მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #45
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-44(827)
ტიტე ბუკიამ ჯერ თავის კაბინეტში შეიარა. სეიფი გახსნა. იქიდან კონსპირაციული ტელეფონი და გაუფორმებელი – „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი გამოიღო, რომელიც ქამარში გაირჭო. ტელეფონი კი ჯიბეში ჩაიდო და სამინისტროს შენობიდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა და გზატკეცილზე გავიდა, თან სარკეში იყურებოდა, კუდი ხომ არ მომდევსო.
მინისტრთან დაბარებამ ტიტეს ცუდი წინათგრძნობა გაუჩინა. მასთან საუბარმა კი ეს წინათგრძნობა გაუმწვავა, საფრთხე აგრძნობინა. ერთი შეხედვით, ტიტემ კუდი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ შემოწმება გადაწყვიტა და მანევრი დაიწყო. ის სულ რაღაც ხუთასიოდე მეტრით იყო დაშორებული სამინისტროს შენობას. სიჩქარე გამოცვალა და როგორც კი საჭე მარჯვნივ აიღო, უკანა მარჯვენა ბორბალი გაუსკდა.... მაიორმა მანქანა გზის პირას შეაჩერა. გადმოვიდა და გახეთქილი საბურავი შეათვალიერა. შემდეგ საბარგული გააღო და სათადარიგო ბორბალი გადმოიღო. თუმცა, იქვე დააგდო და გზატკეცილი შეათვალიერა. შემდეგ კონსპირაციული ტელეფონი ამოიღო და ძმას დაურეკა.
– დიახ. გისმენთ, – უპასუხა ზაზამ.
– მე ვარ ზაზა. ახლა კარგად მომისმინე და ზუსტად შეასრულე, რასაც გეტყვი: ჩემებთან ადი. ვასო და გოგიც აიყვანე სრულ ფორმაში. ყურადღებით და ყოჩაღად იყავით. მეტი არაფერი მოიმოქმედო. არც არავინ ახსენო და არც არავის დაეკონტაქტო. ამ ნომერზე არ დარეკო. ყველაფერი გასაგებია?
– კი, – მოკლედ მოუჭრა ზაზამ ძმას.
– ნახვამდის. წავედი, – თქვა ტიტემ და ტელეფონი გათიშა.
ვასო და გოგი ბუკიები ტიტეს და ზაზას მამის ძმისშვილები იყვნენ. „სრულ ფორმაში აყვანა“ კი შეიარაღებულ მისვლასა და ტიტეს ცოლ-შვილის დაცვას ნიშნავდა, რასაც ზაზა მშვენივრად მიხვდა და ტიტეს დავალების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა. მაიორმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კვლავ გზატკეცილი დაათვალიერა. ბოლოს სათადარიგო ბორბლის დაყენებას შეუდგა. სამუშაო თითქმის დასრულებული ჰქონდა და ბოლო ქანჩებს უჭერდა, როცა გზის პირზე უზარმაზარი „ჯიპი“ გაჩერდა. იქიდან სამი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა და სანამ ტიტე რამეს მოასწრებდა, მაიორს ჯერ თავში სთხლიშეს კომბალი და გათიშეს, შემდეგ „ჯიპში“ ჩააგდეს და იქაურობას სწრაფად გაეცალნენ. მაიორს კი, უკვე მანქანაში, ზურგსუკან დაადეს ხელბორკილი. გაჩხრიკეს და ორი პისტოლეტი, ორი ტელეფონი და საფულე უპოვეს.
– უყურე შენ ამ ჩათლახს?! – ამბობდა ერთი გამტაცებელი, – ორი „პუშკით“ და ორი ტელეფონით დადის. თავი მომჭერი, თუ ერთი რკინა „ლევი“ არ იყოს, ერთი ტელეფონი კი – კონსპირაციული.
– მომზადებული ყოფილა ეს ბოზი, – ჩაეცინა მეორე გამტაცებელს და დააყოლა, – მაგრამ ჩვენ მაინც ვაჭამეთ.
– ჯერ ხატაში მივიდეთ, – თქვა მესამე გამტაცებელმა, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა და დააყოლა, – რაც ჭამა და არ უჭამია, იმას მოვაჯმევინებ.
