როგორ ხატავს „სნაიპერი“ ქართველი ქალი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიებს #45
ხატმწერი ირმა ქვლივიძე წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს, ხატებს წერს და ტაძრებს ხატავს. რაც მთავარია, ის დღემდე ინარჩუნებს კავშირს ფერწერასთან და სამომავლოდ ფერწერული ნამუშევრების გამოფენასაც გეგმავს.
ირმა ქვლივიძე: თბილისში სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტეზე. იმ პერიოდში ჩვენს ფაკულტეტს დაემატა ხატმწერის სპეციალობა. როგორც იცით, კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოში აკრძალული იყო რელიგიური მხატვრობა და როდესაც ჩვენს ფაკულტეტზე ხატწერის სპეციალობა გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ არავინ იცოდა ხატის წერა. შესაბამისად, ეს სტუდენტებსაც აინტერესებდათ და ლექტორებსაც. სწავლის პროცესში გოგონები ვხატავდით ხატებს, ბიჭები კი, ტაძრების მოხატვაზე მუშაობდნენ. ეს ცოტა არ მომწონდა, რადგან სქესის მიხედვით ხდებოდა დაყოფა. მოგვიანებით, როცა საბერძნეთში მოვხვდი, მითხრეს, რომ აქ ბევრი ტაძარი იხატებოდა. თან, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ქალი იყავი თუ კაცი. ამან დამაინტრიგა და რაც მთავარია, მივხვდი, მქონდა შანსი, ეს საქმე მეკეთებინა. ხატწერაში ბევრი რელიგიური გზით შედის, მე მხატვრობიდან მოვხვდი. კულტურული თვალსაზრისით მაინტერესებდა ხატწერა, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი, რომელიც წლების წინ დაიკარგა. საბერძნეთში დედათა მონასტერში ვიყავი 6 თვე, სადაც ბევრი რამ გავიგე. შევხვდი და გავიცანი ცნობილი ხატმწერები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ეკლესია-მონასტერს ვხატავდი, როგორც დამხმარე. ხატწერა რთული ტექნიკური საგანია, არანაირ შეცდომას არ გაპატიებს. მხატვრობა გაცილებით ექსპრესიულია, ნებისმიერი ცოდნის დონიდან შეგიძლია, გამოხატო საკუთარი თავი, გრძნობები, მაშინ როცა, ხატწერაში თუ დიდი, რთული გზა არ გაიარე, არ დაიხვეწე, ვერაფერს გამოხატავ. ამიტომ, ხატებზე მუშაობა, ეს იყო ჩემთვის თავმდაბლობა. თუმცა, როგორც უმეტესობა ფიქრობს, ეს არის ღვთისმიერი თავმდაბლობა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის უფრო მხატვრული თვალსაზრისით თავმდაბლობა, საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა. თუ შენ ამბიციით შედიხარ ხატწერაში, მას ვერ დაეუფლები. ხატწერაში არსებობს როგორც ეროვნული ხასიათი, ასევე ხალხური შემოქმედება და ხშირად, ეს ორი ერთმანეთში ერევათ. ხალხური შემოქმედება უფრო კუთხურია და ეს არის საბერძნეთშიც. მე ქართველი ვარ, მაგრამ რუსეთში გავიზარდე – არც ბოლომდე ქართველი ვარ, არც ბოლომდე რუსი და არც ბერძენი. შესაბამისად, კუთხური რაღაცეები არ მაქვს. ამიტომაც, ვინც ჩემს ხატებს ნახავს, ამბობს, რომ ოდნავ აგონებთ რუსულს, თუმცა მე რუსულ სტილს არ ვიყენებ. ალბათ, სამივეს შერწყმამ, შექმნა განსხვავებული სტილი. რა თქმა უნდა, მივყვები იმ კანონებს, რომლის დაცვაც აუცილებელია. მაგრამ, ყოველთვის მქონდა მიზანი, კანონს თუ არ დავარღვევდი, ჩემი ხელწერა მაინც მქონოდა, რომ შეხედავდნენ თუ არა, ეცნოთ: ეს ირმას ნამუშევარია.
