რატომ არ გაჰკვირვებიათ დედის მკვლელობასა და კანიბალიზმში ბრალდებულების ქმედება მათ ნაცნობებს და რატომაა მათთვის მკვლელობის შემდეგ სიმშვიდე ჩვეულებრივი მოვლენა #46
22 ოქტომბერს გლდანში, ძველი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, დანახშირებული ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ცხედარი ძებნაში მყოფ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც 19 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ხუთი ახალგაზრდა დააპატიმრეს. სამი – 18 წლის ირმა ყოჩიაშვილი, 23 წლის ბექა შენგელია, 17 წლის ნინი ჩ., მკვლელობაში მონაწილეობის; დანარჩენი ორი კი – ავთანდილ ა. და დათა კ., მოგვიანებით, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. რაც ყველაზე საზარელია, ერთ-ერთი ბრალდებული – ირმა ყოჩიაშვილი მოკლული ქალის შვილია. როგორც ჩანს, მან საკუთარი დედის მკვლელობა შეყვარებულთან (ბექა შენგელია) და მეგობართან ერთად, დაგეგმა და საზარელი გეგმა მათივე დახმარებით განახორციელა. სამართალდამცავები რიტუალურ მკვლელობასა და კანიბალიზმზე ალაპარაკდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მათ ლუბა ყოჩიაშვილი, საკუთარ ბინაში, ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და ყელი გამოსჭრეს. გვამი ჩანთებით მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში ჩანთით გადაიტანეს და იქ დაანაწევრეს. ცხედარს ორგანოები ამოაჭრეს, შეწვეს და ერთ-ერთმა, ბექა შენგელიამ ის შეჭამა. ნაწილი ტუალეტში ჩარეცხეს. დანაწევრებული ცხედარი კი, პარკებით გლდანის ნაგავსაყრელზე წაიღეს და დაწვეს. ბრალდებულიდან ერთ-ერთმა აღიარა, რომ მოკლულის ცხედრიდან ამოჭრილი ორგანო შეჭამა, განაცხადა პროკურორმა.
მეზობლების თქმით, ირმას, იგივე მარიამს (სახელი რამდენიმე წლის წინ თვითონ შეიცვალა) დედის დაკარგვის შემდეგ, არაფერი ეტყობოდა, ჩვეულებრივად იქცეოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ დანარჩენებივით, ისიც ღელავდა დედის დაკარგვის გამო. სხვებივით, ისიც იყო ძებნის პროცესში ჩართული. მაღაზიაში ტკბილეული იყიდა და ჭამდა. მაშინ თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო. მაგრამ, აბა, ახლა წარმოიდგინეთ, თურმე დედა საკუთარი ხელით მოუკლავს და თვითონ ტკბილეულს შეექცეოდა, – ამბობს ოჯახის მეზობელი. თუმცა, ისიც ითქვა, რომ მისი ემოციური მდგომარეობა გართულდა. მამამისის თქმით, ოთახში შუქს არ მაქრობინებდაო. ალბათ, ეშინოდა იმ ოთახში სიბნელეში ყოფნის, სადაც დედა საკუთარი ხელით მოკლა. მეორე დღეს სახლში მთვრალი მისულა და მთელი დღე სძინებია.
მეზობლების ინფორმაციით, ირმა და მისი შეყვარებული ირმას მამის, ომარ ყოჩიაშვილის მოკვლასაც აპირებდნენ. მაგრამ, პოლიციას ირმასთვის ფარულად მოსასმენი აპარატურა ჰქონდა დაყენებული და მის საუბრებს ისმენდა. ასე გაირკვა მათი ბრალეულობა. მაშინ დააკავეს, როცა მეორე მკვლელობის ჩადენას აპირებდნენ და მამა სიკვდილს გადაურჩა.
ლუბა და ომარ ყოჩიაშვილებისთვის ირმა ბიოლოგიური შვილი არაა. ჩვილი ბავშვი ცოლ-ქმარმა მას შემდეგ იშვილა, რაც თავს დიდი ტრაგედია დაატყდათ. 21 წლის ქალიშვილი მოულოდნელად, დიაბეტით გარდაეცვალათ. მშობლებისთვის ქალიშვილს ანდერძივით დაუბარებია: თქვენ ისეთი კარგი მშობლები ხართ, არ შეიძლება, შვილი არ გყავდეთ და მე რომ აღარ ვიქნები, აუცილებლად აიყვანეთო.
რაც შეეხება მოკლულს და მის მეუღლეს, მეზობლების თქმით, მათ ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ. ლუბა ლექტორი იყო და წლების განმავლობაში სამხედრო აკადემიაში მუშაობდა. ახლა კი პენსიონერი გახლდათ. ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მამა, ომარი საავიაციო ინჟინერია და 31-ე ქარხანაში მუშაობს. მეუღლის მსგავსად, მასაც ძალიან დადებითად ახასიათებენ. მეზობლების თქმით, ისინი ირმასთვის არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ და ყველაფერს უკეთებდნენ, რაც შეეძლოთ. ირმა ყოველთვის თავისებური იყო, დიდად არც მეზობლებთან კონტაქტობდა და არც კლასელებთან. ბოლო წელს სკოლაში არც უვლიაო, – ამბობენ მეზობლები. დაახლოებით ორი წლის წინ კი, ძალიან შეიცვალა. თავი ნახევრად გადაპარსული ჰქონდა, სხეულზე კი – უამრავი ტატუ. საოცარი ჩაცმულობითა და მაკიაჟით დადიოდა.
