რა სახიფათო ტენდენციას დაუდო საფუძველი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ და გადაჰყვება თუ არა საქართველო აშშ-ს ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებებს #47
მიუხედავად პროგნოზებისა, რომ, საბოლოოდ, ექსტრაორდინარული ტრამპი ვერ ძლევდა ჭეშმარიტ დემოკრატ კლინტონს, ამერიკელმა ამომრჩეველმა და, ალბათ, ბედისწერამაც, სხვაგვარად განსაჯა და დავარცხნილი დემოკრატია თვით დემოკრატიის აკვანში დამარცხდა. თუ გავიხსენებთ, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებიც არაორდინარული იყო, ცხადია, ისმის კითხვა: ექნება თუ არა მას ამ დაპირებების შესრულების საშუალება, რადგან აქამდე ისიც ურყევი ჭეშმარიტება გახლდათ, რომ ამერიკის სტაბილურ სახელმწიფოში პიროვნებები ვერაფერს ცვლიან და მთავარი სისტემაა. ამ საკითხის გარკვევას პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის დახმარებით შევეცდებით.
– წინასაარჩევნოდ ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ არ არის ვალდებული, არჩინოს „ნატო“, მასზე მოდის ალიანსის შემოსავლების 70 პროცენტი და, საერთოდაც, შტატები თავის კონტინენტზე უნდა დაეტიოსო. „ნატოს“ გენმდივანმა უკვე მისწერა წერილი, არ უნდა დაუშვათ ალიანსის დასუსტებაო. ამ თემაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი, რეალურად გააკეთოს ის, რასაც კანდიდატი ტრამპი ამბობდა?
– მოდი, დავიწყოთ იმით, თუ რა გააკეთა უკვე. ეს იყო პირველი დანიშვნა, რამაც ყურებზე დააყენა გარემოს დამცველები: მან ეკოლოგიური სააგენტოს ხელმძღვნელად დანიშნა ცნობილი ანტიეკოლოგისტი მირონ ებელი. მას იცნობს მთელი მსოფლიო, როგორც საწვავის მომპოვებელი კორპორაციების მიერ დაქირავებულს, რომელიც 10-15 წელია, ყველას უმტკიცებს, რომ არანაირი გლობალური დათბობა არ არსებობს, არაფერი ბინძურდება და არ არსებობს ეკოლოგიური დაავადებები. მაგრამ, თუ აქამდე მას ძალაუფლება არ ჰქონდა, დღეს ის გახდა პერსონა. ტრამპმა წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ აშშ გაეროს წელიწადში რამდენიმე მილიარდ დოლარს უხდის გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის და ამ ფულს აღარ გადავიხდი, იმიტომ რომ, ფული მიდის კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებშიო. სულ მალე მარაკეზში გაიმართება შეხვედრა ეკოლოგიის საკითხებზე. შარშან პარიზის შეთანხმება დაიდო, რომელშიც ამერიკამაც იკისრა ვალდებულებები მავნე გაზების გამოფრქვებების შემცირების შესახებ. ტრამპი კი ამბობს, გამოვალ ამ ხელშეკრულებიდანო. გამოსვლის პროცესი შეიძლება, ერთ-ორ წელს გაიწელოს და ამიტომ არავინ იცის, რა მოხდება ამასობაში.
რაც შეეხება „ნატოს“: ტრამპს არასდროს უთქვამს, რომ „ნატოდან“ გავიდოდა. ის ამბობს, თუ გინდათ, რომ ამერიკამ დაიცვას ევროპა, კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ. ამერიკა ავსებს „ნატოს“ ბიუჯეტის 73 პროცენტს. 1949 წელს, როდესაც შეიქმნა „ნატო“, ვაშინგტონის ხელშეკრულებით, განისაზღვრა შენატანები, ყველა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი. იმ დროს ევროპა დანგრეული და ღარიბი იყო, ამერიკა უმდიდრესი და ტრუმენმა თქვა, ოღონდ „ნატო“ შეიქმნას საბჭოთა კავშირისგან თავის დასაცავად და თანხას ჩვენ გადავიხდითო. ევროპა ღარიბი იყო და ამერიკელები ამას ეგუებოდნენ, მაგრამ გავიდა წლები, ევროპა გამდიდრდა, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და „ნატოს“ არცერთი ევროპელი წევრი არ იხდის იმ 2 პროცენტს.
– აბა, რის მიხედვით იხდიან? ის დანარჩენი 27 პროცენტი ხომ ივსება?
