კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იტირა ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დუელის გამო და რატომ ვერ უბედავდნენ მას გახუმრებას #47

ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს თითქმის ყველა გამოჩენილი, სასიქადულო მამულიშვილის (ოფიციალურ) ბიოგრაფიას, მათ საზოგადოებრივ, კულტურულ, ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მათ შესახებ, მათი თანამედროვე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და მწერლის – იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებები, რომლებშიც ის მეტად ცოცხლად და საინტერესოდ აღწერს XIX საუკუნის თითქმის ყველა გამოჩენილ ქართველ მოღვაწესა და მწერალს.
წინამდებარე წერილში გთავაზობთ მის მოგონებებს ილიაზე (ავტორი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა გაზეთ „ივერიაში”). წერილი იბეჭდება მცირე შემოკლებით ავტორის წიგნის – „მოგონებების” მიხედვით (სტილი დაცულია).
„როგორი იყო ილია კერძო ცხოვრებაში? არ იყო მედიდური, გვარეულობით თავი არ მოჰქონდა, უბრალო, მდაბიური ცხოვრება მოსწონდა, შინ ჯდომა უყვარდა, დარბაზობა, ეგრეთ წოდებულ ვიტიზებზე სიარული სძულდა. შინ კი ბლომად მოსდიოდნენ ნაცნობნი, თავისი თუ ცოლისა, მაგრამ მათი დახვედრა, მათი მიღება ევალათ მის მეუღლესა და დას, რომელიც მასთან ცხოვრობდა.
ცოტა უკმეხი იყო, მარტოობას არჩევდა, ხშირად მთელი საათობით უძრავად იჯდა ჩაფიქრებული. გაცოცხლდებოდა ხოლმე მხოლოდ სჯა-ბაასის, კამათობის დროს. თუ ვისმე დაიახლოვებდა და გულს გაუხსნიდა, მაშინ ოხუნჯობდა, ლაზღანდარობაც უყვარდა მათთან. მაგრამ, აქაც საბელს არ მიუშვებდა, თავი ისე ეჭირა, რომ თუ ვინმე თავს აიგდებდა და ზღვარს გადავიდოდა, ერჩია, თვითონვე ამოეკვეთა ფეხი ილიას სახლში.
ჩემს დროს ყველაზე მეტად შელაზღანდარებული იყო ილიასთან ნიკო ხიზანაშვილი, კაცი ენა-წყლიანი, სიტყვა-მოსწრებული, კარგი მოსაუბრე, ოხუნჯი, ამასთან ჭკვიანი, კარგად განათლებული და ბევრი ნაკითხი. სხვებისგან ილია თუ წკიპურტსაც არ მიიკარებდა, ამისაგან ბევრს ითმენდა.
ილიამ უცხო ენები არ იცოდა და ამას სწუხდა, ხშირად სინანულსაც გამოსთქვამდა, რომ თავის დროზე ეს ნაკლი ვერ შეივსო.
ილიას დედა სომხის ქალი იყო. ამის გარშემო არა ერთხელ გამიგონია ილიას ერთი მოსწრებული სიტყვა, რომელიც საზოგადოებაში იყო გავრცელებული. ერთ სომეხს, მგონი, ბანკში ეთქვა ილიასთვის:
– ილია, შენ იმიტომ ხარ ჭკვიანი, რომ დედა სომეხი გყოლიაო.
– შენ ხომ დედაც სომეხი გყავს და მამაც, მაშ შენ ჩემზე უფრო მეტად ჭკვიანი უნდა იყოვო, – მიუგო თურმე ილიამ.
ერთხელ ილიასთან სტუმრად მივდიოდით საგურამოში. ავჭალამდე რკინის გზით ვიარეთ, მერე იქითგან ეტლებით და ცხენებით. გარდა რედაქციის წევრებისა, ჩვენთან იყვნენ არტისტი ქალი გაბუნია (ნატო – ავქსენტი ცაგარელის მეუღლე), პოეტი რაფიელ ერისთავი, ნიკო ხიზანაშვილი, არტ. ლეისტი (ლაისტი – რ.ტ.) და სხვანი. ეტლებში ადგილი ცოტა იყო, ისე, რომ მოხუც რაფიელსაც კი კოფოზე მოუხდა ჯდომა კუჩერთან. ნიკო ხიზანაშვილმა ცხენზე შეჯდომა არჩია. ნიკო არ იყო „ჭაბუკი ვინმე ჩაუქი,” არც ცხენზე შვენოდა „ვით ალვა რგული“, მაგრამ სიმარდეს და კისკასობას კი ჩემობდა: ცხენი ხან გააჭენა, ხან გამოაჭენა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადმოწვებოდა. ერთის სიტყვით, ტაიჭობდა, მასხარაობდა. ბოლოს ცხენს ერთი ძლიერ დაჰკივლა, მიაგდო ეტლს, სადაც ილია იჯდა, დაბლა თავი დაუკრა და მიესალმა: ბატონს ვახლავართო!
