კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაული მოუვლინა ღმერთმა ნინი წიკლაურს და რატომ არ ამხელდა ის ორსულობას #46

მოსიყვარულე  წყვილი – ნინი წიკლაური და თემო ტუღუში მაისში პატარა ბიჭს ელოდებიან. მომავალ დედ-მამას მშობლის პასუხისგებლობა უკვე გაცნობიერებული აქვს და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ სწორად და კარგად როგორ გაზარდონ, აღზარდონ შვილი. ნინის ორსულობაც, რომელსაც  ბედნიერებისგან თვალები კიდევ უფრო მეტად უბრწყინავს, მშვიდად, წყნარად და კარგად მიმდინარეობს, ხოლო თემო მასზე და მომავალ შვილზე დიდი სიყვარულით ზრუნავს.
ნინი წიკლაური: წარმოგიდგენია, პატარა ბიჭის დედა ვხდები. ოჯახში პატარა ბავშვი არ გვყოლია, ამის გამოცდილება არ გვქონია და არ ვიცი, ეს როგორია. უკვე ვხვდები: რაღაც საოცრება გველოდება წინ. მინდა, ორსულის კურსები გავიარო, რომ უფრო მეტად ვიყო მომზადებული: სწორად გამოცვლა, სწორად თავის დაჭერა, ჭამა.
თემო ტუღუში: ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება.
ნინი: ექიმმა  ჩამოთვალა: ასეთი თვალები, ასეთი ტუჩები... მერე გახედა თემოს და ამბობს: მამას ჰგავსო. ვუყურებდი გაშტერებული, ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ თავი დავინახე.
თემო: ექოსკოპიაზე რომ შევდიოდით, გადართული, ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რას გვეტყოდა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რომ თქვა: ჯანმრთელია, კარგი ბიჭიაო, მერე ამოვისუნთქე.
ნინი: თემო გაფაციცებით უსმენდა, რამე რომ არ გამორჩენოდა. მე შეურაცხადი ვიყავი: ნახევარი არ მესმოდა. როგორია, ეკრანზე უყურებ შვილს. მერე, რომ თქვა ექიმმა: კაციაო, რაღაც ვერ მივხვდით და გავატარეთ. ექიმმაც გააგრძელა გამოკვლევა და ბოლოს გვეუბნება: სქესზე რატომ არ გქონდათ რეაქციაო. ვერ გავიგე-მეთქი. გოგო, ბიჭია, ბიჭიო და ავტეხეთ ერთი ამბავი.
თემო: სქესს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა. კითხვაზე: გოგო გინდა თუ ბიჭი, ყოველთვის მეშინოდა, მერიდებოდა პასუხის გაცემა. ბიჭი ვთქვა და გოგო იყოს, მერე ჩემს შვილს რა პასუხი გავცე-მეთქი, ამიტომ დუმილს ვამჯობინებდი.
ნინი: ერთადერთი, იმას ვამბობდით: ღმერთო, ჯანმრთელი შვილი გვაჩუქე-თქო. ისე, ერთმანეთში რომ ვსაუბრობდით, თემო ამბობდა: გოგო იქნებაო, მე ვამბობდი: ბიჭი იქნება-მეთქი. რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, იმწუთას ვუთხარი: ბიჭია-მეთქი.
– როგორია პირველი ემოცია, როდესაც იგებ რომ ორსულად ხარ?
– ავლაბარში ვიყავი და ტესტი რომ გავიკეთე, არ ვიცოდი, რა მექნა: მეყვირა, მეწივლა. ტესტით მივედი თემოსთან, ვაჩვენე და ორივე ისეთი ბედნიერები ვიყავით. არაადეკვატური ვიყავი... ყველამ იცის, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” სერიოზული ტრავმა მივიღე, ღმერთმა გადამარჩინა. მისი ნება იყო, ფეხზე რომ ავდექი. ძლიერ გამაყუჩებლებს ვიკეთებდი, თან, ბევრს.
თემო: ორშაბათს ვეღარ ვიტანდი, რადგან ეთერის დღეს უფრო მეტ ნემსს უკეთებდნენ.
ნინი: იმდენ ნემსს მიკეთებდნენ, რომ გათიშული ვიყავი. რომ მელაპარაკებოდნენ, ვუყურებდი და არ მესმოდა, ილეთებსაც ინერციით ვაკეთებდი. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, მაშინვე დავჯილდოვდი ასე, უფლისგან. ღმერთს სულ ვთხოვდი: თუ შენ ჩათვლი საჭიროდ, ეს ბედნიერება მომანიჭე-მეთქი... და ერთ დღეს, ასეთი სასწაული მომივლინა. თითქოს დამაცადა ყველაფერი: ვიცეკვე, დავიმტვრიე, გამოვჯანმრთელდი. მითხრა: გაჩერდი, ხომ ხედავ, ეს არ არის შენი საქმე, აჰა, შვილო, შენ ბავშვი და მოუარეო. იმდენად ვიყავი აჟიტირებული, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. ვიღაცას კი არ დავუმალე, უბრალოდ, არ მინდოდა, ნაყოფისთვის რაიმე ზიანი მიმეყენებინა. ზედმეტი არც ფერება მინდოდა, არც მოლოცვა. მშვიდად და წყნარად მინდოდა, ჩამოყალიბებულიყო ნაყოფი და გაზრდილიყო. თორემ, დასამალი კი არ არის, ლამის რუპორში გამოვაცხადო, იმხელა ბედნიერებაა.
