ჩურჩულები #47
„ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი არსად არია“
თუკი აქამომდე ჩვენს ექსპრეზიდენტსა, თუმცა რაღა ჩვენს, ოდესის ექსგუბერნატორსა და აშშ-ს შორის ისეთი გულითადი ურთიერთობა იყო, ხელსაც კი არ ამოისვამდნენ, ერთურთს რომ თვალებში ჩაცვივნოდნენ, ამანაც გაიარა.
მართალია, ჯერჯერობით მთლად შავ კატასაც არ ჩაურბენია მათ შორის, თუმცა აწ უკვე უკრაინელმა ოპოზიციონერმა ოკეანის გაღმეთს კბილი მაინც გაჰკრა.
გაჰკრა, რაკი განაცხადა, რომ 2003 წელს საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩი მისგან გაყალბებული არჩევნების აღიარებას ითხოვდა.
ცხადია, არც საელჩომ დაახანა და, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პასუხად ბრძანეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.
მეორე მხრივ, ნათელია, რომ არავინ იტყვის ხმამაღლა, რას ეჩურჩულებიან პოლიტიკოსები ერთმანეთს ყურში და ისიც, რომ იმ ჩაჩურჩულების გათქმა, როგორც წესი, მთლად ბედნიერადაც არ სრულდება (გამთქმელისთვის). მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ მომავალში სხვა ჩურჩულებიც გაგვიმჟღავნდეს.
ამას გარდა, უკრაინის „რადის“ დეპუტატმა, საერთოდაც, მოუწოდა კოლეგებს, საქართველოს დაუბრუნონ ნაგუბერნატორალი. იმის პარალელურად, რომ თვით „ნაციონალთა“ ნაწილმაც კი უგანა.
იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკოსობა სულ მთლად უძველესი პროფესიაა, არც ისაა გამორიცხული, აწ ერთმანეთს წაკიდებული მხარეები კვლავ დაუტკბნენ ერთმანეთს, ოღონდ ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს (და მერე რა, რომ ჯოყოლამდე ადრეც აკლდა და მისი ახლაც არაფერი სცხია), რომ „ქისტეთში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დედამიწაზე) მისი ერთგული კენჭიც კი არსად არია“… –