ბანანის ნიღბები დაზიანებული და მშრალი თმისთვის #45
თმის ნიღაბი აუცილებელია იმისთვის, რომ თმა ლამაზი და მოვლილი გქონდეთ. ცივ სეზონზე, სიცივის, ქარის, თოვლისა და ქუდის ტარების გამო, თმა მტვრევადი, მშრალი და უფერული ხდება. ბანანისგან დამზადებული ნიღბებით, სახლის პირობებში, შეგიძლიათ, ეს პრობლემა გადაჭრათ და თმას ბზინვარება და სიცოცხლე დაუბრუნოთ. ბანანისგან დამზადებული ნიღბები ატენიანებს თმას, აძლევს დამატებით მოცულობას და ბზინვარებას.
1. ნიღაბი მეტი მოცულობისთვის
საჭირო ინგრედიენტები: 2 ბანანი, 3 სუფრის კოვზი მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი.
მომზადების წესი: დაჭყლიტეთ ბანანი ჯერ ჩანგლით, შემდეგ კი კარგად ათქვიფეთ ბლენდერით, რომ მიღებული მასა ერთგვაროვანი იყოს. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მაიონეზი და ისევ დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან, კრემისებრ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ზეთი – კარგი არომატისთვის. წაისვით ახალდაბანილ, პირსახოცით ოდნავ შემშრალ თმაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ შამპუნით.
2. ნიღაბი დაზიანებული და მშრალი თმისთვის
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ბანანი, 5 წვეთი ნუშის ზეთი.
მომზადების წესი: დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით და შემდეგ კარგად დააბლენდერეთ, ისე, რომ მკვრივი ნაწილაკები არ დარჩეს. დაუმატეთ ნუშის ზეთი და ახალდაბანილ თმაში შეიზილეთ. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.
3. უნივერსალური ნიღაბი
საჭირო ინგრედიენტებია: 1 ბანანი, 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 სუფრის კოვზი რძე.
მომზადების წესი: დააბლენდერეთ ბანანი, შეურიეთ კვერცხი, თაფლი, ზეთი, რძე და ისევ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი უნდა წაისვათ ახალდაბანილ თმაზე და ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩეროთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.