კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთავაზობდა ნოდარ მგალობლიშვილს „კაგებე” და რატომ გადახტა ის ფანჯრიდან #46

„მომთხოვნი არასდროს ვიყავი. არც შურის გრძნობა მახლდა. რაც მქონდა, იმას ვკმარობდი, ამით ბედნიერი და ჯანმრთელი ვარ,” – ამბობს  მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელიც მრავალრიცხოვანი როლის მიუხედავად, მაყურებელს მაინც იმ ერთით, ბრინკას როლით დაამახსოვრდა სპექტაკლიდან – „ჯაყოს ხიზნები.“ ვინც მას ახლოს არ იცნობს, გეტყვით, რომ ნოდარ მგალობლიშვილი ცხოვრებაშიც ისეთივე თავმდაბალი და რიდიანია, როგორიც მისი ეს პერსონაჟი. ჰოდა,  დღეს ამ  ერთი მოკრძალებული, ძალიან კარგი და საინტერესო  მსახიობის დღიურებს  შემოგთავაზებთ. მოდი, გავიგოთ, რას ყვება ის თავის ცხოვრებაზე.  „ქვეყანას 1931 წლის 11 ივლისს მოვევლინე. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გომბორში გაიცნეს და იქვე შეუღლდნენ. მამა ფარმაცევტი იყო, აფთიაქის დირექტორი, დედა კი – მეანი, საავადმყოფოში მუშაობდა. დედაჩემი, მარგო (მარგალიტა) თევდორაძე, ქუთაისელი გახლდათ. მეც ქუთაისში დავიბადე. შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. დედისერთა ვიყავი, წყნარი, მორჩილი ბავშვი. 30-იან წლებში ურთულესი პერიოდი განვვლეთ – რეპრესიების, აგრესიის, შიშის...  ამან ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, უსამართლობის მიმართ პროტესტის მძაფრი განცდა, პრინციპულობა და შეუპოვრობა შემძინა... ჩემს მეზობლად, მაჩაბლის ქუჩაზე, კომკავშირის ცეკას ეზოში, ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. მის მოპირდაპირედ კი ჩემს მეგობარს ჰქონდა ბინა, მას ხშირად ვესტუმრებოდი ხოლმე. ბერიას სახლის წინ მცხოვრებთ ფანჯრებზე შავი ფარდები ჰქონდათ, რომ არ დაენახათ, რა ხდებოდა ბერიას აივანზე. იქ მისი ვაჟიშვილი ხშირად რგოლებზე ვარჯიშობდა. ველოსიპედიც ჰქონდა, რაც იმ დროს ნამდვილი ფუფუნება იყო. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა: იცი, ფარდიდან გავიჭვრიტე და დავინახე, ველოსიპედი როგორ ჩამოიტანა ეზოში და დაატარებდა. არ გაინტერესებს? მოდი, გაჩვენებო. მივედი. ამ სახლს ოთხმეტრიანი ყრუ კედელი ესაზღვრებოდა (ახლა რკინის ღობეა), სადაც ვიწრო კარი იყო ჩადგმული. იმ კარიდან ერთი კაცი თუ გამოეტეოდა. მის წინ კი ყოველთვის იდგა ჩეკისტი, რომელიც გაფაციცებით ზვერავდა ტერიტორიას. თუმცა, იმ ქუჩაზე და მით უფრო, მათ მხარეს, მოძრაობას ვერავინ ბედავდა. ჩეკისტმა შეგვნიშნა ფანჯრიდან ქურდულად მომზირალი ბავშვები და საყვედურის ნიშნად, თითი დაგვიქნია. ახლაც მელანდება ის თითი!.. კინაღამ გული ამოგვივარდა შიშით და... საშინელი დრო იყო. ბინის ჩხრეკისას, თუნდაც ფოტოზე, თუ ვინმე თვალში არ მოუვიდოდათ, მიზანში ამოიღებდნენ და მიჰყავდათ... ჩვენს გვარზე განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა... 1939 წელს მამაჩემიც დააპატიმრეს... მოულოდნელად, მამა შეუძლოდ გახდა, ექიმებმა თავის არეში სიმსივნე დაუდგინეს. გამომწვევ მიზეზად კი ომის დროს მიღებული ჭრილობა ჩათვალეს. ორწელიწად-ნახევარი იავადმყოფა. 