კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გადაიქცევა სასწაული დამღუპველად და რატომ არის ასეთ დროს ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა რთული #47

„როდესაც ოჯახში ხდება სასწაული, სასწრაფოდ უნდა მიმართონ სასულიერო პირს და მოძღვრის პირველი მოქმედება ის იქნება, რომ გადაიხდის სამადლობელ პარაკლისს. თუ ვინმე ოჯახში მოსანათლია, უნდა მოინათლოს და დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება. როცა ოჯახში ხდება სასწაული, ქრისტე, მოციქულები შემოდიან ჩვენთან. ეს ღვთის წყალობაა და გამოსწორების გზას უნდა დავადგეთ“ – სასწაულების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – რთულია ამ მოვლენის ახსნა, რადგან როცა თავად ხატი იწერება, ეს უკვე სასწაულია. მის მიერ აღსრულებული უჩვეულო მოვლენები კი, უკვე მეორე სასწაული. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქრისტიანების მიდგომა. სასწაულები, მირონდენა ყველა რელიგიას ახასიათებს, მაგალითად, წარმართობაში ვენერას კერპიდანაც მოედინებოდა სითხე, კეთილსურნელება, მაგრამ ეს ხომ არ იყო ღვთაებრივი სასწაული. სასწაულებს მოახდენს ეშმაკიც. ამიტომ უნდა ვიცოდეთ განსხვავება მართლმადიდებლურ, ჭეშმარიტ სასწულსა და არაჭეშმარიტ სასწაულს შორის. ქრისტიანები დღეს უჩვეულო რამეს დაინახავენ და მაშინვე ამბობენ, რომ ეს ღვთაებრივი სასწაულია. ეკლესიის მამები კი გვეუბნებიან: ნუ ავჩქარდებით დასკვნების გამოტანაში, ნუ ვიტყვით, კარგია თუ ცუდია. ამიტომ, ნუ ავჩქარდებით, კომპეტენტურ ადამიანებს დაველოდით და გარკვეული დროის შემდეგ შევაფასოთ: ეს არის სასწაული თუ არა. დღეს როგორც კი პატარა სითხეს დაინახავენ ხატზე, ჰგონიათ, რომ ეს მირონია. შეიძლება, ეს იყოს ჩვეულებრივი წყალი ან, უბრალოდ, კეთილსურნელება და არა – მირონი.
– აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ხატს რა ადგილიდან მოსდის სითხე?
– უნდა დავაკვირდეთ იმასაც, ხატის რა მონაკვეთიდან მოდის: თვალებიდან, გულიდან, ხელებიდან, მკერდიდან. თუ თვალებიდან მოდის, ეს ცრემლს ნიშნავს, თუ ხელიდან – მაკურთხებელია. ამიტომ ეკლესია გვასწავლის: გარკვეულ მოვლენას ნურც მაშინვე მივიღებთ და ნურც მაშინვე უარვყოფთ. სასწაულის შესახებ მაცხოვარი გარკვევით ამბობს: ბოროტი და მემრუში მოდგმა ეძებს სასწაულს და არ მიეცემა მას არანაირი სასწაული, გარდა იონასი. იონას რატომ მიეცა სასწაული? იმიტომ რომ, მან ნინევიაში იქადაგა სინანული, რომ ეს ქალაქი გადარჩენილიყო. სასწაულის მთავარი დანიშნულებაა, ის ოჯახში მოხდება თუ ეკლესიაში, რომ ღმერთი რაღაცაზე მიგვანიშნებს – არ მომწონს თქვენი ცხოვრების წესი, ქრისტიანული ყოფა და უნდა გახდეთ უკეთესი, შეიცვალოთო. დღეს რამდენიმე ოჯახში ხდება სასწაული და იმ ოჯახის წევრები თუ ჩავარდებიან ამპარტავნებაში, განდიდებაში, დაიწყებენ გარკვეული მოვლენების თავისებურ შეფასებას, ის სასწაულები მაცხოვნებელი კი არ იქნება, არამედ დამღუპველი. ამის მაგალითი არაერთია. თანამედროვე ადამიანი ფიქრობს: მე ქართველი ვარ, სხვაზე უკეთესი და ღმერთმა გამომარჩია: დიდი ხანია, ამ სასწაულს ველოდებოდი და მოხდა. მერე იმ ადამიანის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთულია: ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ იმსახურებდი, არამედ ღმერთმა მიგანიშნა, რომ ცოდვილი ხარ, უნდა გამოსწორდე, წყალობა და სიკეთე დაგანახვა იმისთვის, რომ გამოსწორდე.
– როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ოჯახში სასწაულები ხდება?
– მაშინვე უნდა გადახედონ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას. თუ ყოველ კვირა მაზიარებელი არის, მმარხველი, ძალიან კარგი: უფრო მეტად გააძლიერონ ლოცვა. მაგრამ, თუ დიდი ხანია, არ ზიარებულან, არ ყოფილან ეკლესიაში, ან არარელიგიურები არიან, უნდა დაფიქრდნენ ამაზე. ასეთ დროს ხშირად არარელიგური ადამიანები ამბობენ: რად მინდა ეკლესია, რელიგია, ღმერთი ცოცხლად მოქმედებს ჩემს ოჯახში, მე რაღად მინდა სხვა მოძღვარი, პირდაპირ მაქვს ღმერთთან ურთიერთობაო. უნდა დავფიქრდეთ, თავმდაბლობა გამოვიჩინოთ. უპირველეს ყოვლისა, სასულიერო პირი ვიხმოთ სახლში, რომ მან სამადლობელი პარაკლისი გადაიხადოს.თუ სახლი არ არის ნაკურთხი, აკურთხოს და ოჯახის წევრებმაც დაიწყონ ეკლესიაში სიარული, აღსარება თქვან, ეზიარონ. ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც დედამიწაზე დღეს ხდება, ეს არის ზიარება: სეფისკვერისა და ღვინის უფლის ხორცად და სისხლად გადაქცევა. ადამიანი თუ ამ წყალობას არ იღებს და ჰგონია, რომ ხატიდან გადმოსული სითხე ეყოფა, აცხონებს, ესე იგი, ის სერიოზულად იმყოფება ხიბლის მდგომარეობაში. ამ გარკვეულმა მოვლენამ უნდა დაგვაახლოვოს ღმერთთან. ხშირად ფიქრობენ, რომ ხატს მაინცდამაინც მირონი მოსდის და მერე ჰგონიათ, მირონს იცხებენ. მირონი ეკლესიაში იხარშება პატრიარქის, მღვდელმთავრების კურთხევით, შემდეგ რიგდება ეპარქიებში, ეკლესიებში და ცხოვრებაში ერთხელ, ნათლობის დროს ხდება მისი ადამიანისთვის ცხება და მეორედ  – მეფედ კურთხევის დროს. მაგრამ, თუ ვიტყვით, რომ ხატებიდან მომდინარე ყველა სითხე მირონია და მერე იმას ვიცხებთ, ესე იგი, ყველგანი მირონცხებულები ვყოფილვართ – მეფეები ვართ, ფაქტობრივად. 21-ე საუკუნეში აღარ არის იმის დრო, რომ რაღაც არ ვიცი, რაღაც ვერ გავიგე, ყველაფრის შესახებ შეიძლება, ინფორმაციის მიღება. თუ სასწაულებზე აიგება ჩვენი რწმენა, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მას სასწაულები მალე ბეზრდება. ახალ-ახალი სასწაულები უნდა, სჭირდება და თუ ვერ მიიღებს, მერე იტყვის: ღმერთს არ ვუყვარვარ, აბა, სად არის ღმერთიო. ღმერთს არ უნდა, რომ მასთან სასწაულებით მივიდეთ, თორემ გადააქცევდა ქვებს პურებად, მაგრამ არ გააკეთა. რადგან მას უნდა რწმენით მივიდეთ მასთან. სასწაულებიც რომ მოხდეს, არ არის ცუდი, მაგრამ ადამიანი სასწაულებს არ უნდა იყოს გამოკიდებული.
– სახარებაში წერია, რომ ბოლო ჟამს ანტიქრისტე ძალიან ბევრ სასწაულს მოახდენს.
