როგორ დააბნია თამთა იანტბელიძემ პარიზის ქუჩებში ხალხი და ვინ აფინანსებს მის ევროპულ მოგზაურობებს #46
მომხიბლავი, პოზიტიური თამთა იანტბელიძე – ძალიან ლამაზი და გულწრფელი ღიმილით, გადაცემა „სელფი მაესტროს” ერთ-ერთი წამყვანია. მას, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა უწევს და ხშირად ექსტრემალურ სიტუაციაშიც აღმოჩენილა.
თამთა იანტბელიძე: თეატრალურ ინსტიტუტში დავამთავრე – ბიზნესი და მართვა. შემთხვევით აღმოვჩნდი ამ გადაცემაში. ჟურნალისტობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს. ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია, ხან რას ვაკეთებდი, ხან –რას. ტიხრულ მინანქარზეც ვმუშაობდი, ხან ოფისებში ვმუშაობდი... ხომ იცი, რომ მიედ-მოედები რაღაცეებს. ეს არის ის სამსახური, სადაც მუშაობა ყველაზე მეტად მსიამოვნებს, თუ არ ჩავთვლით ტიხრულ მინანქარს, ანუ, შემოქმედებით ამბებს. ზოგადად, ვიცი, რაღაცეების დაწყება და მერე შევეშვები ხოლმე. ასე იყო ტიხრული მინანქრის შემთხვევაშიც. ამ ეტაპზე დრო არ მაქვს. ამ საქმეს კი სჭირდება დრო, მყუდროდ ყოფნა, ფიქრი. მაგრამ, აუცილებლად დავუბრუნდები, რადგან ეს არის საქმე, რომელსაც არ შევეშვები. მიყვარს ღუნღულად რაღაცეების კეთება, მაგრამ ესეც მიყვარს, რასაც ახლა ვაკეთებ.
– როგორ მოხვდი ამ გადაცემაში?
– ქასთინგი გავიარე და გამიმართლა, ამირჩიეს. ჩემთვის უცხო სფეროა, ამიტომ ძალიან ბევრს ვნერვიულობ, ვღელავ, მაგრამ მეხმარებიან ისინი, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ. ფსიქოლოგიურადაც ისე მომიდგნენ, რომ მშვიდად ვიყო და პრაქტიკულადაც ძალიან მეხმარებიან – ბევრს მასწავლიან, არ იშურებენ ენერგიას. პირველი გადაცემის ჩაწერა ყველაზე რთული იყო, თან თუშეთის ტური მოგვიწია, რომელიც ისედაც რთულია. თუშეთში ბავშვობაში ვიყავი, მაგრამ მაშინ რეალურად ვერ აღვიქვამდი ყველაფერს. გზა საკმაოდ საშიშია, ბევრი რაღაცა ხდება, მისტიკური მხარეა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა, მთიანი ადგილები
– რა თავგადასავლები გადაგხდა თუშეთში?
– ძალიან მეშინია მოჩვენებების. სიუჟეტს რომ ვწერდით, ვამბობდი: სეზონი დამთავრდა და ალბათ, ახალგაზრდების უმეტესობა ბარში ჩავიდა, აქ მხოლოდ მოჩვენებები, „თებჟორიკები” დარჩნენ-მეთქი. „თებჟორიკა” თუში-ქალი მოჩვენებაა. უცებ უკნიდან მეცა ჩვენი ერთი მეგობარი და ისე შემეშინდა, ტირილი დავიწყე, ისტერიკაში ჩავვარდი. კიდევ კარგი, ნაცნობი სახე დავინახე და მივხვდი, ვინც იყო. ხევსურეთშიც ვიყავით. შატილი ულამაზესია, ისევე როგორც საქართველოს ბევრი ადგილი. სადაც ჩვენი ოქროს ბიჭი, წამყვანი სანდრო გაბისონია დადის, ის ადგილებიც მაინტერესებს და აუცილებლად წავალ. ამ გადაცემაში ისიც საინტერესოა, რომ არაფერია დადგმული, გაპრანჭული. სულ თავგადასავლებში ეხვევი. მიდიხარ, იძიებ ყველაფერს, ხალხს ხვდები, საშიში რაღაცეებიც ხდება. პილოტთან ერთადაც ვიფრინე და ესეც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის – საინტერესო და საშიშიც. ოფროუდზეც გვქონდა გადაცემა. გადაცემაში არის ორი დავალება: სანდროს შეხვდა რაჭა და მე – ქერა გოგოს ტური. ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა, მგონია, რომ მივდივარ მილანში, ან ისევ პარიზში, გასაპრანჭად და ამ დროს მომდის წერილი, რომ მივდივარ ოფროუდზე. ძალიან შემეშინდა – ოფროუდი ყოფილა ექსტრემი. მეც ვიჯექი საჭესთან, მძღოლმა მასწავლა, რა უნდა გამეკეთებინა, თან ავტომობილის მართვაც რომ ვიცი, გამიმართლა. მაგრამ, რამდენიმე საშიშ ორმოში ჩავვარდით და სხვა მანქანამ ამოგვიყვანა ბუქსირით. ისეთ ადგილებში გვიწევს მოგზაურობა, რომელსაც თან ახლავს საინტერესო ამბები. ველოდები, მეც იქნებ, სადმე გადამეყაროს ნამდვილი, კეთილი მოჩვენება „კასპერივით” და არა – გაბრაზებული.
