კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იდეის ირგვლივ გააერთიანა გიორგი აფხაზავამ ოცდაათი „გიჟი” და შეეხო თუ არა მას ნარკომანიის პრობლემა

მსახიობი და რეჟისორი გიორგი აფხაზავა საკუთარი თეატრის შექმნას აპირებს. შემოქმედებითი ჯგუფი უკვე ჰყავს და საჭირო ფართიც შერჩეული აქვს. ახლა მხოლოდ „კეთილი ბიძიების” კეთილ ნებას ელოდება, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად აქციოს. თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისურის განხრით ლექციებს კითხულობს და ცოტა ხნის წინ, სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაშიც” გამოჩნდა. მხატვარი დათოს როლში, რომელიც სინამდვილეში ნარკოდილერია და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ბავშვებს.
გიორგი აფხაზავა: ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რა პროფესია უნდა ამერჩია. ჯერ კიდევ ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემი საოჯახო თეატრი მქონდა. მე რეჟისორი ვიყავი, ჩემი სამი წლის დისშვილი – მსახიობი. საკმაოდ სერიოზული თეატრი იყო. პროგრამა გვქონდა შედგენილი და ყველაფერს სრული სერიოზულობით ვუდგებოდით (იცინის). კოსტიუმებიც გვქონდა და ბევრი სხვა საჭირო ატრიბუტიკაც. ზუსტად იმ დროიდან ავიღე თეატრისკენ გეზი. ხუთი წლისას უკვე ძალიან მიყვარდა თეატრში სპექტაკლებზე სიარული. მართალია, დიდების სპექტაკლებზე ხშირად მეძინებოდა, მაგრამ პატარების სპექტაკლებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. 16 წლის რომ ვიყავი, სკოლის პარალელურად, სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. რომ დავამთავრე, გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა და მე ხატვის გაგრძელება აღარ ვისურვე. რასაც მოჰყვა ჩხუბი, პედაგოგების სახლში მოვარდნები – რატომ ღუპავთ ბავშვს, მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს სწავლა აკადემიაში, ასე არ შეიძლებაო. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჭკუა მეყო და მივხვდი, რომ ჩემგან მხატვარი არ დადგებოდა, რადგან ბუნებით არ ვარ მხატვრისთვის საჭირო ნატურა. ცამეტი წლიდან უკვე თეატრალურ სტუდიაში ვსწავლობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი თეატრისთვის უნდა დამეკავშირებინა. მერე მივხვდი, რომ რეჟისურა მინდოდა და სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა არცერთი თეატრის შტატში არ ვარ და ამის მიზეზებზე საუბარი არ მინდა, რადგან მაშინ პოლიტიკას უნდა შევეხო. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი, მაგრამ იქ დიდი ხნის წინ მოხდა ცუდი ამბები. ცუდი ბიძია მოვიდა და თეატრიდან გამოგვაგდო. მას შემდეგ არსად მივსულვარ და არ მიცდია, შტატში ჩავმჯდარიყავი. მინდა, ჩემს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ახალი თეატრი გავხსნა. საჭირო ფართი უკვე გვაქვს ქალაქის ძველ უბანში და იმედია, მალე კამერული თეატრი გვექნება – სრულყოფილი და პროფესიონალური. ძალიან მაგარი შემოქმდებითი ჯგუფი მყავს – ოცდაათამდე გიჟი ვართ, თეატრზე ვიჟდებით და როცა ამდენი გიჟი ერთი იდეის ირგვლივ შეიკრიბება, ის საქმე აუცილებლად გამოვა. მართალია, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ კეთილი ბიძიების იმედი გვაქვს (იცინის). ახლა თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი ვარ, რეჟისურაზე ვკითხულობ ლექციებს
– და სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში” ძალიან ბოროტი კაცის როლს ასრულებ.
– ნამდვილად, სერიალში ძალიან ბოროტი მხატვარი ვარ. ხატვით, როგორც გითხარით, მეც ვხატავდი, მაგრამ ასეთი ბოროტი არ ვარ (იცინის). ჩემი სტუდენტები მეხუმრებიან, როგორი ბოროტება შეგძლებიათო. მსახიობმა კარგი როლის შესაქმნელად, გმირთან უნდა გააიგივო შენი თავი. ეს ადამიანი ძალიან გაბოროტებულია. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მისი მიკვირს – ამდენი ტრავმის, იმედგაცრუებისა და ცხოვრებისეული სირთულეების გამოვლის შემდეგ, გაბოროტდა. ასეა რეალურ ცხოვრებაშიც. ბევრი ტკივილის გადატანის შემდეგ, რთულია, საკუთარი მრწმასის ერთგული დარჩე. თუ მაყურებელი დათოს ლანძღავს, ეს მას, ალბათ, ძალიან ეწყინებოდა, მაგრამ მე – არა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩემი საქმე გაკეთებულია.
– სექტები, სიცოცხლისთვის საშიში თამაშები და მსგავსი ტიპის საფრთხეები, რაც სერიალშია ასახული, არასრულწლოვნებში დღეს ძალიან აქტუალური პრობლემაა.
