რატომ აშენებს რუსეთი საქართველოში გადმოსასვლელ ახალ გზებს და რაზე ევაჭრებიან აფხაზები რუსეთს #45
აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თავის სამწყსოს აუწყა, რომ აფხაზეთი მონაწილეობას იღებს მასშტაბურ პროექტში, რომლის სახელწოდებაცაა: „დიდი აბრეშუმის გზა“, ისეთ მსხვილ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან. ახალი ამბავი ენგურს იქით დიდი სიხარულით მიიღეს, იმდენადაც კი, რომ რუკისთვის არც დაუხედავთ, თუ როგორ უნდა მოხვდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩინეთიდან წამოსული ტვირთები. ან, თუ რუსეთმა და ჩინეთმა თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს, რაში სჭირდება ჩინეთს აფხაზეთი თავისი ტვირთის რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ამ განცხადებას თავისი მიზანი აქვს, ისევე, როგორც იმას, თუ რატომ არწმუნებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა საკუთარ მოსახლეობას, რომ საქართველოში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს, – ამ ორი უცნაური ოკუპანტურ-სეპარატისტული პოლიტიკური გზავნილის გაანალიზებას მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით.
– რას ეფუძნება გაბნიას განცხადება, რომ აფხაზეთი მონაწილეობას მიიღებს დიდი აბრეშუმის გზის პროექტში და, საერთოდაც, გეოგრაფიას თუ გადავხედავთ, ეს როგორაა შესაძლებელი?
– თუ გავიხსენებთ ისტორიულად არსებულ სავაჭრო გზებს, ასეთი სავაჭრო გზა გადიოდა აფხაზეთის ტერიტორიაზეც, ოღონდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ვაჭრობდნენ თავიანთ მეზობლებთან, ისტორიულ ჯიქეთსა და დღევანდელი კრასნოდარის ოლქის ტერიტორიას ვგულისხმობ, ის იყო ლოკალური ვაჭრობა და იმ საქარავნო გზასთან, რასაც დიდი არეშუმის გზა ერქვა, არაფერი ჰქონია საერთო. მაგრამ ისტორიას რომ თავი დავანებოთ, დღეს, უბრალოდ, აფხაზეთის ხელისუფლებასაც უნდა, მონაწილეობა მიიღოს იმ გრანდიოზულ პროექტში, რომელსაც ჰქვია დიდი აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი და თავიანთ მოსახლეობას ფსევდო-პროექტს სთავაზობენ. აბა, ხომ უნდა ახსნან, რატომ აგებენ გზას რუსეთიდან აფხაზეთისკენ?!
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უფრო მარტივი გზაც მოიძებნოს მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად ან მის დასარწმუნებლად, რომ ეს გზა აფხაზეთს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება და მასში ჩართულია ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიცაა ჩინეთი.
– ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად მიიღებენ ამაში მონაწილეობას, მაგრამ როგორ მოხვდება ეს ტვირთები აფხაზეთში?
– რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. თუ ჩინეთს დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა კავშირის დამყარება რუსეთის მეშვეობით, აფხაზეთი რაში სჭირდება?! აფხზეთს არც ისეთი პორტები აქვს, რომ ინტენსიურად გადაზიდოს ტვითრები და არც რუსეთი დათმობს ასეთ ტკბილ ლუკმას: მით უმეტეს, რომ რუსეთის ამ ნაწილში არსებობს საერთაშორისო მნიშვნელობის უზარმაზარი პორტი, როგორიცაა ნოვოროსიისკი და ვის რაში სჭირდება აფხაზეთის ტერიტორია და მისი პორტები?! მაგრამ ეს მცირე ერის კომპლექსია, უნდათ, იყვნენ ჩართულები დიდ პროექტებში, რომ მნიშვნელოვნად გამოჩნდნენ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.
– მიზანი მოსახლეობის მოტყუებაა თუ ჩვენთან აპირებენ თანამშრომლობას ამ პროექტის ფარგლებში? ხომ ფაქტია, რომ აფხაზეთზე არაფერი გაივლის.
– მათი მხრიდან არ ჩანს ჩვენთან თანამშრომლობის ნიშანი. ამიტომ ვერაფრით ვხსნი, თუ რატომ დაარქვეს ამ ჩვეულებრივ გზას დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი, გარდა მცირერიცხოვანი ერის კომპლექსებისა. ეს გზა წლების წინათ იყო პრეზენტირებული კრასნოდარის სავაჭრო-ეკონომიკურ გამოფენაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი აპირებდა საქართველოსთან. სულ ასეთი ხუთი გზაა. ეს ისტორიულო გზაა და რუსეთის იმპერიაში ერქვა: სოხუმის სამხედრო გზა. დღეს სოხუმის ხელისუფლებას ამ გზის აშენება არ უნდა, რომ მან კოდორის ხეობაზე არ გაიაროს.
– რატომ არ უნდა?
