„უინტერესო“ სკოლა და „საინტერესო“ მინისტრი #45
ანუ „გამოგუგლებული“
„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან
მზე სწორად მოეფინების“
მართალია, ბ-ნი ჯეჯელავა არც ისე დიდი ხანია, რაც ამ ჩვენს განათლებისა და მეცნიერების სისტემას ხელმძღვანელობს, თუმცა თავი უკვე დაგვამახსოვრა უჩვეულოდ საინტერესო და წრეგადასული მოსაზრებებით.
გამონაკლისი არც გასული კვირა ყოფილა, სახელდობრ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გვამცნო, რომ სისტემის უმთავრესი პრობლემა „უინტერესო სკოლაა“ და დაგვპირდა, რომ ორიოდ წელიწადში ის საინტერესო გახდება (ბარაქალა!).
საინტერესოდ კი პროცესი (სწავლისა), მინისტრის თქმით, ერთი მხრივ, მასწავლებელმა უნდა აქციოს, მეორე მხრივ – იმის შინაარსმა, რასაც ვასწავლით.
ვინაიდან (კვლავ მინისტრს დავესესხები): „აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რამის კონტენტი, შინაარსი არ გაინტერესებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი (ერთი ისეთი ბავშვი დამანახვა, მექანიკის კანონები რომ აინტერესებს)“.
და, როგორც იქნა, ამოთქვა მთავარი (სხვათა შორის, აწ უკვე ნამინისტრალ კახა ლომაიას სტილში: ძველ ქართულ მწერლობას რომ ერჩოდა, ვინაიდან თავად ამის ინჩიბინჩი არ გაეგებოდა): „იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?“
საზეპიროები კი მოსწავლემ იმიტომ არ უნდა იცოდეს, რომ მეხსიერების გავარჯიშება აღარ სჭირდებაო, რაკი არსებობს „გუგლი“. ოღონდ ეს ჩვენი მინისტრი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საიდან უნდა დააგროვოს მოსწავლემ ლექსიკური მარაგი, ხოლო, თუ ლექსიკური მარაგი არ ექნა, როგორ უნდა იაზროვნოს ლოგიკურად და კრიტიკულად?! ვითომ ამაშიც გამოდგება „გუგლი“?!
თუმცა პირადად ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი ბ-ნი ჯეჯელავას შემდეგი განაცხადი გახლდათ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ – შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა.“
შოკისმომგვრელი კი იმადაა, რომ „ასტამი“ კვლავ ასტამია, „უხეთქნა“ ისევ უხეთქნაა, „რატომ“ რატომაა, ვარსქენი და შუშანიკი სახელებია. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ჩვენი უპირველესი განმანათლებლისთვის ყველაზე გასაგები ტექსტი „თხა და გიგოა“?!
მეორე მხრივ, მართლაცდა, მომსახურე პერსონალს, აბა, რაში სჭირდება მდიდარი ლექსიკური მარაგი, კომპიუტერისა და ინგლისურის საყველპურო ცოდნისთვის „გამოგუგლებაც“ ხომ სავსებით საკმარისია?! –