რატომ ეწინააღმდეგება ქართული ტრადიციები ერთმანეთს და როდის ამუხრუჭებს ის საზოგადოების განვითარებას #46
ტრადიციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ზოგისთვის იმიტომ, რომ დაიცვას, ზოგისთვისაც იმ მიზეზით, რომ დაარღვიოს, რადგან ჩამორჩენილობის სიმბოლოდ მიაჩნიათ. ასეა თუ ისე, თავის მხრივ, ტრადიციებმაც იცვალა ფორმა და ხშირად ისე დაშორდა თავის თავდაპირველ, ისტორიულ ვერსიას, როგორც ცა და დედამიწა. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან ამჯერად მრავალსტუმრიანი ქორწილებისა და ქელეხების ტრადიცის რაობაზე ვისაუბრებთ.
– ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები, ალბათ, ლხინისა და ჭირის ბევრ ხალხთან ერთად გაზიარების სურვილია. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
– ჩვენ ვცხოვრობთ ტრადიციულ ქვეყანაში და ქორწილი და ქელეხი არის ტრადიციების კულმინაცია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ტრადიციული ქვეყანა ვართ და ამაში დევს ის აზრი, რომ ჩვენი ისტორიული მეხსიერება შენახულია და როდესაც პრობლემა დადგება, არსებობს „ველოსიპედები“, თუ როგორ გაუმკლავდე. ქორწილი პრობლემაა – მოვიდა სიხარული და როგორ უნდა მოიქცე; სიკვდილი არის პრობლემა – მოვიდა მწუხარება და როგორ უნდა გამოხვიდე ამ სიტუაციიდან. სწორედ ტრადიცია არის ის „ველოსიპედები“, რომლებიც მოფიქრებულა აქამდე და მასში კარგადაა თავმოყრილი გასაღები – თუ როგორ უნდა მოიქცე. თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც – თუ იმ ერთადერთ გამოსავალზეა ორიენტირებული ადამიანი, შეიძლება, კომიკურ სიტუაციაში მოხვდეს.
– ის, რაც გასაღები იყო 1 000, 500, თუნდაც, 50 წლის წინათ, დღესაც იქნება? ანუ ტრადიცია უნივერსალურია?
– ტრადიციის სუსტი მხარეც ეს არის: დრო მიდის, ანუ იცვლება გარემოც და ადამიანიც. ეს ცვლილება ქორწილსა და ქელეხსაც ეხება. ერთ დროს ქორწილი და ქელეხი იყო ხალხმრავალი, 500-1 000 ადამიანზე გაშლილი სუფრებით. ტრადიციის გამეორება ადვილია. მაგრამ გამეორება ნიშნავს იმას, რომ ის ძველის ასლია. გამეორება არ მოითხოვს ჩაღრმავებას, თუმცა ზოგჯერ გამეორებაც რთულია, ამიტომაც გვიკვირს ხოლმე, თუ როგორ იმეორებს თუთიყუში სიტყვებს. როდესაც ისეთ საჭირობოროტო რამეს ეხება საქმე, როგორიცაა სიკვდილ-სიცოცხლე, მაშინ, რა თქმა უნდა, მექანიკურ გამეორებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ქორწილსა თუ ქელეხში, აღარ აქვს ის მნიშვნელობა, რისი ჩადებაც უნდა ადამიანს. მას კი უნდა, რომ ქორწილში ისე გაიხაროს და გაგახაროს, როგორც ეს არასდროს მომხდარა. ასეთი ვითარება ბადებს კონფლიქტს: რომ რა უყოს ამ ტრადიციას?! ტრადიციის მიხედვით მოიქცეს თუ არის რაღაც სხვაც?! გეშტალტთეორიაში არის ასეთი ხედვა: ცხოვრება არის აწმყოში ცხოვრების ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას მიაგნეს წარსულში ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია, ახლა, ამ დროსა და სივრცეში, როგორ გადაჭრა ეს პრობლემა. ადვილია ძველის გამეორება და რთულია რეალობის აწმყოში დანახვა. სიცოცხლეს მოაქვს სიახლე, რაღაც ახალი, რომელიც არ იყო გუშინ.
– კოპირება ადვილიაო, მაგრამ არც ისე ადვილია, 500 კაცის დაპატიჟება დღეს გაცილებით რთულია. კომიკური შემთხვევებიცაა: ოჯახი იღებს ვალს ქორწილის გადასახდელად და ისეც ხდება, რომ ვალი კიდევ გასასტუმრებელია, წყვილი კი უკვე გაშორდა ერთმანეთს.
