რატომ აითვალწუნა განათლების მინისტრმა ქართული ზღაპრები, ძველი ქართული მწერლობა და პოეზია #46
ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს დამოუკიდებელსა და თვით დემოკრატიულ საქართველოში ძველი ქართული მწერლობა ხშირად იქცევა ხოლმე განათლების მინისტრთა კრიტიკის ობიექტად. თუმცა ეს ტალღა (ბ-ნი ლომაიას მინისტრობის პერიოდში წამოქოჩრილი) ოდნავ მინავლდა, სულ ახლახან ისევ მოძლიერდა (თუმცა, მთლად მეცხრედაც ვერ ჩამოყალიბდა). სულ პირველი „იერიში“ მინისტრმა ჯეჯელავამ ქართულ ზღაპრებზე მიიტანა, რაც მოგვიანებით, სრულიად ქართულ მწერლობაზეც გავრცელდა, მოტივით: მოძველებულ შინაარსი და მავნებელი საზეპიროები, რასაც ლაიტმოტივად „გუგლის“ ერთადერთ საგანმანათლებლო პანაცეად გამოცხადება გასდევს. ფილოლოგიის დოქტორს, საბა მეტრეველს, დავეკითხეთ: რატომ ცდილობს (თუ ცდილობს) ბ-ნი ჯეჯელავა ახალი საგანმანათლებლო ველოსიპედის გამოგონებას?
– პირველი უცნაური მოსაზრება, რომელიც განათლების მინისტრისგან მოვისმინეთ, შეეხებოდა ქართულ ზღაპრებს, რომ მათი შინაარსი მოძველებულიაო. ზღაპრებს სკოლაში არ ასწავლიან და არც კი ვიცი, რატომ უნდა შევუთანხმო მინისტრს, რას წავუკითხავ ჩემს შვილს სახლში. თუმცა შესაძლებელია, რომ ზღაპარი მოძველდეს?
– სერიოზული მსჯელობა თემაზე, ზღაპარი მარადიულია თუ არა და იკარგება თუ არა მისი ფუნქცია, ცოტა უხერხულია. ზღაპრის გავლენა ბავშვის მორალურ-ფისქოლოგიურ განვითარებაზე ძალიან დიდია. ბავშვს იმთავითვე ვაჩვევთ ზღაპრებს, ანიმაციურ ფილმებს, იმიტომ რომ, ზღაპარს მეტაფორის საშუალებით მნიშვნელოვანი სოციალური და, რაც მთავარია, მორალური ფუნქციის შესრულება შეუძლია. ზღაპარი ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე აძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილს. თავს კი არ ახვევს მორალს, ჭკუას კი არ ასწავლის, როგორც ზოგჯერ მასწავლებელი და მშობელია შეჩვეული, არამედ თამაშით უჩვენებს ბავშვს სიკეთის უპირატესობას ბოროტებაზე და უვითარებს ფანტაზია-წარმოსახვას. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?! ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღაპრის გარეშე ბავშვი ვერ ჩამოყალიბდება. რაც შეეხება მინისტრის მოსაზრებას აგრესიულ ზღაპრებზე: ეს თანამედროვე რეცეფციაა. თუმცა, ჩვენ გავიზარდეთ ზღაპრებზე, მაგრამ ზღაპრებისადმი ასეთი დამოკიდებულება არ გვქონია. ამდენად, მგონია, რომ ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. ზღაპარი ხომ ჯადოსნური სამყაროა?! ჟანრობრივადაც ძალიან მრავალფეროვანია და განსაკუთრებით აუცილებელი ჩვენს დროში. ჩვენი თაობა – ჯინსების თაობა – ჩაანაცვლა კომპიუტერულმა თაობამ. ოცდამეერთე საუკუნემ საიტებში ჩაკარგა ის. ზღაპარი ამთლიანებს ძველსა და ახალ თაობას. ის ერთმანეთთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაცაა, რადგან ზღაპრის მეშვეობით, თამაშის გზით შემოდის სამყარო ბავშვის ცნობიერებაში. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ამგვარი დამოკიდებულება ზღაპრების მიმართ.
