კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდნენ ზურაბ ცინცქილაძისა და თამარ დათუაშვილის მეჯვარეები შვილიშვილები და როგორ დაისაჯნენ მეტეხის ტაძარში თეატრის შემქმნელები #45

მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე და მისი მეუღლე, ასევე მსახიობი, ულამაზესი თამარ დათუაშვილი მალე თანაცხოვრების 44 წლის იუბილეს აღნიშნავენ. წყვილმა ჯვარი სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა და ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მათი სიყვარული კიდევ უფრო იზრდება. ერთად ძალიან საინტერესო, სიყვარულით, სირთულეებით, მისტიკით, ბევრი სიხარულითა და წარმატებით სავსე ცხოვრება გამოიარეს.
ზურაბ ცინცქილაძე: ცოტა ხნის წინ, ხულოს თეატრთან ერთად, ათენში ვითამაშე დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ბათუმშიც დავდგით ეს სპექტაკლი და ვცდილობთ, საქართველოს ყველა რეგიონულ თეატრში ჩავიტანოთ, ყველგან კარგი შეფასება აქვს. ამის შემდეგ ბაქოში გახლდით გადაღებაზე და უახლოეს მომავალში, ისევ მივდივარ. ძალიან საინტერესო ფილმს ვიღებთ. მთავარ, მილიარდერის როლს ვთამაშობ, ვინც უშვებს წყალს, რომელშიც განაყოფიერების საწინააღმდეგო ნივთიერებას ურევენ. ფილმს „ქლამიდიოზი“ ჰქვია. ვფიქრობ, ეს ფილმი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს, მაშინ, როცა ჩვენ გარშემო უამრავი ენერგეტიკული სასმელი იყიდება. ახლა ვიწყებ მუშაობას მხატვრულ-შემეცნებით ფილმზე „მარადიდიდან დიდ აჭარამდე“. ამ ფილმში ბევრ ტაბუდადებულ საკითხსა და აქამდე გაუმჟღავნებელ ცოდნაზე მოგითხრობთ, რომელიც სამწუხაროდ, აღარ ვიცით, არადა, ეს ცოდნა ჩვენს ერში ნამდვილად არსებობს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რატომ ჰქვია ჩვენს სამშობლოს საქართველო და მხარეებს – არსებული სახელები. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ყველაფერს ამ ფილმში მოვუყრით თავს. აჭარის ახალი მთავრობის კეთილგანწყობა უკვე გვაქვს და იმედია, მეგობრებიც მხარში დამიდგებიან.
– ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში?
– მეოთხე კლასში ვიყავი, „მაია წყნეთელი“ რომ ვნახე. არ ვიცოდი, თუ როლებს არტისტები თამაშობდნენ და ყველაფერი რეალობა მეგონა. ამიტომ, ძალიან განვიცადე. ბებიასთან ვიზრდებოდი და ის კარგა ხანს უშედეგოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. მეორე დღეს სკოლაშიც არ წავსულვარ. მერე, როცა ბებიამ ამიხსნა: შვილო, ეს მართალი არაა და არტისტები თამაშობენ როლებსო, ვიფიქრე, ამის გაკეთება მეც შემიძლია-მეთქი (იცინის). ბათუმში, სკოლაში ვსწავლობდი და შემთხვევით, ჩვენთან თეატრალურის მეტყველების პროფესორი, ქალბატონი ბაბულია ნიკოლაიშვილი მოვიდა ბავშვების ასარჩევად. გამსინჯეს და მეორე დღისთვის კულტურის სამინისტროში დამიბარეს. იმ დღიდან მივხვდი, რომ მე ამ საქმისთვის ვიყავი გაჩენილი.
– ამ საქმემ გაპოვნინათ მეორე ნახევარიც.
