რა რისკ-ჯგუფში შედიან ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგონები და ბიჭები და როგორ დაარეგულირებს ახალი წლიდან კანონი მათ ქორწინებას
„გაეროს” მოსახლეობის ფონდის 2016 წლის ანგარიშში, დამატებითი ინფორმაციის სახით, საქართველოში ნაადრევი ქორწინებებისა და სქესთა შორის თანაფარდობის დარღვევის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. ასევე, აქტუალურია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული ვითარების ფონზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორ შეიცვალა ჩვენთან სქესთა შორის ბალანსი და რატომ არის მძიმე ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა, ამის შესახებ გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორს, მაია კუპრავას და „ჯიპას” პროფესორს, თიკო ცომაიას გავესაუბრეთ.
მაია კუპრავა: არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. რეალურად, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. ჩემი ინფორმაციით, ეს მაჩვენებლი მიღებულია იმის საფუძველზე, თუ რამდენმა გოგონამ შეწყვიტა სწავლა სკოლაში, ასევე მშობიარობის რიცხვის მიხედვით. თუმცა, ამ გზით ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ჩემი აზრით, ნაადრევ ქორწინებათა ეს სტატისტიკა მაინც, უპირველესად, სახელმწიფო პოლიტიკის არქონით და განათლებისა და კულტურის დაბალი დონითაა განპირობებული. მოგვწონს ეს თუ არა, ასეა. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, როცა ნაადრევი ქორწინების მიზეზთა ჩამონათვალში ტრადიციას მოიხსენიებენ. ის წლები, როცა კომუნისტურ პერიოდში ვცხოვრობდით, ნაადრევი ქორწინებები ასე თვალსაჩინო არ ყოფილა. ის, რომ ბოლო წლებში გააქტიურდა სახელმწიფო პოლიტიკა და რეგულაციები ნაადრევი ქორწინების პრევენციისთვის და ამ პრობლემის გადასაჭრელად, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 1 იანვრიდან 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. ახლა მოქმედი კანონმდებლობით, 17-დან 18 წლამდე ასაკში ქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ 17 წლის ასაკის პირს უკვე შვილი ჰყავს. ეს ცვლილება წელს შევიდა ძალაში.
– როგორია ნაადრევად დაქორწინებული ბიჭების სტატისტიკა?
– ნაადრევად დაქორწინებული ბიჭების რიცხვი, გოგონებთან შედარებით, ნაკლებია. მათი ქცევა ქორწინების მიუხედავად, თითქმის არ იცვლება. ისინი აგრძელებენ სწავლას სკოლაშიც, უმაღლესშიც, შოულობენ სამსახურს. ქორწინების ეტაპით მათ ცხოვრებაში არ ხდება განვითარების შეწყვეტა, თუმცა ადრეულ ასაკში აღებული პასუხისმგებლობა, მათ ცხოვრებას მაინც ცვლის. გოგონების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გამოდის სტერეოტიპი – ტრადიცია და მენტალობა, რომ გოგონა, რომელიც გათხოვდა, აღარ აგრძელებს სწავლას სკოლაში, მით უმეტეს, თუ დაორსულდა. მშობიარობის შემდეგ კი ის ზრდის ბავშვს. ჩნდება ბევრი პრობლემა, რაც განსაკუთრებით ურთულებს ცხოვრებას ნაადრევ ქორწინებაში მყოფ გოგონებს. ისინი აბსოლუტურად დამოკიდებული არიან იმ კეთილ ნებაზე, რასაც ოჯახი მათ მიმართ გამოიჩენს. ეს არის შემთხვევები, როცა ქორწინება ნებაყოფლობითია. კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე, როცა ქორწინება იძულებით ხდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ისევ არსებობს მოტაცების ტრადიცია. ჩვენი მენტალობის პრობლემაა ის, რომ ხშირად ასეთ გოგონებს სახლში აღარ აბრუნებენ. ასეთი გოგონები გენდერული დისკრიმინაციის, სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ დგანან. ხშირად არასრულწლოვანი გოგონები, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, მშობლების სურვილით ქორწინდებიან, რაც მათ უფლებებს მრავალმხრივ არღვევს. არის ქორწინება „გარიგებით” – თუ რეგიონებში ადამიანი „იცვლება” საქონელში, სახნავ-სათესში, ქალაქში ამ ტიპის ქორწინებები შეიძლება იყოს დაკავშირებული ბინასთან, ავტომობილთან და ასე შემდეგ. ყველას გვსმენია ისტორია კახეთის ერთ-ერთ რაიონში, როდესაც გოგონა სახლიდან გაიქცა და ცოლად გაჰყვა შეყვარებულს, რადგან ძალით გათხოვებას უპირებდნენ შეძლებულ ადამიანზე. ეს დიდი პრობლემაა, რომლის სათავეც ისევ და ისევ, ის დიდი განსხვავებაა ქალსა და მამაკაცს შორის, რაც, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია საზოგადოების გარკვეული წრისთვის. მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ ქალმა რეპროდუქციული მოვალეობა უნდა შეასრულოს და რა უნდა მას ამა თუ იმ პროფესიაში; როდესაც საქმე იყოფა ქალის საქმედ და კაცის საქმედ. მაგალითისთვის, ავიღოთ სკოლა, სადაც მასწავლებლები ძირითადად ქალები არიან, მამაკაცები კი – ამ სექტორის მხოლოდ მმართველობებში. მაგრამ, იმ რგოლში, სადაც პირდაპირი კავშირია ბავშვებთან, მოსწავლეებთან, უმეტესობა მაინც ქალები მუშაობენ. რატომ არ შეიძლება, რომ სკოლაში მამაკაცი-პედაგოგებიც იყვნენ? როგორც პოლიტიკა არ უნდა იყოს მარტო კაცების ხელში, რის გამოც ვიღებთ იმას, რაც გვაქვს და არავის მოგვწონს; ასევეა, სკოლაც. ჩვენ ვიცით მიზეზები, რატომაც ხდება ასე – დაბალია მასწავლებლის ანაზღაურება და პროფესიაც უფრო მიკუთვნებულია ქალისთვის შესაფერისად. თუმცა, მასწავლებლობა გამონაკლისი არაა, თითქმის იგივე ხდება სამედიცინო დაწესებულებებში. ზოგადად, ქალებს უფრო დაბალანაზღაურებადი პოზიციები უკავიათ, ვიდრე – მამაკაცებს.
– არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საშუალო თვიური ხელფასი რომ ავიღოთ, მამაკაცის ხელფასი 362 ლარით აღემატება ქალისას.
– ქალის ხელფასი მამაკაცის ხელფასზე 45 პროცენტით ნაკლებია, იმიტომ რომ, ქალები, ძირითადად, მუშაობენ მომსახურე პოზიციებზე. ჩვენ ქალების სიმცირე გვაქვს იმ სამსახურებში, სადაც ანაზღაურება მზარდია. თუმცა, ქალებს ამის აღიარება არ უნდათ. ის, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ქალის საქმე არ მთავრდება, ყველამ კარგად იცის, მამაკაცებთან კი, მსგავსი შემთხვევა თითქმის არ არსებობს. ბოლო წლებში სიტუაცია მცირედ, მაგრამ მაინც შეიცვალა. მაგალითად, თუ ადრე ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში და აქტიურობა ღია ქილიკის თემა იყო, ახლა ის მაინც მივიღეთ, რომ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. მამაკაცი განათლებული და შეგნებულია თუ არა, შეიძლება, იყოს პოლიტიკოსი, ქალს კი პოლიტიკაში მაღალ სტანდარტს სთხოვენ – ის უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, რაც თავისთავად, ძალიან კარგია. ის უნდა იყოს კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე, ეს არსად წერია, მაგრამ ეს ყველა საუბრის თემა და მოთხოვნაა. თუ ქალი სანიმუშო ცოლი არაა, ან საერთოდ არაა ცოლი, არ შეიძლება, იყოს წარმატებული პოლიტიკაში? ამით ის რატომ აფერხებს ქვეყნის განვითარებას? რატომ არ ვითხოვთ იგივეს პოლიტიკოსი მამაკაცებისგან?
თიკო ცომაია: კვლევებით უკვე დადასტურებულია, რომ სქესთა შორის ბალანსი დარღვეულია, დღეს ჩვენთან 100 გოგონაზე, 111-112 ბიჭი იბადება. მაშინ, როცა ნორმალური მაჩვენებელი 100-104-ია. წინა წლებში ეს მონაცემი უფრო მაღალიც იყო. მაგალითად, 2009 წელს, 100 გოგოზე 127 ბიჭი დაიბადა. საინტერესოა, რატომ დაიწია ამ მაჩვენებელმა ბოლო 2-3 წელიწადში. ცნობილია სამი ფაქტორი, რის გამოც ხდება სქესთა შორის ბალანსის დარღვევა. პირველი ფაქტორია, ბიჭის უპირატესობა, როცა მშობლებს გოგოს დაბადებას ბიჭის დაბადება ურჩევნიათ. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46 პროცენტი ბიჭს ამჯობინებს, 45 პროცენტისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9 პროცენტი არჩევდა. მეორე ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში შემცირებულია შობადობა, დაქვეითებულია ფერტილობის უნარი, რაც ხშირად უკავშირდება სხვადსახვა კატაკლიზმას, მათ შორის ეკონომიკურ ფაქტორებს, პოლიტიკურ კონფლიქტებს. მესამე ფაქტორია – ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, როცა ადამიანს იოლად მიუწვდება ხელი სქესის დადგენაზე. საქართველოში ულტრასონოგრაფიის აპარატურა 90-იან წლებში შემოვიდა, სწორედ მაშინ დაფიქსირდა სქესთა შორის თანაფარდობის დარღვევის მაღალი მაჩვენებელი. იქამდე, სანამ ტექნოლოგიურად არ იყო ხელმისაწვდომი სქესის დადგენა, არ იყო დარღვეული სქესთა შორის თანაფარდობა. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ სწორედ ამიტომ გაიზარდა სელექციური აბორტები. მიზეზების ასახსნელად, თუ რატომ იბადება გოგონებზე მეტი ბიჭი, არსებობს ბევრი ხალხური ლეგენდა და ჰიპოთეზა, მათ შორის, ომები, სხვადასახვა ინფექცია... მაგრამ, საბოლოოდ, მეცნიერულად არაფერი დასტურდება. ფაქტია, რომ როდესაც უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგონა, ადგილი აქვს ხელოვნურ ჩარევას, სელექციურ აბორტს. სხვა ახსნა ამ ფაქტს არ აქვს.