– ზღაპრებს ვინ ჩივის, სულ ბოლოს მინისტრმა მოძველებულად ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების შინაარსიც შერაცხა. მექმნება შთაბეჭდილება, რომ განათლების თითქმის ყველა მინისტრი უტევს, ებრძვის ქართულ მწერლობას. თუმცა, მეტი როგორ უნდა უპასუხოს თანამედროვეობას, როდესაც ოცდამეერთე საუკუნეში ვმსჯელობთ მეხუთე საუკუნის ნაწარმოებზე? და, საერთოდ, რეალობასთან აცდენაზე შეიძლება, ვილაპარაკოთ მხატვრულ ნაწარმოებთან მიმართებით, მით უფრო, რომ ჩვენი ლიტერატურა გაჯერებულია მსოფლიო დონის შედევრებით?
– მთლად ასე არ გავიგე მინისტრის ნათქვამი, თუმცა ეს ქვეტექსტიც იყო. უბრალოდ, ის ამბობდა, რომ სასწავლო პროცესში სააზროვნო ნაწილი უნდა გაიზარდოს და გაზეპირებიდან, ანუ ჩასძახე-ამოსძახეს პრინციპიდან, რომელზეც საბჭოთა სკოლა იყო აგებული, აზროვნებაზე გადავიდეთო. ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია. რაც შეეხება საზეპიროებს: როცა ვლაპარაკობთ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდნა მოვლენათა არსების, მათი შინაგანი კავშირების, კანონების ცოდნაა. თუ ციტატაზე ვამბობთ უარს, მაშინ არ გვესმის ლიტერატურის არსი. ფაქტობრივად, ვკარგავთ ფუნდამენტს მხატვრული ნაწარმოებისას – მხატვრულ სახეს, რომელიც არ დაიყვანება შინაარსზე. ლიტერატურაში არაა დომინანტური შინაარსი. ამ გაგებით „ვეფხისტყაოსნის“ ამბავი ძალიან მარტივია, მასში მთავარია, არა ფაბულა, არამედ ამბის გადმოცემის ხელოვნება, ესთეტიკა და მსოფლმხედველობა. როგორ უნდა ვთქვა „ლურჯა ცხენების“ შინაარსი?! გარდა იმისა, რომ ციტატა ცოცხლად ინახავს კლასიკურ მწერლობას მომავალ თაობაში. ციტატა აუცილებელი ფაქტორია ბავშვის ლექსიკური მარაგის შევსებისთვის. ეს ახლა არ დაწყებულა, ძალიან დიდი ხანია, სკოლაში ბავშვებს ლექსებსაც კი არ ასწავლიან ზეპირად. 14 წელი ვასწავლიდი თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში და მქონდა აუცილებელი წესი: ერთი ავტორის ერთი სავალდებულო ლექსი უნდა სცოდნოდა ყველას, მინიმალური ქულა რომ მიეღო. გამოკითხვა რომ მოვაწყოთ, შეგვხვდება 80 პროცენტი, რომლებიც სკოლაში ნასწავლ ერთ ლექსს ვერ გეტყვიან.
– ხომ შეეტყო მეტყველებას ლექსიკური მარაგის გაღარიბება ჩემი კოლეგები იქნებიან თუ მათი, ანუ ჩვენი რესპონდენტები?
– შემეცნების კრიზისი მენტალობის კრიზისთანაა დაკავშირებული და კარგად ვლინდება ენაში. როდესაც ზეპირმეტყველების კულტურა დაეცემა, ეს ნიშნავს, რომ აზროვნების დონეა დაბალი. ჩვენი ლექსიკური მარაგი ღარიბია, არ არის ადეკვატური, ვერ ავსახავთ ფაქტს, მოვლენას, შინაარსს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია, უარი ვთქვით მხატვრულ ლიტერატურაზე, ციტატებზე და ამ პროცესმა მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე. რამდენადაც მივხვდი, მინისტრმა უკან დაიხია და თქვა, რომ ეს მისი პირადი აზრი იყო და, როგორც იყავით შეჩვეული, ისე განაგრძეთ, საზეპიროებს არაფერი ემუქრებაო.
სამწუხაროდ, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა აგებულია იმაზე, თუ რას ვითხოვთ მისაღებ გამოცდებზე, მისაღებ გამოცდებზე კი აღარ არსებობს ციტატის, ლექსის გახსენებისა თუ ცოდნის მოთხოვნა. ძალიან დიდი ხანია, თაობამ ხელი აიღო ლექსისა და მხატვრული ტექსტიდან ციტატის დაზეპირებაზე და ამან მიგვიყვანა იმ მნიშვნელოვან შედეგამდე, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ: ზეპირმეტყველების კრახთან. ჩემი აზრით, პრობლემა მასშტაბურია. მიდგომა სწავლებისადმი უნდა შეიცვალოს, საგაკვეთილო პროცესი ფიქრის პროცესად უნდა ვაქციოთ, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია, უარი ვთქვათ საზეპიროზე. ვიმეორებ, საზეპირო არ დაიყვანება შინაარსზე. ლიტერატურის გაგება შინაარსის დონეზე არის ლიტერატურის ყველაზე მცდარი გააზრება.
