რათა ორი?! #46
მაშ რამდენი? სამი!
გასული კვირა ფრიად დაძაბული გამოდგა როგორც ლიტერატურულად (პათოსით: დაანებეთ ჩემს ცოლს, ანუ ქართულ ზღაპრებს თავი), ისე პოლიტიკურად (აქეთ – ოდესის გუბერნატორი გადადგა, იქით – დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტდა).
რაკი ოდესა უფრო ახლოსაა, მისგან დავიწყოთ: მართალია, დანამდვილებით ვერ გავარკვიეთ, თავად დატოვა პოსტი თუ დაატოვებინეს (იმიტომ რომ ბ-ნების, პოროშენკოსა და სააკაშვილის განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა), თუმცა ის კი დაბეჯითებით შევიტყვეთ (აწ უკვე ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორლის ბაგეთაგან), რომ ბრძოლას აგრძელებს.
ჩვეულებისამებრ, მას ამ ბრძოლაში გულშემატკივრები აქაც ჰყავს. ასე, მაგალითად, ქართული ცისფერი ეკრანების ვარსკვლავი (და მერე რა, რომ გაუგებარია, რად ეტანებიან მის აზრს ჩემი კოლეგები?!) მაია ორჯონიკიძე აცხადებს შემდეგს: „მიშა უკრაინას არ მიატოვებს და არც უნდა მიატოვოს (ნუ წახვალ, ნუ, ჩემი ხელმწიფეო…). უნდა გაიმარჯვოს ჯერ იქ და შემდეგ უკვე – აქ. ორი ოლიგარქიული სისტემა, ორი გველეშაპი ჰყავს დასამარცხებელი: პოროშენკო და ივანიშვილი. ორივეს მოერევა, თუ შინაურები არ უმტყუნებენ (მეტიც, მიჯაჭვულ ამირანსაც კი ახსნის!)!“
ის კი შევიტყვეთ, რომ „გველეშაპთა“ სიას აწ უკვე პოროშენკოც მიმატებია, ოღონდ ჰაერში გამოეკიდა, აქედან გამომდინარე, რიტორიკული კითხვა: პუტინი გველეშაპი არ არის თუ ის უკვე ბეჭებზეა გართხმული?! –