ოთო ნემსაძე: როცა ცუდ განწყობაზე ვარ, მაშინ უფრო მემღერება #44
მომღერალმა ოთო ნემსაძე მსმენელმა თავისი გამორჩეული ხმითა და შესრულების მანერით შეიყვარა. თავად მიიჩნევს, რომ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანია და ცხოვრებაშიც უმართლებს. ახლახან, საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი უკრაინული ჯგუფი – „ოკეან ელზი“. მათთან ერთად, ოთომ და მომღერალმა მებო ნუცუბიძემ ქართულად შეასრულეს სიმღერა. თუმცა, იმის გამო, რომ ამას შესაბამისი გამოხმაურება არ მოჰყვა ქართულ მედიაში, ოთო ნაწყენი დარჩა. მიდის თუ არა მომღერალი საქართველოდან, ვის გვერდით გრძნობს ის თავს დაცულად და მშვიდად და რაში არ არსებობს მისთვის კანონები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ოთო ნემსაძე: ძალიან იღბლიანი ვარ და სულ ვხუმრობ, უიღბლიანეს ადამიანებს შორის, მე მოწინავე რიგებში ვდგავარ-მეთქი (იცინის). რასაც მივაღწიე, ვერ ვიტყვი, დაუმსახურებლად-მეთქი, მაგრამ ამასაც იღბალი სჭირდება. პროფესიით ეკონომისტი ვარ და რომ არა მომღერლობა, ალბათ, ამ პროფესიას გავყვებოდი. ვიქნებოდი კარგი ფინანსისტი ან ეკონომისტი, მაგრამ მომწონს სიმღერა, სცენაზე დგომა და ამაზე ვერასდროს ვიტყვი უარს. ცხოვრებაში მარტივად ვერაფერს მიაღწევ, თუ შრომა არ გიყვარს. შესაბამისად, მეც ბევრი მაქვს ნაწვალები, მიმეღწია იმისთვის, რაც გამაჩნია და მარტივად არაფერი მოსულა. მთავარია, რომ მიზანს ყოველთვის ვაღწევ და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი გამომდის – ზედმეტად ძლიერი ვარ. ცხოვრებას პოზიტიურად ვუყურებ და პრობლემები და წინაღობები არ მაშინებს. არც დეპრესიაში ვვარდები – ის, რომ ჩავწვე ლოგინში, გვერდით საფრფლე მოვიდგა და გავავსო ნამწვავებით, არ მჩვევია. მხოლოდ მარტო ყოფნის მეშინია და თუ ცუდ განწყობაზე ვარ, ვცდილობ, მეგობრებთან გავატარო დრო, ახალი ხალხი გავიცნო და პოზიტივით დავიტუმბო. ვაღიარებ, არ ვარ ადვილი ადამიანი, რთული ვარ. ყველაფერში პირდაპირი ვარ და ბევრს ეს არ მოსწონს. გორელები ყველაზე პირდაპირი ხალხი ვართ, იმას ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ, და ასეთი ხალხის გაგება ცოტა ძნელია. ცოტა ფეთქებადებიც ვართ. შეიძლება, ბევრი მოვუთმინო ადამიანს, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუტარო.
– და, ამ დროს „გაჭედო?
– მე არ ვჭედავ, „მაჭედინებენ“ (იცინის). სულ ვამბობ, ამ საუკუნის ადამიანი არ ვარ-მეთქი. ან მეცხრამეტე საუკუნეში უნდა დავბადებულიყავი ან ოცდამეშვიდეში. ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნის ნამდვილად არ ვარ, ცოტა სხვაგან ვარ.
– ცხოვრებაში „დარტყმები“ ხშირად გადაგიტანია?
– ცხოვრებაში „დარტყმები“ ყოველდღიურად მაქვს და მარტივად ვიგერიებ. მივეჩვიე, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, სულ იბრძოლო და არ დანებდე. იმუნიტეტი გამოვიმუშავე, ბოლოს და ბოლოს, გორელი ვარ (იცინის). თუ პრობლემა და წინაღობა არ შეგხვდა, ისე, ცხოვრებას რა აზრი აქვს? იცით, რას დავაკვირდი? როცა ცუდ განწყობაზე ვარ, მაშინ უფრო მემღერება.
