კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვიდეომასალას ინახავს აჩიკო მეფარიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და როგორი ოპერაციები აქვს ჩატარებული მომღერალს ციხის საავადმყოფოში #45

ცოტა ხნის წინ, აჩიკო მეფარიძე, ზურა ხაჩიძესთან და ზალიკო ბერგერთან ერთად, მიუნხენში იყო გასტროლზე. ჯგუფმა, იქ მცხოვრები ქართველებისთვის და არა მარტო მათთვის, დაუვიწყარი კონცერტი გამართა. კმაყოფილი დარჩა ყველა, როგორც მაყურებელი, ასევე მონაწილეებიც. ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, აჩიკო მეფარიძე გვესაუბრა.
აჩიკო მეფარიძე: ძალიან კმაყოფილი ვარ გერმანიაში ჩატარებული კონცერტით, რადგან ძალიან საინტერესო ჯგუფი წავედით: ზურა ხაჩიძე, მე და ზალიკო ბერგერი. ზალიკომ ორიგინალურად, თანამედროვედ წაიყვანა საღამო. „ლაივიც“ ჩავრთეთ „ფეისბუქზე“. ზალიკომ, როგორც კი სცენაზე გამოვიდა, მაყურებელს უთხრა,  რომ ჩვენ ვართ „ლაივში“ და გვიყურებენ სხვადასხვა ქვეყნიდანო. ოთხ ენაზე მიჰყავდა საღამო: ქართულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. ჩემთვის ეს იყო გასაოცარი. საიდან იცოდა გერმანული, ნამდვილად არ ვიცი. რაც მთავარია, თავად მაყურებელიც ნასიამოვნები დარჩა. ისე მოეწონათ, რომ საცეკვაოდ პირდაპირ სცენაზე გამოცვივდნენ (იცინის).
– ერთი პერიოდი აქტიურად მუშაობდით, ახალ სიმღერებს წერდით. შემდეგ გაჩერდით, რატომ?
– ახალი სიმღერები იმიტომ არ მაქვს ჩაწერილი, რომ ამის საჭიროებას ვერ ვგრძნობ.  კონცერტები არ ტარდება. თუმცა, ალბათ, მომღერალმა მაინც უნდა გააკეთოს ახალი რამ. ეს, გარკვეულწილად, ჩემი ბრალიც არის. უცხოეთში ჩემს სიმღერებს კარგად იღებენ, მოსწონთ. ისევ გერმანიას დავუბრუნდები და მაგალითად მოვიყვან. მიუნხენში ჩვენს კონცერტზე ბევრი ქართველი იყო მოსული, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი – ლექტორი, სტუნდენტი, მზარეული და ასე შემდეგ. ჩვენს სიმღერებზე ისეთი ამბავი ჰქონდათ, ისე უხაროდათ, რომ გაოცებული ვიყავი. „მშვიდობით“, „მითხარი“ „ო, რა კაია“ – მათი თინეიჯერობის დროს შეიქმნა. შესაბამისად, თითოეული მათგანი მათთვის ძვირფასი დროის მოსაგონარია. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მხვდება თბილი დამოკიდებულება, უყვართ ჩემი სიმღერები. სიმღერა „მითხარი“ 17 წლისაა. დროს გაუძლო. შესაბამისად, სულ იქნება, ისევე როგორც „მშვიდობით“, „უცხო ქალაქში“ და ასე შემდეგ.
– რაღაც პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდით. რუსულ შოუ-ბიზნესშიც მოღვაწეობდით?
– რუსეთის შოუ-ბიზნესში ვერ ჩავითვლები, რადგან ის არ გიღებს შენ. რუსული შოუბიზნესი ძალიან დიდ ფულთანაა დაკავშირებული. იქ არავინ შეგიშვებს დიდი ფულის გარეშე. რუსეთში ბევრი კორპორატიული საღამო მქონდა. მაქვს გამოშვებული ჯაზ-ალბომი და ვთანამშრომლობდი უცხოელებთან, მათ შორის BMW-თან, „გაზპრომთან“ , „ამერიკის საელჩოსთან“ და ასე შემდეგ.