– საჯარო ახსნა ასეთია, თუ ეს გზა გაივლის კოდორის ხეობაზე, დაზიანდება კოდორის ტერიტორიის ეკოლოგიაო. ჩვენთვის ეს უარი ხელსაყრელია, მაგრამ სინამდვილეში, პარადოქსული მიზეზია: აფხაზებს არ უნდათ, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩრდილოკავკასიელებთან. ამის ახსნა, ერთი შეხედვით, რთულია, მაგრამ აფხაზები მიიჩნევენ, რომ დაიწყება ჩრდილოკავკასიელების ექსპანსია აფხაზეთში. ჩერქეზები, მართალია, აფხაზების მონათესავენი არიან, თუმცა საზღვრისპირა რეგიონში ყარაჩაელები ცხოვრობენ. ყარაჩაელები თურქულენოვანი ტომია და აფხაზების ნათესავები არ არიან. აფხაზებს არ უნდათ, რომ ყარაჩაელებს ჰქონდეთ უშუალო გასასვლელი შავი ზღვისკენ.
– მათ ყარაჩაელების მხოლოდ სისხლი სდომებიათ 1992-1993 წლებში.
– ამას გარდა, არის მეორე მიზეზიც: აფხაზებს არ აქვთ იმედი, რომ კოდორს შეინარჩუნებენ. მათ ტვინში ჩაჭედილია, რომ კოდორი არის სვანების. და, თუ გალელებთან დაკავშირებით პროპაგანდა მუშაობს, რომ სამურზაყანოელები არიან გადაკეთებულგვარიანი აფხაზები, სვანების შემთხვევაში იმავეს ვეღარ იმეორებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ გზას, ადრე თუ გვიან, სვანები გადაჭრიან. ასეა თუ ისე, აფხაზები რუსებს სთავაზობენ სხვა მარშრუტით გზის გაჭრას, რომელიც არის არსებული ტრასის, განთიადი-ლესელიძის, პარალელური და მთებში გადის, ოღონდ მკვიდრად აფხაზურ ტერიტორიაზე. ამ გზის მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდება, მაგრამ აფხაზები ჯიუტად მოითხოვენ და ჩინელებს ამ მარშრუტს სთავაზობენ. გზა უნდა გაიყვანოს კერძო ჩინურმა კომპანიამ, რომელიც, თუ რუსეთის ფედერაცია ფულს გადაუხდის, ააშენებს ამ გზას, თუ არ გადაუხდის, არ ააშენებს.
– ანუ, რადგან კომპანიაა ჩინური, ამიტომ არის დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი?
– დაახლოებით ასეთია მათი ლოგიკა: ჩინელები დაინტერესებულები არიან იმიტომ, რომ ეს არის დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი.
– რა სხვაობაა იმ და ამ გზას შორის? იქიდან ვერ შემოვლენ ჩრდილოკავკასიელები, რაკი კრასნოდარის მხარეში გადის?
– მეორე გზა გადის კრასნოდარის მხარეში, თუმცა ჩრდილოკავკასიელები ახლაც შემოდიან, მაგრამ გარკვეული ფილტრებია დაყენებული, რადგან მაინც კრასნოდარის მხარეა. კოდორზე გამომავალი გზიდან კი ამის შეჩერება წარმოუდგენელია, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი.
– რუსეთს რატომ აუტყდა ეს გზები საქართველომდე მოყვანის კონტექსტში?
– ეს არის სტრატეგიული გზები, ეს ხუთივე გზა, მათ შორის, სოხუმის სამხედრო გზაც. ამ გზების ამუშავება იყო რუსეთის სტრატეგიული ამოცანა, რათა სამხრეთ კავკასიაში შემოღწევა გაუადვილდეს. მოითხოვენ, დავიწყოთ მოლაპარკება ბეთშა-ახალსოფლის გზის მშენებლობაზე, რომელსაც „ავარსკაია დაროგას“ უწოდებენ. როგორც გითხარით, 2006 წლის კრასნოდარის კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილო კავკასიის განვითარების კონტექსტში გაიმართა, წარმოდგენილი იყო გზების პროექტები, რომელიც საქართველოს საზღვარს უნდა მობჯენოდა და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულიყო. პირველ გზად იგულისხმებოდა ყოფილი სოხუმის სამხედრო გზის რეაბილიტაცია, რომელიც კოდორის ხეობაში გადის და მოდის ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან; მეორე – მამისონზე მომავალი გზა, რომელიც რაჭის გავლით უნდა გადმოსულიყო „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, ყოფილი ოსური სამხედრო გზა; მესამე – ავარიის გზა, ბეთშა-ახალსოფელი. ამჟამად რუსეთს სამხრეთ კავკასიისკენ აქვს ორი გზა: როკის გვირაბი და აფხაზეთის ტერიტორიაზე – ადლერიდან გაგრისკენ მიმავალი.
– დარიალიც ხომ აქვს, ანუ საქართველოს სამხედრო გზა?