– გავიგე, უცხოეთში აპირებ წასვლას და კარიერის იქ აწყობას. ეს სიმართლეა?
– წინასწარ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თუმცა, ვაპირებ არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში წავიდე და დიდ საქმეებს შევეჭიდო. ყველაფერს შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემი გულშემატკივრები გავახარო.
– ესე იგი, საქართველოდან მიდიხარ?
– საქართველოს გარეშე, სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. უბრალოდ, ცოტა ხნით მომიწევს გამგზავრება და იმედია, წარმატებულად.
– ერთხელ თქვი – მაინცდამაინც ფრჩხილზე წითელი ლაკი უნდა მესვას, რომ ყურადღების ცენტრში მოვხვდეო. რას ნიშნავდა ეს ნათქვამი?
– რას ნიშნავდა და ცოტა ხნის წინ, თბილისში, ძალიან მაგარი უკრაინული ჯგუფი „ოკეან ელზი“ იყო ჩამოსული და კონცერტი გამართა. მისი სოლისტი – ვაკარჩუკი, ბევრ ქვეყანაში როკის მამადაა აღიარებული და აქ, სცენაზე, ქართულად ამღერდა. სცენაზე ქართული და უკრაინული დროშები ააფრიალა. მე და მებო ნუცუბიძე კი მის გვერდით ვიდექით. სამწუხაროდ, ეს არსად გაშუქებულა. სიმართლე გითხრათ, მეგონა, მედიასაშუალებები აიტაცებდნენ, დააფასებდნენ. პირადად მე, საკუთრი თავის პიარი არასდროს გამიკეთებია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ჯგუფი ქართველებისგან უდიდეს ყურადღებას იმსახურებდა. უცხოეთში ხელის გულზე ატარებენ, მსოფლიოში ბევრი კონცერტი აქვთ ჩატარებული. გამიხარდა, აქ რომ ჩამოვიდნენ, მაგრამ მეწყინა, მედიამ ისე არ გააშუქა, როგორც ეკადრებოდათ. კაცი, რომელიც უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც ყველგან ახსენებს, ქართველ გმირებს უძღვნის სიმღერას, ბოლომდე იხარჯება, ქართულად ამღერდა და ჩვენი ქვეყნის დროშას აფრიალებს სცენზე, მეტ დაფასებას იმსახურებს ჩვენგან. ბოლოს და ბოლოს, მეტალის ხმას ეძახიან ვაკარჩუკს და ნომერ პირველი როკ-ჯგუფია.
– მართალია, რომ ტყუპი ძმა აღმოაჩინე და მასთან ერთად აპირებ უცხოეთში წასვლას და კარიერის აწყობას?
– მე ჩემი ტყუპისცალი ძმა უკვე დიდი ხანია, აღმოვაჩინე. ჯერ კიდევ „ჯეოსტარზე“ და მას შემდეგ, სულ ერთად ვართ. მებო ნუცუბიძე ძალიან მაგარი მუსიკოსია და გენიოსი თავის შემოქმედებაში. რაც შეეხება უცხოეთში ერთად წასვლას, მე და მებო ერთად არ მივდივართ.
– ოთო, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. მე და სოფო მეძმარიაშვილი ძალიან კარგად ვართ ერთად და ეს არის ადამიანი, ვის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ. როცა პირად ცხოვრებში სიმშვიდეა, მაქვს უფრო მეტი საშუალება, მეტი ვიფიქრო მუსიკაზე და წარმატებულად ვიმოქმედო. ხშირად მეკითხებიან, ურთიერთობა თუ გაქვთ შენ და სოფოს დაკანონებულიო. მე არ მესმის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაკანონება – ვუყვარვარ, მიყვარს და ეს საკმარისია. ჩემი გოგო ჰქვია და ესაა მთავარი.
– ანუ, შენთვის სიყვარულში კანონები არ არსებობს?
– რასაკვირველია, არ არსებობს. მე მიყვარს, ან – არა. მყავს გვერდით ულამაზესი გოგო, უსაყვარლესი ოჯახი, ყველაზე მაგარი მეგობრები მსოფლიოში და შესაბამისად, ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ. არ მეზარება შრომა, დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ და შედეგით არასდროს ვკმაყოფილდები.