რა დამოკიდებულება ჰქონდა დიმიტრი ტატიშვილის მიმართ სიდედრს და როდის გახდა ის ბერი #46
მსახიობ დიმიტრი (დიმა) ტატიშვილს ყველა იცნობს და მის მიმართ სიყვარულსაც ხშირად გამოხატავენ. მისი სამსახიობო კარიერა არაერთ წარმატებას ითვლის – 30 როლზე მეტი თეატრში და რამდენიმე კინოროლი. თავად, თავმდაბალი მსახიობი, ამას არ აღიარებს, მაგრამ მაყურებელმა კარგად იცის ეს ყოველივე. მან ახლახან ზაზა ურუშაძის ახალ ფილმში – „ბერი,“ მთავარი როლი ითამაშა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო მისთვის. უკვე 27 წელია, რაც მსახიობმა თავისი ბედი მაია ცხვედიანს დაუკავშირა. მათ ტყუპი გოგონა – ანა და ქეთი ჰყავთ. მათი თანაცხოვრება ბევრ სიხარულსა და სირთულეს ითვლის...
დიმიტრი ტატიშვილი: ზაზა ურუშაძემ გადაიღო ახალი ფილმი, სახელწოდებით „ბერი“, სადაც ვთამაშობ მთავარ როლს – ბერს. გადაღებები საპასუხისმგებლო იყო ყველაფრის გათვალისწინებით. მიხარია, რომ ზაზამ ჩემზე გააკეთა არჩევანი. ვფიქრობ, ძალიან ორიგინალური გამოვიდა და ვითამაშე არაორდინარულად. არ ვამბობ, რომ ეს უცნაურია, უბრალოდ, განსხვავებულია ქართული ფილმებისგან. ჩვეულებრივი ადამიანური კუთხით არის დანახული ბერი და მონაზონი.
– რთული იყო სასულიერო პირის როლში ყოფნა? როგორი დამოკიდებულება გაქვთ სარწმუნოებისადმი?
– არა, ამ მხრივ, არანაირი სირთულე არ მქონია. თან, წესით, ჩემხელა კაცს, თუ პროფესიონალია, არ უნდა გაუჭირდეს საკუთარი საქმის გაკეთება. მე ვცდილობდი, კარგად გამეკეთებინა ეს ყოველივე, რადგან ბევრი რამ იდო „ფსონზე“, მათ შორის, მთელი ჩემი კარიერა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლია ჩემს კარიერაში. სარწმუნოების მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ არ მიყვარს ფანატიზმი. ყველანაირი ფანატიზმი ჩემთვის მიუღებელია, ნებისმიერი რამის ან ვინმეს მიმართ. ფანატიკური სიყვარულიც არ არის ჩემთვის მისაღები.
– და, თქვენი სიყვარული როგორია?
– ჩემი სიყვარული არის ჩემი ცოლი. უკვე 27 წელია, ერთად ვცხოვრობთ და გვაყვს ორი ქალიშვილი, ტყუპები. ვიდრე ვიარსებებთ, მანამდე, სულ ერთად ვიქნებით.
– როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი მყარი იყოს?
– ერთმანეთის პატივისცემა. თუ, მართლა სიყვარულია და არ არის მოჩვენებითი, მაშინ ადამიანები თავაინთ თავში მონახავენ ძალებს, რომ ერთად იყვნენ. გადაულახავი პრობლემები არ არსებობს. თუ ერთად ყოფნის სურვილი გაქვთ, მაშინ აუცილებად ერთად იქნებით. ჩვენს ურთიერთობაშიც ყოფილა რთული პერიოდები. რაც არ გკლავს, ის გაძლიერებსო და ფაქტია, ცოცხლები ვართ – მეც და ჩემი მეუღლეც (იცინის). ამ სირთულეებმა გააძლიერა ჩვენი ოჯახი. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად და ბევრ რამეს გავუძელით. ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ნიშნობის ბეჭდებიც კი გვაქვს გაყიდული შემოსავლის უქონლობის გამო. სახლში თუ რაღაც ნორმალური გვქონდა, ჭურჭელი ან მსგავსი რამ, ისიც გავყიდეთ. ეს პერიოდი 90-იან წლებს უკავშირდება... ბავშვების განათლებისთვის არც მე და არც ჩემს მეუღლეს არაფერი დაგვიშურებია. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს, არა მარტო გრძნობა, რის შემდეგაც შევუღლდით, არამედ მთელი ცხოვრება. ერთად უფრო მეტი ხანია, ვცხოვრობთ, ვიდრე ერთმანეთთან შეხვედრამდე.
– გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა?
– თავიდან როგორ გავიცანით ერთმანეთი, მართლა არ მახსოვს. მერე, მე ჯარში გამიწვიეს – მერგო ეს სიამოვნება (იცინის). საბჭოთა ჯარში ვიმსახურე ორი წელი. რომ ჩამოვედი, მაია შემხვდა. მართალია, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მაშინ, თითქოს თავიდან გავიცანით ერთმანეთი. ამას ვერ ვხსნი, როგორ მოხდა – ადამიანს ვიცნობდი და რომ დავინახე, თითქოს მაშინ გავიცანი. მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა. ორ წელში დავქორწინდით და ოფიციალურად გავაფორმეთ ჩვენი სიყვარული.
– ხელი როგორ თხოვეთ?
– რაიმე ცერემონიალი არ ყოფილა. იმ ზაფხულს, როცა შევუღლდით, ქობულეთში ვისვენებდით – მე ჩემს მეგობრებთან, მაია თავის მეგობრებთან ერთად და ქობულეთის პლაჟზე ვხვდებოდით ერთმანეთს (იცინის). იქიდან რომ ჩამოვედით და ჩვენ-ჩვენს სახლებში დავბრუდით, ორივემ ვიგრძენთ, უერთმანეთოდ გაძლება აღარ შეიძლებოდა. ამიტომ გავიპარეთ, მაშინ მოდაში იყო ეს (იცინის). 22 წლის ვიყავი და დიდი კაცი მეგონა თავი. კიდევ კარგი, მაშინ რომ შევირთე ცოლი, თორემ მერე გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა და ალბათ, არც არავინ შემიყვარდებოდა ისე, როგორც მაია.
– უკვე მეუღლის მშობლებმა გაპარვა არ გააპროტესტეს?
– მაშინ მე მშობლები აღარ მყვადა. მაიას მამაც გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება დედას, არ იყო მომხრე. პირველი იმიტომ, რომ გავიპარეთ; მეორე იმიტომ, რომ მაინცდამაინც არ მოვწონდი – ყოველგვარი შემოსავლისა და მყარი მდგომარეობის გარეშე ვიყავი. ერთი, უბრალო მსახიობი გახლდით, რომელსაც ან გაუმართლებდა ცხოვრებაში ან – არა. მართალია, ვგრძნობდი, რომ არ მოვწონდი (იცინის), მაგრამ მერე რა, მე მაია უფრო მიყვარდა. მაიასთან ურთიერთობა უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის, ვიდრე დედამისის სკეპტიკური დამოკიდებულება. შემდეგ, ვიდრე ცოცხალი იყო ქალბატონი ნათელა, ჩემს გარკვეულ წარმატებებს მოესწრო და ამაყობდა კიდეც.
– მშობლები ადრე დაგეღუპათ?
