კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააპატიმრა ცნობილმა ქართველმა მაძებარმა, მეტსახელად „ჯაზიკამ“, კარგად ორგანიზებული მძარცველთა ბანდა #45

საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში 1970 წლის 3 აგვისტოს აფხაზეთში მომხდარი დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, რომელიც განსაკუთრებული ორგანიზებულობითა და თავხედობით განხორციელდა. გთავაზობთ ამ საქმის ძირითად დეტალებს, რაც ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.
მატარებლის ძარცვა
დილის 6 საათი და 30 წუთი იყო, როდესაც სამგზავრო მატარებელი თბილისი-სოჭი, ლესელიძე-მაცესტის გადასარბენზე გეგმიურად გაჩერდა. შემადგენლობა აქ ათი წუთი ყოვნდებოდა. ორ შემხვედრ მატარებელს ატარებდა და მხოლოდ ამის მერე აგრძელებდა გზას. ზემოხსენებულ რეისს მართავდა მთავარი მემანქანე გურამ ცინცქილაძე, მისი თანაშემწე კი იყო ამირან ღლონტი. გაჩერდა თუ არა მატარებელი, მემანქანეებთან ექიმის სამოსში გამოწყობილი ორი მამაკაცი ავიდა. ერთ-ერთმა მათ პისტოლეტი მიუშვირა, მეორემ კი, მემანქანეებს თითო ნემსი უჩხვლიტა მხარში და იქვე მიაძინა, თანმხლებს კი უთხრა:
– მაქსიმუმ, ერთი საათი გვაქვს დრო, მაგრამ ორმოც წუთში უნდა ჩავეტიოთ. წავედით!
გაჩერებული მატარებლის კუპეებიან ვაგონებს თორმეტი თეთრხალათიანი მამაკაცი შეესია. ისინი ოთხ ჯგუფად მოქმედებდნენ და თითოეულში სამი თეთრხალათიანი შედიოდა. ჯგუფები რომ ვაგონებში შედიოდნენ, გამცილებლებს ეუბნებოდნენ, თითქოს სამხედრო ექიმები იყვნენ და აუცილებელი, ანტიქიმიური აცრები უნდა ჩაეტარებინათ მგზავრებისთვის, რადგან სოჭში ქიმიური მოწამვლა გავრცელდა დიდ ტარიტორიაზე... შეშინებული მგზავრები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ „ექიმ-ქიმიკოსებს“ და „აცრებს“ იკეთებდნენ. თუმცა, ოცდაათ წამში ჯანსაღი, მშვიდი ძილით იძინებდნენ ერთი საათით...
„ექიმების“ მიზანი მგზავრების დაძინება და მათი გაძარცვა იყო, რადგან გაგანია აგვისტოში, ზღვაზე დასასვენებლად გამგზავრებულ ადამიანებს საკმაოდ ბევრი ფული მიჰქონდათ თან, რომ არაფერი ვთქვათ, ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობაზე... „აცრები“, სინამდვილეში კი მოქალაქეების ძარცვა, 47 წუთი გაგრძელდა. გაიძარცვა 8 ვაგონი და მათმა მატერიალურმა ზარალმა ფულის სახით მილიონ 109 ათასი მანეთი შეადგინა. გარდა ამისა, ბოროტმოქმედებს ხელში ჩაუვარდათ 10 კილოგრამზე მეტი ოქრო... პირველადი დაკითხვების შედეგად, მხოლოდ ის დადგინდა, რომ მოქმედებდა თორმეტი მძარცველი, რომლებიც კატერის მეშვეობით, ზღვით გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.

მეტსახელად „ჯაზიკა“
ლესელიძე-მაცესტის გადასარბენზე მომხდარი დანაშაული იმდენად უპრეცედენტო და ორიგინალური იყო, რომ შემთხვევის ადგილზე მისული სოხუმის მილიციის სამმართველოს გამომძიებლები ისე დაიბნენ, მოკვლევის დაწყებაც კი გაუჭირდათ. თანაც, ადამიანური რესურსიც არ ჰყოფნიდათ დაზარალებულების გამოსაკითხად, რადგან მათი რაოდენობა 500-ს აჭარბებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ გაძარცვულები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ... აქედან გამომდინარე, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ აფხაზეთში მიავლინა ცენტრალური აპარატის სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფი, რომელსაც ცნობილი მაძებარი, ქართველი ეროვნების მილიციის პოდპოლკოვნიკი – კოკა (კონსტანტინე) რუსაძე მეთაურობდა. კოლეგებმა მას „ჯაზიკა“ შეარქვეს, რადგან ჯაზის ფანატიკური მოყვარული იყო. საუცხოოდ უკრავდა ჩასაბერ ინსტრუმენტებზე, მათ შორის საქსოფონზე...