– პოლიტიკური გავლენა თუ ყოფილა თქვენზე, როგორც მომღერალზე?
– არა, პირადად ჩემზე არა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი დაჭერილი იყო, იმ დროს ვიყავი ძალიან პოპულარული. მამაჩემი დაიჭირეს, როგორც კი სააკაშვილი  მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო 2003 წლის ნოემბერი. თუმცა, მამაზე დევნა 2000 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. მამა იყო თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორი და მის სამსახურში შედიოდა თბილისის შემოგარენის გამწვანება, ამ გამწვანების დაცვა და განაშენიანება.  მამაჩემს 30 000 ჰექტარზე აქვს ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყე. მათ შორის, თბილისიდან წყნეთის ჩათვლით, რომელიც გრძელდება კოჯორში. მიშა მამას ბრალს სდებდა იმაში, რომ არაკანონიერად ჭრიდა და ჰყიდდა ხეებს. ის წყნეთში, ჩვენს სახლთან მოდიოდა, აწყობდა დემონსტრაციებს, მოჰყავდა რვა ქალი, რომლებიც სულ თან დაჰყვებოდნენ. იბარებდა ტელევიზიებს და ყვიროდა, რომ შოთა მეფარიძე იყო ფეოდალი. მაგრამ, როგორც ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ეს იყო მხოლოდ მისი საპრეზიდენტო პიარი. ის მიწები, რომლებსაც მამაჩემი იცავდა, დღეს ყველა გაყიდულია. კაკლები არის ამის მაგალითი. იქ ნათლად ჩანს, რომ ხელოვნურად არის გაშენებული ტყე, თუმცა მისი ძირითადი ტერიტორია კერძო დასახლებითაა სავსე. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს 2004 წელს. „კაკლების“  ტერიტორია და დანარჩენი ადგილები კი, მერეა გაყიდული. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი მამაჩემის დევნის, რომელიც 2000 წელს დაიწყო. მის მერე 16 წელი გავიდა და დრომ ყველაფერი ნათლად დაგვანახვა. ძალიან ცუდი პერიოდი იყო ჩემი ოჯახისთვის, ასევე რთული იყო ჩემთვისაც, რადგან იმ დროს პოპულარობის ზენიტში ვიყავი. გარდა ამისა, რთულია, როცა სრულიად მოულოდნელად, ნიღბიანი პირები გეჭრებიან სახლში და გჩხრეკენ. მეც და ჩემს და-ძმასაც ასე შემოგვივარდებოდნენ ხოლმე სახლში, ღობეებიდან ხტებოდნენ. თუმცა, რას ეძებდნენ, ვერ გეტყვით. ამ ყოველივეს დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი არსებობს, მათ შორის, მე მაქვს ის კადრი შენახული, როდესაც პირადად სააკაშვილმა გადაამტვრია ჩვენი ჭიშკარი და ხალხი ეზოში შემოვარდა. მაშინ, მამა ჩემს დისშვილებთან ერთად, რომლებიც 3 და 4 წლისანი იყვნენ, მარტო იყო სახლში. იმისთვის, რომ ხალხი შეეშინებინა და უკან გაბრუნებულიყვნენ, ერთი აბოიმი ტყვია ჰაერში გაისროლა. ეზოში გვყავდა ხუთი კავკასიური ნაგაზი და ისინიც აუშვა. ყველა გაიქცა, ერთი კაციც კი არ დარჩენილა სახლის ახლო-მახლოს მაშინ ამ ფაქტზე მიშას პარლამენტში უთხრეს, იურისტი მაინც არ იყო, სხვის სახლში ნებართვის გარეშე რომ იჭრებიო. ეს არის იმ 16-წლიანი დევნის მოკლედ გადმოცემული ისტორია.
– როგორც ვიცით, ქირურგი ხართ და ციხეში მუშაობდით ექიმად.
