კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკოლოზ ბადურაშვილის შექმნილ კარს ათონის მთის დიონისეს მონასტერში დაკიდებენ #45

წარსულს თუ თვალს გადავავლებთ, ნათელია ქართველების როლი და დამსახურება ათონის წმიდა მთაზე, რომელიც არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთი ერის საკუთრება. ის ყოველთვის ხელმისაწვდომი გახლდათ ყველა ეროვნების მართლმადიდებელთათვის, როგორც მონაზვნობის  მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრი.  აქ მოღვაწეობდნენ იოანე, ექვთიმე, გიორგი ათონელები, თორნიკე ერისთავი და სხვა წმიდა მამები.  150-წლიანი პაუზის შემდეგ, ერთი წელია, რაც ათონის მთაზე  კვლავ აღდგა ქართული წირვა-ლოცვის ტრადიცია და ისტორიაში გაჩნდა ქართველი ოსტატი – ნიკოლოზ ბადურაშვილი. მისი შექმნილი უნიკალური კარი ჩაანაცვლებს ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტრის ცენტრალურ ეკლესიაში, 400-500 წლის წინანდელ მონასტრის კარს, რომელსაც მუზეუმში განათავსებენ. როგორ აღმოჩნდა ხელოვანი ათონის მთაზე და როგორ შეიქმნა მომავლის ისტორია ქართველის ხელით, სტატიიდან შეიტყობთ.
ნიკოლოზ ბადურაშვილი: წარმოშობით თიანეთიდან ვარ. 15-16 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე, როგორ მუშაობდნენ ხეზე და ძალიან მომეწონა. ამიტომ, მოსე თოიძის სასწავლებელში შესვლა გადავწყვიტე. 20 წელია, ხეზე ვმუშაობ და ვხატავ. 2000 წელს, როცა სამების ტაძრის შენობა დასრულებული იყო და ხის სამუშაოები იწყებოდა, გავბედე და მუშაობა დავიწყე. თან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდით. აქვე გავიცანი ჩემი მომავალი მოძღვარი – მამა იაკობ უშიკიშვილი და ახალი ცხოვრება დავიწყე, ყოველთვის ვცდილობდი, ეკლესიურად მეცხოვრა. დავდიოდი მონასტრებში, ბერობაზეც ვფიქრობდი ხშირად, მაგრამ რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. რამდენიმე წლის წინ, ბეთანიის მონასტერში მამა გაბრიელ ჯახველაძე გავიცანი, რომელიც დამპირდა, ათონის მთაზე წაგიყვანო – რაც ვერ გავაცნობიერე, რეალურად ვერ აღვიქვი. რამდენიმე წელში ის ათონის მთაზე გაემგზავრა. ერთი წლის მერე კი, მოწვევა გამომიგზავნა. ეს იყო დიდი სიხარული. წავედი, როგორც მომლოცველი და დარჩენაზე არც მიფიქრია. თუმცა, ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, დარჩენა შემომთავაზეს. ზოგრაფის ტაძარში ორი კანკელი გავაკეთე. ვიყავი ვატოპედის  მონასტერში, საიდანაც დიონისიატის მონასტერში გადმოვედი და გავიცანი ბერმონაზონი სიმეონი. მან შემომთავაზა, გამეკეთებინა დიონისიატის კარი. ეს იყო საოცრება, ენით აუწერელი ბედნიერება. ღვთის წყალობაა ეს ყველაფერი. სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ისტორიაზე მიწევს შეხება და  მეამაყება, რომ  ქართველის გაკეთებული ნამუშევარი დარჩება ამ მონასტერში.
– ძველი კარის ასლი იქნება თუ მისი ანალოგიით ქმნით ახალს? ითქვა, თითქოს საკუთარ ინიციალებს ქართულად დაიტანდით კარზე და ამით კიდევ ერთხელ შეინახავდა ათონის წმიდა მთის ისტორია საქართველოს სახელს...
