კითხვა-პასუხი #45
კითხვა: ვარ 22 წლის და სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე მაქვს ჩირქოვანი გამონაყარი, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნის. იქნებ მირჩიოთ რაიმე საშუალება, რომელიც მათ მოშორებაში დამეხმარება?
პასუხი: როგორც ჩანს, ეს ვულგარული ფერიმჭამელაა. ის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელას განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა.
მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიულ პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას: სახე დაიბანეთ გადადუღებული წყლით, უსაპნოდ, შემდეგ გაიწმინდეთ უსპირტო ლოსიონით. არ გამოიყენოთ ტონალური კრემები და კომპაქტური პუდრები, რადგან ეს ახშობს ცხიმოვან ჯირკვლებს. გარდა ამისა, აუცილებლად დაიცავით დიეტა – შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება. აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე. უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.
კითხვა: თმა მაქვს ძალიან გაფუჭებული. რამდენჯერმე მოკლედ შევიჭერი, მაგრამ ბოლოჭამიები მაინც მიჩნდება. რისგანაა ეს გამოწვეული და როგორ მოვიქცე?
პასუხი: თმის ბოლოების გაყოფის მიზეზი შეიძლება, გახდეს ფენის ხშირი ხმარება ან უხეში სავარცხელი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თმის ბოლოების დაყოფა ანემიასაც ახასიათებს. გირჩევთ, ფენი არ იხმარით, შეარჩიოთ რბილი სავარცხელი, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ანემიის გამოსარიცხად. დაყოფილი თმის სამკურნალო საუკეთესო სალონური პროდუქციაა: თმის წებო, რომელიც დაბანილი, მაგრამ მშრალი თმის ბოლოებზე უნდა წაისვათ. ის აწებებს ორად გახსნილ წვერებს და შემდეგ ახორციელებს აღდგენით პროცესს. ეს წებო იხმარება ყოველ დაბანაზე, კვირაში 3-ჯერ. ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის სტრუქტურაზე. ამგვარი მკურნალობის კურსი საშუალოდ 1-2-3 კვირას შეადგენს. თმის ამგვარ წებოს ბევრი ფირმა უშვებს და საკმაოდ ძვირად ღირებულია. თუ ვერ შეძლებთ ამ საშუალების შეძენას, მაშინ გირჩევთ, შეიჭრათ გაყოფილი თმის ბოლოები. გაყოფილი ბოლოების შეჭრა თმის დამოკლებას არ ნიშნავს, ამ დროს შორდება მხოლოდ დაზიანებული ბოლოები, ანუ ხდება ეგრეთ წოდებული წვერის გახსნა. პერიოდულად გაიკეთეთ მაიონეზის ნიღაბი, მაგრამ ის უნდა გაიჩეროთ, 20 წუთზე მეტ ხანს. აუცილებლად, იკვებეთ სრულფასოვნად.