– არ გაუჭირდება ანტიქრისტეს სასწაულების მოხდენა, არც რაიმე ნივთიდან გარკვეული სითხის გადმოდინება. მერე ვიტყვით, რომ ეს ღვთისგანაა. ცეცხლს ჩამოიყვანს ზეციდან და სასწაულის მოიმედე, მოშურნე ადამიანი გაებმევა მახეში, ყველაფერს მიაწერს ღმერთს. ამით შეიძლება, დაბრკოლდეს და ანტიქრისტეს მრევლი გახდეს. არაწმიდა სულს ადამიანის სიამაყეზე აქვს ყურადღება გამახვილებული, ადამიანს უნდა, რომ რაღაცით შეშფოთდეს, უცბად დაინახოს, რაღაც როგორ აფეთქდა, აღშფოთდეს უცებ. ექსტრემალური ამბები უფრო მოსწონთ და ასეთი რამ უხვად იქნება, როცა ანტიქრისტე მოვა. ღმერთი ადამიანი გახდა – ამაზე დიდი სასწაული რა უნდა იყოს, საკუთარი სისხლი და ხორცი დაგვიტოვა. ხშირად ადამიანები გემოთმოყვარეობის ცოდვაში ვარდებიან, ამბობენ: ეს ხატი მიყვარს, ეს – არა; ეს მოძღვარი კარგია, ეს ცუდი; ამ ეკლესიაში უფრო მეტი მადლია, ვიდრე სხვა ეკლესიაში. ვის მისცა ღმერთმა საზომი: სად უფრო მეტი მადლია და სად – არა. მადლი ყველგან ერთი და იგივეა, უბრალოდ, ჩვენი მიდგომაა საჭირო. შეიძლება, ხატის უბრალო რეპროდუქცია ავიღოთ და იმისგან უფრო მეტი მადლი მივიღოთ, ვიდრე ცნობილი ხატიდან. მთავარი ადამიანის მიმღეობაა და არა ის, თუ როდის და ვისგან დაიწერა. რა თქმა უნდა, დიდი ხნის ხატებს უფრო მეტი მადლი აქვთ, რადგან მათზე ბევრი ლოცულობდა, ისტორია აქვს თავისი. მაგრამ, გუშინ დაწერილი ხატიდანაც შემიძლია, ისეთივე მადლი მივიღო, როგორიც ახალდაწერილი ხატიდან. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და ყველაფერი ჩვენი ცხონებისთვის აღესრულება. თუ ხატი მე დამაახლოვებს ღმერთთან, ეს უკვე სასწაულია. მთავარია, ყველაფერი ღვთის სიყვარულით, რწმენით მივიღოთ. მაცხოვარი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ. დანარჩენში იგულისხმება: სახლი, ჩასაცმელი, მატერიალური საკითხები. ანტიქრისტე რომ მოვა, პირიქით იტყვის: ეძიეთ ეს ყველაფერი და სასუფეველი ცათა მერე მოგეცემათ. ეკლესიაში რომ მივდივართ, უპირველეს ყოვლისა მივდივართ, რომ ვეძებოთ სასუფეველი ცათა. ანუ, ჭეშმარიტი აღმსარებლობა, დანარჩენი ვიცით, რომ ღმერთი მინდვრის შროშანებს თუ მოსავს, ჩვენც არ დაგვტოვებს შეუმოსელს. მაგრამ, თუ პურის გამო დავდივარ ეკლესიაში, მეც დავემსგავსები მწვალებელს, სექსტანტებს და ეკლესიაში რომ არ მომცემენ პურს, მერე აღარ წავალ. ეკლესიაში მივდივართ სულის საცხოვნებლად. სასწაულები ხდება ჩვენი სულის საცხონებლად, ცხონება კი ჭეშმარიტი აღმსარებლობის, სინანულის, მარხვის, ლოცვის გარეშე არ არსებობს. მირონმდენ ხატს, უპირველეს ყოვლისა, უნდა სთხოვოთ სინანული, ცოდვებისგან განშორება და არა მატერიალური საკითხები.

скачать dle 11.3