1950 წლის 9 აპრილს, აღდგომა დღეს გარდაიცვალა ბებიაჩემი, მამის დედა. მესამე დღეს დავკრძალეთ, ვინაიდან მამა უკვე ძალიან ცუდად იყო. მეორე დილით კი მამაც გარდაიცვალა. 49 წლისა გახლდათ. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. მამის ამბავი ისე განვიცადე, რომ პანაშვიდების დროს სამი დღე მეძინა... ვაჟთა მეორე სკოლა დავამთავრე, რომელიც სოლოლაკში, ყოფილი მახარაძის ქუჩაზე მდებარეობდა. სწავლის გაგრძელება საოპერო ვოკალის განხრით მსურდა. ბავშვობიდან ვმღეროდი, მეათე კლასში კი პედაგოგთანაც ვემზადებოდი. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ხმა დავკარგე და არჩევნის შეცვლა მომიწია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გეოლოგიურზე ჩამებარებინა – რომანტიკულ დარგად მიმაჩნდა, მაგრამ პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. მათემატიკას ვერ გავუმკლავდი... არ ვიცოდი, მარცხი დედამდე როგორ მიმეტანა, საშინელ ხასიათზე დავდექი. შინ მიმავალს ჩემი მეგობარი ჯემალ ანჯაფარიძე, ზურაბ ანჯაფარიძის ძმა, შემხვდა.  გამოცდაზე ჩავიჭერი-მეთქი, – შევჩივლე. მერე რა მოხდა, წამო, ვიქეიფოთ, გულს გადააყოლებო. რა მექეიფებოდა, მაგრამ ქეიფის დროს ბევრს ავიწყდება პრობლემები, მით უფრო, იმ ასაკში. წავყევი. მე თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ვაბარებ, თუ გინდა, შენც ჩააბარე სამსახიობოზეო, შემომთავაზა. ამისთვის რა უნდა გავაკეთო-მეთქი. ერთი იგავ-არაკი, ლექსი და რომელიმე მოთხრობიდან მცირე ნაწყვეტი ისწავლე, მეტი არაფერი. მაინც გარეთ ხარ და რა გენაღვლება, სინჯეო!.. პირველი გამოცდა სასცენო მოძრაობაში მქონდა. ცეკვა, სიმღერა და რიტმის შეგრძნება დამეხმარა. ეტყობა, ამით დაინტერესდნენ, თორემ დიდად კითხვის მოყვარული არ გახლდით... პირველ კურსზე ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით ირაკლი უჩანეიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ ბებურიშვილი, ლია ელიავა, ლამარა ჩოჩია (აკაკი გაწერელიას მეუღლე – ავტორი). ლია ელიავას 4 წლიდან ვიცნობდი, საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით. მახსოვს, დედა რომ ჩამოუვიდა გადასახლებიდან, ბაღში აღვნიშნეთ. მასწავლებელმა კანფეტებიც მოიტანა... პირველი ორი წელი ვერც აღვიქვამდი, ინსტიტუტში თუ ვსწავლობდი – ლექციებს დაუდევრად ვეკიდებოდი, მხოლოდ ტანვარჯიშზე დავდიოდი…

ერეკლე მეფე და „კაგებე”
ახალგაზრდობაში ასეთი რამ შემემთხვა: მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში ხშირად ვიკრიბებოდით მსახიობები და გულღიად ვსაუბრობდით... ერთხელაც „ბედი ქართლისა” გავარჩიეთ, იყო თუ არა მართალი მეფე ერეკლე. ფოიეში ბევრი ხალხი ტრიალებდა. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი. როგორც ჩანს, ვიღაცამ „კაგებეში” დაგვასმინა და რამდენიმე მსახიობი ცალ-ცალკე დაგვიბარეს. მაშინ უკვე ცოლ-შვილი მყავდა…  საათ-ნახევარი მოსაცდელში მალოდინეს, შემდეგ კაბინეტში შემიყვანეს. ერთი წითური მამაკაცი თავაუღებლად წერდა რაღაცას. სალამზე არც მიპასუხა. 15 წუთის შემდეგ ამომხედა – ცალთვალა იყო. სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი მკითხა.
