საკონსტიტუციო უმრავლესობის ხიბლი #45
„ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ,
პირველი ტყვიაც იმან უნდა გასინჯოსო“
ბევრს დაგვპირდნენ თუ ცოტას (წინასაარჩევნოდ), ბევრს დაიმუქრნენ თუ ცოტას (არჩევნების გაყალბებას არავის შევარჩენთო), ისე მოხდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც მიიღო და აწ, რაც კი გაუხარდება, იმ კანონების მიღება შეეძლება.
თუმცა გვპირდებიან, რომ ამ შესაძლებლობით არათუ ბოროტად არ ისარგებლებენ, პირიქით, დაამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სიკეთეთა შორის უპირველესი სიქველეა (აღდგომა და ხვალეო).
მეორე მხრივ, ოპონენტები („ნაციონალური“ ფრთიდან) კვლავაც არისხებენ განგაშის ზარებს, მოტივით, რას მიქვიან საკონსტიტუციო უმრავლესობაო?! იმის მიუხედავადაც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის თავადაც აქვთ გემო გასინჯული. ხოლო, რაკი მაინც ვერ მალავენ აღშფოთებას, პათოსით: საკონსტიტუციო უმრავლესობა დემოკრატიას ასამარებსო, ორი ვარიანტია: ან თავად არიან ქართული დემოკრატიის მესაფლავეები, ან ერთადერთი დასაშვები მოდელი ქართულ დემოკრატიაში ისაა, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება; რამეთუ, თუ პოეტს დავესესხებით: „მხოლოდ ის ერთი დგას შურზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – დემოკრატიაზე) მაღლა.
ასეა თუ ისე, რადგან წილი უკვე ნაყარია, წინასწარმეტყველება კი უმადური საქმეა (თუ, რასაკვირველია, ლელა კაკულია არ ხარ), ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, აწ საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი „ოცნება“ ისეთივე შემართებით დააგემოვნებს „პირველ ტყვიას“, როგორც „პირველი მწვადი“ შეირგო?! –