– პარიზის ტური ძალიან საინტერესო, ლამაზი და ხალისიანი იყო.
– რომ გავიგე, პარიზში მივდიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა. მანამდე იყო ბრიუსელის გადაღება. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო, სახალისო და ლაღი იყო ბლუას გადაღება. ეს არის საფრანგეთის ღვინის მხარე, სადაც ნატურალურ ფრანგულ ღვინოს წურავენ. იქ არის ფრანგი მეღვინე, რომელთანაც სტუმრად ვიყავით და მას აქვს ქართული ქვევრები. ფრანგულ ღვინოს აყენებს ქართულ ქვევრში და ღვინოს ჰქვია „ქვევრი”. სანდრო იმ დროს იღებდა კახურ რთველს და მე ვიღებდი – ფრანგულს. როგორც ჩვენთან, იქაც ეხმარებიან რთველში მეგობრები, თუმცა ხალხსაც ქირაობენ და მათი ანაზღაურება საათში 20 ევროა. ვფიქრობდი: ჩვენთან რომ გადაუხადონ საათში 20 ევრო, რა კარგი იქნება-მეთქი. ასევე, ჰყავდათ ცხენი, რომლითაც მანქანებამდე მიჰქონდათ დაკრეფილი ყურძენი. რაც შეეხება პარიზის ტურს, საინტერესო იყო, მაგრამ თავიდან ძალიან დავიძაბეთ და დავიღალეთ. მეტროში დავიკარგეთ, სადაც თურმე გზები ფერების მიხედვით იყოფა. ერთხელ თუ გაერკვევი, მერე წამში ისწავლი, მაგრამ სანამ გაერკვევი, ეს მთელი პროცესია. მეტროში დავდიოდით წინ და უკან, თან იმდენი ბარგი გვქონდა... მოკლედ, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ბოლოს ხალხი დაგვეხმარა და მივაგენით ჩვენს სასტუმროს. ერთადერთი, რაც არ გადაგვიღია, ეს იყო ღამის პარიზში ჩხუბი, რომელსაც გადავეყარეთ და ცოტა შორიდან მოვუარეთ. „მულენ რუჟის” უბანში იყო, მონმარტრთან, სადაც ღამის თუხთუხი მიდის და სულ ცოცხალია, სულ მუშაობენ, მხიარულობაა. მანდ მოხდა ეს ერთი ინციდენტი. მერე კიდევ დავიკარგეთ ფეხით სიარულისას, ერთ-ერთ კლუბს ვეძებდით და ბოლოს 5 საათზე სახლში წავედით დაღლილები.
– კვაზიმოდოსა და ესმერალდასაც ეძებდი პარიზში.
