დიპლომატიაში სტალინი უმნიშვნელო დეტალსაც კი დიდი წარმატებით იყენებდა თავისი პოლიტიკის გასატარებლად #47
ისტორიკოსი დიმიტრი პავლოვსკი წერს: „1943 წელს თეირანის კონფერენციის მიმდინარეობისას სტალინს, ჩერჩილსა და რუზველტს, ეგრეთ წოდებული, თავისუფალი საათები ჰქონდათ. ისვენებდნენ და საბჭოთა საელჩოში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თან პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი. საუცხოო „ხვანჭკარა“ იქვე იდო, რომელიც არამსმელ რუზველტს ისე მოეწონა, რომ სამი ჭიქა დალია და სისხლძარღვების გამაჯანსაღებელი წამალი უწოდა სუფთა ქართულ ღვინოს... სტალინის პირადი თარჯიმანი, ვლადიმირ ეროფეევი, ასე იხსენებდა ამ შეხვედრას: „ამხანაგი სტალინი, გენიალური დიპლომატი იყო. იოსებ ბესარიონოვიჩს მიაჩნდა, რომ დიპლომატიაში ნებისმიერ წვრილმანს, ერთი შეხედვით მცირე დეტალსაც კი, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებდა ამ დეტალებს და წარმატებასაც აღწევდა. შემთხვევითი არ იყო, რომ არაოფიციალურ, ეგრეთ წოდებულ, დასასვენებელ შეხვედრაზე მხოლოდ „ხვანჭკარა“ იდო მაგიდაზე და სხვა სასმელი იქ არ გაუჭაჭანებიათ... მახსოვს, როცა ამ შეხვედრის სუფრის მენიუს ადგენდნენ, სტალინმა ბრძანა: მხოლოდ „ხვანჭკარა“ მოიტანეთო. მოლოტოვმა უთხრა:
– მე მგონი, კონიაკი ჯობია, კობა, ან ორივე ერთად – კონიაკი და „ხვანჭკარა“. იმიტომ, რომ ჩერჩილი საერთოდ არ სვამს ღვინოს. ძირითადად ვისკისა და კონიაკს ეტანება. რუზველტი კი სათვალავშიც არაა („ნე ვ შჩოტ“), რადგან საერთოდ არ სვამს.
– ეს ჩერჩილი არაა სათვალავში („ნე ვ შჩოტ“), „ხვანჭკარა“ კი სწორედ რომ რუზველტისთვის მინდა, აუცილებლად დალევსო, – მიუგო სტალინმა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც მიხვდა, რომ სტალინს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და მეტად აღარ გამოუთქვამს საკუთარი აზრი. თუმცა, თვალი ჩამიკრა და მხრები აიჩეჩა, რაც იმას ნიშნავდა – ნეტავ, რა ჩაიფიქრაო...
სტალინს არ გამოჰპარვია მოლოტოვის ჟესტი, ჩაეცინა და უთხრა:
– ამერიკის პრეზიდენტს ქართული პანაცეა უნდა შევთავაზო, რაც მას ჩვენს მხარეს თუ არ გადმოიყვანს, ნეიტრალურ პოზიციას მაინც დააჭერინებს და მელა ჩერჩილთან ვაჭრობას გაგვიადვილებსო...
პროტოკოლით, შეხვედრა დღის პირველ საათზე იყო დანიშნული და ორი საათი უნდა გაგრძელებულიყო. საღამოს რვა საათზე კი უკვე მორიგი, ოფიციალური შეხვედრა იყო ჩანიშნული „დიდ სამეულს“ შორის იქვე, საბჭოთა საელჩოში.
სტალინი და მე შეხვედრამდე ხუთი წუთით ადრე შევედით მყუდრო სასადილო ოთახში. თითქმის ერთდროულად მოსულ ჩერჩილსა და რუზველტს იოსებ ბესარიონოვიჩი გულთბილად შეხვდა. სუფრასთან მიიპატიჟა და კერძების გასინჯვა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ მაგიდაზე მხოლოდ ქართული კერძები ელაგა და სტალინის პირადი მზარეული მათ ფანტასტიკურად ამზადებდა.
თავიდანვე შევნიშნე, რომ მსმელი ჩერჩილი სპირტიან სასმელს ეძებდა სუფრაზე და რომ ვერ აღმოაჩინა, ხასიათი გაუფუჭდა, თუმცა არ იმჩნევდა. ეს, რა თქმა უნდა, სტალინმაც შენიშნა, მაგრამ არც მან შეიმჩნია.
სამივე ლიდერი აბსოლუტურად აპოლიტიკურ თემებზე საუბრობდა. პოლიტიკას საერთოდ არ შეხებიან და სტალინმა ისე წაიყვანა საუბარი, რომ ლაპარაკი მედიცინაზე ჩამოვარდა. „ხვანჭკარით“ სავსე ჭიქები სამივე ლიდერს ედგა წინ. სტალინმა რუზველტს ღვინოზე მიანიშნა და უთხრა:
– ბატონო პრეზიდენტო, ეს ქართული ღვინო თქვენს სისხლძარღვებს იმაზე უფრო ეფექტურად მოუხდება, ვიდრე ის ბალახეული სითხე, რომელსაც ტეხასელი ფერმერი, სემუელ მაკფერსონი ამზადებს თქვენთვისო.