– მე ხშირი შეხება მაქვს სტუდენტებთან თეატრალურში და გარდა ამისა, ვასწავლი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც უშუალო შეხება მაქვს იმ ასაკის ბავშვებთან, სერიალში ამ პრობლემის გმირები რომ არიან. ვფიქრობ, ამის მიზეზი ოჯახის არასწორი ქცევაა. მესმის, რომ მამიკოს და დედიკოს კარიერის აწყობა უნდათ და შვილისთვის არ სცალიათ, საღამოობით კი, გართობის დრო აქვთ. მაგრამ, თუ ასეთ პირობებში ვაპირებთ განვითარებას, მსგავსი პრობლემები აღარ უნდა გაგვიკვირდეს. არ შეიძლება, ბავშვი ძიძამ გაზარდოს. არ იფიქროთ, რომ კონსერვატორი ვარ და ამ საკითხებს მხოლოდ ტრადიციების კუთხიდან ვუყურებ. არა, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ შვილის განვითარებისთვის აუცილებელია, ის მშობელმა აღზარდოს. მაგრამ, ჩვენ საკუთარ თავს არასდროს ვდებთ ბრალს და ყოველთვის სხვებს ვადანაშაულებთ – მთავრობას, გარემოს და ასე შემდეგ. არადა, სანამ ჩვენ კარიერით და გართობით ვართ დაკავებულები, შვილს ამ დროს შეიძლება, სერიოზული პრობლემები ჰქონდეს. ჯობია ეს დრო მის აღზრდას დავუთმოთ. ეს ამ თაობის ძალიან დიდი პრობლემაა, ჩემი თაობისგან განსხვავებით. ჩემს თაობაში სხვა პრობლემა იყო. ჩვენ ძალიან მძიმედ დაგვაწვა ნარკომანიის პრობლემა, რასაც თავის მიზეზები ჰქონდა. მაშინ ქვეყანაში საერთოდ არაფერი ხდებოდა და რომ არ გაგიჟებულიყვნენ, ადამიანები ამ ზღვარს აბიჯებდნენ.
– სერიალში ნარკოდილერი ხარ. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონია ნარკოტიკებთან შეხება?
– რამდენადაც ხედავთ, მე გადარჩენილი ვარ. ნარკოტიკების პრობლემა ამცდა. ცამეტი წლიდან სამსახიობო სტუდიაში ვსწავლობდი. თოთხმეტი წლიდან ოფიციალურად დავიწყე თეატრში მუშაობა. შრომის წიგნაკი გამიხსნეს და ძალიან ვამაყობდი, რომ 14 წლის ბიჭი, უკვე ვმუშაობდი და ოჯახში შემომტანი მე ვიყავი, რადგან მამა იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ის თბილისის ამბებს შეეწირა, თუმცა ამის გახსენება არ მინდა, რადგან ძალიან მტკივნეულია. მოკლედ, 14 წლიდან ჩემი მიზერული ხელფასით ვარსებობდით, რომელსაც დამხმარე შემადგენლობის მსახიობობისთვის მიხდიდნენ. გარდა ამისა, ვიყავი სცენის მუშაც. შესაბამისად, ფიზიკურად დრო არ მქონდა, რომ სხვა რამისკენ გამეხედა. დილიდან დაღამებამდე თეატრში ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს – როგორ გავუძელი მაშინ იმ ყველაფერს. ახალგაზრდას და მით უმეტეს ბავშვს უამრავი სურვილი აქვს. მაგრამ, ამას ვაჯობე. სკოლა, სამხატვრო სკოლა, თეატრი და ამ ყველაფერმა იმდენად ჩამითრია და მომხიბლა, რომ ნარკოტიკებისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
– მატერიალური სირთულეების გამოვლა მოგიხდებოდა.
– რა თქმა უნდა. მარტივი ეს არც მორალურად იყო და არც ფიზიკურად. ელემენტარულად, როცა ვხედავდი, ჩემი თანატოლები სადღაც გასართობად მიდიოდნენ და მე ამ დროს თეატრში უნდა წავსულიყავი დეკორაციის დასაშლელად, გულსატკენი იყო. მაგრამ, ისიც ვიცოდი, რომ მე ძალიან მაგარ საქმეს ვემსახურებოდი და თან, ოჯახის წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა.
– სერიალში შენი პერსონაჟი დააპატიმრეს. სინამდვილეში თუ გქონია სამართალდამცავებთან უსიამოვნო შეხება?
– ოთხმოცდაათიანებში არ არსებობდა ადამიანი, ვისაც სამართალდამცავებთან არ ჰქონდა უსიამოვნო შეხება, მაგრამ მას შემდეგ – არაფერი განსაკუთრებული. ისტორიებზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ ზოგადად, ცუდი დრო იყო და იმ პერიოდში ძალიან რთული იყო გარჩევა სწორისა და არასწორის, მტყუანისა და მართლის.
– ბოლოს პირად ცხოვრებაზე გკითხავ, დაქორწინებული ხარ?
– დაქორწინებული არ ვარ. დიდი ხნის წინ ვიყავი ძალიან ხანმოკლე ქორწინებაში. ახლა თავისუფალი ვარ და თავს მშვიდად ვგრძნობ. პირად ცხოვრებაზე საუბარი, როცა 18-საათიანი სამუშაო დღე გაქვს, რთულია. ამ პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებ ქალს, რომელიც ჩემთან ერთად ყოფნას გადაწყვეტს. უპირველესად, თეატრი უნდა ავაშენო. იქამდე საკუთარი თავისთვის ვერ ვიცლი.
– ქალს, რომელიც შენ გვერდით იქნება, ალბათ, შენსავით უნდა უყვარდეს თეატრი.
– არ შეიძლება, ორი ადამიანი გვერდიგვერდ ცხოვრებდეს და ერთმანეთს არ კვებავდეს. თუ ის საინტერესო არაა, ეს ვერ მოხერხდება. ადამიანს რომ გული გადაუშალო და დაეყრდნო, ჩამოყალიბებული პიროვნება უნდა იყოს, საინტერესო შინაგანი სამყაროთი. ამის გარეშე, წარმოუდგენელია. გარეგნობა ერთი და ორი კვირა კარგია, მაგრამ ამის მეტი თუ არაფერი გიზიდავს ადამიანში და მასთან საერთო ენას ვერ გამონახავ, წარმოუდგენელია ასე ცხოვრება.

скачать dle 11.3