– ისევე „დამალე”, როგორც შენი და თემოს სიყვარულის ამბავი.
– ჰო, აპრობირებული მეთოდია და თან, ამართლებს. კი არ დავმალე, უფრო სწორად, მოფრთხილება და ზრუნვა იყო ეს.
– საოცარი ემოციაა, როდესაც პირველად ისმენ ბავშვის გულისცემას...
თემო: პირველად გულისცემა ნინიმ მოისმინა. დიდი რიგი იყო და მომერიდა, ნინისთან ერთად ოთახში შესვლა. მაგრამ, მერე რომ მოვუსმინე გულის ცემას და სუნთქვას, გადავირიე. ეს უნდა იგრძნო, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
– პრეტენზიული ორსული ხომ არ არის?
– ყველაფერი კარგად მიდის. პრეტენზიული ისედაც არ ყოფილა და არც ახლაა. თან, ყურადღებას, მგონი, არ ვაკლებ.
ნინი: თემო ისეთი მზრუნველია, 10 ქალს უდრის ერთად აღებულს. იმდენად ვარ თემოზე დამოკიდებული, ერთი წუთიც ვერ წარმომიდგენია მის გარეშე.
თემო: იმდენი წვრილმანი დეტალია, რომ არ გინდა, შეწუხდეს. ყველაფერი თავისით ჩამოყალიბდა. სწორი ურთიერთობიდან მოდის ყველაფერი. სადაც არ არის ურთიერთობა სწორი, სიყვარული, რა თქმა უნდა, ზრუნვაც ნაკლებია, არ არის სრულყოფილი.
ნინი: ისე, ცოტა მეტად მგრძნობიარე გავხდი. ისედაც ყველამ იცის, რომ მტირალა ვარ, მაგრამ ახლა, ყველაფერზე მეტირება. არაფერი არ უნდა მომიყვე, მაშინვე განვიცდი. ზოგადად, შეხედულებები შემეცვალა, რაღაცეები გადავაფასე. მივხვდი, რომ ეს კონკრეტული საკითხი საერთოდ არ ღირს სანერვიულოდ. ღმერთმა ამხელა რაღაც მაჩუქა და რა მაქვს საწუწუნო?!
თემო: როცა შვილს ელოდები, თუ ადამიანი ხარ, ძალაუნებურად, იცვლები, შეხედულებები გეცვლება, პასუხისმგებლობებიც გემატება, უფრო ღრმად იწყებ ბევრ რამეზე ფიქრს.
ნინი: ღმერთმა იმ დროს შემაქმნევინა ოჯახი, როცა უნდა დავოჯახებულიყავი. იმ დროს ჩაისახა ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, როცა უნდა ჩასახულიყო. ყველაფერი თავის დროზე მოხდა. ყველაფერი, რაც გავიარე, უნდა გამევლო. დრო, ერთადერთი, იმაში დავკრგეთ, რომ ამდენი წელი ვმეგობრობდით, თორემ კი გვეყოლებოდა უკვე ერთი სამი ბაჭყატა.
– მოიფიქრეთ სახელი?
– გეგა გვინდა, რომ დავარქვათ.
– საკმაოდ აქტიური ორსული ხარ.
– კი, ბევრი კონცერტიც მქონდა და მაქვს ჩაწერებიც. უფრო მეტად მოტივირებული ვარ. ერთად დავდივართ, ორნი გამოვდივართ სცენაზე და ერთად ვმღერით.
– არ ესაუბრებით ბავშვს?
თემო: სულ ველაპარაკებით, ბავშვური დიალოგები გვაქვს.
ნინი: ეუბნება: მამიკო, როცა საჭიროა, მაშინ გამოდიო.
– ვფიქრობ, ძალიან კარგი, მზრუნველი მშობლები იქნებით.
ნინი: მეც ასე მგონია, რადგან თემო ძალიან მზრუნველი და თბილია. მეც არ ვარ ცივი. ბევრ რამეზე მაქვს პროტესტი. ვიღაცეებზე ჩემთვის გამიფიქრებია: არასწორად ზრდის შვილს-მეთქი. ვეცდები, პატარა ბავშვს თავიდანვე ვასწავლო ქალის პატივისცემა, ზრდილობა, კულტურა. ორმაგად ჩავუნერგავ, რომ ვიღაცას არ აწყენინოს. მინდა, ისეთი შვილი მყავდეს, რომ ქალთან მოპყრობა არ შეეშალოს, არავინ გაამწაროს.
– თქვენს ურთიერთობაშიც სხვა ეტაპი დადგა?
თემო: ჩვენი ურთიერთობაც უფრო მეტად გაღრმავდა. როცა ამ ყველაფერზე ფიქრობ, რაღაცეებს უფრო მეტად აფასებ, ალაგებ, ხვდები: რომ რისთვისაც გაჩნდი, ის გააკეთე და უკვე ბავშვს ელოდები.
ნინი: მე და თემოს იმდენად შეკრული ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ ცოლ-ქმარი, შეყვარებულები არ ვართ. სხვა ძაფებიც გვაკავშირებს, თითქოს ერთმანეთის პატრონებიც ვართ. მხოლოდ ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს და ახლა ეს ძაფები კიდევ უფრო მეტად დაპატარავდა, უფრო მეტად გაგვიჩნდა მზრუნველობის განცდა.

скачать dle 11.3