აბობოქრებული #47
ანუ კლასდაცემული
მაშინ, როდესაც თვით „ნაციონალური მოძრაობაც“ კი დაშოშმინდა (თუმცა, აბა, როგორ არ დაშოშმინდებოდა, როდესაც სკამიც ტკბილია, დეპუტატის ხელფასიც და პარტიის საბიუჯეტო დაფინანსებაც?!), იგი კვლავ აბობოქრდა.
იგი, ანუ ქართველ „ლეიბორისტთა“ უცვლელი ლიდერი (ეჭვი მაქვს – მარადიულიც).
ჰოდა, რაკი ბობოქრობს, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა და საერთაშორისო სასამართლოსაც. პირველისგან საქართველოს დელეგაციებისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა, მეორისგან – არჩევნების გაყალბების ძიება.
მეტიც, მხოლოდ ამას არ დასჯერებია: საკუთრივ საქართველოს მოსახლეობას რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა (ვისაც გული გერჩით და ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უზურპირებულია, პარლამენტი კი – არალეგიტიმურიო).
ეს მოწოდება „ლეიბორისტთა“ ლიდერმა, ნებისთ თუ უნებლიეთ, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაამთხვია.
ასეა თუ ისე, დანანებით შევნიშნავ, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, აგერ უკვე ათწლეულია, ლამის ყველაზე გონებამახვილს, კლასი გვარიანად დასცემია. –