მოძღვარი გვირჩევს #46
კითხვა: მინდა წავიდე მონასტერში, გთხოვთ მითხრათ, რა უნდა იცოდეს იქ წამსვლელმა და როგორია ბერის ცხოვრება?
პასუხი: სანამ მონასტერში წახვალთ, უნდა იცხოვროთ მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებით. ამასთანავე, აუცილებლად ღრმად უნდა გაეცნოთ საეკლესიო სწავლებებს. მონასტერში წასვლის შესახებ გაესაუბრეთ მოძღვარს. მონასტერში წლების განმავლობაში უნდა გამოცადოთ თავი და მიხვდებით, შეგიძლიათ თუ არა ამ წმიდა ტვირთის ტარება. რჩევებს მოგცემთ მონასტრის ის გამოცდილი საძმო, რომელმაც ეს ეტაპი გაიარა. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენი გამოცდილებისა და მომზადების გათვალისწინებით, აღიკვეცებით.
კითხვა: მოსაწონია თუ არა ქრისტიანის ცხოვრება, როდესაც არც არავის ვნებს, მაგრამ არც ეხმარება?
პასუხი: არ არის საკმარისი მხოლოდ სიავისგან განზე დგომა. ქრისტიანმა არა მხოლოდ ავი საქმეები არ უნდა აკეთოს, არამედ ის აუცილებლად უნდა დაეშუროს კეთილ საქმეებს მოყვასის მიმართ.
კითხვა: თუ შეიძლება, გვითხარით, რა ეკრძალება დედათა წესის დროს ქრისტიანს და რისი უფლება აქვს მას ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით?
პასუხი: დედათა წესის დროს არ შეიძლება სიწმიდეებთან მიახლება, სანთლის დანთება, ჯვარზე მთხვევა, ნაკურთხი წყლისა და სებისკვერის მიღება. ამ დროს მხოლოდ ლოცვების კითხვა შეგიძლიათ.
კითხვა: რატომ არის გარდაცვლილის ოჯახში მის დაკრძალვამდე კარი ღია. ეს ქრისტიანული ტრადიციაა?
პასუხი: კარის ღია დატოვებას ეკლესიურ კანონიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ტრადიციაა, რაც გამოწვეულია პრაქტიკული ქცევის წესიდან. ამ დროს ადამიანები ოჯახის თანაგრძნობისთვის და მწუხარების გასაზიარებლად მიდიან და მათ კარი ღია უნდა დახვდეთ.