– ხუთ წუთში მივალთ, – დაამატა მძღოლმა, უზარმაზარი „ჯიპით“ გზატკეცილიდან გადაუხვია და მარჯვნივ აიღო გეზი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ბეტონის ბლოკებით აშენებულ შენობაში შევიდა, რომელიც ბეტონისვე ღობით იყო შემოფარგლული. ზემოდან მავთულხლართები ერტყა, კარზე კი უზარმაზარი აბრა ჰქონდა, რომელზეც ეწერა – „რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადება“...
ტიტე ბუკია პროჟექტორით განათებულ ბუნკერში გამოფხიზლდა. მაიორი ხელბორკილებით იყო ჩამოკიდებული ფოლადის კაუჭზე. ფეხებზეც ბორკილები ედო, რომლებიც მიწაში ჩაბეტონებულ ფოლადის რგოლებზე იყო მიმაგრებული.
– გამოფხიზლდა ეს ბოზი, – თქვა მესამე გამტაცებელმა, რომელიც „ჯიპში” მძღოლის გვერდით მგზავრობდა და გამტაცებელთა ოთხეულში აღნაგობით ყველაზე დიდი იყო.
– მიდი, ჯემალ, დაჰკითხე და შენებურად აალაპარაკე. დრო არ ითმენს, – უთხრა მძღოლმა „ყველაზე დიდს“, თავად კი სიგარეტი გააბოლა.
ჯემალი ტიტეს მიუახლოვდა. უზარმაზარი მუშტი ჯერ მუცელში მიარტყა, შემდეგ მარჯვენა ხელი ყბაზე მოუჭირა და უთხრა:
– თუ არ გინდა, სიკვდილი მოგანატრო, სიმართლე თქვი, თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ, მეხვეწებოდე, დამბრიდეო.
– ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან? – აღმოხდა ტიტეს, რომელსაც უკვე საკუთარი აზრი გააჩნდა შექმნილ ვითარებაზე და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეღწია თავი ტყვეობიდან.
– ვინ ვართ, შენი ტრაკის საქმე არაა. სად მალავ პროფესორ პავლე გოკიელს? – შეუღრინა ტიტეს ჯემალმა ანთებული თვალებით.
– გოკიელს საერთოდ არ ვიცნობ და სად უნდა ვმალავდე, – მიუგო ტიტემ ჯემალს და სიტყვა წესიერადაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჯერ მუცელში მოხვდა მუშტი, შემდეგ კეფაში და გონება დაკარგა.
– წყალი მიაშველეთ, – ბრძანა ჯემალმა და როდესაც მაიორი გონს მოვიდა, ჯალათმა დაკითხვა განაგრძო.
თითქმის ერთსაათიანი წამების დროს, ტიტე ბუკიამ ოთხჯერ დაკარგა გონება, მაგრამ გოკიელზე სიტყვაც არ დაუძრავს და იმეორებდა – პროფესორს არ ვიცნობო. ჯალათი ჯემალი კი ოფლში იწურებოდა. ტიტეს უმოწყალოდ სცემდა და სიტყვა რომ ვერ დააცდენინა, მძღოლს უთხრა:
– სანამ ცოტას დავისვენებ, ეგ ბოზი გააშიშვლეთ. ტრაკში დუბინკა უნდა გავთხარო და კუჭამდე ამოვუყვანო, – ჯალათმა ხელჯოხს ხელი დაავლო. ტიტეს სახესთან მიუტანა და გაცოფებული სახით უთხრა:
– რაო, შეშინდი, შე პეტუხო?!
ტიტემ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ჯალათს ჯერ სახეში შეაფურთხა, შემდეგ შუბლი ცხვირში სთხლიშა და გაუტეხა. ჯალათს თქრიალით წასკდა სისხლი.
სისხლის დანახვაზე ჯემალი საშინლად გახელდა და მაიორს ხელჯოხი დასცხო სხეულზე. ისე გამეტებით ურტყამდა, რომ კოლეგებმა გააჩერეს. მძღოლმა კი უთხრა:
– გაგიჟდი? დავალება რომ არ შევასრულოთ, „შაკალა“ ბუზებივით გაგვსრესს.
– შაკალას დედაც! – იღრიალა ჯემალმა და ხელჯოხი კვლავ დასარტყმელად აღმართა, მაგრამ დროზე შეაჩერეს.