– ამდენი ხალხის დაპატიჟებას ჰქონდა ეკონომიკური მხარეც. სტუმარს მოჰქონდა საჩუქარი, შემოჰქონდა ფული, რასაც ავანსის სახით აძლევდნენ ახლად დაქორწინებულებს, რომ დაეწყოთ ახალი ცხოვრება ან აძლევდნენ ჭირისუფალს, რომ ისინი გამკლავებოდნენ იმ უბედურებას, რაც ეწვიათ. ტრადიციაში უამრავი კომპონენტი იყო თავმოყრილი, რომლებიც მორგებული იყო იმდროინდელ ცხოვრებას. დღეს შეიცვალა ცხოვრება: თუ ძველად ცხოვრობდა სოფელში, დღეს ცხოვრობს ვერაზე. სრულიად სხვა ადამიანები არიან მის გარშემო და თვითონაც სხვანაირი ყოველდღიურობა აქვს. ამიტომ დგება პრობლემა, ზუსტად აღიქვას რეალობა და საკუთარი თავი. ისტორიულ მეხსიერებაში ტრადიციების სახით არის გასაღები, თუ როგორ მოერგოს ადამიანი აწმყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, იქმნება ის ტრაგიკული სიტუაცია, რაც ზღაპარში – „მუჭანახევარა“. მასში აღწერილია, თუ რა კომიკურ სიტუაციაში შეიძლება, მოხვდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ პიროვნულს, უნიკალურს არ წამოსწევს წინ და მხოლოდ ტრადიციით ცხოვრობს – მუდმივად გალახულია. ეს ზღაპარი, რომელიც, ასევე, სიბრძნეა, როგორც ტრადიცია, ამბობს: თუკი ადამიანი გამოიყენებს ტრადიციას და არ დაინახავს დღევანდელობას, მუდმივად გალახული აღმოჩნდება.
– თუმცა ტრადიციულობა კომფორტულიცაა, არაფერზე ხარ პასუხისმგებელი.
– ნამდვილად. ამ მხრივ, ქართულ კულტურაში უამრავი ტრადიციაა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდება. ის, რაც მეცხრამეტე საუკუნის სოფელში იყო ტრადიციული, ვთქვათ, ვაკეში დღეს ასე აღარ არის. ანუ სხვა ტრადიციები მოდის და, ძირითადი კომიკური ვითარებები ჩვენს ცხოვრებაში წარმოიშვება, როდესაც ასეთი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. ამიტომაც არის სოფლელისა და ვაკელის სიუჟეტი ქართულ ანეკდოტებში ან კომიკურ ფილმებში. და არა მარტო ტრადიციული სოფელი და ახალი ქალაქი, თვითონ უბნებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგალითად, ვერა გაცილებით ტრადიციული იყო ვაკესთან შედარებით. თან აქ უპირისპირდება გუშინდელი ტრადიციები და ის, რაც დღეს ხდება პარიზში, რაც გადმოდის ვაკეში და რაღაც ტრადიციას ქმნის. როდესაც პარიზიდან შემოდის რაღაც და გაივლის ქართულ პრიზმას, იბადება რაღაც ახალი.
– ვაკეში პარიზული ტრადიციები გვაქვს თუ სიტყვაზე ამბობთ?
– „ფრანცია“, ყავის სმა და ასე შემდეგ… ქართველს აინტრესებს, რა ხდება სამყაროში, რა არის ახალი და ჩამოაქვს ის საკუთარ გარემოში. ის, რაც ხდება პარიზში, ლონდონში, ნიუ იორკში, შემოდის ჩვენს რეალობაში და ხდება ქართული. აღარ არის სუფთა ფრანგული ან ამერიკული, ქართულია და ეს ქართული ტრადიციები ეჯახება ერთმანეთს. ზოგჯერ ეს არის ძველი და ახალი ტრადიცია, ზოგჯერ – ერთდროულად ჩამოყალიბებული ტრადიცია. დღეს თამადობის ინსტიტუტი ძალიან ქართულია, მაგრამ ერთ დროს სრულებით არ იყო ქართული. გააჩინა გარკვეულმა ვითარებამ და ახსნაც იყო: როდესაც საჭირო გახდა ქართული ტრადიციების დაცვა, რომ გაგვხსენებოდა, როგორები ვართ და არ დაგვიწყებოდა, სუფრა იყო ის გარემო, სადაც დაიწყებოდა ამაზე ლაპარაკი. ზოგჯერ ეს ძალიან აქტუალურია, ზოგჯერ – ნაკლებად. როდესაც ერებს ახასიათებენ, ხშირად იყენებენ ასეთ პოლარიზებას: თვითგამოხატვაზე ორიენტირებული და თვითგადარჩენაზე ორიენტირებული ერი.