– აქვს, მაგრამ ითვლება, რომ იმ გზის ჩაკეტვა ერთი ხიდის აფეთქებითაა შესაძლებელი. ამიტომ დარიალის გზა, შეღწევადობის კუთხით, არ არის მისაღები რუსეთისთვის. როკის გვირაბი იმიტომ გააფართოეს და გაარემონტეს, რომ გაიმარტივეს საქმე. მაგრამ არც როკის გვირაბი არ არის მათთვის ბოლომდე ხელსაყრელი, რადგან კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული მისი მუშაობა. იქითა მხარეს ხშირია მეწყრები, ქვათა ცვენა და გზა იკეტება, როდესაც კლიმატურად არახელსაყრელი პირობები იქმნება. ამდენად, სჭირდებათ რამდენიმე გზა, რომელთა დახმარებითაც სამხრეთ კავკასიაში შემოღწევას გაიიოლებენ.
– თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, ალბათ?
– რასაკვირველია. ისინი სამხრეთ კავკასიას აღიქვამენ, როგორც წინა აზიაზე შეტევის პლაცდარმს და ამისთვის სჭირდებათ გზები.
– აფხაზეთის ტელევიზიის ტერიტორიაზე ვინ აფეთქდა და რა მიზნით?
– დადასტურებით არავინ არაფერი იცის. მე და არა მხოლოდ მე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის პიროვნება ტერაქტს ამზადებდა და დროზე ადრე აუფეთქდა მოწყობილობა. ალბათ, ნელ-ნელა გაირკვევა. უკვე იციან, ვინ არის.
– და, როგორც აფხაზური წყაროები იტყობინება, კონკრეტულ აფხაზ პოლიტიკოსზე აპირებდა თავდასხმას, თუმცა გვარს არ ამბობენ. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში არჩევნებზე გაიმარჯვეს პრორუსმა ძალებმა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი რაღაც მიზნისთვის ავრცელებს ამ ინფორმაციას, ანუ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს. რა მიზანი აქვთ?
– კარგი კითხვაა. ამას აქვს რამდენიმე მიზანი: ერთი ის, რომ ვმუშაობთ და მივიღეთ შედეგი. ჩვენს საზოგადოებას მოყირჭდა უკრაინის ამბების მოსმენა, არადა ამ დროს იქ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება და იქ მიმდინარე პროცესები ექოსავით ისმის საქართველოში. რუსეთს ძალიან სჭირდება, იყოს სამშვიდობო პროცესების ინიციატორი და სულისჩამდგმელი და ასეთად წარმოჩინდეს მსოფლიო საზოგადოების თვალში. დღეს რუსეთი ძალიან აქტიურად მუშაობს კვიპროსის გაერთიანების თემაზე. იცით, რომ თურქული და ბერძნული თემების წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სპეციალისტების გათვლით, წლის ბოლომდე კვიპროსი შეიძლება, გაერთიანდეს. ამ პროცესში ჩართულები არიან საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. იქ რუსეთი ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს და თავის როლს ფუთავს კიდეც პოზიტიურად. მას, ასევე, უნდა, მსოფლიო საზოგადოებას აჩვენოს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი შემოატრიალა და, შესაბამისად, ხელისუფლებაც ამგვარი მოვიდა.
– მაგრამ ეს ხომ ტყუილია.
– ეს ტყუილია და აბსურდი. რუსულ პრესაში ხაზს არ უსვამენ შემდეგ, ძალიან საინტერესო ფაქტს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ამერიკული ბაზა და, ფაქტობრივად, ტენდერია გამოცხადებული. იგულისხმება ვაზიანის მიმდებარე ტერიტორია. ეს ის ბაზა კი არ არის, როგორც ჩვენ გვესმის ბაზის მნიშვნელობა – საწვრთნელი ცენტრია. ჩვენ ვიცით, რომ იქ უნდა გაკეთდეს საქართველოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც იქნებიან ამერიკელი ინსტრუქტორები. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის უწყების გვერდზე, ანუ, რომ ფულს იხდიან ისინი, მაგრამ რუსულ მედიაში ამის შესახებ კრინტსაც არ ძრავენ.
– როგორც წესი, რუსული მედია დეზინფორმაციას სავსებით კონკრეტული მიზნებით ავრცელებს.
– სიტუაციის გამოსწორების მიზნით, რუსულ პრესაში იწერებოდა, რომ ეს იქნებოდა ქართული საწვრთნელი ბაზა, რომლის მუშაობაშიც ამერიკელებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, როგორც ინსტრუქტორები. მაგრამ ახლა ხმას არ იღებენ. ეს არის იმ კულუარული პოლიტიკის შედეგი, რომელიც მთელ მსოფლიოში იწარმოება. აშკარად პოლიტიკას არავინ აკეთებს. თუმცა, როდის გამოიყენებს ამ თემას რუსეთი ანტიქართული კამპანიის ასაგორებლად, არავინ იცის.