როგორია შეყვარებული გიორგი კეკელიძე და რატომ დაუდო მას ია უძილაურმა ნახევრად გახდილი ქალის ფოტო „ფეისბუქის“ კედელზე #46
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის მიმართ ბევრი ქალბატონი იჩენს ყურადღებას, რაც მისი „ფეისბუქის“ გვერდზეც კარგად ჩანს. როგორც ცნობილია, მის ცხოვრებაში, უამრავი ხანმოკლე რომანი ყოფილა. თუმცა, მისი გულის დაპყრობა ერთმა გოგონამ ხანგრძლივადაც მოახერხა. ის წელიწადზე მეტია შეყვარებულია. თუ როგორია შეყვარებული გიორგი კეკელიძე, რით მოხიბლა ამ გოგონამ, რა შემთხვევაში გადაწყვეტს ის დაქორწინებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი კეკელიძე: იმ აზრით, როგორც ადამიანები სიყვარულის დროს ზომავენ, დიდი ხანია, შეყვარებული ვარ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში იმ მხრივ, რომ პასუხისმგებლობების მომატებისა და სიახლეების შეცნობის პერიოდია. პასუხისმგებლობების მომატება ნიშნავს, მისი ყოველდღიური პრობლემების გაზიარებას და ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრსაც. შენი ფიქრი, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ საკუთრი თავისკენ, ამ შემთხვევაში, იყოფა ორად. წელიწადზე მეტია, ერთად ვართ და ვფიქრობ, საინტერესოა ასე ცხოვრება. მას არ უყვარს საჯაროობა და მე მის ამ აზრს, ანგარიშს ვუწევ.
– შენს ცხოვრებაში იყო ბევრი გახმაურებული თუ ნაკლებად ცნობილი რომანი...
– ყველა ადამიანს საკუთარი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი. ჩემი დამოკიდებულება ასეთია – ზოგი წყვილი ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრობს ერთად, მაგალითად, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი და მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს. არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახის შენარჩუნების მიზნით, რაღაც ტაბუს გამო, მთელი ცხოვრება ერთად არიან. ზოგიც რეალურად არ ირჩევს ხანგრძლივ ურთიერთობებს ცხოვრების წესად და მე მათაც ვერ გავამტყუნებ. ჩემი ცხოვრებაც, რაღაც ეტაპამდე, პოლიგამიური იყო. ბევრი ხანმოკლე რომანი მქონდა, ახლა ასე არ არის.
– რა არის მიზეზები, რითაც ამ გოგონამ ასე ხანგრძლივად მოახერხა შენი გულის დაპყრობა?
– ეს ყველაფერი დაფუძნებულია ემოციებისა და ყოველდღიურობის სინთეზზე. ხან ერთი იკლებს, ხან მეორე. ალბათ, ასე იყო... მე არ ვარ მოღალატე ადამიანი და არ მგონია, მართებული იყოს, თუ ფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არ ხარ სტაბილური, ეს უნდა შეატყობინო პარტნიორს. ამის დამალვა უპატივცემულობაა, უპირველესად, საკუთრი თავის და მერე პარტნიორის მიმართ. ჩვენ სტაბილური ურთიერთობა გვაქვს. მე მაქვს რამდენიმე ძირითადი ვნება, რაც მართავს ჩემს ცხოვრებას ან, პირიქით, ჩემი ცხოვრება მართავს მას. ეს არის გზა და ეს არის ლაპარაკი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუ ადამიანთან ლაპარაკი შემიძლია. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ასევე გზაზე. გზას დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ძირითადად, გზაზე, სმარტფონში ვწერ. საწერკალამს მხოლოდ ხელმოწერის დროს თუ ვიყენებ. ყველაფერი, რაც იქმნება ჩემს ცხოვრებაში, ხდება გზაზე, ეს იქნება ცხოვრების გზაზე თუ გზები...
– რომანტიკულია შეყვარებული გიორგი კეკელიძე?
– ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა კლასიკური გაგებით არ გვაქვს. ორივე დაკავებუები ვართ. საქმეებს თავისი დრო მიაქვს და ერთმანეთს მხოლოდ შაბათ-კვირას ვხვდებით სხვადასხვა ადგილზე და ისევ, გზებზე დავდივართ. არცერთი არ ვართ რომანტიკული იმ გაგებით, რა გაგებითაც რომანტიკულობა მოიაზრება. მთელი ჩვენი ცხოვრება აგებულია თავგადასავლებზე. მე არ ამიხსნია სიყვარული და ვერც ვხვდები, რას ნიშნავს სიყვარულის ახსნა. ეს ჩემთვის პროცესის ნაწილია. მე მგონია, რომ ემოციები მაინც სპონტანურობას ეფუძნება და მერე მოდის ეტაპი, რომელიც გაცნობას გულისხმობს. ეს ყველაზე რთული ეტაპია საერთოდ. გაცნობა დიდი გამოწვევაა და შეიცავს იმის საფრთხეს, რომ ეს მაღალი ემოციები და განწყობა, შეიძლება, არ შეთავსდეს სინამდვილესთან. ამ ორის შეთავსება თუ მოხერხდა, მაშინ შეიძლება, ყველაფერი კარგად იყოს.
– რაზე უნდა ემყარებოდეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა?
– ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანაბრობას, რაშიც არ იგულისხმება, მხოლოდ შესაძლებლობის თანაბარი რეალიზაცია. მე მომხრე ვარ გენდერული თანასწორობის. არასწორად იგებენ გენდერულ თანასწორობას და ეს ჩვენში საბჭოთა პროდუქტია. იმიტომ რომ, თუ თქვენ წახვალთ სვანეთში, იქ ნახავთ, რომ სრულიად თანაბარია კაციც და ქალიც. განაწილებული აქვთ თავიანთი საქმეები, ასევე, იგივე შეიძლება ითქვას, სამეგრელოზეც. მაგრამ, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, სვანეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რომელია რეალური ტრადიცია და რა არის რუსული იმპერიალიზმის შემოსვლის პერიოდის. ბევრი კაცის ღალატს ღალატად არ მიიჩნევს. არც კაცის ღალატია მოსაწონი ამბავი და არც ქალის.
– ია უძილაურმა „ფეისბუქზე” დაგიდო ფოტო, ნახევრად გახდილი ქალის, რომელსაც შენი წიგნი უდევს გვერდით და დაგიწერა „რიდინგ იზ სექს“ (კითხვა სექსია), რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... ხომ არ ეჭვიანობს შენი შეყვარებული ასეთ რაღაცეებზე და რა გაკავშირებს იასთან?
– ჩვეულებრივი ამბავი მგონია. არც ისე რთული, როგორც ზოგიერთებმა აღნიშნეს. ია ბოდიბილდინგის ქართველი ვარსკვლავია და გვერდით ჩემი წიგნი უდევს. ეს არის და მორჩა. რაც შეეხება შეყვარებულს, მას არ ახასიათებს ასეთ საკითხებზე აქცენტირება, მით უფრო მაშინ, თუ არაფერი ხდება.
– რა შემთხვევაში შეიძლება გადაწყვიტო დაქორწინება?
– ადამიანის არჩევანი რთულია, თუკი თანაცხოვრებას გადაწყვეტენ, მათ ერთმანეთი ყველა სიტუაციაში უნდა ჰყავდეთ შესწავლილი, განსაკუთრებით, კრიტიკულ სიტუაციებში. იმიტომ რომ, ხშირად, კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი, შეიძლება, ამაზრზენიც კი იყოს. შესაბამისად, თუ ასეთი ეტაპები გავლილი არ ექნებათ, მერე ეს შეიძლება, გაშორების მიზეზიც კი გახდეს. ამაში, ალბათ, ყველა დამეთნხმება. შეიძლება ბევრი არც დამეთანხმოს, მაგრამ ასეა. ზოგჯერ, შეყვარებულობის პერიოდი გულისხმობს ეიფორიას და რომ შეექმნებათ კრიტიკული სიტუაცია, გამკლავება უჭირთ.