– დიახ. ვმუშაობდი „რეზ ბალნიცაში“, ანუ „რესპუბლიკურ საავადმყოფში“. ინსტიტუტის მერე ჯერ გამანაწილეს ტყიბულში. იქ უნდა ვყოფილიყავი „შახტაში” და, თუ ვინმეს დასჭირდებოდა ექიმი – მემკურნალა. მამაჩემმა რაიკომის მდივანს სთხოვა, რომ დაეწერა, ვითომ შახტაში ადგილი არ იყო და გამომიშვეს თბილისში. მერე, უკვე შემომთავაზეს ნახევარ განაკვეთზე ციხეში მუშაობა. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, ქირურგი ნავოლის ქობულია, რომელმაც შემასწავლა ეს დარგი. საინტერესო პერიოდი გავიარე. ძალიან რთული ობიექტი იყო. ციხე სახელწიფოში, კიდევ ერთი სახელმწიფოა. თან, მაშინ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები ბობოქრობდნენ. საავადმყოფო იყო ერთადერთი ადგილი, სადაც სხვადასხვა კოლონიიდან შეეძლოთ შეხვედრა სხვადასხვა რეჟიმის ხალხს. როცა „სხადნიაკი“  უნდოდათ, საავადმყოფოში იკრიბებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს ობიექტი თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი იყო. ექიმები მათთვის პატივსაცემი და საყვარელი პიროვნებები იყვნენ, რადგან იქ ჩვენ ვიყავით ერთადერთები, მათ რომ ვშველოდით. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო იყო, რადგან იქ გავიარე ცხოვრების სკოლა.
– ცნობილია, რომ პატიმრები საავადმყოფოში მოსახვედრად თვითდაზიანებებს მიმართავენ. მსგავს შემთხვევებთან თუ გქონდათ შეხება?
– კი, როგორ არა. მყავდა ერთი ავადმყოფი, რომლის გვარი არასდროს დამავიწყდება – შაგაბუწინოვი.  არც ვიცი, ეს ადამიანი, რა ეროვნების იყო, ალბათ, უფრო თათარი. საავადმყოფოში მოსახვედრად მან ჩაყლაპა „სვარკის“ ელექტროდი, რომელიც იყო 22-სანტიმეტრ-ნახევარი. ამხელა რკინა გადაყლაპა. ელექტროდმა გახვრიტა კუჭი, მისი ნახევარი ნაწილი იყო ღვიძლში შესული, ნახევარი კიდევ – დიაფრაგმაში. ეს საკმაოდ რთული ოპერაცია გახლდათ. ჩვენ მოგვიწია ჯერ მუცლის ღრუს ოპერაციის გაკეთება და მერე გავხსენით გულ-მკერდი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ასისტენტი ვიყავი. გადარჩა ეს ადამიანი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც „ბრიტვებსა” და კოვზებს ყლაპავდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია სავალალო. ერთი საინტერესო შემთხვევა იყო: კაცმა ჩაყლაპა 40 საკერავი ნემსი. რენტგენი რომ გადავუღეთ, ფილტვებში სულ ნემსები ჰქონდა – საყლაპავიდან პირდაპირ ფილტვეში იყო წასული. ამ შემთხვევაში ოპერაციას ვერ გავაკეთებდით, მაშინ ფილტვები უნდა ამოგვეღო და ადამიანი დაიღუპებოდა. ორგანიზმს უცხო სხეულების მიმართ აქვს დამცავი მექანიზმი. ქმნის კაფსულას და უცხო სხეული მასში ინკაფსულირდება, რის შედეგადაც ვეღარ მოძრაობს. მისი გადარჩენა თავად მისმა ორგანიზმმა შეძლო. ერთხელ ჩემი მორიგეობა იყო და მომიყვანეს პირდაპირ გულში დაჭრილი პიროვნება – პურის დანით იყო დაჭრილი. მე გავუკეთე ოპერაცია. ეს კაცი დღესაც ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ასე რომ, ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გადარჩენილი.
– რატომ არ გააგრძელეთ ამ პროფესიით მუშაობა?