ნოდარ მგალობლიშვილი, ვმუშაობ მარჯანიშვილის თეატრში. კიდევ რა შეკითხვა გაქვთ?.. რა თემაზე საუბრობთ ფოიეში? ამ სიტყვებით ყველაფერი გაცხადდა. ასე ვუპასუხე: ერეკლე მეფე იმიტომ იყო იმ მდგომარეობაში, რომ ადამიანებმა ვერ გაუგეს და თუ ბარათაშვილზე მეკითხებით, „ბედი ქართლისა” რატომ დაწერა, ამდენი არ ვიცი, ჯობია, ფილოლოგები მოიწვიოთ-მეთქი. იცით, იცით, თქვენ ყველაფერი იცით! – დაბეჯითებით მითხრა. ძალიან ბევრი აზრია ამ პრობლემაზე და თქვენი აზრი მაინტერესებს: შეცდა ერეკლე?  თქვენ როგორ გგონიათ? რაც მგონია, ეს მე ვიცი, თქვენ გეკითხებით. რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვიტყვი. ვინც შეცდა და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა, ყველაფერი იმის ბრალია, – მივუგე და დავძინე, აწი რაც გინდათ, ის ქენით, მეტს არაფერს ვიტყვი-მეთქი. ამის შემდეგ „კაგებეს” ჩინოსანი მორიგ თემაზე გადავიდა. ჩემი სოციალური ყოფის სურათი დამიხატა, რომელიც წინასწარ ჰქონდა შესწავლილი. კუთვნილი ხელფასის ოდენობაც გამომკითხა და მითხრა: კიდევ მეტი გექნებათ, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ: მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში უკვე ყველაფერი კარგადაა. ამ რეჟიმს ბევრი მტერი ჰყავს, დაცვა სჭირდება. თუ ვინმე რამეს იტყვის, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, მობრძანდეთ და მოგვახსენოთ. ანუ, ამ „სიტყვიერ პაექრობაში” თანამშრომლობაც შემომთავაზა. წამოვდექი. კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, თუ შეიძლება, წავალ-მეთქი. – მოითმინეთ ერთი წუთით, მე შემოგთავაზეთ, პასუხს ველი! – მითხრა გამკაცრებული ტონით. მაგას არ გავაკეთებ! – მივუგე კატეგორიულად. ზარი დარეკა და ბრძანა, გაიყვანეთო. გამოვიარეთ კორიდორები, რომელთა გასწვრივ ოთახები იყო განთავსებული. ვიფიქრე, ახლა მტაცებენ ხელს–მეთქი... გასასვლელში ის ორგანოს მუშაკი შემხვდა, ვინც პირველად მიმიღო. რომ დამინახა, თავი გააქნია – თითქოს თანაგრძნობა გამოხატა ამით.
მუმიო
...გრაფ კალიოსტროს როლზე ამიყვანეს ფილმში – „სიყვარულის ფორმულა”… ფილმის გადაღებისას ასეთი რამ „შემემთხვა”: სასტუმროს ნომერში, ჩემთან, შეიკრიბნენ მსახიობები. დავიწყეთ მოლხენა, პიანინოზე ვუკრავდით და ვმღეროდით. ფანჯრები ღია მქონდა. უეცრად გარედან ტაშისკვრა მოისმა. გადავიხედე და ვხედავ,  მშვენიერი გოგონა დგას. მოგეწონათ სიმღერა? – გადავძახე… ძალიანო, – მიპასუხა. კიდევ რა გავაკეთო თქვენთვის? გოგონა შეყოვნდა. თუ გნებავთ, გადმოვხტები.  კი, ბატონოო! გადავხტი და... ჩავიკეცე. მერე წამოვდექი, გოგოს დავემშვიდობე… დილის ხუთ საათზე ფეხის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, ქუსლი მქონდა მოტეხილი. მომაკითხა რეჟისორმა, ატყდა ერთი ამბავი.. გამსინჯა ექიმმა, პროფესორმა ქალმა. ექიმის ვარაუდით, ფეხი სამი თვე თაბაშირში უნდა მქონოდა. ჩამისვეს თაბაშირში ერთხელ, მეორედ... ასე თუ ისე, დგომა შევძელი და ნახევარი ფილმი ასე გადავიღეთ. სირბილის სცენაში დუბლიორი მომაშველეს. ტკივილით ვიტანჯებოდი, მარტო ვცხოვრობდი და მიჭირდა. უცებ კარზე დააბრახუნეს. შემოვიდა ვიღაც უზბეკი, ახალგაზრდა კაცი, შეკვრა ეჭირა. ეს უნდა შეჭამოო, – მითხრა. რა უნდა შევჭამო? – გავიოცე.