– მინისტრმა თქვა ერთი ისეთი რამ, რამაც კულტურული შოკი მომგვარა. მოვიყვან ციტატას მისი გამოსვლიდან: „ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ ვერ მივხვდი, რა არის აქ აუსხნელი. ძალიან მარტივი წინადადებაა და აზრიც ნათლადაა გადმოცემული.
– რას ვერ აუხსნითო, რატომ სცემდა ვარსქენი შუშანიკს?!
– არ ვიცი, ყველა სიტყვა დღესაც მოქმედია. შესაძლოა, ასტამით ცემის ახსნაა რთული. რაკი ახლა ქმრები ცოლებს იარაღით ხოცავენ, ასტამის ჩარტყმა მოძველებული ეჩვენა. მე გამიჩნდა ეჭვი, რომ მინისტრს უბრალოდ არ ესმის ამ წინადადების შინაარსი.
– სამწუხაროდ, მისი გამოსვლის ეს ნაწილი არ მომისმენია და არ ვიცი, რა აბსურდული დამოკიდებულებაა ძველი ქართული მწერლობის მიმართ. მაგრამ, ზოგადად, გამოძახილია იმ სისტემისა, რომელშიც ჩვენმა მინისტრმა მიიღო განათლება. თქვენ ახსენეთ, რატომ უტევდნენ ძველ ქართულ მწერლობასო. ეს ლომაიას „ინოვაციური ინიციატივა“ იყო. მან გაბედა და მკვდარ ტექსტებად გამოაცხადა ჰაგიოგრაფიული მწერლობა.
–კახა ლომაიას რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მას არცერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები არ უსწავლია.
– რატომ უტევენ სკოლასა და საგანმანათლებლო სისტემას? – ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. მახსენდება იტალიელი პირწვარდნილი კომუნისტი ანტონიო გრამში, რომელიც ამბობდა: ქრისტიანობა რომ დავამარცხოთ, ამისთვის საჭიროა კულტურისა და განათლების სისტემის ხელში ჩაგდება, რადგან მაშინ ძალაუფლება თავისდაუნებურად ჩაგვივარდება ხელშიო. ლენინიც იმავეს ამბობდა. როდესაც უტევ ფუნდამენტურ, მარადიულ ფასეულობებს და ამას ანგრევს საფუძველს აცლი ღირებულებით სისტემას, ფაქტობრივად, მომავალს ანადგურებ. ჰაგიოგრაფიის მკვდარ ტექსტად გამოცხადება და კიდევ აგიოგრაფიიდან ამ პასაჟის მოხმობა პირდაპირი მანიშნებელია, რომ მას სკოლაში ვერ ასწავლეს საეკლესიო მწერლობის ეს დარგი და მისთვის როგორც ჰაგიოგრაფიის, ისე „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების პროცესი, ალბათ, იყო ტრავმული. სწორედ ჰაგიოგრაფიასთან სტრესული დამოკიდებულებაა შედეგი მინისტრის ასეთი ნააზრევისა. არც მაშინ და არც დღეს ქართული სკოლა არაა მზად, ჰაგიოგრაფიული მწერლობა ასწავლოს იმ ასაკში, რომელშიც ისწავლება. სკოლაში რომ ვმუშაობდი, სამინისტროსადმი მქონდა თხოვნა, ყველაზე რთული პერიოდი – ძველი ქართული მწერლობის სწავლება – გადატანილიყო დამამთავრებელ კლასში, მაგრამ პასუხი ასეთი გახლდათ: რადგან ისტორიის პრინციპით ვასწავლით, ქრონოლოგიას ვიცავთო.