ფრანკლინ რუზველტს სისხლძარღვები აწუხებდა დამბლის პარალელურად, მაგრამ თუკი დამბლას ვერსად დამალავდი, მეორე ავადმყოფობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ამიტომ, რუზველტმა ეს სიტყვები რომ გაიგონა, ისე გაოცდა, რადგან მე ვთარგმნიდი, პირველად მე შემომხედა განცვიფრებით... შემდეგ კი სტალინს მიაპყრო მზერა და დაბნეული ღიმილით ჰკითხა:
– ბატონო სტალინ, თქვენ საიდან იცით მაკფერსონისა და მისი სითხის შესახებ?
სტალინმა, რა თქმა უნდა, მშვენივრად გაიგო რუზველტის შეკითხვა, რადგან ინგლისურს კარგად ფლობდა, თუმცა არ ამჟღავნებდა. ბოლომდე მომისმინა და მიუგო:
– ვიცი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ზუსტად ვიცი, ეს ქართული ღვინო მაკფერსონის სითხეზე ბევრად ეფექტური წამალია. გთხოვთ, გასინჯოთ და თავადვე დარწმუნდეთ.
სტალინმა მეგობრობის სადღეგრძელო წარმოსთქვა და „ხვანჭკარაც“ დალია. დალია ჩერჩილმაც, რადგან ამას ეტიკეტი მოითხოვდა, ხოლო რუზველტმა გაუბედავად მოიყუდა ჭიქა და შუამდე რომ ჩავიდა, ბოლომდე უკვე სწრაფად ჩაცალა და ნასიამოვნები სახით გააქნია თავი... ამერიკის პრეზიდენტიმა კიდევ ორი ჭიქა „ხვანჭკარა“ გამოცალა იმ შეხვედრაზე და ბოლოს თქვა: ეს ღვინო სისხლძარღვების გამაჯანსაღებელიაო...
სხვათა შორის, კონფერენციის დასრულების შემდეგ სტალინმა რუზველტს ასი ბოთლი ერთლიტრიანი ღვინო გაუგზავნა „თეთრ სახლში“ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაკფერსონის სითხის მაგივრად, უკვე „ხვანჭკარით“ მკურნალობდა სისხლძარღვებს...
იმავე შეხვედრაზე სტალინმა არანაკლებად გააოცა ჩერჩილი, რადგან „სიტყვამ მოიტანა“, გეტყვით, რომ იოსებ ბესარიონოვიჩმა დაწვრილებით იცოდა ლორდთა პალატის წევრთა ყველა მანკიერი მიდრეკილებებისა და სისუსტეების შესახებ, რასაც ისინი საგულდაგულოდ მალავდნენ და თავად პრემიერი ჩერჩილიც კი არ იყო საქმის კურსში. თუმცა, „ბრიტანელი ლომი“ „მი 6-ის“ წყალობით (ბრიტანული დაზვერვა), ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა თავის ქვეშევრდომებზე..“
ვლადიმირ ეროფეევის მოგონების ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტს იმას დავამატებ, რომ სტალინს რუზველტის განეიტრალება და კეთილგანწყობის მოპოვება იმაში სჭირდებოდა, რომ ჩერჩილზე ზეწოლა განეხორციელებინა „ოვერლორდის“ თაობაზე... „ოვერლორდი“ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. ანგლო-ამერიკელები კი ყველანაირად აჭიანურებდნენ ამ პროცესს, რომ საბჭოთა კავშირი რაც შეიძლება მეტად დასუსტებულიყო და ამით მათ ესარგებლათ. სტალინს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩერჩილი აქეზებდა რუზველტს საბჭოეთის წინააღმდეგ და თეირანის კონფერენციის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, სწორედ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა იყო...
სტალინმა თავისი დიპლომატიითა და ინფორმირებულობით, კოლეგები დაარწმუნა, რომ მას ვერაფერს გამოაპარებდნენ. თან, ისიც თვალნათლივ დაანახვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვა ჰყავდა...
გენერალი ანტონ ტიხომიროვი, რომელიც „ენკავედეს“ რადიო-ტექნიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, იხსენებდა: „თეირანის კონფერენციის დროს ჩვენ ჩერჩილისა და რუზველტის ყველა საუბარს ვიწერდით მათივე რეზოლუციებში და ამხანაგ სტალინს ვასმენინებდით. ერთ-ერთ ჩანაწერში (ეს ჩანაწერი გაკეთებულია იმის შემდეგ, როცა ჩერჩილი და რუზველტი სტალინთან არაფორმალური შეხვედრიდან წამოვიდნენ და რვასაათიანი ოფიციალური შეხვედრისთვის ემზადებოდნენ) რუზველტი ჩერჩილს ეუბნება:
– სერ უინსტონ, ხომ ნახეთ, როგორი ინფორმირებულია პრემიერი სტალინი ყველაფერზე. მან მაკფერსონის შესახებაც კი იცის და არც თქვენი ლორდების ამბავი გამოჰპარვია. ვაღიაროთ, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვა ჰყავს და ღმერთმა უწყის, ის კიდევ რას გვიმზადებს. ვფიქრობ, ამ საღამოსვე უნდა შევთანხმდეთ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე და ვალდებულები ვართ, პირნათლად შევასრულოთო...
სტალინთან ერთად ამ საუბარს მოლოტოვიც ისმენდა და მან ვიაჩესლავ მიხაილოვიჩს უთხრა:
– აი, რაში მჭირდებოდა „ხვანჭკარა“. ის იყო საბაბი, რომ მათთვის არაოფიციალურად მეთქვა ის, რასაც ოფიციალურ შეხვედრაზე ვერ ვეტყოდი. ახლა კი დარწმუნებული იყავი, რომ საქმე წინ წაიწევს და ანგლო-საქსებს ჰიტლერთან უფრო მძლავრად დავატაკებთო...“