სხვადასხვაა აზრი დედა-შვილის დაპირისპირების მიზეზებზე. ნაწილი მიიჩნევს, რომ მიზეზი ირმას ცვლილება ბექასთან და მათ სექტასთან ურთიერთობა იყო. ზოგი კი ფიქრობს, რომ გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სიმარტოვეს განიცდიდა. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. მათგან მხოლოდ ერთი იყენებს დუმილის უფლებას.
მომხდართან დაკავშირებით, საზარელი მკვლელობის მთავარი ფიგურანტების, ირმა (მარიამი) ყოჩიაშვილისა და ბექა შენგელიას ნაცნობს ვესაუბრეთ.
დომენიკ მანგო: ბექას, იგივე „საილერის”, შესახებ ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და მინდოდა, პირადად გამეცნო. ამიტომ, დაბადების დღეზე დავპატიჟე. მოვიდა და თავისი ქცევებით ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ყველა სფეროში ერკვეოდა, განსაკუთრებით კარგად იცოდა ბიბლია. საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება ერთ, მცირე მომენტად მიაჩნდა, რომლის ბოლო სიკვდილია და მნიშვნელობა არ აქვს, როდის მოხდება ეს, სამი თუ სამოცდაათი წლის შემდეგ. ანდა, რას გააკეთებ სიცოცხლის დროს, მოკლავ თუ მოგკლავენ. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ციხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. რომ გავიგე, ადამიანი მოკლა, მისი ბიბლიისადმი დამოკიდებულების გამო, შოკში ვიყავი. მაგრამ, ახლა მის თეორიას რომ ვუფიქრდები, მისი ქცევა და იდეოლოგია აბსოლუტურ შესაბამისობაშია.
– ირმას (იგივე მარიამი) შესახებ რა იცი?
– მარიამი, იგივე „აღმოცენებული,” შემთხვევით, მეგობრების წრეში გავიცანი. ამ გოგოს ყველა ეხმარებოდა, რადგან მას საზოგადოებაში ინტეგრაცია უჭირდა. ძალიან სევდიანი და დეპრესიული იყო. პირველად რომ შევხედე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს გოგო არანორმალური, დასაბმელი გიჟია. როგორც ჩვენმა საერთო მეგობრებმა მითხრეს, ძალიან ბინძური, ბოროტი, დაუნდობელი და ქაჯი გოგოა, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და არავინ აინტერესებსო. თან, ცუდ ადგილას მუშაობდა, თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, სად.
– ბოროტი და დაუნდობელი ვის მიმართ იყო ან რით გამოიხატებოდა ეს?
– მეგობარს არასდროს არაფერს გაუკეთებდა. როცა გავიგე, რომ იმ საწყალი ქალის მკვლელი „აღმოცენებული” იყო, საერთოდ არ გამკვირვებია. ხომ გეუბნებით, მასთან კომუნიკაციაც შეუძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, რამეში არ სჭირდები და შენი გამოყენება არ უნდა. „აღმოცენებულიც” იმიტომ შეარქვეს, რომ არაადამიანური და არადედამიწისეული ქცევები ჰქონდა. როგორც ვიცი, ოჯახის შესახებ სულ იტყუებოდა და ამბობდა, რომ, არც დედა ჰყავდა და არც მამა. მარტოსული, უპატრონო გოგოს როლს თამაშობდა. ფულს აგროვებდა, თუმცა არავინ იცოდა, რისთვის. ახლა უკვე გასაგებია, რომ ფული მოხუცის მოსაკლავად სჭირდებოდა. ელექტროშოკს ხომ უნდა ყიდვა.
– თქვი, მეგობრებმა მშობლების შესახებ არაფერი იცოდნენო. მაგრამ, ფაქტია, რომ გაიგეს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფური მკვლელობა იყო. რას ამბობენ თქვენი საერთო მეგობრები. რას ერჩოდა დედას, რამე კონფლიქტი ჰქონდათ? თავად უთქვამს: სიამოვნებით დავაჭერი ის თითები, რომლითაც მცემდაო.
– როგორც მათი ახლობლები ამბობენ, დედამისი არაჩვეულებრივი ქალი იყო. არალოგიკურიცაა, 76 წლის ქალმა როგორ უნდა სცემოს ოცი წლის გოგო? რომც ეცემა, ეს არის მიზეზი იმისთვის, რომ ქალი მოეკლა და დაენაკუწებინა? ჩვენი სამეგობრო ერთადერთი იმაში ვართ დარწმუნებული, რომ მარიამი შეურაცხადი გიჟია და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს.
– დანარჩენები, ვინც მას ამ ყველაფერში ეხმარებოდა?
