წმიდა სწავლებანი #46
ყვავილები
მაცხოვარი თავის მსმენელებს არაერთხელ მიუთითებდა ბუნებაზე. ერთხელ მან მოწაფეებთან თქვა: „შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან...“ (მთ. 6,28). ამას კი იმიტომ გვეუბნება, რომ ველის ყვავილების ჭვრეტით სულიერი სარგებელი ვპოვოთ.
პირველ ყოვლისა, უფალი ყვავილებით გვასწავლის, რათა არ მივეცეთ გადაჭარბებულ ზრუნვას საჭმელ-სასმელზე, ტანსაცმელზე, სიმდიდრეზე, რადგან ყვავილები როდი შრომობენ, ღმერთი კი მათ ასერიგად მოსავს. ჩვენ უნდა ვიშრომოთ და მოვიპოვოთ პური არსობისა ოფლით, მაგრამ გადამეტებულ ზრუნვას უფალი კრძალავს, რადგან მის გამო ადამიანი ხშირად ივიწყებს სულსა და მარადიულ ცხოვრებას. ვინც ზედმეტად ირჯება, ის ყოველთვის მოუცლელია, ყოველთვის დაკავებულია: არ სცალია ლოცვებისთვის, ეკლესიაში სიარულისთვის, საკუთარი სულის ხსნისთვის, ღვთის სიტყვის პატივისცემისთვის.
ამიტომაც მიგვითითებს უფალი ყვავილებზე, რომელთა გამშვენიერებაზეც თვითონ ზრუნავს.
მეორე მხრივ, მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ შევიმეცნოთ ცხოვრების ამაოება და მსწრაფლწარმავლობა. მთელი ამქვეყნიური სიცოცხლე თითქოს ერთი დღეა: როგორც დღეს აქვს დილა და საღამო, ჩვენი ცხოვრების დილაა ჩვენი დაბადება, საღამო კი – აღსასრული. ამგვარ დღეში, ანუ ცხოვრებაში, ისე ვართ, როგორც – ბალახი, წმიდა პეტრე მოციქულის თქმით: „ყოველი ხორციელი ბალახივითაა...“ (1 პეტრე, 1,24): რაც ყვავილია ბალახში, ის არის ჩვენი სუნთქვაც სხეულში. როგორც დილითაა ყვავილი აღერილი, ხოლო საღამოს – თავჩაკიდული და უღონო, ასევეა ჩვენი ცხოვრებაც: ადამიანი იბადება და იქვე, სიკვდილს უახლოვდება. თავისი დაბადების წუთიდან, როგორც დღის დასაწყისიდან, ის მიემართება მკვდომი საღამოსკენ. ძლივს ასწრებს აღმოსავლეთით აღმობრწყინებას და უკვე ჩასასვლელად იხრება დასავლეთისკენ. ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე ყვავილის მსგავსად. ასი წელიც კი არაფერია მომავალ ცხოვრებასთან შედარებით, რომელსაც დასასრული არ აქვს. ასი წელი – ეს არის წყლის წვეთი ზღვასთან შედარებით. აი, ამგვარი ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება, რომლითაც, როგორც ყვავილით, ისე ვტკბებით. იმას კი არ ვუფიქრდებით, რომ ყვავილი მალე ჭკნება. აი, რას გვასწავლის ველის ყვავილებით უფალი, რომ ჩვენ, მიუხედავად ამქვეყნიური ხანმოკლეობისა, უფრო მეტად ვზრუნავდეთ მარადიული, მომავალი ცხოვრებისთვის.
დღესასწაული უმჯობესია, სადილის გარეშე, ვიდრე ჟამისწირვის გარეშე
მართასთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, როცა უფალი იესო ქრისტე ესტუმრა მის სახლს. იმდენად დიდი იყო მისი სიხარული და სასურველი სტუმრის კარგად გამასპინძლების სურვილი, იმდენს ფუსფუსებდა და ფორიაქობდა, რომ არც თვითონ უსმენდა იესო ქრისტეს მოძღვრებას და სურდა, თავისი დაც განერიდებინა ღვთის სიტყვისგან, რათა მარიამი სადილის მომზადებაში მიხმარებოდა. ასე ატარებს დღესასწაულს ზოგიერთი ჩვენგანიც, ძმებო! ნაცვლად იმისა, რომ დღესასწაულისას ეკლესიაში წავიდეს, ილოცოს და ღვთის სიტყვა მოისმინოს, ბევრი რჩება სახლში, მოუსვენრობს, ფუსფუსებს, ბრაზობს და ამაოებაში ჩაფლული, მონდომებით ცდილობს, რაც შეიძლება, უკეთესი სადილი მოამზადოს საუფლო დღესასწაულზე. ასეთი ადამიანები არათუ თვითონ არ მიდიან ეკლესიაში, არამედ ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ ტაძარში, რათა ეს უკანასკნელნი შეეშველონ მათ.
საუფლო დღესასწაულის სადილი, რა თქმა უნდა, ბევრად უმჯობესი უნდა იყოს ჩვეულებრივი დღის სადილთან შედარებით, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ სადილის მომზადებამ ხელი არ შეუშალოს უფლის ეკლესიაში მისვლას.
ამბობენ: „არ შემიძლია, ვეღარ ვასწრებ, სადილია მოსამზადებელი“. ვეღარ ასწრებ? თუ ნამდვილად ასეა, უმჯობესია დღესასწაული სადღესასწაულო სადილის გარეშე დარჩეს, ვიდრე ჟამისწირვის გარეშე. დღესასწაული ამ დღეს სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ღვთის სახლში ილოცო უფლისადმი და ჭეშმარიტების სიტყვისა ისმინო. ბევრი კი ამის საპირისპიროს ფიქრობს და იქცევა: მათ ურჩევნიათ, გააცდინონ წირვა, ვიდრე სადილის გარეშე დარჩნენ. თუ შენ დღესასწაულის პატივსაცემად მოამზადებ კარგ სადილს და ამის გამო არ წახვალ ეკლესიაში და სხვასაც არ გაუშვებ, ამით დაღუპავ დღესასწაულს, რომელიც სადილისთვის (თუნდაც კარგი სადილისთვის) გაცვალე. ის კი არა და, ცოდვაც კია, უჯდე სადღესასწაულო სუფრას წირვის გამცდენელი. არ დარჩეთ, მეგობრებო, დღესასწაულზე სახლებში სადილის მომზდების გამო. ისე მოიქეცით წინდაწინ გონივრულად, რომ ამგვარმა წვრილმანმა საქმემ არ განგაშოროთ ღვთის სახლში ყოფნას. უმჯობესია, დარჩეთ უსადილოდ, ვიდრე არ მოისმინოთ ჟამისწირვა. ყოველ შემთხვევაში, თუ თვითონ არ შეგიძლიათ, რაიმე მიზეზით ეკლესიაში მისვლა, ოჯახის წევრებს მაინც ნუ დააყოვნებთ. გაგზავნეთ ისინი ტაძარში, რომ მათ თქვენთვისაც ილოცონ და ამგვარი სახით, უფლის სახლიდან თქვენს სახლში ძღვნად მოგართვან ჭეშმარიტი საუფლო დღესასწაული.