შაკალას სახელის გაგონებამ ნაწამები და დაუძლურებული ტიტე ბუკია ოდნავ გამოაცოცხლა და გუნებაში გაეცინა კიდეც. შაკალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სპეცდანაყოფის უფროსი იყო. კოლეგები მას ერიდებოდნენ, რადგან მას და მის ხელქვეითებს ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ.
„ნუთუ მინისტრის ბრძანებას ასრულებენ, – გაიფიქრა ტიტემ, – და თუ ეს ასეა, მაშინ ცოცხალს არავითარ შემთხვევაში არ დამტოვებენ. ალბათ, ამიტომაც მომიყვანეს აქ. რომ მომკლავენ, ბეტონის კონსტრუქციაში ჩამაცემენტებენ და ვერავინ მიპოვის. სად კვდები, ტიტე ბუკია? რაც არ უნდა მიყონ, პავლე გოკიელს მაინც არ გავთქვამ. არა, არა... გამაგრდი, ტიტე.. ღმერთო, მიშველე!“
ჯემალმა სული მოითქვა. შემდეგ კოლეგებს ანიშნა – გააშიშვლეთო. წამოდგა, ხელჯოხი მოიმარჯვა და დაელოდა. უცებ ბუნკერში ორი ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი შემოვარდა. ორივე პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები და ჯალათებს ერთხმად უღრიალეს.
– დაყენდით და ხელები მაღლა, თორემ აქვე დაგხოცავთ!
ჯალათები მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდნენ. ერთ-ერთმა შემოვარდნილმა კი ოთხივეს იარაღი აართვა და რკინის მაგიდაზე დააწყო, სადაც ტიტეს ტაბელური პისტოლეტი და არარეგისტრირებული „სტეჩკინი“ იდო. შემდეგ, ოთხივე ჯალათი ბუნკერის კუთხეში, იატაკზე დასვეს. ტიტე ახსნეს. პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ჰკითხეს:
– როგორ ხართ?
– ახლა უკვე კარგად, – მიუგო ტიტემ. ყურადღებით შეათვალიერა თავისი მხსნელები, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს და იკითხა:
– ვინ ხართ?
– თქვენი მეგობრები, – მიუგო ერთ-ერთმა ტყუპისცალმა.
– აქ ვინ გამოგიშვათ?
– ეს სიურპრიზია. აქედან რომ გავალთ, გაიგებთ. მანქანაში გველოდება, – თქვა მეორე ტყუპისცალმა.
ტიტემ რკინის მაგიდიდან „სტეჩკინი“ აიღო. შემდეგ განიარაღებულ ჯალათებს ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა. იარაღი მიუშვირა და უთხრა:
– ვინ ხართ და რას მერჩით?
– დავალება გვაქვს, ძმაო, ასეთი. გვაპატიე, გაგვიშვი და სამუდამოდ დავივიწყოთ, რაც აქ მოხდა, – უთხრა ტიტეს ჯალათმა ჯემალმა, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წუთის წინ სასიკვდილოდ იმეტებდა მაიორს, ახლა კი კრავივით უცოდველი სახით უყურებდა.
– ვინ ხართ და ვინ მოგცათ ჩემი წამების დავალება, – გაიმეორა ტიტემ.
– ვერ გეტვით. გაგვიგე, ძმაო. ეს რომ ვთქვათ, მოგვკლავენ, – ლუღლუღებდა ჯემალი.
– მაშინ, მე გეტყვით. თქვენ ეს შაკალამ დაგავალათ. ალბათ, მისი თანამშრომლები ხართ და მასავით ბინძური, დაუნდობელი სადისტები. რა, სიმართლეს არ ვამბობ? – თქვა ტიტემ.
ჯალათები დუმდნენ. ტიტემ კი ზიზღნარევი მზერა ესროლა ოთხეულს და უთხრა:
– მოსაკლავები კი ხართ, მაგრამ თქვენნაირი უნდა ვიყო, მეც რომ მასე მოვიქცე. მე ახლა აქ ჟურნალისტებს მოვიწვევ. გადაგიღებენ და რომც არაფერი თქვათ, მაინც ყველაფერი ნათელი იქნება. თქვენ თქვენსას მიიღებთ. თქვენი უფროსები კი – თავისას. გასაგებია?