– ორიგინალის ასლი კეთდება. დიონისიატის მონასტერი მეთხუთმეტე საუკუნისაა. სიძველით ათონის მთის მონასტრებს შორის მეხუთეა. ახლანდელი კარი 500 წლის წინანდელია და ძალიან არის დაზიანებული. რესტავრაციის შემდეგ, მუზეუმში წაიღებენ. აქ ყველა მონასტერს საკუთარი მუზეუმი აქვს. ახალი კარი დასრულების ეტაპზეა – შეღებვა და მოოქროება დარჩა. ძალიან ბევრი დეტალია, ოთხი მხატვარი მუშაობს მის მოხატვაზე. კარის ქვემოთა დეტალები ძალიან დაზიანებული იყო. მითხრეს, – შენ რასაც მოიფიქრებ, ის გააკეთეო. ამიტომ, რაღაც დეტალები ჩემი ესკიზითაა შესრულებული. ძველი კარის გაწმენდისას, რამდენიმე ფენა აღმოვაჩინე, სხვადასხვა პერიოდში შეღებილი და მოხატული. პირველ ფენამდე დავედი, რის მიხედვითაც ვმუშაობთ ახალ კარზე. სამუშაო მთლიანად ხელით შევასრულე. თვითონ კარი მუხისაა, რომელზეც შემდეგ ორნამენტია აწყობილი. ორნამენტი საქართველოდან წაღებული ველური მსხლის, ანუ პანტის მასალისგანაა. წებო არ გამომიყენებია, სპეციალური ხის ბურთულებით არის ორნამენტები დაკავშირებული. წლების შემდეგ, თუ რესტავრაცია დასჭირდება, შესაძლებელია მისი დაშლა და შემდეგ აწყობა. საკუთარ ინიციალს რაც შეეხება, შევადგინე დიდი მოსახსენიებელი, სადაც ჩავწერე ჩვენი უწმიდესი, ილია მეორე და ყველა ჩემიანი. მოსახსენიებელი ახალ კარშია ჩატანებული.
– ძველი კარის ავტორის ვინაობა თუ არის ცნობილია?
– ძველი კარის ავტორი ვინ არის, არ იციან. მისი ვინაობა შემონახული არაა. მეც მინდოდა, მეთხოვა და თავად დამასწრეს. შემომთავაზეს, რომ ახალ კარზე, უკან, გამოსაჩენ ადგილზე, ქართული ასოებით დაეწერება შემსრულებლის სახელი და გვარი.
– როგორც ვიცი, ათონის მთაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ და თითოეული მათგანი ათონის მთის მონასტრის გარეთ ცხოვრობს. თქვენ შემთხვევაში კი, გამონაკლისი მოხდა... როგორია ათონის მთაზე, ბერმონაზვნებთან ერთად ცხოვრება?
– რადგან ენა არ ვიცოდი, სენაკი მამა გაბრიელის გვერდით მომცეს, სადაც მონასტრის ძმები ცხოვრობენ. ათონის მთა სამოთხეა. ძალიან დიდი სიმშვიდე და სიყვარულია აქ. თითოეული ბერმონაზონი „ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი” არის. პირველად რომ მოვდიოდი, ცოტა მეშინოდა. ვგრძნობდი, რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს ვეჭიდებოდი და თავისებური განცდები მქონდა. თავიდან რუსები, სერბები, ბულგარელები ხშირად გამომელაპარაკებოდნენ ხოლმე და რომ გაიგებდნენ, ქართველი ვიყავი, მაშინვე გაიძახოდნენ – „ივერონ, ივერონ.” იციან, რომ აქ ქართველთა მონასტერი იყო. ჩვენი ივერონის მონასტერი დღეს ბერძნების ხელშია. მის ფრესკებზე ქართული კვალი, ფაქტობრივად, წაშლილია. თუმცა, ივერონის მუზეუმში ბევრი მნიშვნელოვანი ქართული ნივთი ინახება. მათ შორისაა თორნიკე ერისთავის აბჯარი. აქვეა მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ძვირფასი ხატებიც. ღვთის წყალობით, ახლა ათონის მთაზე ბევრი ქართველი ბერმონაზონია, უმეტესად, ახალგაზრდები. თუმცა, სამოც წელს მიტანებულებიც არიან.

скачать dle 11.3