– ქირურგიულიდან წამომიყვანეს ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრმა მთხოვა, გადავსულიყავი მათთან. იქ ვიმუშავე დაახლოებით 8 წელი. 1998 წელს დავწერე განცხადება და წამოვედი საკუთარი სურვილით, რადგან ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, 150 დოლარის ტოლფასი. ამ თანხით  ვერ ვიცხოვრებდი. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი ბიზნესი გამეკეთებინა. შევიძინე ფართი და გავხსენი იტალიური ტანსაცმლის მაღაზია. სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი აფთიაქი ქალაქში ეკუთვნოდა ჩემს ძმას. მეც მქონდა საბითუმო ფასებში აფთიაქი და ამ ორი პუნქტიდან კარგი შემოსავალი მქონდა. 1999 წელს, ზაფხულის პერიოდში, ჩავწერე სიმღერა „მითხარი“. მაშინ არც მიფიქრია, რომ ვარსკვლავი უნდა გავმხდარიყავი ან რაიმე მსგავსი. უცებ აიტაცა ეს სიმღერა ხალხმა. სექტემბერში უკვე იმდენად პოპულარული ვიყავი, რომ ჩემს სადარბაზოში  ფანებს ეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტკბილად მახსენდება ეს პერიოდი, გარკვეული დაძაბულობაც ახლდა თან. იძულებული გავხდი, ამეყვანა დაცვა. ისეთი პერიოდიც მქონდა, ერთი მანქანა სავსე იყო დაცვით და მეორე მანქანაში მე ვიჯექი, ასევე, დაცვასთან ერთად.
– ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. არაერთი საინტერესო ისტორია გექნებათ მოსაყოლი. რომელიმე მათგანს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– 50-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ძირითადად კონცერტებით მივდივარ, თუმცა დასასვენებლადაც ხშირად ვყოფილვარ უცხოეთში. დიახ, ბევრი საინტერესო ისტორია ყოფილა. ერთ-ერთს მოგიყვებით. ჯერ კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი, აპარატის ხელმძღვანელი ვიყავი. მთხოვეს, რომ გამეხსნა ინდოეთის საზღვარი. მაშინ ჩაკეტილი იყო, რადგან ერთი წლის განმავლობაში ინდოეთში შავი ჭირი მძვინვარებდა. ერთი წლის თავზე კი, მთხოვეს საზღვრის გახსნა. მეც დავაკმაყოფილე თხოვნა და მადლობის სანაცვლოდ, წამიყვანეს ინდოეთში. წავყევი მოვაჭრეების ჯგუფს – ზოგი ტანსაცმლით, ზოგი კი აქსესუარებით ვაჭრობდა. ვცხოვრობდით შედარებით დაბალფასიან სასტუმროში. ერთ-ერთ ღამეს მაღვიძებს ქართველი ქალის განწირული კივილი. საცვლებით ჩავვარდი პირველ სართულზე, რომ გამეგო, რა ხდებოდა. შეკრებილი იყო ყველა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალთან კონდინციონერის უკანა მხრიდან კობრა ამომძვრალიყო. ეს იყო ძველი სასტუმრო და კონდიციონერები იყო ისე, როგორც რადიატორები. თავზე ჰქონდათ ხის რიკულები, სადაც ამ ქალს ნავაჭრი ელაგა. შემთხვევით გაუგია ქაღალდების შრიალი. ცოტა სრული ქალი იყო და როგორც თავად ყვება, კობრამ თავი რომ წამოყო, როგორ გადმოვაფრინდი ორ საწოლს, ვერ გეტყვითო (იცინის). თურმე, კობრას ჰყოლია სპეციალური დამჭერები. კობრა კი დაიჭირეს, მაგრამ ჩვენ რაღა დაგვაძინებდა. როგორც გავარკვიეთ, ეს სასტუმრო ყოფილა კობრების ქალაქზე აშენებული. ანუ, მათი სამყოფელი ყოფილა აღნიშნული ტერიტორია და სასტუმროს მიწის ქვეშ ბუდობდნენ.
– სათვალეს სულ ატარებთ. რატომ?
– როდესაც შევიცვალე იმიჯი, ანუ გადავიპარსე თავი და ჩავიცვი გრძელი ტყავი, ვიყიდე მოსკინოს სათვალე, სულ შავი. იქიდან გამომყვა სათვალის ტარების ჩვევაც. ძალიან ბევრი სათვალე მაქვს, ალბათ, 100-ზე მეტი.

скачать dle 11.3