ღირსეული მკვლელი #45
ქალაქში ბანდებს შორის ომი სრულიად მოულოდნელად და სპონტანურად დაიწყო. „იღბლიანი“ ტომი საიუველირო მაღაზიიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და მიიღო კიდეც ექვსი ტყვია კეფაში. პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და დაასკვნა, რომ პროფესიონალმა იმუშავა. მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავდა. რომც ჰყოლოდა, მაინც არავინ არაფერს იტყოდა. მოქალაქეებმა იცოდნენ, რაც მოჰყვებოდა ხოლმე ამგვარ შემთხვევებში ცხვირის ჩაყოფას. ინსპექტორებმა მეტიუსმა და ფილინმა იქვე ახლოს, ყავა დალიეს და შეთანხმდნენ, რომ ეს საქმე არ გაიხსნებოდა. „იღბლიან“ ტომს, რამდენიმე არალეგალური კაზინოსა და სრულიად ლეგალური ბარის მფლობელს, საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავდა. ის ბუიერის ბანდის წევრი იყო. ბუიერი ხუთი წლის წინ ძალიან იყო დაპირისპირებული არჩი მოსკიუსთან – მეორე ბანდის მეთაურთან. მერე შეთანხმდნენ, გავლენის სფეროები გაიყვეს და ქალაქშიც აღარ ეყარა გვამები.
– გული მიგრძნობს, ამ მკვლელობით არ დასრულდება, – თქვა მეტიუსმა.
– ჰო, – დაეთანხმა ფილინი და ყავა მოსვა, – ჯანდაბა, ვინ იქნება შემდეგი?
შემდეგი სუტინიორები – მარჩსონი და ვეირი აღმოჩნდნენ. ისინი ერთ-ერთი იმ ბინიდან გამოვიდნენ, სადაც ქალები სხეულს ჰყიდდნენ. მოსაკრებელი აიღეს და უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როცა ავტომობილი აფეთქდა. როგორც ჩანს, პულტით მართული ბომბი იყო ჩამონტაჟებული. ორივე განგსტერისგან ხორცის გროვა და სისხლის ლაქები დარჩა... ისინიც ბუიერის ბიჭები იყვნენ და გაისმა კიდეც არჩი მოსკიუს ფეშენებელურ ოფისში ზარი.
– ეი, არჩი... რატომ წამოიწყე ეს ცირკი? ამის აუცილებლობა ხომ აღარ იყო?
– რისი აუცილებლობა, ბუიერ. არ მესმის, რას გულისხმობ. ჩვენ ამ საქმეში სუფთები ვართ. პრობლემა რომ ყოფილიყო, შენგან დავიწყებდი.
– აჰ, ესე იგი, ჩემგან დაიწყებდი? – კბილები გააღრჭიალა ბუიერმა. იმ ღამეს, არჩი მოსკიუს მარჯვენა ხელი – გრძელცხვირა სპუნი იპოვეს ლიფტში გაგუდული, თავისივე ჰალსტუხით.
ომი ოფიციალურად დაიწყო. ინსპექტორები მეტიუსი და ფილინი გვამებს ითვლიდნენ. არცერთ მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყოლია და მათ ეს საერთოდ არ უკვირდათ. ვინმე როზუელი თავის მანქანაში მაშინ აფეთქდა, როცა გასაღები გადაატრიალა. ორი საათის შემდეგ კი, ბუიერის „კასირი“, მეტსახელად „ჭკვიანი ბუღალტერი“, ქუჩაში, მანქანიდან დაცხრილეს. მანქანა, რა თქმა უნდა, გაუჩინარდა და მის კვალსაც ვეღარავინ მიაგნო. ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა. ბოლოს ბანდების მეთაურები მიხვდნენ, ეს ამბავი მათაც რომ შეეხებოდათ. ბუიერი და არჩი მოსკიუ ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდნენ და დაზავდნენ. ქალაქმა ისევ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. ათ დღესაც არ გაუვლია, რომ ერთდროულად ხუთი განგსტერი გამოასალმეს სიცოცხლეს, თანაც იმ ბარში, სადაც საღამოობით არჩი მოსკიუ თავის საყვარელი ვისკის დასალევად მიდიოდა ხოლმე. განგსტერები ავტომატური იარაღიდან ჩაცხრილეს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილას საკმარისზე მეტი ადამიანი იყო, საქმეში თვითმხილველი მაინც არ ფიგურირებდა. ან თუ ფიგურირებდა ისეთი, რომელსაც „არაფერი დაუნახავს“. ფილინი და მეტიუსი მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ და ოხრავდნენ. პოლიციამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ქუჩებში პატრულირება გააძლიერა, ისიც კანონმორჩილი მოქალაქეების დაცვის მიზნით.
***
საღამოს ფილინი და მეტიუსი მანქანაში ისხდნენ. იმ დღეს შენიღბულები იყვნენ – ჩვეულებრივი მანქანით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები გამოვიდნენ მორიგეობაზე და ჰამბურგერებს მიირთმევდნენ. თეთრხალათიანი, დაბალი მამაკაცი შენიშნეს, რომელიც მოტორამუშავებულ მანქანაში იჯდა, ჩამქრალი ფარებით. ჯერ იფიქრეს, უფროსკლასელი ცელქობსო, მაგრამ მერე დაეჭვდნენ და მანქანასთან მივიდნენ. აცადეს, სანამ უცნობი თავის საქმეს მორჩებოდა და მხოლოდ მაშინ, როცა მანქანიდან გადმოვიდა, რევოლვერმომარჯვებულები დაადგნენ თავს.
– ჩავვარდი, – დანანებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, – ახლა დამაპატიმრებთ?
– ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ჩაიდინეთ. ეს ხომ არჩი მოსკიუს საყვარლის მანქანაა.
– ჰო? – გაიოცა მამაკაცმა, – მე კი ინფორმაცია მქონდა, რომ ამ მანქანით თავად არჩი დაბრძანდება.
– შეიძლება, გავიგოთ, რას აკეთებდით შიგნით? – დაინტერესდა ფილინი.
– მოფიქრებაც ასეთი უნდა, – წამოიყვირა მეტიუსმა, რომელმაც მანქანაში ფანარი ჩაანათა და ყურადღებით დაათვალიერა, – ერთი ნახე, ფილინ, რა მაგარი გამოგონებაა. პატარა რევოლვერი ისე ოსტატურად დაუმაგრებია, ვერც კი შენიშნავ. მაგრამ, საკმარისია, გაზის სატერფულს ფეხი დააჭირო, რევოლვერი გაისვრის და მძღოლს პირდაპირ გულში მოხვდება. მოიცა, შენ ვინ ხარ? დაქირავებული მკვლელი და ბუიერისთვის მუშაობ?
– არა, არავითარ შემთხვევაში, – ცხარედ გააპროტესტა კაცმა.
– წამოდი, ჩვენს მანქანაში ჩავსხდეთ და ყველაფერი მოგვიყევი.
– მე ქიმიკოსი ვარ. საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიაში ვმუშაობ, რომელსაც ამ ყველაფერთან კავშირი არა აქვს. ჩემი შვილი, ტომი... სამი თვის წინ ჩამოიხრჩო თავი. ოცდასამი წლის იყო. „იღბლიანი“ ტომის კაზინოში ხუთი ათასი წააგო. ტომმა „მრიცხველი ჩაურთო“ და ვალი ოცი ათასამდე გაუზარდა. თან, ემუქრებოდა... საწყალი, ჩემი ბიჭი...
– რაო, ესე იგი, „იღბლიანი“ ტომი შენ მოკალი? – გაოგნდა ფილინი.
– მე მოვკალი. ისე გავაკეთე, რომ პროფესიონალის ჩადენილი ჰგონებოდათ.
– ანუ, ეს ომი შენი წამოწყებულია?
– კაცმა ამოიოხრა, – ასე გამოდის... რა მელის ახლა?
ინსპექტორებმა ერთმანეთს გადახედეს.
– ანუ, როგორც კი მკვლელობები შენელდებოდა, მას შენ აღვივებდი? ეს ბანდიტები ერთმანეთს შენი ხელშეწყობით ხოცავენ?
– ჰო... მე სულ თხუთმეტი მათგანი მოვკალი – ორივე ბანდიდან. ეს მეთექვსმეტე იქნებოდა. მე ვიფიქრე, რომ ჩემი შვილისნაირს კიდევ ბევრს გაამწარებენ. რატომაც არა, დახოცონ ერთმანეთი... თუ ცუდად მოვიქეცი?
მეტიუსმა მეწყვილეს გადახედა. იმანაც შეუმჩნევლად დაუქნია თავი.
– მოკლედ, ახლა წადი... ჩვენ არაფერი დაგვინახავს და არაფერი გაგვიგონია, მაგრამ ამ ქალაქში მეორედ აღარ გნახოთ. ამას ისევ შენთვის გეუბნებით.
როცა მარტონი დარჩნენ, ფილინმა სიგარეტს მოუკიდა და გაიცინა:
– მეთექვსმეტეს გადარჩენა შეგვიძლია... გავაფრთხილოთ მსხვერპლი? – ჰკითხა მეტიუსს.
– გააჩნია, მანქანაში ვინ ჩაჯდება. მოდი, დაველოდოთ.
– ეს ჩვენი მოვალეობაა.
– ჩვენი მოვალეობაა, ქალაქის კანონმორჩილმა მოქალაქეებმა მშვიდად იცხოვრონ. თუ მანქანაში არჩი ჩაჯდება, მე ხელს არ შევუშლი განგების ნებას...
ორი საათის ლოდინის შემდეგ, ელიტური სახლის სადარბაზოდან უნაკლოდ ჩაცმული მამაკაცი გამოვიდა და მანქანისკენ გაემართა. ინსპექტორებმა არჩი მოსკიუ იცნეს და სული განაბეს. არჩიმ კარი გამოაღო, საჭეს მიუჯდა და მოტორის ხმაურს თითქმის მაშინვე მოჰყვა ტყვიის გასროლის ხმა.
– ესეც მეთექვსმეტე, – თქვა მეტიუსმა, – ყავა ხომ არ დაგველია? შემთხვევის ადგილის დათვალიერებას მერეც მოვასწრებთ.