მამამ შვილი ცოლზე ეჭვიანობის გამო სასიკვდილოდ გაიმეტა #45
35 წლის გიორგი უ-შვილი სავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს. მას გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნებოდა – მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ორი ქირურგიული ოპეარციის შედეგად შეძლეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ გიორგი უ-შვილს მძიმე დაზიანებები მიაყენა მამამ, 55 წლის ნუგზარ უ-შვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
რა გახდა მამა-შვილის კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზი, რასაც მძიმე დანაშაული მოჰყვა, ამის შესახებ გამოძიებისთვის თავად დაკავებული მამაკაცისგან გახდა ცნობილი. დანაშაული მის კუთვნილ ბინაში, მისი მეუღლის, მარეხ გ-შვილის თვალწინ მოხდა. ის ერთადერთია, ვინც მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო. მარეხ გ-შვილის ჩვენების მიხედვით, ის სახლში გერთან, გიორგი უ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახლში მისი მეუღლე დაბრუნდა. მათ შორის დაპირისპირება და სიტყვიერი კონფლიქტი ნუგზარ უ-შვილის სახლში შესვლისთანავე დაიწყო. „მე და გიორგი მარტო ვიყავით სახლში. გვიანი იყო, წინა დღეებში გიორგიმ მამასთან იჩხუბა. ვიცოდი, ჩემი მეუღლის დაბრუნების დრო იყო და გიორგის ვუთხარი, დროა, სახლიდან წახვიდე-მეთქი. თუმცა, მან უარი მითხრა. საკმაოდ აგრესიული იყო მამამისის მიმართ, უცენზუროდ მოიხსენიებდა. მოვიდეს და მითხრას, რა ბრალდებებს მიყენებსო, – გამომიცახადა. კონფლიქტზე ნუგზარი მან თავად გამოიწვია. სახლში შემოსულ ქმარს, გინება დაუწყო, რასაც ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა”.
საქმის მასალების მიხედვით, რაც ბრალდებულმა ნუგზარ უ-შვილმაც დაადასტურა, მამაკაცი შვილზე და მეუღლეზე ეჭვიანობდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ნუგზარ უ-შვილი პირველ მეუღლეს დაშორდა და ცოლად მერეხ გ-შვილი შეირთო, მამა-შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ნუგზარ უ-შვილის პირველი ცოლის დამსახურება იყო. მამა-შვილს შორის კონფლიქტი ისე გაღრმავდა, რომ მამამ შვილს თავის ახალ სახლში მისვლა აუკრძალა. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა შეიცავლა – შვილი მამის ახალი ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მარეხ გ-შვილთან ჰქონდა, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. ნუგზარ უ-შვილს ცოლის და შვილის ახლო ურთიერთობა თავიდანვე არ მოსწონდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ დაიწყო ეჭვიანობა, რაც გაიგო, რომ მარეხ გ-შვილი გიორგი უ-შვილს ფინანსურად ქმრის ჩუმად ეხმარებოდა, რადგან მამას შვილის დაფიანანსება სხვადასხვა მიზეზის გამო შეწყვეტილი ჰქონდა. ნუგზარ უ-შვილმა დისგან შეიტყო, რომ გიორგი უ-შვილი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და მას ხშირად ხედავდნენ კაზინოებში. ამის გამო, ნუგზარ უ-შვილმა ცოლს განუცხადა, მე ჩემს შვილს დაფინანსება შევუწყვიტე და შენც ნუ შეუწყობ ხელსო. როგორც გამოძიებით დადგინდა, გიორგი უ-შვილი დედინაცვალს საკმაოდ დიდ თანხებს, შანტაჟით სძალავდა. ამონაწერი მარეხ გ-შვილის ჩვენებიდან: „გიორგი თავიდან ჩემ მიმართ ძალიან აგრესიული იყო. მისი მშობელების დაცილებას მე მაბრალებდა, მირეკავდა და უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. ჩვენთან რომ მოვიდოდა, საშინელ შეურაცხყოფას მაყენებდა. ვხვდებოდი, რომ დედა აქეზებდა. თავიდან არ ვეუბნებოდი ნუგზარს, მაგრამ, როცა ზღვარს გადავიდა, ვუთხარი. ნუგზარმა ჩვენს სახლში მოსვლა აუკრძალა. ერთხელ, თანამშრომლებთან ერთად ვიყავი რესტორანში. შემთხვევით, გიორგისა და მის მეგობრებს გადავწყდი, იქვე, ჩვენ გვერდით ქეიფობდნენ. გიორგიმ უცხო ხალხში დამამცირა, ქუჩის ქალი მეძახა. სწორედ მაშინ ვუთხარი ნუგზარს, რაც მოხდა. ამ ისტორიიდან ერთი თვე იქნებოდა გასული, ერთ დღეს გიორგი მოვიდა, ბოდიში მომიხადა და შერიგება მთხოვა. მაშინ ვერ მივხვდი, რა გეგმები ჰქონდა. მერე და მერე, გავაცნობიერე. ხშირად მთხოვდა ფულს. თავიდან მცირე თანხებით დაიწყო, მერე დიდ თანხებზე გადავიდა. მეცოდებოდა და ვაძლევდი – უფრო და უფრო დამიახლოვდა და მეუბნებოდა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გავხდი. მივხვდი, თავს მაწონებდა, ცდილობდა, ჩემი გულის მოგებას – ხან სად მეპატიჟებოდა, ხან სად. ჩემს ქმარს, საქმეებიდან გამომდინარე, ჩემთვის არ ეცალა და მეც გიორგისთან ერთად, რამდენჯერმე წავედი რესტორანში. თუმცა, ნუგზარისთვის არ დამიმალავს. ჩემმა მეგობარმა გამაფრთხილა, იცოდე, ეს კარგად არ დამთავრდებაო. მართლაც, ძალიან მალე, გიორგიმ მითხრა, რომ ჩემზე იყო შეყვარებული და შემომთავაზა, სადმე გავიქცეთ და ერთად ვიცხოვროთო. ჩემი ქმარი ძალიან ემოციური ადამიანია და ამის შესახებ არაფერი ვუთხარი, რაც გიორგიმ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა – ერთ დღეს, როდესაც ნუგზარმა შეიტყო, რომ გიორგი ჩემთან რომანის გაბმას ცდილობდა, გიორგიმ მამას უთხრა, რომ მე ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვიყავი – პირიქით, იქით ვცდილობდი, მის მოხიბვლას. ამაზე ჩემს მეუღლეს სასტიკი რეაქცია ჰქონდა. გიორგის ფიზიკურად შეეხო, ხელი დაარტყა და ჩვენთან, სახლში მოსვლა აუკრძალა. სწორედ ამ ინციდენტიდან ძალიან მალე, მოხდა ჩვენს სახლში მათი შეხვედრა და ურთიერთდაპირისპირება.”
საქმის მასალების მიხედვით, როდესაც ამ ინციდენტის შემდეგ ნუგზარ უ-შვილმა საკუთარ სახლში შვილი კიდევ ერთელ ნახა, მათ შორის ფიზიკური კონფლიქტი მოხდა. მამაკაცმა საძინებლიდან ტაბელური იარაღი გამოიტანა და შვილს, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ბინას არ ტოვებდა, გულ-მკერდის არეში ორჯერ ესროლა. ინციდენტი მარეხ გ-შვილის თვალწინ მოხდა, რომელმაც თვითონ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამა, რომელმაც შვილის მკვლელობა სცადა, საკუთარ ბინაში ელოდებოდა სამართალდამცველებს. მას არც მიმალვა უცდია და არც – პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. მან საკუთარი დანაშაული სასამართლო პროცესზეც აღიარა. მის წინააღმდეგ ჩვენება პირველმა ცოლმაც მისცა, რომელიც აცხადებდა, რომ მამა შვილს მოკვლით ხშირად ემუქრებოდა. თუმცა, ეს არ დადასტურდა გამოძიების პროცესში. სასამართლომ ნუგზარ უ-შვილი დამნაშავედ ცნო და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.