარ და ეს ადამიანი ყოველთვის მაოცებდა თავისი განათლებით, ერუდიციითა და თავშეკავებულობით. დარწმუნებული ვარ, მისთვის წაყენებული ბრალი მონაჭორია და უბრალოდ, ხმები დაუყარეს, რომ მისი სახელი წაებილწათ... 1933 წელს ქართული ჩაის ჯიშის სელექციაზე გამალებით ვმუშაობდი. არ გვყოფნიდა სახსრები, არ გვქონდა საკმარისი ინფრასტრუქტურა და რადგან ბერიას ვიცნობდი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი გახლდათ, წერილი მივწერე, მცირედი დახმარება მაინც გაეწია ჩვენთვის. რეაგირება მყისიერი იყო. სამი დღის შემდეგ ბერიამ სპეციალური კომისია გამოგვიგზავნა, რომელმაც სულ რაღაც ორ დღეში შეისწავლა საკითხი. ამის მერე კი, დაფინანსებაც გაგვისამმაგეს, ინფრასტრუქტურაც გაგვიფართოეს და საქმემაც გიგანტური ნაბიჯებით წაიწია წინ. ბერია თვეში ერთხელ მაინც გამონახავდა დროს, რომ გვწვეოდა და გულდასმით მოეკითხა ჩვენი ამბები. მახსოვს, მას რომ, ეგრეთ წოდებული, ჩაის ჯიში „ზამთრის გმირი“ გავასინჯე, აღტაცებული დარჩა და მოკრძალებულად მთხოვა, ასიოდე გრამი მისთვის გამეტანებინა. როგორც ვიცი, ბერია სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ მიერ გამოყვანილ ამ ჩაის მიირთმევდა, რაშიც მას უდიდესი წვლილი მიუძღვოდა...“
საინტერესო ფაქტია, საქართველოს დამოუკიდებელი მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნების ამბავიც, რაც ლავრენტი ბერიას უდიდესი დამსახურებაა. 1941 წლის 25 თებერვალს ეს რომ მომხდარიყო, საკავშირო „ჩეკას“ შეფს, ჯერ სტალინის დარწმუნება დასჭირდა ამაში, შემდეგ კი, წინასაომარი ქვეყნის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხის მოხსნა, რაც იმ პერიოდში თითქმის წარმოუდგენელი იყო. იმ დროს ფულს მხოლოდ სამხედროებს აძლევდნენ მომავალი ომისთვის მოსამზადებლად...
იმ წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის ნაცვლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიას ცნობილი მეცნიერი, ვლადიმირ კომაროვი ხელმძღვანელობდა. სწორედ მას უნდა გაეწია სტალინთან რეკომენდაცია ქართული, დამოუკიდებელი აკადემიისთვის, რასაც ცნობილი რუსი ბოტანიკოსი არ აკეთებდა. მაშინ ბერიამ მისი უმცროსი ძმა დააპატიმრა მავნებლობის მუხლით, რაც უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებდა და ამგვარად, აიძულა აკადემიკოსი კომაროვი, რომ ქართველებისთვის საშუალება მიეცა, შეექმნათ მეცნიერებათა აკადემია. ამის მერე ბერიამ მისი ძმა გაათავისუფლა და მომავალში მას ეს ამბავიც ბრალად წაუყენეს.“