კოკა რუსაძის საგამომძიებლო ჯგუფი უმაღლესი კლასის სპეციალისტებისგან იყო დაკომპლექტებული და ნებისმიერ ჩახლართულ საქმეს ხსნიდნენ. რუსაძე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო და მოსკოვიდან მოვლინებულ თანამემამულეს ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა. საკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცჯგუფი დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და დადგინდა, რომ კატერი, რომლითაც ბოროტმოქმედები ზღვით მიიმალნენ, დაბა ლესელიძის სამაშველო სამსახურიდან იყო მოპარული. გაირკვა დასაძინებელი წამლების წარმომავლობაც და აღმოჩნდა, რომ 600 ამპულა სოხუმის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან იყო წაღებული. ამას სპეციალური მარკირება მიანიშნებდა, რაც, სავარაუდოდ, არ იცოდნენ მძარცველებმა. „ჯაზიკას“ ხელქვეითებმა ისიც დაადგინეს, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის სადისპეტჩერო შეცდომაში შეიყვანა მათივე თანამშრომელმა, იასონ გვალიამ, რომელსაც ზემოაღნიშნული მონაკვეთის ტექნიკური გაკონტროლება ევალებოდა. სწორედ გვალიამ გადასცა ცენტრს ყალბი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თითქოს გადასარბენზე ლიანდაგი იყო დაზიანებული და მატარებლის ზეგეგმიური შეფერხება ამ ფაქტმა გამოიწვია. საავარიო ბრიგადის გამოშვება „დაზიანებული ლიანდაგის“ აღსადგენად, დროსთან იყო დაკავშირებული და მინიმუმ ერთი საათი სჭირდებოდა. მძარცველები კი სულ რაღაც 47 წუთში ჩაეტიენ და კოკა რუსაძისთვის ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო. „ჯაზიკა“ მიხვდა, რომ „ძაღლის თავი“ სწორედ აქ იყო დამარხული – მძარცველებმა ზუსტად იცოდნენ ტექნიკური ჯგუფის რეაგირების დრო. რუსაძის მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ შემადგენლობის 18 ვაგონიდან მხოლოდ 8 გაიძარცვა... ამიტომ, გამოცდილმა ქართველმა პოდპოლკოვნიკმა, სოხუმის რკინიგზის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების ჩუმი შემოწმება დაავალა თავის თანამემამულესა და შედარებით ახალბედა თანამშრომელს, უმცროს ლეიტენანტს, დავით ქალაშვილს. მანაც გულმოდგინედ იმუშავა და სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია შეადგინა იმ ადამიანებისგან, ვისაც შეეძლოთ ინფორმაცია მიეწოდებინათ ბოროტმოქმედებისთვის...

„ქიშო“ და მისი ბანდა
კოკა რუსაძის ვარაუდი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სწორი აღმოჩნდა. ინფორმაციის მიმწოდებელი ტექნიკურ-ავარიული ბრიგადის მუშა, 27 წლის ბესარიონ კორკელია აღმოჩნდა. გამოცდილი ქართველი გამომძიებელი კორკელიას ოჯახის შესწავლამ ოთარ კორკელიაზე, ბესარიონის 32 წლის ძმაზე გაიყვანა, რომელიც მატარებლებში მოქალაქეების ძარცვისთვის იყო ნასამართლევი და 5 წელი ჰქონდა მოხდილი ამ დანაშაულისთვის. აგენტურული ცნობების შესწავლამ კი ჯაზიკას ეს რწმენა განუმტკიცა. ერთ-ერთი აგენტი იტყობინებოდა, რომ ოთარ კორკელია მატარებლის გრანდიოზულ ძარცვაზე ოცნებობდა...