– ჰეი, ნიკო! აფსუს, რომ შენ ჩვენი მეფეების დროს არ იყავი! რა კარგი მასხარა იქნებოდიო!
– მაშინ საგურამო შენი კი აღარ იქნებოდა, ჩემი იქნებოდაო, – მოუჭრა ნიკომ სიტყვა.
ცხადია, რის თქმა უნდოდა ნიკოს: დიდკაცობა და მამული სწორედ მაგ მასხარაობით გაქვთ მეფის კარზე შეძენილი და არა სხვა რაიმე ღირსებით ან დამსახურებითო.
ილიამ ბევრი იცინა ამაზე. უყვარდა ასეთი მოსწრებული პასუხი. არაერთხელ უამბნია, ასე მოსწრებულად, ჭკვიანურად ნათქვამი გლეხებისაგან. საზოგადოდ, ილიას დიდად მოსწონდა გლეხების დარბაისლობა, ნამუსიანობა, ჭკვიანური, ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი. მეტადრე აკვირვებდა ილიას გლეხების ფილოსოფიური სიმაგრე, გულგაუტეხლობა, როდესაც რაიმე უბედურება ეწვეოდათ. არაერთხელ გამიგონია ილიასაგან ამის მაგალითი.
სოფელ წიწამურში მცხოვრებ ერთ გლეხს საქონლის ჭირი გასჩენოდა და ნახევარი საქონელი გასწყვეტოდა. როდესაც შემხვდა, მივუსამძიმრე, მეწყინა შენი ასეთი ზარალი-მეთქი.
– რა ზარალს ბრძანებ, ბატონო?
– აი, ჭირმა რომ მოგაყენა.
– ეჰ, შე დალოცვილო, ეგ რა ზარალია: ღმერთი ძმად გამიხდა და შუაზე გამიყო საქონელი. მხარში ასეთი მოზიარე ჩამიდგა, დღეის იქით, ჩემს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფსო!
აი, კიდევ საგურამოელი გლეხი მარტია, კაცი კარგი შეძლებული, მამულისა და ბლომად საქონლის პატრონი. აი, ეს მარტია მოვიდა ერთხელ ჩემთან და ფულს მესესხება, – გვიამბობდა ილია.
– მარტიავ, მაგისთანა გაკეთებული, შეძლებული ოჯახის პატრონი მე მესესხები ფულს?
– რად გიკვირს, ბატონო!
– იმათ, რომ შენ ჩემზე მდიდარი ხარ და მე კი ფულს მესესხები.
– მართალია, მე შენზე მდიდარი ვარ, მაგრამ ფულით კი არა.
– მაშ რითი?
– აი, ამითი, – და მარტიამ ხელი დაადო თავის ქალამანს, – შენ რომ ეგ გაპრიალებული ფეხსაცმელი გაგიცვდება, ჯავრით აღარ დაგეძინება. მე კი ამ ქალამანს, როცა მინდა, მაშინ ამოვისხამ, არც დავღონდები, არც ძილს დავიკლებ. აი, რითი ვარ შენზე მდიდარი.
ბევრისგან გამიგონია, ილია მკაცრი, სასტიკი და ხშირად მკვახე ადამიანიაო. ტყუილად ხომ არ ამბობდნენ, რომ „ოთარაანთ ქვრივი თვით ილიაა, მხოლოდ კაბაში გადაცმულიო. რამდენადაც მე ვიცნობდი ილიას, ვერ ვიტყვი, რომ ეს სავსებით მართალი იყოს. ილია უფრო გულჩათხრობილი კაცი იყო, მაგარი, გაუტეხავი, ცოტა ჯიუტიც, მაგრამ სასტიკი კი, არა. გულს ძნელად გაუხსნიდა ადამიანს და თუ გაუხსნიდა კიდეც, თავი მაინც ისე შორს ეჭირა, რომ გაკადნიერებას ვერავინ გაუბედავდა. და თუ ვინმე გაკადნიერდებოდა, ძვირად დაუჯდებოდა ასეთი თავხედობა.
გაიხსენეთ მისი დუელი ნ. ნიკოლაძესთან, როდესაც ეს უკანასკნელი რუსული გაზეთის „Îხçîð“-ის გამომცემლად იყო. ნიკოლაძეს მხრივ სეკუნდანტი იყო, სხვათა შორის, პოეტი სიმბორსკი. ბევრსა ცდილობდა თურმე, რომ საქმე შერიგებით გათავებულიყო. რომ ვერას გამხდარიყო, გული ამოსჯდომოდა და ქვითინი დაეწყო: ეტყობა, ეს ორი ნიჭიერი კაცი, ქართველებისთვის ერთგულნი მოღვაწენი, არ ემეტებოდა სასიკვდილოდ. ამან იმოქმედა თუ სხვა რამ გარემოებამ, არ ვიცი, მაგრამ მაინც საქმე შერიგებით დამთავრდა.
საბრძოლველად ილია ერთსა და იმავე იარაღს არ ხმარობდა. მის სალაროში ბევრი სხვადასხვა ფერადობის იარაღი მოიპოვებოდა. და რაც არის უფრო გასაკვირი, ყოველ იარაღს ისე მარჯვედ, ისე ლამაზად ხმარობდა, რომ კაცი განცვიფრებაში, აღტაცებაში მოჰყვანდა. შინაურებისთვის იშვიათად მიმართავდა დამბაჩას, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც აიძულებდნენ. ამათთვის სულ სხვა იარაღი ჰქონდა, არა ნაკლებ გულგამგმირავი, ვიდრე ხმალი ან დამბაჩა. ეს იყო მისი შესანიშნავი, ლექსად ნათქვამი ეპიგრამები, გამოცანები, დაშხამულ ისრებად ნატყორცნი კალმის პატარა წვერიდან იმათ მიმართ, ვისაც ქვეყნის მტრად, საქართველოს გამცემლად სთვლიდა.
გამოცანები დაწერილი იყო წარსული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, არ იბეჭდებოდა, ან კი ვინ გაჰბედავდა დაბეჭდვას, როდესაც მიზანში ამოღებულნი იყვნენ ისეთი ბობოლები, როგორც მაგალითად: ლევ. მელიქიშვილი, გრ. ორბელიანი, გ. მუხრანსკი და სხვები, რომელთაც მთავრობის მმართველობაში დიდი ადგილები ეჭირათ. ვალაპარაკოთ თვით ილია:
მეცხრე გამოცანად ითქმის: /–ეს ვის დაუწერიაო? ნუ გაწყრებით და ნურც იტყვით:/ – იგი ჩვენი მტერიაო. თუ გაწყრებით, რა მენაღვლის? მე არ მაქვს თქვენი რიდია. ვით თქვენ ქვეყანა, მეც წყრომა /თქვენი ფეხებზე მკიდია.
წყრომა კი დიდი იყო. ან კი როგორ არ გამწყრალიყვნენ, როდესაც ილია ასე მოურიდებლად უწერდა ერთს ბობოლას, სახელდობრ, გიორგი მუხრანსკის:
კოხტაა და ღობემძვრალა, / პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირ-ნისკარტა, ნიკაპ-წვეტა, /უჟმური და განს-გამდგარი,
ჭკვით და გულით მოცვეთილა, /ქვეყანაზედ უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, ქვეყნის საქმე /მასაც ფეხებზე ჰკიდია.
ვინ იყო ეს მუხრანსკი? ეს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. მან სახელი და უფრო კი წარჩინება და აღმატება მოიხვეჭა იმით, რომ დაბეჭდა და ავრცელებდა საზოგადოებაში წიგნაკს ამ სათაურით: „Î ñóùåñòâå êðóïíûõ åჰèíèö”, სადაც ამტკიცებდა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა შთანთქან პატარებიო. ცხადია, ამ პატარებში ნაგულისხმევი იყო ჩვენი საქართველოც.“

скачать dle 11.3