– სტუდენტი გახლდით და გადასარევად მახსოვს, ინსტიტუტში იმართებოდა თემურ ჩხეიძის „გუშინდელნი“. ჩემმა პედაგოგმა სპექტაკლზე თამრიკო (მეუღლე) მოიყვანა, რადგან მისი მეგობრის შვილი იყო. წარმოდგენა გვიან დამთავრდა და რადგან მე უწესიერესი სტუდენტი გახლდით, თამრიკოს სახლამდე მიცილება მანდეს. იმდენად წესიერი ვიყავი, რომ რუსთაველიდან პლეხანოვამდე მისთვის ერთი სიტყვის თქმაც ვერ გავბედე. იმდენად ლამაზი იყო, ერთი რომ შევხედე, დავმუნჯდი. მის სახლთან რომ მივედით, თვითონ მითხრა, მე თამრიკო მქვიაო და გაიქცა. მე ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ამის შემდეგ ჩემს უძილო ღამეებს თვლა აღარ ჰქონდა (იცინის). ერთ დღესაც ვხედავ, თამრიკო ინსტიტუტში, მესამე სართულზე, კიბეზე ზის და ძლივს შევიკავე თავი, რომ კიბიდან არ დავგორებულიყავი (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მერე, თეატრალურში ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა სხვადასხვა ღონისძიებაზე. თითქოს განგებ აეწყო ასე. მე არავისთან მითქვამს, მაგრამ ისედაც ყველამ იცოდა, რომ შეყვარებული ვიყავი მასზე. ამას ხომ ადვილად ვერ დამალავ. მახსოვს, მატარებლით მივდიოდით ერთად „ჩარირამას“ გადაღებაზე. ერთ კუპეში სამი გოგო იყო და მე, როგორც ისევ და ისევ უწესიერეს ბიჭს, ქალები მომაბარეს – ისევ თამრიკოსთან ერთად მოვხვდი (იცინის). თუმცა, ამას ვერაფრით გააკვირვებდი, მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ყველა ბიჭს უყვარდა.
თამარი: 12-13 წლის ასაკში მივიღე ფილმ „კედელში“ მონაწილეობა და ეს ფილმი ისეთი პოპულარული იყო, პატარაობიდანვე ყველა მცნობდა. წლების შემდეგ, რომ გავთხოვდი და შვილიც მყავდა, ქუჩაში რომ დამინახავდნენ, ისევ „კედელს“ მეძახდნენ. ამ ფილმის შემდეგ ბევრს უთქვამს, იცი, როგორ მიყვარდიო?! ზურაბმაც პირველად რომ დამინახა, უკვე იცდოდა ჩემს შესახებ
– ბატონო ზურაბ, არ გიწევდათ ქალბატონი თამარის თაყვანისმცემლების მოგერიება?
– ყველა დავხოცე. ვინც გადარჩა, ახლა დაღუპვის პირასაა (იცინის). თუმცა, ჯერ ადრეა, თამრიკო, ისე კარგად გამოიყურება, მგონი, კიდევ მომიწევს ხმლის ამოღება (იცინის).
– ქალბატონო თამარ, თქვენ რით გამოარჩიეთ ის ამდენი თაყვანისმცემლისგან?
– მე განსაკუთრებით მომწონდა ზურას წესიერება, კეთილშობილება და პატიოსნება. ვხედავდი, რომ „დონ ჟუანი“ არ იყო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლების გაშორების შემდეგ, მინდოდა, მყარი ოჯახი მქონოდა. ზურა ყველა მხრივ კარგი იყო და მომწონდა, მეც და ბევრ სხვასაც. დღესაც ბევრს მოსწონს და მიხარია, რომ მყავს ისეთი ქმარი, რომელიც მოსწონთ. აბა, თუ არავის მოეწონება, ისეთი ქმარი რად მინდა?! (იცინის)
ზურაბი: სხვათა შორის, ახლახან გაამხილა თამრიკომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოვეწონე. ბათუმიდან, ზღვის მხრიდან რომ ვიყავი, ამას უთამაშია დიდი როლი. ზღვა უზომოდ უყვარს და ძალიან ლამაზად და სწორად თქვა: ჩვენი სიყვარული მაშინ დასრულდება, როცა შავი ზღვა დაშრებაო. მახსოვს, ერთხელ მითხრა, კარგად ფარიკაობო. მას შემდეგ ფარიკაობას მივყავი ხელი. მაშინ ძალიან პოპულარული ფილმი იყო „ფანფან ტულპანი“ და მეც, მის მსგავსად, თეთრი პერანგით ვფარიკაობდი, თან, სცენაზე (იცინის). თეატრალურში ვასწავლიდი კიდეც სტუდენტობისას და დამთვრების შემდეგაც დავრჩი. მაგრამ მერე, პარლამენტარი რომ გავხდი, ამ საქმეზე უარის თქმა მომიწია.
