როგორ მიაღწია მანანა კობახიძისა და მისი მეუღლის წლიურმა შემოსავალმა 150 000 ლარს #47
მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე 1968 წელსაა დაბადებული თბილისში. 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (კვალიფიკაციით საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელია). 1998 -2003 წლებში სწავლობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. 2005 წელს კი ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1990 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიოდეპარტამენტში, სადაც კორესპონდენტად 1991 წლამდე მუშაობდა. 1991-2001 წლებში თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგი იყო; 1995-1996 წლებში – თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში წამყვანი სპეციალისტი. 2003-2009 წლამდე საქმიანობდა ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“, 2009-2011 წლებში კი აღმასრულებელი დირექტორიც გახდა. 2011-2012 წლებში მუშაობდა ააიპ „საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელ დირექტორად. 2005-2012 წლებში კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2012 წლის 21 აპრილიდან 2013 წლის 16 თებერვლამდე „ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარეობდა. 2012 წელს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი იყო საჩხერის რაიონიდან. ის 2016 წლის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიცაა ამჯერად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.
ქ-ნი კობახიძის მიერ პირველად შევსებულ დეკლარაციაში 2012 წელს, ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე ზაზა გოგიჩაიშვილი და ორი შვილი: მაკა და ნინო ორაგველიძეები. უძრავ ქონებას მხოლოდ მანანა კობახიძე ფლობდა – ორ ბინას თბილისში, აბაშიძისა (95 კვ. მ.) და ბერბუკის ქუჩებზე (180 კვ.მ.). ზაზა გოგიჩაიშვილს კი ჰყავდა ავტომანქანა HONDA CRV. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული ჰქონდათ ზაზა გოგიჩაიშვილსა – 48 000 და მაკა ორაგველიძეს – 5 000 ლარი. დეპუტატის მეუღლე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა (ინდმეწარმედ, თუმცა 2011 წლის განმავლობაში ამ საქმიანობას მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია). 2001 წელს შემოსავალი მხოლოდ მანანა კობახიძეს ჰქონდა: როგორც ადვოკატმა, 22 554 ლარი აიღო, როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ პროექტის დირექტორმა, 2 428 ლარი, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა, 4 837 ლარი. ნინო ორაგველიძის სწავლის საფასური კი 3 090 ლარი დაუჯდა.
მანანა კობახიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება. ის ცხოვრობს მეუღლესთან, ზაზა გოგიჩაიშვილთან და ქალიშვილთან, ნინო ორაგველიძესთან ერთად. უცვლელია მათი უძრავ-მოძრავი ქონება. ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების მომენტში მხოლოდ ზაზა გოგიჩაიშვილს ჰქონდა – 20 000 ლარი. ის კვლავ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა 2015 წლის განმავლობაში შემოსავალი არ მიუღია და სამეწარმეო საქმიანობა დაუწყია დეპუტატის ქალიშვილსაც (1992 წელს დაბადებული): ის არის შპს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს პარტნიორი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში მანანა კობახიძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, 76 845 ლარი აიღო, ზაზა გოგიჩაიშვილმა კი, როგორც შპს „ქართული ბროილერის” მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა – 75 521 ლარი. ამჯერად კი მანანა კობახიძეს სწავლის საფასური 2 800 ევრო დაუჯდა.