– ძირითადად, საბერძენთში მუშაობთ?
– ვიმუშავე ათენში, სალონიკში. სანტორინზე დიდხანს ვმუშაობდი სხვადასხვა ტაძარში; კიდევ საბერძნეთის სხვა ქალაქებში. და ასევე, ციურიხსა და ნეაპოლში ბერძნულ ტაძრებში. ციურიხში ეკლესია აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურებოდა. გარედან ვერც კი მიხვდებოდი, რომ ეკლესია იყო, თანამედროვე ნაგებობაა. სამღვდელოებაც საერო სამოსით დადის. რაც შეეხება შიგნითა მოხატულობას, ყველაფერი ტრადიციული ბიზანტიური, ანუ ბერძნული სტილით ხდებოდა. ჩემთვის მაინც გამორჩეული იყო კუნძულ სანტორინზე კათედრალურ ტაძარში მუშაობა. ადგილი, სადაც ეს ტაძარი დგას, კლდის პირია და საოცარი გადმოსახედია იქიდან. მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი ტურისტი შემოდიოდა. ხარაჩოზე დგახარ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიან ადამიანები, გიყურებენ, აკვირდებიან ყველაფერს. ტაძარიც საკმაოდ დიდია. 1986 წელს დაიწყეს ტაძრის მოხატვა და 2001 წელს მე შევუერთდი. ის ხატმწერი, რომელმაც თავიდან დაიწყო მუშაობა, იშვიათად მოდიოდა და მთელი სამუშაო, ძირითადად, ჩემზე გადმოვიდა.
– საქართველოში, ალბათ, ბევრს გაუკვირდება ქალი ხატმწერი, რომელიც ხარაჩოზე დგას და ეკლესიას ხატავს.
– კი და მე როგორც ვიცი, დღეს საქართველოში ქალებს არ აქვთ კურთხევა, რომ ტაძარი მოხატონ. საბერძნეთში, რა თქმა უნდა, ეს არავის უკვირს, ჩვეულებრივი ამბავია.
– მუშაობისას თუ გექმნებათ გარკვეული სირთულეები, ბრძოლები, რომელზეც ხშირად საუბრობენ სხვა ხატმწერები?
– ძალიან ბევრი ბრძოლა და განსაცდელია და ეს ჩემი განუყოფელი ნაწილია, რადგან მე სულ ამ პროცესში ვარ: გუშინაც ვწერე ხატი, ხვალაც უნდა დავწერო და ზეგაც. სულ ბრძოლაა, რადგან როგორც გითხარით, საოცრად თავმდაბალი უნდა იყო. ამას კი ებრძვის შენი ეგოიზმი, შენი „მე”. გინდა, ამ მარწუხებისგან გათავისუფლდე. საკუთარ თავთან მუდმივად მიდის ბრძოლა, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული პროცესია.
– დაახლოებით, რამდენი ეკლესიის მოხატვაზე გიმუშავიათ?
– 12 ტაძრის. ზოგზე მუშაობა თვეები გრძელდებოდა, ზოგზე – წლები. იყო, როცა 3-4-ზე ერთად ვმუშაობდი. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ათენშია „ქართული სახლი”, რომელიც ქალბატონებმა: დარეჯან ღამბაშიძემ და დარეჯან ბუცხრიკიძემ ჩამოაყალიბეს. საკვირაო სკოლაში გაკვეთილები ქართულად ტარდება და ქართულს ასწვლიან იმ ბავშვებს, ვისაც ქართული ავიწყდებათ. მეც ვასწავლი ბავშვებს ქართულ ენაზე ფერწერას, ხატვას.
– საქართველოდან არ გაქვთ შეკვეთები?