არ შეიძლება, შეუტიო ჰაგიოგრაფიულ მწერლობას, ძველ ქართულ მწერლობას, რადგან ეს ქრისტიანული მწერლობაა, ანუ საფუძველი ჩვენი კულტურისა, ქართველი ადამიანის აზროვნებისა. ქრისტიანობამ თავისი არსებობის დასაწყისიდანვე სასტიკი დევნილობა გადაიტანა, რაც მეოცე საუკუნეში აგრესიული სეკულარიზმით, დამანგრეველი ღვთისმებრძოლობით გაგრძელდა. მაგრამ ვერ შეარყიეს მისი საფუძვლები, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ქრისტიანობა არ შეუქმნია ადამიანს, ის ღვთის რელიგიაა. ამიტომ ქრისტიანული მწერლობის, ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლები მის საფუძვლებს ვერ მოარყევს და ყოველთვის ხელმოცარული დარჩება ის, ვინც ამა თუ იმ ფორმით დაიწყებს მის კრიტიკას. ჰაგიოგრაფიული მწერლობის შესახებ წარმოთქმული ასეთი ბუნდოვანი განცხადებები ჩემთვის მაინც მოულოდნელობაა. მგონია, რომ ჩვენი მინისტრი კონცეპტუალური ადამიანია და, სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა ის, რაც თქვა.
– საზეპიროებზე მინდა, გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ, მწირი ლექსიკური მარაგი ავტომატურად იწვევს მწირ აზროვნებას, რის ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, ჩემი აზრით. მით უფრო, რომ ჩვენი მინისტრი ძალიან ხშირად ახსენებს „გუგლს“, უმთავრეს საგანმანათლებლო სივრცეს…
– არ გაგიკვირდეთ, ციფრული ტექნოლოგიების, კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ...
– არ მიკვირს, „გუგლს“ აქტიურად მოვიხმარ, მაგრამ „გუგლით“ განათლების მიღება საეჭვოდ მეჩვენება.
– დიდ შეცდომად მიმაჩნია, პირველ კლასშივე შეაჩეჩო ბავშვს „ნეთბუქი“ „დედაენის“ ნაცვლად. ინტერნეტი დიდი ფუფუნებაა, ჩვენ ახალი ტექნოკრატიისა და ახალი ცივილიზაციის შვილები ვართ და ეს დიდ სარგებელს მოიტანს, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული ცოდნა, მაინც ცოდნის ზედაპირული, ინფორმაციული სახეობაა. თანამედროვე სამყარო ვიზუალიზაციაზეა გადასული, თვალს ახარებს ინტერნეტითა თუ მობილური ტელეფონით წიგნების კითხვა. მაგრამ, თუ გვინდა, გავზარდოთ წიგნიერი თაობა, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს წიგნთან. „დაგუგლვით“ ვერ მივაღწევთ იმას, რაზეც მინისტრი თავის განცხადებაში ლაპარაკობდა: ფიქრსა და აზროვნებას. აზროვნებისკენ მიმართული პროცესი არ გულისხმობს ზედაპირულ მსჯელობასა და ინფორმაციის დონეზე მიღებულ განათლებას, „დაგუგლვაში“ კი ეს არის პრიორიტეტული.
– ვერ დავასრულე კითხვა: ევროპის სკოლებში საზეპიროები სწავლების ერთ-ერთი კომპონენტია კვლავაც. ალბათ, ევროპამ ჯერ არ იცის, რომ არსებობს „გუგლი“ და, საერთოდაც, დაზეპირება არ არის საბჭოთა სკოლის ნოვაცია, ის ანტიკური ხანიდანაა ცნობილი.
– ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია, გითხრათ, ანტიკურ მჭევრმეტყველებაში იყო მთავარი პრინციპი: ასწავლე, მოაწონე და ააღელვე. ეს სამი რამ იყო წარმმართველი, დომინანტური და გადამწყვეტი. აღელვების მომენტი, ანუ კოგნიტურ პროცესში ემოციის ჩართვა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ციტატისა და ლექსის დაზეპირების გარეშე. თუმცა ცალკე პრობლემაა გადატვირთული პროგრამები, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, ის, რაც ბავშვს განსაკუთრებით მოეწონება და ის, რაც აუცილებელია, თუნდაც, აფორიზმების სახით, არ ისწავლოს ზეპირად. გალაკტიონის „უსიყვარულოდ“, აკაკის „განთიადი“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი, ანა კალანძადის „საქართველოო, ლამაზო“... და რომელი ერთი ჩამოვთვალო, რატომ არ უნდა იცოდე ზეპირად?! არ გამოვა, ზედმეტად პრაგმატული გახდეს ხელოვნებისა და ლიტერატურის სწავლება და ნუ შეაშინებს ნურავის საზეპირო და ციტატა მხატვრული ტექსტიდან. ამ გზით ჩვენ გავემიჯნებით ისედაც უღიმღამო ყოფითობას!