– ჩვენ ახლა მეორე პოლუსზე ვართ, როგორც თვითგადარჩენაზე ორიენტირებულები.
– ახლა ნამდვილად თვითგადარჩენაზე ორიენტირებული ერი ვართ. მეთორმეტე საუკუნეში, თამარისა და რუსთაველის დროს, ჩვენ ვიყავით თვითგამოხატვაზე ორიენტირებულები. თვითგამოხატვაზე ორიენტირებული ერი პრინციპულად განსხვავდება თვითგადარჩენაზე ორიენტირებულისგან. ის თამამად მიდის ექსპერიმენტებზე, რისკავს, ფიქრობს, რა იმპროვიზაცია შემოიტანოს. დღეს თვითგამოხატვაზე ორინტირებული ერები აღმოჩნდნენ შვედები, ნორვეგიელები, იაპონელები, ანუ ის ერები, რომლებიც დალხენილად ცხოვრობენ.
– უნდა გავიხსენოთ, რომ სულ ახლახან, 70 წლის წინათ იაპონიას ორი ატომური ბომბი დაეცა, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე დალხენილი და წარმატებული ქვეყანაა. ანუ შანსი ჩვენც გვაქვს.
– რუსთაველის, დავით აღმაშენებლის ეპოქებში ქართველები ვიყავით თვითგამოხატვაზე ორიენტირებულები, ამიტომ თამამად ვერთვებოდით ექსპერიმენტებში. მაგალითად, თამამად ჩამოვასახლეთ უცხოტომელები, გავრისკეთ, რომ ამით მიგვეღო უფრო მეტი სარგებელი და არ ვიქცეოდით ისე, როგორც დღეს. როდესაც უცხოტომელების შემოჭრა სახიფათო გვგონია. ვფიქრობთ, უცხო თუ შემოვა, გაგვაქრობს. ამდენად, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირები ვიყავით.
– დღეს იმიტომაც ვეჭიდებით ყავლგასულ ტრადიციებს, რომ არ ვართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ვაი თუ, ვერ გადავრჩეთ? ჩვენი შიშის გამოხატულებაა ეს კონსერვატიზმი?
– ნამდვილად ასეა. როდესაც დგება ისეთი ინტიმური მომენტი, როგორიც ქორწილია, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, როგორ გამოხატოს თავისი სიხარული. არ აქვს მატერიალურად ამის საშუალება, მაგრამ უნდა, რომ ეს თავისი სიხარული უჩვენოს ყველას, დაპატიჟოს 2 000 ადამიანი, არადა ამის რესურსი არ გააჩნია. იგივე ითქმის ქელეხზეც. მახსენდება ერთი ჩემი ლექტორი, რომელმაც დაიბარა, ქელეხი არ გადამიხადოთო. მას არ სწამდა თავისი პიროვნების მიღმა არაფერი და უცნაურად გამოიყურებოდა იმ ადამიანის დასაფლავებაც. ანუ ჩვენი საზოგადოებაც მრავალგვარია და ის, თუ როგორ ვითარდება საქართველო, სწორედ ჩვენს სოციუმში მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებული: როგორ ვიქცევით, როგორ ვავითარებთ ჩვენს შეხედულებებს აწმყოში, როგორ ვიცვლებით თუ არ ვიცვლებით. რა ვითარებაშიც ვართ, ბოლოდროინდელი კატაკლიზმების ბრალია: დაინგრა საბჭოთა კავშირი, ვერ აშენდა შემდგომი ისეთი საქართველო, რომელსაც ექნება თავისი გამოცდილება, საკუთარი რესურსი, მიზნები, მათი განხორციელების გზები. ამიტომ ან საბჭოთა კავშირს მივტირით და გვინდა, ზუსტად ისეთივე იყოს დღევანდელი დღე, როგორიც იყო გუშინდელი, ან გადმოვიღებთ დასავლურ მოდელებს; არადა ის სხვა საზოგადოებაა, მათ არ ვგავართ და ისეთები ვერ ვიქნებით. როგორც პიროვნებას, საზოგადოებასაც იგივე პრობლემა აქვს: გაიაზროს თავისი უნიკალურობა და დაინახოს ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. დღეს ქართველი საზოგადოება აი, ამ გამოუვალ მდგომარეობაშია. „ნატოში“ გვინდა და ევროგარემოში, ისინი კი გვეუბნებიან, რომ ჯერ თქვენი ადგილი აქ არ არისო.