– მე ბექას და მარიამის გარდა, სხვებს არ ვიცნობ. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, გავსულელდი, როცა გავიგე, რომ ბექა მარიამის გვერდით იყო და ამ მკვლელობაში გაერია. აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეს არიან. არავინ იცოდა მათი ან იმ სამი ადამიანის მეგობრობის შესახებ. მათ საიდუმლოდ გაიცნეს ერთმანეთი და მეგობრობასაც ასაიდუმლოებდნენ. ახლა გასაგებია, რატომაც.
– ვინ არიან ისინი? რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ: სექტის ან გოთური სუბკულტურის წარმომადგენლები.
– ზუსტად ვიცი, ეს იყო იდეოლოგია, რომელიც ხუთ ადამიანს აერთიანებდა. იდეოლოგია ეფუძნებოდა „საილერის” თეორიას, რომლის მიხედვითაც, ცხოვრება და ადამიანები არაფერია და მხოლოდ სიკვდილისთვის ვარსებობთ. ამიტომაც ადამიანის სიკვდილი „ფეხებზე დაიკიდეს”.
– ამ საქმეს რიტუალური მკვლელობის სტატუსი აქვს. რა რიტუალები და წესები აქვთ ამ იდეოლოგიის ადამიანებს?
– „საილერი” ფიქრობდა, რომ თუ წაიქცევი, ფეხს დაიზიანებ და მერე იძულებული გახდები, საერთოდ მოიჭრა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ადრე თუ გვიან მაინც უნდა მოკვდე. ეს იდეოლოგია წლების განმავლობაში რომ ჰქონოდათ, ალბათ, წესებიც ექნებოდათ, მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე, სექტად ვერ ჩამოყალიბდებოდნენ. მათ, უბრალოდ, ერთი შეხედულება ჰქონდათ ცხოვრებაზე. რაღაც აზრი მოუვიდათ და ერთად განახორციელეს. გავიგე, რომ დაკითხვაზე „საილერი” ყველაზე საშინელ რამეებს ამბობდა და იცინოდა. წარმოიდგინე, ეს მაშინ, როცა სამუდამოს მისჯაზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ საშინელებას მოყვება და ყველაფერს გააბუქებს, რომ ხალხს სალაპარაკო მიზეზი მისცეს.
– თქვეს, მარიამი დაჰიპნოზებული ჰყავდა და აუპატიურებდაო.
– საქართველოში პრიმიტიული ცხოველები ცხოვრობენ. გაუპატიურებასა და ფეტიშს შორის სხვაობას ვერ ხედავენ. ადამიანი ადამიანს დედის მოკვლაში დაეხმარა და როგორ აუპატიურებდა? შეიძლება, ჰქონდათ ფეტიში და ერთმანეთს აუპატიურებდნენ – რატომაც არა? მაგრამ, ეს საშინელებად არ უნდა განვიხილოთ. მარიამისთვის ეს რომ კატასტროფა ყოფილიყო, წავიდოდა პოლიციაში და უჩივლებდა. ეს ჭორია.
– მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ, სანამ დააკავებდნენ, ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარაო.
– არა, მარიამის შემთხვევაში, ასე არ ყოფილა. მკვლელობის შემდეგ და ცოტა ადრეც, ეს გოგო ჩვეულებრივზე მეტად დასტრესილი და არაკონტაქტური იყო. რაც შეეხება „საილერს,” ის მკვლელობის შემდეგ, ჩვეულებრივად იყო, „ფეისბუქზე” სიმღერებს აზიარებდა. მკვლელობის შემდეგ სიმშვიდე მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც გითხარით, მათი იდეოლოგიით, მოკლავ თუ მოგკლავენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
– აქამდე თუ ჰქონიათ დანაშაულებრივი მცდელობა, სხვისი ან საკუთარი თავის დაზიების შემთხვევები?
– „აღმოცენებულზე” ვიცოდი, რომ დაუნდობელი იყო – ქუჩაში რომ მიდიხარ, ციყვს დაინახავ და განგებ გასრეს, დაახლოებით ეგეთი. თუ მის მეგობარს წააქცევდნენ და სცემდნენ, ეგ ხელსაც არ გაანძრევდა დასახმარებლად. დადგებოდა და უყურებდა, როგორ მოუკლავდნენ მეგობარს. ასე რომ, მისგან დედის მკვლელობა სულაც არ გამკვირვებია. გასაგებია, რომ საშინელება ჩაიდინეს, იმ საწყალი ქალის მკვლელობით და დაჩეხვით, მაგრამ საზოგადოებამ რა გააკეთა? – მთელი საქართველო ლანძღავს და იძახიან, თავს მოვაჭრით და ფეხბურთს ვითამაშებთო. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები ყოველდღე ელოდებიან რამე საშინელ სიახლეს, რომ მერე, კანიბალური თვისებები გამოავლინონ. მარიამს რომ ფსიქიატრმა სიგიჟე დაუდგინოს და სავადმყოფოში მოათავსონ, ალბათ, იქ მიცვივდებიან, იქაურობას გადაწვავენ და თვითონ გამოუტანენ მას განაჩენს. ასეთი დამოკიდებულება კატასტროფაა, რადგან მკვლელიც ადამიანია.