შეკვრა გახსნა, კუპრივით შავი, ქვასავით მკვრივი მასა იყო. ყველაზე ძლიერი წამალია, მუმიო. დილით, უზმოზე და ღამით, ძილის წინ უნდა შეჭამო, – ამიხსნა უზბეკმა. მე ცხენოსანი ვარ, გადაღების დროს ძვლები თოთხმეტ ადგილას გადამემტვრა და ამის შემწეობით ორ თვეში მოვმჯობინდი, თაბაშირი არც მიხმარიაო. მუმიო საიდან მოიტანე? – დავიწყე გამოძიება. უზბეკეთში, ჩემს სოფელში, ორი კლდეა გადაჯაჭვული, მათი ნაპრალიდან წვეთ-წვეთად ჩამოდის.
დავიწყე მუმიოს მიღება. მძიმე საჭმელი იყო, პირში მწარე გემოს მიტოვებდა. მაინც ვეძალებოდი, ზედმეტსაც კი ვკბეჩდი, რომ დროულად მოვრჩენილიყავი. 37-ე დღეს გამაშუქეს. უკვე შეხორცებული იყო.

კარი რომ გამიღო, უცებ ცუდად გახდა
ერთ ზაფხულს მარჯანიშვილის თეატრიდან დასავლეთ საქართველოს რაიონებში საკონცერტო წარმოდგენებს ვმართავდით. კაკო კვანტალიანთან და საშა გომელაურთან ერთად გახლდით. იმერეთის სოფელ მარანში წარმოდგენის დროს სცენიდან შევნიშნე ორი გოგონა, ერთ მათგანს წითელი კაბა ეცვა. წარმოდგენის შემდეგ მისმა მეგობარმა გოგონამ გამომკითხა, სად და როდის მივდიოდით. აბაშაში გვაქვს კონცერტები-მეთქი. შემოქმედებითი ჯგუფი ჩავედით აბაშაში და მოულოდნელად, ამ გოგონებმა იქაც მოგვაკითხეს. აღარ დავაყოვნე და გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ თბილისელი იყო, ციალა ცომაია, აბაშაში ისვენებდა დეიდასთან (მისამართიც მითხრა).
ცხაკაიაში ფინგანი დაგვადგა თავს. ამოწმებდნენ, გვქონდა თუ არა უფლება, კონცერტები ჩაგვეტარებინა. კაკო კვანტალიანს ვინ რას ეტყოდა, მაგრამ ბატონმა კაკომ მაინც გადაწყვიტა, დავშლილიყავით. ჩემი პატარა ჩემოდნით წამოვედი აბაშაში და იმ სახლს მივადექი, სადაც ციალა ცხოვრობდა. ეზოდან ძაღლი გამოვარდა, ვიფიქრე, მიკბენს-მეთქი, მაგრამ არ შევეპუე, მაინც შევედი. ფანჯარაში შევიხედე – ქალი და კაცი ნარდს თამაშობდნენ. დავაკაკუნე. ეტყობა, ციალამ თავიდან ვერ მიცნო. კარი რომ გამიღო, უცებ ცუდად გახდა... შინ შემიყვანა და გამიმასპინძლდნენ. ბიძამისთან ერთად ცოტა დავლიე. იმ ღამით სასტუმროში დავრჩი. ციალას დავუთქვი, რომ ბათუმში შევხვდებოდი. იმ შეხვედრიდან დაიწყო ყველაფერი... თბილისში რომ ჩამოვედი, საგონებელში ჩავვარდი – არ ვიცოდი, ჩემი შეყვარებული სად ცხოვრობდა. მაშინ, როგორც წესი, მთელი ახალგაზრდობა რუსთაველის გამზირზე სეირნობდა. 4-5 დღე ზედიზედ, მეც გადაბმულად დავეხეტებოდი იმის ფიქრით, რომ იქნებ ციალას აქ მაინც შემთხვევით შევხვედროდი. მართლაც, ერთ დღეს მეგობრების წრეში შევნიშნე და მივედი... ბოლოს შეუღლება გადავწყვიტეთ. ის ჩემი მეორე ნახევარი გახდა, ამ სიტყვის სრული გაგებით. პროფესიით ეკონომისტი იყო. ერთი შვილი შეგვეძინა, ალექსანდრე. თანაცხოვრების 46 წელი განვვლეთ.

скачать dle 11.3