უცებ ჯალათი ჯემალი ტყვიასავით გაქანდა ერთ-ერთი ტყუპისცალისკენ და პისტოლეტს წაატანა ხელი. ჯემალს დანარჩენებიც მიჰყვნენ და მართალია, ბეტონის იატაკზე დაყარეს, მაგრამ იარაღები ვერ აართვეს. ტიტე კი გვერდზე გახტა. „სტეჩკინის“ სასხლეტს თითი მიაჭირა და ოთხივე ჯალათი იქვე ჩაცხრილა. შემდეგ ძმებს ჰკითხა:
– დაჭრილები ხომ არ ხართ?
– არა, – ერთხმად უპასუხეს ტყუპებმა. ერთ-ერთმა ტყუპისცალმა კი ტიტეს უთხრა:
– ოთხივე მკვდარია. არცერთი არ სუნთქავს.
ტიტე გამოერკვა. შემდეგ უსულოდ დაყრილ ჯალათებს პულსი გაუსინჯა და თქვა:
– კი. ოთხივე დამიხოცავს. ცუდადაა საქმე.
– ცუდად მათთვისაა. მთავარია, თქვენ ხართ ცოცხალი, – თქვა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა, მეორემ კი დაამატა:
– ღირსები არ არიან, რო?! ჩვენ რომ დროზე არ მოგვესწრო, ახლა მკვდარი იქნებოდით.
– მადლობელი ვარ თქვენი, ბიჭებო. მაინც ვინ ხართ და აქ ვინ გამოგგზავნათ? – იკითხა ტიტემ.
– ნუკამ, – ერთხმად თქვეს ტყუპებმა.
– ვინ ნუკამ? – ვერ მიხვდა ტიტე.
– ნუკა ჭყონიამ, თქვენმა მეგობარმა. ჩვენ კი მისი დისშვილები ვართ. ნუკას ჩვენზე არაფერი უთქვამს? – თქვა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა.
– ჯარისკაცები ხართ, ხომ?
– დიახ. კონტრაქტნიკები, – მიუგო ტიტეს მეორე ტყუპისცალმა და დააყოლა, – ერთი თვეა, რაც ავღანეთიდან დავბრუნდით.
– ნუკა სადაა?
– გარეთ. მანქანაში გელოდებათ, – თქვეს ძმებმა.
– კარგი, ბიჭებო, წავედით. ამ იარაღს ხელი არ ახლოთ. აქ დავტოვოთ. მხოლოდ თითების ანაბეჭდები წავშალოთ მათზე, – თქვა ტიტემ და ჯალათების პისტოლეტები გაწმინდა. შემდეგ თავისი იარაღები და ტელეფონები ჯიბეში ჩაიდო და ტყუპებთან ერთად ჯერ ბუნკერიდან გამოვიდა, შემდეგ მავთულხლართიან ღობეზე გადაძვრა და „ჯიპისკენ“ გაემართა, სადაც მას ნუკა ელოდებოდა.
ნუკა ჭყონია ტიტეს ჩაეხუტა და უთხრა:
– რა დღეში ჩაუგდიხართ ამ ჯალათებს. ჩქარა, ჩემთან წავიდეთ. მოგხედავ.
ტყუპებიდან ერთ-ერთი საჭეს მიუჯდა, მეორე მის გვერდით მოკალათდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ნუკა გასისხლიანებულ, დაჟეჟილ და ცხვირპირდასიებულ ტიტეს ეხუტებოდა და ქვითინებდა. ტყუპებს კი ეღიმებოდათ, თან აბოლებდნენ.
– კარგი. გეყოფა, ნუკა, ტირილი. ცოცხალი ვარ, დამშვიდდი, – იმეორებდა ტიტე.
ნუკამ ცრემლები მოიწმინდა და საყვარელს ჰკითხა:
– მაინც, ვინ იყვნენ ის ნაძირლები და რას გერჩოდნენ?
– ეს დიდი ხნის სალაპარაკოა და მერე იყოს. შენ ის მითხარი, აქ როგორ მომაგენი?