იმ დროს, როდესაც ექსპერტიზა მიმდინარეობდა, სწავლობდნენ სამხილებს, ჰკითხავდნენ დაზარალებულებსა და მოწმეებს, რუსაძე და მისი ხელქვეითები ოთარ კორკელიას ასხდნენ კუდზე, რადგან ჯაზიკა დარწმუნებული იყო, რომ მათ ის დამნაშავეთა ბანდაზე გაიყვანდა... მართლაც, 1970 წლის 6 სექტემბერს, გალში დააპატიმრეს ოთარ კორკელია და კიდევ ექვსი ბოროტმოქმედი, რომლებიც 3 აგვისტოს მატარებლის ძარცვაში იღებდნენ მონაწილეობას. დაპატიმრებულები სოხუმის მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს, დაჰკითხეს და შვიდივემ აღიარა დანაშაული. მილიციელებმა მათგან 80 ათასი მანეთი ამოიღეს. თუმცა, ეს ზღვაში წვეთი გახლდათ გატაცებული თანხიდან, რადგან ამოსაღები იყო მილიონ მანეთზე მეტი, 10 კილოგრამი ოქრო და თავისუფალი რჩებოდა კიდევ 5 ბოროტმოქმედი. რაც მთავარია, აღმოჩენილი არ იყო ბანდიტი-რეციდივისტი, ოთხჯერ ნასამართლევი, 49 წლის ზურაბ რატიანიძე, მეტსახელად „ქიშო“... რატიანიძე წარმოშობით სოხუმელი გახლდათ. თუმცა, მშობლიურ ქალაქში არ ცხოვრობდა და მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. როგორც დაპატიმრებული მძარცველები ამბობდნენ, 10 კილოგრამი ოქრო და ერთი მილიონი მანეთი სწორედ ქიშოსთან ინახებოდა. თუმცა, ქიშოს ადგილსამყოფელი არავინ იცოდა და აშკარად „ფსკერზე იწვა.“ არც ის იყო გამორიცხული, რომ „პაძელნიკების“ „გადაგდებას“ და უცხოეთში გაქცევას აპირებდა...
სექტემბრის ბოლომდე მატარებლის ძარცვის კიდევ ოთხი მონაწილე აიყვანეს და მხოლოდ ქიშოღა რჩებოდა გარეთ. თანაც, უკვე ეჭვს არ იწვევდა, რომ მთელი ფული მას ჰქონდა, განაწილებას არც ფიქრობდა და სავარაუდოდ, უცხოეთში გასაქცევად ემზადებოდა.
ზურაბ რატიანიძე 1970 წლის 3 ოქტომბერს აიყვანეს და ესეც ჯაზიკას პროფესიონალიზმის შედეგი იყო. რუსაძე კარგად იცნობდა რატიანიძეს და იცოდა, რომ ქიშოც მასავით ჯაზის ფანი იყო. ბავშვობაში ქიშო და ჯაზიკა ერთადაც კი დადიოდნენ მუსიკის წრეზე და რატიანიძეც უბადლოდ უკრავდა ჩასაბერ ინსტრუმენტებზე... საქმე კი ის იყო, რომ 3 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ლენინგრადის ჯაზ-ბენდი გამოდიოდა ერთდღიანი კონცერტით. რუსაძის ვარაუდით, ქიშო აუცილებლად დაესწრებოდა ამ კონცერტს და არც შემცდარა. ბინოკლით შეიარაღებულმა რუსაძემ სცენის უკან მოაწყო სამალავი და საკონცერტო დარბაზს უთვალთვალებდა. გამოცდილი მაძებარი თითოეულ დამსწრეს ათვალიერებდა და მეოცე რიგის შუაში აღმოაჩინა ქიშო, რომელიც მართალია, პარიკსა და წვერ-ულვაშში იყო, მაინც „დაიწვა“...
ზურაბ რატიანიძე შესვენების დროს ფოიეში აიყვანეს გადაცმულმა მილიციელებმა და სანამ ის იარაღზე გაიკრავდა ხელს, პირადად კოკა რუსაძემ განაიარაღა. პისტოლეტი აართვა და უთხრა:
– ჯაზმა დაგღუპა, ქიშოჯან. ძარცვას გერჩივნა, ისევ ჩასაბერი ინსტრუმენტებით დაკავებულიყავი...
ქიშოს და მისი ბანდის ნეიტრალიზებისთვის კოკა რუსაძემ პოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი მიიღო.

скачать dle 11.3