თამარი: მალე ერთად ყოფნის 44 წლის იუბილე გვექნება. ჯვარი კი ახლახან, 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დავიწერეთ. ადრე სხვა დრო იყო და ამის გაკეთება არც ისე მარტივი გახლდათ. მერე, სხვადასხვა მიზეზის გამო, სამომავლოდ ვდებდით და გადადებული საქმის ამბავი, მოგეხსენებათ. თან, ასე მარტივი ხომ არაა, ერთმანეთი ხომ უნდა გამოგვეცადა? (იცინის) ამდენი წლის შემდეგ, ჩვენი ჯვრისწერა განსაკუთრებული იყო. ჩვენი მეჯვარეები შვილიშვილები იყვნენ და არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა გვერდით ორმეტრიანი, 23 წლის შვილიშვილი გიდგას ჯვრისწერისას.
– როგორც ვიცი, წარმატებული შვილები გყავთ. მათ შესახებ მოგვიყევით.
თამარი: უხერხულია საკუთარი შვილების ქება, მაგრამ მართლა ძალიან კარგები არიან. ორი ქალიშვილი გვყავს – თეა და ანი ცინცქილაძეები. თეა ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა ამ პროფესიით არ მუშაობს. თან, ორ შვილს ზრდის. მეორე ქალიშვილი – ანი დიზაინერია. თბილისში დაამთავრა სამხატვრო აკადემია, შემდეგ სოფო ჭყონიას „ბინექსთში” მიიღო მონაწილეობა და თავისი ნამუშევრების წყალობით იტალიელებისგან სრული დაფინანსება მიიღო. მილანის მაღალი მოდის აკადემიაში სწავლობდა. ახლა ჩამოსულია, თავისი ხაზი გააკეთა  – „აბლიკვანგერ“. ახლა შოურუმს აწყობს და მალე საკუთარ მაღაზიას გახსნის. სხვათა შორის, იტალიაშიც საუკეთესო მოწაფე ყოფილა. პედაგოგები ტიროდნენ, აქ წამოსვლა რომ გადაწყვიტა. მას 9 წლის ტყუპები ჰყავს და ხშირად მათზე მე ვზრუნავ.
– ასეთ ურთიერთობას როგორ ინარჩუნებთ ამდენი წლის განმავლობაში?
ზურაბი: ქორწილის დღეს ძალიან საინტერესო რამ მითხრა თამარის ბებიამ, ერთდროულად არასდროს გაბრაზდეთო. ეს აზრი თავში ჩავიჭედე და როცა თამრიკოა გაბრაზებული, მე არ ვბრაზდები. სიმართლე რომ ვთქვათ, ძირითადად, მე არ უნდა გავბრაზდე (იცინის).
– რაც შეეხება, თქვენს საერთო მოღვაწეობას, რამდენადაც ვიცი, ეს მეტეხის თეატრიდან დაიწყო.
ზურაბი: ჩვენ მეტეხის თეატრის დამფუძნებლები ვართ. მახსოვს, როგორ ვთხრიდით კირკით და დენი შეგვყავდა. დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, ვიტყვით, რა უნდოდა ტაძარში თეატრსო?! მაგრამ ღმერთი მიმტევებელია, მკვლელობას აპატიებს კაცს და ჩვენც გვაპატია ასეთი რამ. მაშინ თავს ვიმართლებდით, აქამდე მეტეხში ისეთი საშინელებები ხდებოდა, რომ თეატრი ნამდვილად ჯობია იმ ყველაფერსო. მაგრამ სინამდვილეში, ტაძარი ღვთის სახლია და არა თეატრი. როცა ამ შეგნებამდე მივედით, იქაურობა დავტოვეთ.
თამარი: თეატრის დატოვების საქმეში ზვიად გამსახურდიასთან ერთად ვიყავით. ჩვენ იქაურობა დავტოვეთ და ამით სხვებსაც მაგალითი მივეცით.
ზურაბი: ყველა დაისაჯა, ვინც მეტეხის თეატრის ამბებში იყო ჩართული და მათ შორის, ჩვენც. ჩვენი ერთი შვილი მშობიარობის დროს დაიღუპა. ეს სასჯელია და როცა სხვის სახლს იკავებ, უნდა იცოდე, რომ სასჯელს აუცილებლად იწვნევ. თანამედროვეობაში მოდაშია სხვისთვის სახლების წართმევის ბიზნესი. ბანკში ჩადებულ სხვის სახლებს იაფად ყიდულობენ „კეთილსინდისიერი“ მყიდველები, რომ მერე ძვირად გაყიდონ და მოგება ნახონ. ეს არასწორია და სამწუხაროდ, ამის მსხვეპლი ჩვენც გავხდით.
– თეატრთან დაკავშირებული ამბავი მისტიკის სფეროს განეკუთვნება. როგორც ვიცი, მსგავს შემთხვევებს თქვენს ცხოვრებაში სხვა ფორმითაც ჰქონია ადგილი.
თამარი: ზურაბს საოცარი სიზმრები აქვს. ამას სიზმარიც აღარ ჰქვია. რომ გაიღვიძებს, ტომეულებს ყვება. ამით დედამისს ჰგავს, ისიც სერიალებივით სიზმრებს ნახულობს და რამეს რომ მოუყვები, გპასუხობს: აი, ხომ გეუბნებოდი, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდაო.
ზურაბი: დედაჩემი ახლა 85 წლისაა და ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს. მას საოცარი სიზმრები აქვს. დამირეკავს და მეტყვის, ზურაბ, ცუდი სიზმარი ვნახე და დღეს მანქანით არ წახვიდეო. მეც ვუჯერებ და ფეხით მივდივარ, რატომ უნდა გავრისკო?! რაც შეეხება ჩემს სიზმრებს, სიზმარში მნიშვნელოვან კითხვებზე ვიღებ პასუხებს. ბევრჯერ დამიძინია კითხვებით და დილით, პასუხებით გამიღვიძია. ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი უცნაური შემთხვევა, თუმცა ეს სიზმარს არ ეხება. თბილისში მოვდიოდი და მახსოვს, სუფსის შემოსასვლელთან ბებია შემხვდა. მანქანაში ჩავისვი და გზა გავაგრძელე. ასი კილომეტრი გავიარეთ და დაახლოებით, სამტრედიასთან, ბებიამ მითხრა: გამიჩერე, აქ ჩავალო. გავუჩერე და რომ ჩავიდა, კარი ძლიერად მოხურა. ძალიან დიდი ხმა ჰქონდა და ამ ხმამ გამომაფხიზლა. თურმე, ჩამძინებია და ამხელა გზა მძინარემ გამოვიარე. ბებია კი, რომელიც მთელი ეს დრო გვერდით მეჯდა, სინამდვილეში გარდაცვლილი იყო. რატომ ან როგორ აღმოჩნდა იქ, ეს კითხვა არ გამჩენია. ფაქტია, მის გვერდით გზას ვხედავდი და ისიც ფაქტია, რომ გარდაცვლილმა ბებიამ სიკვდილს გადამარჩინა. ბებიას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, მისი გაზრდილი ვარ.
– ზვიად გამსახურდია ახსენეთ, მასთან მეგობრობდით?
თამარი: სხვათა შორის, მანანას და ზვიადის სურვილი იყო, რომ ოთხივეს ერთად დაგვწერა ჯვარი. მაგრამ, გარკვეული მიზეზიბის გამო, ვერ განვახორციელეთ ეს გეგმა.
ზურაბი: ზვიადი ჩემი მასწავლებელი იყო, თეოლოგიას და ქართულ ლიტერატურას მასწავლიდა. ერთად ბევრი კარგი ამბავი და ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მახსოვს, ერთხელ მცხეთაში ერთად მივდიოდით და ზვიადმა მითხრა: ზურაბ, მიიხედე უკან, ეს ჩვენი კუდიაო. დავინახე, რომ „კაგებე“ მოგვყვებოდა. მერე ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. ერთხელ ზვიადი მასწავლებელთა დახელოვნების სახლში მივიყვანე. ეს ის შეხვედრა იყო, რომელზეც ზვიადმა პირველად განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძე ბოლშევიკებმა მოკლეს და გვარებიც დაასახელა – მახარაძე და ორჯონიკიძე. არადა, მათი სურათები იქ, კედლებზე იყო გამოკრული. მთელი დარბაზი გაგიჟდა და კრება ყველამ დატოვა, გარდა გურამ შარაძისა. გურამთანაც ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებდა.

скачать dle 11.3