– დღეს ჩამოვედი, ტიტე და მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის. სამინისტროდან რომ გამოვედი, ჩემი მანქანით უკან გამოგყევი. ბორბალი რომ გაგისკდა, შენთან ჩუმად მოსვლა მინდოდა, მაგრამ იმ ნაძირლებმა გაგიტაცეს. შემდეგ უკან გამოგყევი და ვნახე, სად მიგიყვანეს. მივხვდი, რომ კარგა ხანს არ გამოგიშვებდნენ. ამიტომ ბესოსთან და კაკოსთან გამოვვარდი და შენს საშველად წამოვიყვანე. ჰო, მართლა, გაიცანი, ჩემი დისშვილები არიან – ბესო და კაკო.
ბესო საჭეს მართავდა, გვერდით მისი ტყუპისცალი კაკო იჯდა. ტიტემ ორივეს გაუღიმა, მხრებზე ხელი მოუთათუნა და ნუკას უთხრა:
– ესენი რომ არა, ახლა ჩაბეტონებული ვიქნებოდი სამშენებლო კედელში.
– ჩაბეტონებული? – გაიმეორა ნუკმ.
– ჰო. თანაც ძალიან მყარად, – გაეცინა ტიტეს.
– ისინი სად არიან?
– ვინ ისინი.
– გამტაცებლები.
– ოთხივე დავხოცე, – მიუგო ტიტემ ნუკას.
– დახოცე? – ლოყებზე ხელები შემოიწყო ქალმა.
– ჰო. სხვა გზა არ მქონდა, – მიუგო ტიტემ და დააყოლა, – ძალიან სახიფათო ამბავში ვარ გარეული, ნუკა და ჩემ გვერდით ყოფნა საშიშია. მე მგონი, აჯობებს, მარტო წავიდე.
– არავითარ შემთხვევაში! ჩემთან წამოხვალ, – კატეგორიულად თქვა ნუკამ და საჭესთან მჯდომ ტყუპისცალს მიუბრუნდა:
– ბესო, პირდაპირ გარაჟში შეაყენე მანქანა და სახლში წადით. ტიტეს მე მივხედავ. დედათქვენთან სიტყვა არ დაგცდეთ.
– კარგი რა, ნუკა, ჩვენც ამოვალთ, იქნებ რამეში კიდევ დაგჭირდეთ, – მიუგო ბესომ დეიდას. კაკომ კი დაამატა:
– ბესო მართალია, იქნებ ტიტეს კიდევ სჭირდება დახმარება?
– არა, ბიჭებო, არა. თქვენ ისედაც დიდად დამეხმარეთ და შარში გაეხვიეთ. ნუკა მართალია. სახლში წადით და სიტყვა არავისთან დაგცდეთ. მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ მე მცნობენ. როცა დახოცილებს აღმოაჩენენ, მთელი პოლიცია ფეხზე დადგება და ძებნას დამიწყებენ.
– პოლიცია რატომ? – დაინტერესდა ნუკა.
– იმიტომ რომ, ოთხივე მოკლული პოლიციელი იყო, – მიუგო ტიტემ ქალს.
ბესომ მანქანა გარაჟში შეაყენა და ნუკას გაფრთხილების მიუხედავად, მაინც დეიდას სახლში ავიდა ტყუპისცალთან ერთად. ოციოდე წუთი გაჩერდნენ იქ და წავიდნენ. გამოსვლის წინ კი კაკომ ნუკას უთხრა:
– ხომ არ დავრჩეთ? რა იცი, იქნებ კიდევ დაგჭირდეთ რამეში?
– არა, ბიჭებო, არა. ჯობია, სახლში დაბრუნდეთ და როგორც გითხარით, ეს ამბავი არავის გაუმხილოთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ნახვამდის, – უთხრა ტიტემ ძმებს და ტყუპებს გაუღიმა.
ნუკამ, როგორც ეს კვალიფიციურ ექიმს შეეფერება, საფუძვლიანი დახმარება აღმოუჩინა ტიტეს. გულდასმით გასინჯა და ბოლოს უთხრა:
– მხოლოდ დაჟეჟილობები გაქვს. არადა, გაბზარული მაინც უნდა გქონდეს, თუნდაც ერთი ნეკნი, მაგრამ გადარჩი.
– გადავრჩი, რო? – მხრები აიჩეჩა ტიტემ, – ცოტა აზრზე რომ მოვალ, წავალ. ძალიან სახიფათოა ჩემ გვერდით ყოფნა და ვერ გაგარისკინებ.
– არსადაც არ გაგიშვებ, – თქვა ნუკამ და საყვარელს ჩაეხუტა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში