როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #47
ახალმოსულიშვილი
ახალმოსულიშვილი თავისი მნიშვნელობით, იგივეა, რაც ახალკაცი. ანალოგიური მნიშვნელობისაა გვარი ახალბედაშვილიც. ამ გვარის წარმომადგენლების წინაპართა გადმოცემით, მესხეთიდან გადმოსახლებულა ვინმე მაისურაძე და როგორც ახალმოსახლისთვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.
გვარის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 470 ახალმოსულიშვილი ცხოვრობს: თელავში – 236, გურჯაანში – 116, თბილისში – 50. არიან სხვაგანაც.
გოგიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. ამავე სახელის კნინობითი ფორმაა გიო, რომელიც დამოუკიდებელ სახელადაც გვხვდება.
1817 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც პავლე ნემსაძეს ბეჟან წერეთლისთვის მიუცია, კაღელა გოგიძე მოიხსენიება.
ბორბალოში მცხოვრებმა გლეხმა ივანე გოგიძემ 1829 წელს იქორწინა ვინმე დავითის ასულ მარიამზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.
გოგიძეები ცხოვრობენ ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში.
საქართველოში 1 782 გოგიძე ცხოვრობს: გორში – 474, თბილისში – 375, წყალტუბოში – 297. არიან სხვაგანაც.
გულიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულიტა.
ამავე ძირისაა გვარები: გულაძე, გულია, გულიაშვილი, გულისაშვილი, გულუა, გულუხია.
1721 წელს აგვადანეთში მოიხსენიება ევნეზა გულიტაშვილი.
საქართველოში 417 გულიტაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 191, თბილისში – 67, ოზურგეთში – 36. არიან სხვაგანაც.
სომხიშვილი
გვარი მიღებულია სადაურობის სიტყვიდან – სომხითი. ისტორიის გარკვეულ პერიოდში, ასე ერქვა ყოფილ ბედრუჯს, დღევანდელ ქვემო ქართლს. ზოგჯერ ჩანაწერებში გვხვდება არა სომხიშვილი, არამედ სომეხიშვილი. ისტორიულ დოკუმენტებში სომხიშვილები არიან მართლმადიდებლები, ტომით და ეროვნებით ქართველები.
დათუნა სომხიშვილი მოიხსენიება ზაალ წინამძღვრიშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც 1697 წლის 21 მაისითაა დათარიღებული.
ბერუა სომხიშვილი მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მოხსენიებულია ამილღაბარ გოსტაშაბიშვილის ყმების ნუსხაში.
საქართველოში 1 329 სომხიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 500, გორში – 259, გარდაბანში – 130. არიან სხვაგანაც.
ავაქაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავაქა.
ავაქა მოიხსენიება 1744 წელს თუმანიანი პაპუას მიერ ჩარჩიანთ ქრისტესიას სახელზე გაცემული ყმის ნასყიდობის წიგნში.
ბერუა ავაქაშვილი იყო მოწმე შაყუბათა ბერუაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისა და დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის – ალიხანასთვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა.
საქართველოში 160 ავაქაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 68, თბილისში – 56, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით