რატომ იყენებენ საქართველოში ბავშვთა შრომას შავი და სახიფათო სამუშაოებისთვის #45
„საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში 5-დან 17 წლამდე ასაკის 577 200 ბავშვია და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მათი 4,2 პროცენტი, ანუ 24 ათასზე მეტი ბავშვი, ბავშვთა შრომაშია ჩართული. ბავშვთა შრომა ისეთ შრომას ეწოდება, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას და მავნეა მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. აღმოჩნდა, რომ ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 64 პროცენტამდე, ასეთი კი 16 ათასამდეა, სახიფათო შრომაშია ჩართული: მათი უმრავლესობა (9 ათასი ბავშვი) ღამის საათებში მუშაობს, 5 500 – სახიფათო გარემოში, ხოლო 4 700 – სახიფათო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებით ან ატარებს მძიმე ტვირთს. ირკვევა, რომ სახიფათო შრომაში ჩართულია ვაჟების 67,4 პროცენტი და გოგონების 51,4 პროცენტი. რატომ აღმოჩნდნენ ბავშვები ასეთ მძიმე მდგომარეობაში და რაზე მიუთითებს ეს სტატისტიკა, – თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– 4,2 პროცენტი თითქოს არც თუ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ 24 000 ბავშვი მაინც შთამბეჭდავი და დამთრგუნველი რაოდენობაა. რატომ გაიმეტეს ისინი ასეთი მძიმე ყოფისთვის?
– ამ საკითხსაც ორი ასპექტით უნდა შევხედოთ: შრომა, როგორც აღმზრდელობითი საშუალება და თერაპია, როგორც პიროვნებად ფორმირების საშუალება და შრომა, როგორც მკაცრი იძულებითი ეკონომიკური ფორმა, როდესაც ოჯახის სხვა ასაკოვან წევრებს არ აქვთ საკმარისი შემოსავალი, რომ უზრუნველყონ ოჯახის წევრები შესაბამისი კეთილდღეობით და ამიტომ სასკოლო ასაკის ბავშვები, 17 წლამდე მოზარდები, იძულებულები არიან, ჩაერთონ შრომით საქმიანობაში. მეორე – მიაქციეთ ყურადღება: ეს კვლევა ჩატარდა საქართველოს შინამეურნეობებში, ანუ ოჯახის ფორმით მცხოვრებთა პირველად ელემენტარულ სტრუქტურულ ერთეულებში, მაგრამ ამ კვლევამ ვერ მოიცვა და ვერც მოიცავდა იმ ბავშვებს, რომლებიც არიან ამ სოციალური ინსტიტუციის მიღმა.
– ეგრეთ წოდებულ ქუჩის ბავშვებს გულისხმობთ?
– ის გაცილებით ნელი მოქმედების ნაღმია და საზოგადოებამ მათაც უნდა უნდა მიაქციოს ყურადღება; სხვათა შორის, საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ქუჩის ბავშების გამოკვლევა. საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, იმდენად, რომ, როდესაც ვნახე ის დოკუმენტი, გავიფიქრე, კვლევაზე გამოყოფილი თანხა რომ ქუჩის ბავშვებს მოხმრებოდა, ეს პრობლემა გადაიჭრებოდა. დაახლოებით, 250 000 ამერიკული დოლარი დაჯდა ის კვლევა.
ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ის, უპირველესად, უკავშირდება არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობას. რაც უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, მით მეტია ალბათობა, რომ მისი მოზარდი თაობის წარმომადგენლები ან „გავროშებად“ დარჩნენ, ან სათანადოდ ვერ დაუთმონ დრო სწავლა-განათლებას და ჩამორჩნენ განვითარებაში. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მარგინალიზაციას.
– ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი, თანაც, დაბერებული ერი ვართ, ცოტა მოზარდი გვყავს და თუ მათი ნაწილი ვერც კი ვითარდება, სახელმწიფოს განვითარების რესურსი არ გვექნება, სხვას რომ თავი დავანებოთ. ან ტერიტორიები რად გვინდა, თუ არც იქ დასასახლებელი გვეყოლა და არც იმ ტერიტორიების განვითარების ადამიანური რესურსი?
– არ მინდა პათეტიკის ელემენტის შემოტანა, მაგრამ ზუსტად შეესაბამება აღნიშნულ თემას ჯანსუღ ჩარკვიანის ნათქვამი: „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპების დაჩქარებაზე, არამედ მისი მომავლის, ახალგაზრდა და მოზარდი თაობის, უკეთ აღზრდასა და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.
არის საინტერესო მონაცემები და რამდენიმეს გაგაცნობთ: ოჯახებში ბავშვების 60 პროცენტი ამა თუ იმ ფორმით ეხმარება ოჯახის წევრებს საშინაო საქმიანობაში: დასუფთავება-დალაგება, სუპერმარკეტში სიარული. თან, ეს აქიტიურობა სოფელ ადგილებში უფრო მაღალია, გასაგები მიზეზების გამო: სოფლად აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებით, შენახვითა და დაბინავებითაც არიან დაკავებულები. თუმცა არის კიდევ ერთი მომენტი: იმ ბავშვების, რომლებიც მხოლოდ ოჯახებში არიან დასაქმებულები, რომლებსაც რაღაცას დაავალებენ და ისინი ასრულებენ, შრომის ხანგრძლივობა ათჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ბავშვების, რომლებიც ოჯახებს გარეთ მუშაობენ. ბავშვი სახლში მუშაობისას კვირაში, დაახლოებით, სამ საათს ხარჯავს, ხოლო დაქირავებით დასაქმებული ბავშვების სამუშაო კვირის ხანგრძლივობა კი 28 საათს შეადგენს. ეს 28 საათი არის სრულასაკოვანი ადამიანის ნორმალური სამუშაო კვირის ხანგრძივობის 70 პროცენტი. ესე იგი, საკმაოდ ინტენსიურ დატვირთვას განიცდიან შრომით საქმიანობაში ჩართული ბავშვები. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას: ორმაგი დამოკიდებულებაა, დასაქმებული ბავშვების მხოლოდ 12,4 პროცენტი იღებს შემოსავალს და მათ მიერ ხელზე აღებული თანხა შეადგენს 174 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ ეკონომიკაში დარიცხული ხელფასი 900 ლარია, ბავშვების საშუალო ყოველთვიური ხელფასი უფროსი ასაკის ადამიანების საშუალო ხელფასის 24 პროცენტია; ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვების სამუშაო დრო ნაკლებია, ვიდრე უფროსების, ეს მაჩვენებელი გამოდის, დაახლოებით, 35 პროცენტი. ანუ ბავშვი დროის შესაბამის ერთეულში უფროსი ადამიანის ხელფასის 35 პროცენტს იღებს. გენდერულ ასპექტში განსხვავება შედარებით დაბალია: მართალია, ვაჟები მეტს იღებენ, ვიდრე გოგონები, მაგრამ გოგონების საშუალო ხელფასი ვაჟებთან შედარებით 89 პროცენტია, მაშინ, როდესაც ზრდასრულ მოსახლეობაში ეს თანაფარდობა მხოლოდ 63 პროცენტია. ერთი პოზიტივიც არის, თუ ამ თემაზე საუბრისას რამე პოზიტიურზე შეიძლება ლაპარაკი, მცირედია განსხვავება გოგონებისა და ვაჟების ანაზღაურებას შორის. შესაძლოა, უფრო რთული სამუშაო პირობების გამო ვაჟების შრომა მეტად ფასობს.
– მხოლოდ დამქირავებლის კისერზეა ის, რომ ბავშვებს, უფროსებთან შედარებით, ცოტას უხდიან შესრულებულ სამუშაოში?
– ბაზარი განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდებას. ადრე უფრო მეტი ბავშვი მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურებზე, მათ „ჩაის“ ფულსაც აძლევდნენ. მართალია, წინა კვლევა 15 წლის წინათ ჩატარდა, მაგრამ წინა აღწერასთან შედარებით, რამდენადმე შემცირდა ეკონომიკურად აქტიური ბავშვების რაოდენობა; იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ, საქმიანობენ ოჯახში ან ეძებენ სამსახურს, თითქმის 4-ჯერაა შემცირებული. ეს, უდავოდ, პოზიტივია. ასევე, შემცირებულია ბავშვების მთლიან რაოდენობაში იმ სასკოლო ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც არ სწავლობენ. დაახლოებით 15-20 წლის წინათ ეს მაჩვენებელი იყო 5 პროცენტი, დღეს 2 პროცენტია.
– 12 000 ბავშვი გამოდის. მაინც ბევრია.
– დიახ, ბევრია და კიდევ ერთიც: 7 წელს გადაცილებული 350 ბავშვი გამოვლინდა, რომლებიც სკოლაში ერთხელაც არ წასულან, ანუ ეს პრობლემაც დგას. ხოლო, ვინც ადრე სწავლობდა და თავი დაანება, მათი რაოდენობა, დაახლოებით, 12 000-ა.
– გამოდის, რომ შრომაში ჩაბმული ბავშვების ნახევარი მაინც სწავლობს.
– ნაწილი სწავლობს, ნაწილი – არა, მაგრამ მათი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი შრომას ეთმობა. ვინც მხოლოდ სწავლობს, ისინიც კი ზარმაცობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვი კვირაში 17-18 საათს საქმიანობს, მან როგორ უნდა ისწავლოს?! ბაკალავრიატის სტუდენტებიც არიან, რომლებსაც ღამის ცვლაში უწევთ მუშაობა და პავკა კორჩაგინივით ჩამოეძინებათ ხოლმე ლექციაზე. თუმცა ისინი 19-20 წლისანი არიან და ბავშვებად არ ითვლებიან.
– მაგრამ ჩვენთან დიდი სხვაობა არაა 17-სა და 18 წლისანებს შორის. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს არ აღემატებაო. ჩვენთან 4,2 პროცენტია. როგორ გვახასიათებს, განვითარების რა სტადიაში ვართ? თუმცა, ვფიქრობ, ერთი ბავშვიც რომ იყოს, რომელიც იძულებულია, მავნე და სახიფათო გარემოში იმუშაოს, ტრაგედია და კატასროფაა.
– ეს დაკავშირებულია ეკონომიკურ პრობლემებთან. თან, ეს კვლევა არ მოიცავს ისეთ მძიმე მაჩვენებელს, როდესაც ბავშვებს იყენებენ ქურდობის, მაწანწალობის, მათხოვრობის, პროსტიტუციის მიზნით. ეს კიდევ დამატებით კვლევას საჭიროებს, რადგან, რეალურად, მძიმე სოციალურ ფონში მოხვედრილი ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტია და პრობლემა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ კვლევაში ჩანს. მაგრამ ამ კვლევამაც საკმაოდ ბევრი დამაფიქრებელი აქცენტი გააკეთა.
– არ მინდა, განვსაჯო, თუმცა საინტერესოა ამ ბავშვების ოჯახის წევრების მოტივაცია. რა თანხა შემოაქვს ისეთი ბავშვს, რომ ღირდეს მისი მომავლის სრულ დასამარებად?
– რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით უფრო მაღალი წილი უჭირავს ბავშვის მიერ შემოტანილ შემოსავალს.
– ვახსენე შემოსავალი 173 ლარი. გვყავს ოჯახები, რომელთა შემოსავალი 200-250 ლარს არ აღემატება და ეს 173 ლარი, ფაქტობრივად, აორმაგებს იმ ოჯახის შემოსავალს და დიდწილად ბავშვები არიან არათუ ძირითადი, ერთადერთი შემომტანებიც კი ოჯახში.
– სახიფათო გარემოში ჩვენს კანონმდებლობაში მხოლოდ ჩანაწერია, ნორმებიც კი არ არის დადგენილი. ბავშვებს მავნე და სახიფათო გარემოში რატომ ამუშავებენ, ეს ტენდენციაა თუ, რადგან მათ არ აქვთ განათლება, პროფესია, შავ სამუშაოს ასრულებინებენ?
– ძირითადად, შავ სამუშაოებზე იყენებენ ბავშვებს და ეს სახიფათო შრომა, მაინცდამაინც, ამწის ქვეშ მუშაობას არ გულისხმობს.
– შესაძლოა, საქმიანობის ცივილიზებული ფორმა იყოს, მაგრამ ბავშვს უწევდეს მძიმე ტვირთის გაადადგილება; შეიძლება, უწევდეს ღამის საათებში ხანგრძლივად მუშაობა ან ისეთ გარემოში, რომელშიც შესაძლოა, მის მიმართ დამატებითი ძალადობისა და დაშინების ფორმებს იყენებდნენ, როგორც სოციალურად და ფიზიკურად შედარებით დაუცველის მიმართ. იმას აღარ ვამბობ, რომ სამუშაო პირობები შეიძლება, იყოს არაჯანსაღი: ხმაური, მტვერი, კვამლი, ზომაზე მეტი სიცივე ან სიცხე; მუშაობა მიწის ქვეშ ან დიდ სიმაღლეზე. ესეც დამატებით პრობლემებს ქმნის. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან და მტკივნეულად რეაგირებენ უფროსის, ხელმძღვანელის, პრარაბი იქნება თუ შეფმზარეული, მუდმივ შენიშვნებზე, ყვირილზე, შეურაცხყოფაზე, დამაკნინებელ მიმართვებზე. ასევე, დამქირავებელმა შეიძლება, ისარგებლოს მათი დაუცველი მდგომარეობით მათზე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მიზნით.
– კანონი არ არეგულირებს ბავშვთა შრომას? შეიძლება, ბავშვების მძიმე სამუშაოზე დასაქმება?
– არ შეიძლება. მაგრამ ხშირად ეს არაფორმალური გარიგების საფუძველზე ხდება და უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე.
– ბავშვი სრულიად დაუცველია თავის ამ კანონგარეშე შრომით საქმიანობაში?
– მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი. უპირველესად, ეკონომიკური ხასიათის და მეტი ზრუნვაა აუცილებელი დაბალშემოსავლიან ოჯახებზე მიზნობრივი დახმარებების სახით. ეს ერთი მხარეა – უნივერსალური და საქართველოსაც უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ეს პროგრამა მუდმივად უნდა მუშაობდეს. მეორეა – თვითონ საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით პროფესიული განათლების გარკვეული მხარდაჭერა. სხვათა შორის, საქართველოს პატრიარქის ბევრ ეპისტოლეშია ნათქვამი, რომ სკოლებში აუცილებლად უნდა შეითვისოს ბავშვმა რამე ხელობა. პროფესიის დაუფლება დაეხმარება ბავშვს, რომ არ დარჩეს საზოგადოების მარგინალურ წევრად და ზოგად განათლებასთან ერთად, ჰქონდეს პროფესიის მიღების საშუალება თავის რჩენის მიზნით. სხვათა შორის, მეორე წელია, საქართველოს 200-ზე მეტ საჯარო სკოლაში ისწავლება სასწავლო საგანი – მეწარმეობის საფუძვლები. ეს მოსწავლეებს ეხმარება არჩევნის გაკეთებაში, თუ როგორ შეიძლება, რაღაც იდეა გადაიქცეს შემოსავლის, თვითგამოხატვის, თვითდასაქმებისა და სხვების დასაქმების კონკრეტულ ფორმად; დაეხმაროს პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, რომ მომავალი თაობა მომზადებული შეხვდეს იმ საბაზრო სტიქიას, რაში ჩაბმაც მოუწევს სკოლის დამთავრების შემდეგ. მთავარია, ბავშვმა სკოლაში იაროს და არ მოუწიოს მისთვის გვერდის ავლა, იმიტომ რომ, დღეს სოციალური ყურადღების მიღმა დარჩენილი ბავშვები ხვალ შექმნიან იმ პრობლემას, რაზეც ჯერ კიდევ ილია წერდა თავის ცნობილ ნაწარმოებში „სახრჩობელაზედ“. თუ გვინდა, რომ მშვიდი და სოციალურად ორიენტირებული საზოგადოება გვქონდეს, ამაზე დღესვე უნდა ვიზრუნოთ.