– რამდენიც გაუხარდებათ, იმდენს იხდიან. ვალები უგროვდებათ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პატიოსნად იხდის 2 პროცენტს, ამერიკის შეერთებული შტატებია. ცივი ომის წლებში ევროპელები გულარხეინად იყვნენ, იქ იდგა ამერიკის ჯარი და ამერიკის ბირთვული იარაღი. ახლა ფულის გადახდა არ უნდათ, ბებერი ევროპა ამბობს, რომ რუსეთისგან საფრთხე არ ემუქრებათ. ტრამპი კი ამბობს, თუ არ გადაიხდით, თვითონ მიხედეთ თქვენს თავსო. როგორც ჩანს, ევროპელები კეთილს ინებებენ და გადაიხდიან. ობამა ჩადის საბერძნეთში, რომ ევროპა დაამშვიდოს. იქიდან მიდის პერუში, რომ დაამშვიდოს სამხრეთამერიკელები, რომ არანაირი კედელი არ აშენდება მექსიკის საზღვართან. რასაკვირველია, ამერიკა არ გავა „ნატოდან“. უბრალოდ, ევროპელები გადაიხდიან საწევროს და ეს იქნება. მაგრამ, მაგალითად, ესტონეთის წლიური საწევროა 40 მილიონი ევრო. საიდან გადაიხდის?! ან საიდან გადაიხდის საქართველო, თუ „ნატოს“ წევრი გახდება?! ამდენად, ესეც პრობლემაა.
– მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელების ნახევარს მოსწონს ტრამპის მოსაზრებები და არ უნდათ არავის რჩენა.
– ტრამპის ელექტორატი არ არის დაკომპლექტებული ინტელექტუალებით. ტრამპის ამომრჩეველია თეთრაკანიანი ამერიკელი, ძირითადად, სოფლის მოსახლეობა, მუშები, საშუალო განათლების მქონე. მათ შეიძლება, წიგნიც არ აქვთ წაკითხული, მაგრამ არიან ამერიკის ნამდვილი პატრიოტები, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და ხედავენ, რომ მათი შემოსავალი არ იზრდება. რატომ გახდა ასეთი პოპულარული ტრამპი?! ხმამაღლა არავინ ამბობს ამერიკაში, რომ აღარ მიიღებენ ლტოლვილებს. როდესაც ჰილარი კლინტონი ხვდებოდა თავის ამომრჩეველს, ეუბნებოდა: ტრამპი ამბობს, რომ კედელი უნდა ააშენოს, ეს შეიძლება?! მისი მომხრეები ყვიროდნენ: არ შეიძლებაო, მაგრამ ჩუმად ფიქრობდნენ, დიახ, შეიძლებაო. იქ უკმაყოფილო ელექტორატი წყვეტს არჩევნების ბედს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც დღეს მთელი მსოფლიო შეაშფოთა არის არა „ნატო“, არამედ საგარეო ვაჭრობა. ტრამპი, სავარაუდოდ, დაიწყებს სავაჭრო ომს ჩინეთთან. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ათჯერ მაინც თქვა, ჩინელები უნამუსოდ გვძარცვავენ და გვატყუებენო. გაიხსენა რეიგანის მიერ იაპონურ მოტოციკლებზე დაწესებული 50-პროცენტიანი ბაჟი. იმიტომ რომ იაპონიის მოტოციკლებმა წალეკა ამერიკა. ამერიკული არაფერი იყიდებოდა, რაც ბორბლებზე დადიოდა, რადგან ძალიან იაფი ღირდა იაპონური. როგორც კი რეიგანმა ბაჟი დაუწესა, იაპონიიდან მოტოციკლების იმპორტი შეწყდა. ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და, ბევრი ეკონომისტის აზრით, პირველიც კი არის. ამდენად, ამ ორი გიგანტის სავაჭრო ომს შეუძლია, თავდაყირა დააყენოს მთელი მსოფლიო, მაგრამ ჩინელები უფრო მოქნილები არიან. ჩინეთის ლიდერი უკვე ელაპარაკა ტრამპს. თითქოს მოილაპარაკეს შეხვედრაზეც და ჩინეთს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირებაა სამუშაო ადგილების დაბრუნება: ამერიკულ ბრენდებს ქარხნები აქვთ ვიეტნამში, აფრიკაში, კორეაში. იქ ამზადებენ პროდუქციას, რაც კაპიკები უჯდებათ, მუშახელი იქ საქმდება, პროდუქცია კი ბაჟის გარეშე შეაქვთ ამერიკაში. ტრამპი ამბობს, დავაწესებ ბაჟს, ამიტომ ეს ფაბრიკა-ქარხნები წამოიღეთ, ამერიკაში აამუშავეთ და აქ შექმენით სამუშაო ადგილებიო. მაგრამ, ამის რეალურად გაკეთება, ასე მარტივი არ არის. მეტიც, მაგალითად, პეტერსონის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ჩინურ პროდუქციაზე ბაჟის დაწესებით ამერიკა სამ-ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს დაკარგავს, ხოლო, თუ ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ცივი ომი გაჩაღდა – 5-6 მილიონ სამუშაო ადგილსო.
– ჩამონათვალში არ მიხსენებია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რის თავგამოდებული მოწინააღმდეგეა ტრამპი. უნდა ველოდოთ, ამ მხრივ, აშშ-ის კურსის შეცვლას? გვახსოვს ამერიკის წინა ადმინისტრაციის განცხადება, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს მთელ მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლადო.
– ვიცე-პრეზიდენტი იქნება საკმაოდ ცნობილი, სტაჟიანი და უპატიოსნესი ადამიანი, მაგრამ პრინციპული კონსერვატორი, რომელსაც არათუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, აბორტების გაგონებაც კი არ უნდა. ასე რომ, რეიგანის სტილის კონსერვატიზმი ისევ გაძლიერდება ნებისმიერ შემთხვევაში და ყველა მიმომხილველი გაოცებულია, თუ რა ჭკვიანურად ადგენს თავის გუნდს ტრამპი. ამერიკაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ძალიან დიდი თანამდებობაა, დიდი უფლებები აქვს, ყოველდღე ხვდება პრეზიდენტს, ეს იმხელა ფორაა მინისტრებთან შედარებით. ამიტომ ყველას აინტერესებდა, ვინ გახდებოდა ადმინისტრაციის უფროსი. ტრამპმა კი დანიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, პარტიის, რომელიც ტრამპს არ აღიარებდა. 44 წლის ახალგაზრდა კაცია, ძალიან გავლენიანი „რესპუბლიკურ პარტიაში“ და ვინაიდან „რესპუბლიკური პარტიისაა“ ორივე პალატა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მთავარი ფუნქცია იქნება, რომ ტრამპის კანონები გაიტანოს კონგრესსა და სენატში. ამას კი ის შეძლებს.
– ანუ ტრამპმა გაიმაგრა პოზიცია საკანონმდებლო ორგანოში.
– ძალიან და ამავე დროს ტრამპს უნდა კავშირი თავის ამომრჩეველთან. ამიტომ მისი მთავარი სტრატეგი და მთავარი კონსულტანტი იქნება ნაციონალისტი ბენენი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავქუდმოგლეჯილი დარბოდა მთელ 50 შტატში და რიგით ამერიკელებს, თეთრკანიან ამერიკელებს უმტკიცებდა, რომ ტრამპმა უნდა გაიმარჯვოს, ვინაიდან ეს არის ბუნტი ელიტის წინააღმდეგ. ელიტა გაქსუვდა, მექრთამეობა გაღვივდა და ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ რიგით ამერიკელებს. ამდენად ტრამპს შანსი აქვს, მაგრამ აქ თვითონ ტრამპი არ არის იმდენად საშიში, რამდენადაც ტენდენციაა ძალიან ცუდი. გასულ კვირას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა აშკარად პრორუსმა კანდიდატმა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირთან არაფერი ესაქმება, არც წევრობა უნდა და არც ვიზალიბერალიზაცია. უკვე შეათანხმა ვიზიტი მოსკოვში. ბულგარეთში კი გაიმარჯვა…
– საჰაერო ძალების ყოფილმა სარდალმა.
– დიახ, ყოფილმა მფრინავმა, „ნატოს“ გენერალია, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთთან უნდა მეგობრობა. ცხვირზეა მომდგარი გერმანიის არჩევნები, გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებია საფრანგეთში. ტრამპის გამარჯვებამდე მარინ ლე პენს არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ 8 ნოემბრის შემდეგ ევროპული გაზეთები წერენ, არ გაგიკვირდეთ, რომ ლე პენი გახდეს პრეზიდენტიო. რთული პროცესებია იტალიაში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, ისლანდიაშიც კი დაიწყეს ლაპარაკი ელიტის წინააღმდეგ. დღეს უკვე ევროპის კრიზისზეა ლაპარაკი. ტრამპის ფენომენმა შოკი მოჰგვარა ევროპას. ეს შოკი, ცხადია, გადაივლის, მაგრამ არ არის გამორიცხული, გამომაფხიზლებელი ცივი შხაპივით იყოს ევროპისთვის.
– ჩვენზე როგორ აისახება, თუ არ გამოფხიზლდა ან გამოფხიზლდა ევროპა?
– ამ დღეებში კვირიკაშვილი მიდის ბრიუსელში. თუ ევროპაში კიდევ შემორჩა საღი აზრი და პოლიტიკური ნება, ჩვენ გვიჩნდება იდეალური, უპრეცედენტო შანსი. აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამაში ექვსი ქვეყანაა ჩართული და ერთადერთი, სადაც კიდევაა შესაძლებელი ევროპული ფასეულობების, დემოკრატიის დამკვიდრება, არის საქართველო. ამიტომ, თუ ევროპას უნდა, რომ სრული კრახით არ დამთავრდეს მისი აღმოსავლური პარტნიორობა და ის მილიარდობით ევრო, რაც ამ პროგრამის ფარგლებში შეჭამეს ევროჩინოვნიკებმა, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს. ჩვენ ყველაზე მძიმე დღეში ვართ. მოლდოვას იქით ესაზღვრება „ნატო“ და ევროკავშირი და რაც მთავარია, მოძმე რუმინეთი; ჩვენ ვინ გვესაზღვრება? თურქეთი: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. ამიტომ კვირიკაშვილის ვიზიტისას ევროპელების რეაქცია იქნება საფუძველი მნიშვნელოვანი დასკვნებისთვის. თუ ევროპამ ისევ გააგრძელა მხარზე ხელის წამორტყმა, კაი ბიჭები ხართ, სწორი გზით მიდიხართ და წინ კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელიო, ესე იგი, ევროპაში აღარც პოლიტიკური ნება ყოფილა და აღარც საღი აზრი.
– ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვრჩებით ასეთ შემთხვევაში.
– ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება ტრამპისა და „ნატოს“ ურთიერთობა. ტრამპმა დაუფარავად განაცხადა, რომ უკრაინა არ აინტერესებს. საქართველო არც კი ჩათვალა იმის ღირსად, რამე ეთქვა. მაგრამ, თუ არ აინტერესებს უკრაინა, 40-მილიონიანი ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება ევროპას, საქართველო აინტერესებს?! ამდენად, რჩება მხოლოდ ევროპა. არათუ ახალ წევრებს არ მიიღებენ „ნატოში“, ნეტავ, ბალტიისპირეთიდან არ გაიყვანოს ის ჯარები, ამ ბოლო ხანს რომ შეიყვანეს. მაგრამ შეიძლება, შეთანხმდნენ, რომ რუსეთი შეწყვეტს მუქარებს ბალტიისპირეთისა და უკრაინის მიმართ და სანაცვლოდ, ტრამპი შეეცდება, რომ დანარჩენი პოსტაბჭოთა სივრცე, უკრაინისა და კავკასიის ჩათვლით, იყოს რუსეთის გავლენის სფერო. შესაძლოა, მოხდეს მეორე იალტა. რა, 1945 წელს დემოკრატია არ იყო?! ჩერჩილი და რუზველტი დემოკრატები არ იყვნენ?!
– თუმცა სულ ნაჭერ-ნაჭერ გაინაწილეს მსოფლიო.
– დიახ, მშვენივრად გაიყვეს მთელი მსოფლიო ამ დიქტატორთან ერთად და ტრამპი და პუტინი რატომ ვერ შეთანხმდებიან?! მაგრამ ვნახოთ, თვითონ ევროპაში რა მოხდება. იქ ჯერ შოკური მდგომარეობაა. თუ ცუდი სცენარით განვითარდა ევროპა, მერკელია ჩამოსახრჩობი, რადგან მისი „დამსახურებაა“ მილიონობით მიგრანტის შეშვება: სწორედ იქიდან დაიწყო ინგლისის გასვლა ევროკავშირიდან და ევროპის კრიზისი. ლტოლვილები შეუშვეს ყოველგვარი კონტროლის გარეშე და სანამ არ ააფეთქებდნენ კაფეებსა და 20-20 ადამიანს არ დახოცავდნენ, ამბობდნენ, მათთვის ხელის ხლება როგორ შეიძლებაო. ამიტომ პირადად ჩემთვის, კვირიკაშვილის ევროპაში ვიზიტი იქნება იმის მანიშნებელი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები: ხელცარიელს გამოუშვებენ კვირიკაშვილს თუ, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან ევროპელები, რომ მათი ერთადერთი დასაყრდენი პოსტსაბჭოთა სივრცეში და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ისევ იყურება ევროპისკენ, არის საქართველო.