– არა. ვფიქრობ, საბერძნეთში ჩვენი სამუშაოს ანაზღაურება უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში. ხარჯებიც იქ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. აქედან გამომდინარე, ისე გამოდის, რომ ჩვენი ფასები ქართველებისთვის მაინც მიუწვდომელია. თან, ჩვენთან უკვე წამოვიდა ხატმწერთა თაობა, რომლებიც ძალიან კარგად წერენ ხატებს. საქართველოში ჩემი რამდენიმე ხატია, რომლებიც მიჩუქებია.
– რა სიდიდისაა თქვენი შესრულებული ყველაზე დიდი ფრესკა?
– რაც უფრო შორს არის წმიდანი, მით უფრო დიდს ვხატავთ. რაც ქვემოთ ჩამოდიხარ, ზომა მცირდება. ყველაზე დიდი წმიდანი, რომელიც დამიხატავს, ყოფილა: 2 მეტრი და 30 სანტიმეტრი, რეალურზე საკმაოდ დიდი. რაც უფრო დაბლა ჩამოდიხარ, მცირდება მისი ზომა და დაახლოებით 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია ხოლმე. არის საშუალო ზომის ეკლესიები, სადაც წმიდანები 1 მეტრი და 50 სანტიმეტრია, რომ შეესაბამებოდეს ეკლესიის კედლებს. ზოგადად, ეკლესიის მოხატვის თავისებურება ისაა, რომ სწორად უნდა მოხდეს მთლიანი, კომპოზიციური განაწილება. ყველაფრის ერთად შერწყმა ის სილამაზეა, რაც საბოლოოდ, ეკლესიის შიდა არეალს ქმნის. სულ ვცდილობ, წმიდანების სახეები არ იყოს ერთნაირი და ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავკარგო მხატვრობასთან შეხება, რადგან ხატწერა იმდენად რთულია, რომ ძალიან კარგი ხატმწერი უნდა იყო. მაგრამ, ძალიან ძნელია, იმავდროულად, კარგი მხატვარიც იყო. 15 წელი საერთოდ არ მქონია ხატვასთან შეხება და ბოლო წლებია, ფერმწერას ვუბრუნდები. მინდა, ფერწერული გამოფენა გავაკეთო, სადაც არ შეეტყობა, რომ ეს არის ხატმწერის მიერ შერულებული ნამუშევრები. ეს მხოლოდ ფერწერა იქნება.
– როგორც ვიცი, აქტიურად ეუფლებით სპორტის ერთ-ერთ სახეობას.
– კი, წელიწად-ნახევრის წინ, დავინტერესდი პნევმატური პისტოლეტით სროლით, რომელიც ოლიმპიური სახეობაა. მინდა, სპორტის ოსტატის წოდება მივიღო. მწვრთნელები მეუბნებიან: შენს პორფესიაში რომ ხარ მშვიდი, გაწონასწარებული და დისციპლინირებული, იმიტომ ხარ კარგი „სნაიპერიო”. ძალიან გამიტაცა და ეს ჩემთვის სულ სხვა გამოცდაა – ძალიან მკაცრი გამოცდა. სპორტის ეს სახეობა ისეთ თვისებებს აყალიბებს, რასთანაც ადრე შეხება არ მქონია – უფრო ძლიერი ხდები, არ უნდა მოექცე ზეგავლენის, სტრესის ქვეშ, რადგან ცოტა გული რომ აგიჩქარდეს, მიზანში ვეღარ ისვრი. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. ისეთ რამეებს მაკეთებინებს, რაც მეგონა, რომ არ შემეძლო. შეჯიბრებებზეც გამოვდივარ, მაქვს მედლებიც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ეს არავის უკვირს. ბევრი კლუბია, სადაც ოჯახური სიტუაციაა. სამი თაობის ხალხი დადის. ზოგი მათგანი 70 წლისაა და ისევ გამოდიან შეჯიბრებაზე, თან არც თუ ისე ცუდი შედეგი აქვთ.
– ახლა რა სიზუსტით ისვრით მიზანში, როგორი სნაიპერი ხართ?
– ცხრიანში ვისვრი. ჩემი საშუალო ქულა ცხრიანზე ცოტა მეტია.