– დიახ, დედა რომ გარდაიცვალა 12 წლის ვიყავი, მამა 17 წლისამ დავკარგე. ორივე მარჯანიშვილის თეტარის მსახიობი იყო. ძალიან რთული პერიოდია ის ჩემთვის, ისეთი, რომ რთულსაც ვერ დავარქმევ. მამას დაკრძალვა ორ ივლისს იყო და ხუთში პირველი ტური მქონდა თეტრალურ უნივერსიტეტში. ბუნდოვნად მახსოვს ის დრო. მაშინ, თეატრალურში მიხელი თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი და მასთან მოხვედრა ყველასთვის საოცნებო იყო. ასეთი მდგომარეობა დაემთხვა ჩემს სტუდენტობას. თუმცა, მყავდა ძალიან კარგი დეიდა და ბიძა, ასევე უფროსი დები. ჩემი მშობლების გამო, მაშინ ბევრი კარი ჩემთვის ღია იყო. სადმე რომ დამინახავდნენ, ყველა კეთილგანწყობით მეპყრობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილი ვიყავი, თორემ იმ დროს არანაირი დამსახურება არ მქონდა
– ახსენეთ, რომ ორი წელი ჯარში იყავით. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
– დიახ, რატომღაც ბელორუსიაში ვმსახურობდი. პატივს ვცემ ბელორუსიას და იქაურ ხალხს, მაგრამ მე რატომ უნდა ვყოფილიყავი ბელორუსიის მცველი, არ მესმის. ამ საკითხთან დაკავშირებით, იდეური კონფლიქტი ყოველთვის მქონდა ოფიცრობასთან და ამან შედეგიც გამოიღო – საკმაოდ ხშირი სტუმარი ვიყავი ჯარის ციხის. ერთხელ ახალი წელიც იქ გავატარე და ძალიან ცუდად მახსენდება, გაბრაზებული ვიყავი. მიზეზი ხან ჩხუბი იყო და ხან – რა. ერთხელ ოფიცერს მთელი დივიზიონის წინაშე ვუთხარი, დურაკი ხარ-მეთქი და ამის გამო ჩამსვეს (იცინის). დაუმორჩილებელი ჯარისკაცი ვიყავი, თუმცა ყოველთვის, ყველაფერი წესრიგში მქონდა.
– ერთხელ თქვით, რომ სიზმრები გიხდებათ და სწორედ, სიზმრის მეშვეობით გადაურჩით ჯარში გაყინვას.
– კი, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები, როცა რაღაც დამსიზმრებია და შემდეგ, ცუდი ან კარგი რამ მომხდარა. არსებობს რაღაც კავშირი დედამიწაზე. ვინმეს ნათელმხილველი არ ვეგონო (იცინის). ზამთარში საველე სწავლებებზე ვიყავი და მანქანაში ვიჯექი კავშირზე. ძალიან ციოდა, ზოგადად, ბელორუსში ცუდი სიცივეა, ნესტიანი და არ არსებობს ტანისამოსი, რომელშიც არ გაატანს. 24 საათის განმავლობაში მციოდა. მანქანა, სადაც მე ვიყავი, ყინვებით იყო სავსე – ძველი მაცივრების საყინულეები რომ თოვლს იკეთებს, დაახლოებით, ისე. მივიღე ბრძანება, რომ შეწყვეტილიყო კავშირი და ნახევარ საათში უნდა განმეახლებინა. ეს პერიოდი უფლება მქონდა, დამესვენა. ამ ნახევარ საათში ჩამეძინა და დამესიზმრა დედა და მამა. სიზმარში მითხრეს, გაიღვიძეო. მართლაც გავიღვიძე და ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი, სულ გაყინული მქონდა. ეს რომ არ დამსიზმრებოდა და კიდევ გამეგრძელებინა ძილი, ალბათ, ფეხები მომეყინებოდა.
– თქვენი მეუღლე არ ეჭვიანობს, როცა ამდენი თაყვანისმცემელი გყავთ და მათ შორის, ბევრია ქალბატონი?
– მე მგონი, არა, ყოველ შემთხევაში, არ გამოხატავს. მიცნობს კარგად. საეჭვიანო რომ იყოს, ალბათ, იეჭვიანებდა. სპექტაკლსა და ფილმში მიკოცნია ქალისთვის, მაგრამ ეს ჩემი პროფესიაა. მე არ დამიმალავს მისთვის, რომ მსახიობობას ვაპირებდი (იცინის). გადასაღებ მოედანზე, როცა ერთმანეთს კოცნის ქალი და კაცი, ეს ის არ არის, რაც ეკრანზე ჩანს.