მოძღვარი გვირჩევს #47
კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი სიყვარული და პატივისცემა?
პასუხი: ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლეთ მუხლის მოდრეკა ხატებისა და ჯვრის წინაშე, ასევე მათზე მთხვევა. ეცადეთ, ხშირად დაესწროს ტაძარში მღვდელმსახურებას. ბავშვებს ხშირად დაანთებინეთ სანთლები ხატების წინ, აზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მიაღებინეთ სებისკვერი და ნაკურთხი წყალი, სანამ საჭმელს მიირთმევს; ასწავლეთ ლოცვები, მიაჩვიეთ გალობას და წმიდა წერილის კითხვას; ბავშვის თანდასწრებით ისაუბრეთ უფალსა და სულის ხსნაზე. ასწავლეთ კურთხევის აღება მოძღვართან შეხვედრისას და აუცილებლად მიაჩვიეთ, რომ გაუნაწილოს ტკბილეული და პურის ნაჭერი ოჯახის წევრებსა და გარეშე პირებს.
კითხვა: მინდა გავიკეთო პლასტიკური ოპერაცია. ეს ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება?
პასუხი: კონკრეტული აკრძალვა ამ საკითხზე ეკლესიას არ აქვს, რადგან გასაგები მიზეზების გამო, თავის დროზე ამ თემაზე არ უმსჯელიათ. თუმცა, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, ჯობია, ადამიანმა შეინარჩუნოს ის იერი, რომლითაც ღმერთმა მოავლინა.
კითხვა: სამწუხაროდ, გავიგე, რომ ჩემს წინაპარს დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი (მას მონაწილეობა მიუღია ეკლესიიდან ზარების ჩამოხსნაში), რასაც ძალიან განვიცდი. როგორ გავთავისუფლდე ამ ცოდვისგან?
პასუხი: თქვენ აუცილებლად უნდა შეუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას – აღიარეთ მოძღვრის წინაშე თქვენი ცოდვები, მიიღეთ შენდობა და ილოცეთ თქვენი წინაპრის სულისთვის.
კითხვა: როდესაც ვბრაზდები, ხშირად თავს ვერ ვიკავებ. მირჩიეთ, როგორ მოვთოკო თავი, რომ ცოდვაში არ ჩავვარდე?
პასუხი: ვიდრე სიტყვას იტყვით ან რამეს ჩაიდენთ, გულში რამდენჯერმე თქვით იესოს ლოცვა და დამშვიდდებით.