– ესმერალდაც ვეძებე, კვაზიმოდოსაც ვეძახდი, მაგრამ არ გამოჩნდა. ძალიან დავაბნიეთ ხალხი. ზოგადად, ხალხის რეაქციები იყო საინტერესო. ერთმა კაცმა სელფის ჯოხზე ხელი აგვიკრა, მასთან არც მივდიოდი, მაგრამ გაღიზიანებულმა ამიკრა ხელი. ცოტა კომპლექსდებიან, მაგრამ მაინც მხიარულად გხვდებიან. ხითხითით და ღიმილით რომ მივდივარ, ყველა გვყვება. არის ადგილები, სადაც გადაღების საშუალებას არ გვაძლევდნენ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ორჯერ მომცეს შენიშვნა, სელფის გადაღებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გადავიღე. ძალიან საინტერესო ქალაქია, არ გბეზრდება: სიყვარულის ქალაქიც არის, მეგობრობის, პრობლემების, მოკლედ, ყველაფრის ქალაქია, სადაც ფუფუნებაც და გაჭირვებაც ერთადაა. შეიძლება, ვირთხები დარბოდნენ და იქვე გაპრანჭული რესტორანი იყოს. სადაც ეიფელი დგას, პარკივით არის შესასველელი და იქ უამრავი ვირთხა დარბის, რომელსაც დაცვა: რატატუის ეძახის: რატატუი, რატატუი... მგონი, კვებავენ კიდეც. ვირთხების მეშინია, უფრო სწორად, მეზიზღება, მაგრამ პარიზში ვირთხებიც „მოსულა”.
– შენი უცხოური თავგადასავლების შემდეგ ასეთი ჭორი გავიგე: მამა აფინანსებს მის მოგზაურობებსო და მართალია?
– არ მაფინანსებს მამა. ეს ის ტურებია, რომელიც ტელევიზიამ დააფინანსა. თუმცა, არ მაქვს საწინააღმდეგო, რომ მამაც მაფინანსებდეს. მამებსაც რომ შეეძლოთ ამ ყველაფრის დაფინანსება, ძალიან გამიხარდება.
– პროფესიონალურად ფლობ სელფის ჯოხს, მანამდეც გიყვარდა სელფების გადაღება?
– არასდროს გადამიღია სელფი და არც აგრესია მქონია: უიმე, სელფი, შეგვაღონეს ამ სელფებით... ჩვეულებრივ აღვიქვამდი, მაგრამ „სელფი გოგოშკა” არასდროს ვყოფილვარ. სელფის ჯოხიც გადაცემაში პირველად დავიჭირე ხელში. ჩვენს სელფს ის პლუსი აქვს, რომ არ არის უინტერესო და დღეში ხუთჯერ სარკეში გადაღებული ტუჩგამობერილი სელფი... სილაღეა მთავარი და თუ ლაღი ხარ, სელფის ჯოხსაც ლაღად დაიჭერ.
– მიამბე შენს პირად ცხოვრებაზეც, გათხოვილი ხარ?
– კი, ორი შვილი მყავს, 4 წლის იოშკა და წლისა და 3 თვის ლენკა, ასევე, მეუღლე. მე და ოთომ ინსტიტუტში გავიცანით ერთმანეთი. კარგი და დიდხნიანი სიყვარულის ისტორია გვაქვს, ერთად გავიზარდეთ. 16 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, რომანტიკული ტიპი იყო: ყოველდღე ყვავილებს მიძღვნიდა. მთელი 4 წელი ყვავილებით დავდიოდი და ყველა მცნობდა: ეს ის გოგოა, ყვავილებით რომ დადისო. მეგობრები ვიყავით და არ გვქონია ის მომენტი: გამომყვები ცოლად? იმდენ ხანს დავდიოდით ერთად, რომ მგონი, სხვები შევაღონეთ: როდის ქორწინდებით, როდისო და აჰა, დავქორწინდით კიდეც.
– ახლაც მოაქვს ყვავილები?
– ახლა აღარ არის ყვავილები, სამწუხაროდ. ყვავილებსაც ხომ აქვს თავის დრო, მთელი ცხოვრება ხომ არ იქნება. როგორც ადამიანი ვითარდება, გრძნობაც ვითარდება, თავისთავად იცვლება. ოღონდ კარგად უნდა შეიცვალოს. არის პრობლემებიც, ზოგჯერ არ არის და ასე... გრძელდება.
– როგორ მიიღო შენი ახალი პროფესია?
– ყველა ძალიან მეხმარება. ხელს მიწყობს როგორც მეუღლე, ასევე ყველა. იოშკასაც რომ ავუხსნი: სამსახურში მივდივარ-მეთქი, კარგიო და ერთადერთ პირობას მიყენებს: ხომ მომიტან რამესო, ჩემსავით მსუნაგია. ვცდილობ, შვილებს ყურადღება არ მოვაკლო. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ჩემს შვილებს ძალიან ვუყვარვარ და მეც ვცდილობ, თბილი დედა ვიყო – სიყვარული, სითბო მივცე მათ.