– თუმცა გვაქებენ, კარგად იქცევითო.
– ვიღაცეები ამბობენ, რომ რუსეთთან უნდა ვიყოთ, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე. ეს არის აწმყოში ცხოვრების სირთულე: როდესაც წარსული აღარ არის და მომავალი არ დამდგარა, აწმყოა, რომელშიც უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ახალი შევქმნათ. აწყმოში ცხოვრება გვიჭირს, იმიტომ რომ თვითგადარჩენაზე ორიენტირებული საზოგადოება თავდაცვაზეა გადასული, მაშინაც კი, როდესც თავს არ ესხმიან. თავდაცვის ფორმაა ქორწილები და ქელეხები და ზოგჯერ ეს არის კომიკური.
– ასეთი შემთხვევებიცაა, სიძე-პატარძლის გარეშე იხდიან მშობლები ქორწილა. ანუ უპატარძლო ქორწილის სიუჟეტია ლამის.
– ეს საკმაოდ უცნაური და კომიკურია, ჩემი აზრითაც, ტრადიცია სრულდება მაშინაც კი, როდესაც მთავარი ფიგურები არ არიან. ანუ ქორწილი შეიძლება, გადაიხადო მაშინაც კი, როდესაც ნეფე-პატარძალი არ არის. ასეთი ამბები დამაფიქრებელია. საერთოდ, ცოცხლები რომ ვართ და არა მკვდრები, აი, ამის დამადასტურებელია აწყმო. სიცოცხლე აწმყოსთან შეხებაა. ამიტომ სწორედ აწმყოში იქმნება რაღაც ახალი: მეცნიერებაში იქნება თუ ხელოვნებასა და ცხოვრების სტილში. შემოქმედებაა, როდესაც სრულიად უნიკალური ჩნდება აწყმოსთან კონტაქტით. ადვილი სათქმელია, მაგრამ, როდესაც ადამიანს კარგად არ აქვს გათავისებული საკუთარი თავი, თავისი ისტორია და ტრადიცია, უჭირს თვითგამოხატვა და მეორეც, თუ აწმყო დაკარგა, ეს არის სიკვდილი. თუ მხოლოდ ტრადიციები გაატარა თავის ცხოვრებაში, მაშინ იკარგება ყველაფერი: ხალისიც, სპონტანურობაც და დიდი „დრაივიც“. აწმყოში ყოფნის სირთულე ის არის, თუ როგორ წარმოაჩინო საკუთარი თავი.
– ტრადიციამაც იცვალა ფორმა. ადრე, თუ ჭირის სუფრა 15 წუთს გრძელდებოდა, რეგლამენტებული იყო სადღეგრძელოების რაოდენობა, სამიოდ მომცრო ჭიქა ღვინო, რატომ გადაიქცა დღეს ქელეხები ღრეობად? ასე გავიაზრეთ აწმყოში ჭირის სუფრა?
– ტრადიცია მაშინაა ლამაზი, როდესაც პასუხობს იმ დროსა და იმ სივრცეს. გახევებული ტრადიცია ვერ პასუხობს დროს. ტრადიცია სულ უნდა იცვლებოდეს. ტრადიცია ნიშნავს, რომ მოდის ახალი წამი და იმ წამსა და იმ სივრცეში რაღაც იცვლება, აი ის უნდა დაიჭირო და გამოხატო. როდესაც ეს წამები და სივრცე საუკუნეებით გროვდება, განსხვავება დიდ მასშტაბებს იძენს. ერთი წამის აცდენას არა უშავს, მაგრამ ხუთი საათი უკვე ბევრია და ღრეობაში გადადის.
– ანუ, თუ ტრადიცია კომიკურ ფორმას იღებს, მას განახლება სჭირდება და აღარ მუშაობს?
– ტრადიცია კარგია, რადგან, ესე იგი, გახსოვს, როდის როგორი იყავი; არ ხარ დაკარგული და დრო და სივრცე მონიშნულია, მაგრამ მონიშვნა უნდა იყოს დამხმარე, რომ ახლანდელ დროში ზუსტად ორიენტირდე. აუთენტურად განიცადო საკუთარი თავი, რეალისტურად დაინახო რეალობა და ეს ორი დაუკავშირო. ამის გაკეთება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ახლა ჩვენ ამ ჩიხში ვართ. აცდენიელი ვართ სივრცეს და ვერ გამოვხატავთ საკუთარ თავს ისე, როგორც გვინდა.