კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის თვეების განმავლობაში გიორგი გოცირიძე

„კომედი შოუს” მსახიობი გიორგი გოცირიძე, როგორც იცით, ექვსი თვის წინ საშინელ ავარიაში მოყვა. მსახიობის მდგომარეობა ურთულესი იყო, თუმცა ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო. ფეხზე წამოდგა, ეტლში გადაჯდა და სამსახურსაც დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ, გიორგის კიდევ ერთი ურთულესი ოპერაციის გადატანა დასჭირდა. ამჯერად უფრო გაუჭირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და რეაბილიტაციის კურსი წარმატებით გრძელდება.
ანი გოცირიძე: ავარიის შემდეგ ექვსი თვე გავიდა. მაშინ გიორგის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბევრი ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო ვითარებაში. მაგრამ, მას შემდეგ, აქამდე ოპერაციაული ჩარევა აღარ დასჭირვებია. თუმცა, ვიცოდით, რომ ექვსი თვის შემდეგ, ერთი ოპერაცია კიდევ დასჭირდებოდა მუცლის ღრუში და ასეც მოხდა. ეს ოპერაცია გეგმიურად 17 ოქტომბერს გავუკეთეთ. მუცლის ღრუში თიაქარი ჰქონდა ჩამოყალიბებული. მაგრამ როცა გაჭრეს, მოსალოდნელზე რთული მდგომარეობა დახვდათ. თუმცა, მერე ექიმებმა აგვიხსნეს, რომ ასეთ მდგომარეობას ელოდნენ, უბრალოდ, წინასწარ აღარ შეგვაშინეს. გარკვეული ცვლილებები იყო. ნაწლავები ჰქონდა შეხორცებული და მათი განცალკევება გახდა საჭირო. ამიტომ ოპერაცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მუცლის ღრუ საბოლოოდ და საფუძვლიანად დაიხურა. საავადმყოფოდან უკვე გამოგვწერეს. რაც შეეხება ამ ოპერაციის შემდგომ პერიოდს, ეს გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე გიორგის თავდაპირველი მდგომარეობა. ოპერაციის შემდეგ ძალიან მძიმედ იყო, საშინელი ტკივილები ჰქონდა. პირველ ოპერაციებთან შედარებით, ახლა უფრო მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ტკივილებიც უფრო ძლიერი იყო. მაგრამ, ჭრილობები ძალიან სწრაფად უხორცდება და ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან.
– თავიდან ექიმები რეაბილიტაციისთვის დიდ დროს ვარაუდობდნენ, მაგრამ გიორგიმ გაცილებით ადრე შეძლო ლოგინიდან წამოდგომა.
– ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ სამი თვის განმავლობაში მაინც უნდა ყოფილიყო მწოლიარე მდგომარეობაში და მერე, ნელ-ნელა შეძლებდა წამოდგომას. მაგრამ გიორგი თვე-ნახევარში გადაჯდა ეტლში. საბედნიეროდ, ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და ჭრილობები ძალიან ადვილად და სწრაფად ხორცდება, უკუჩვენებების გარეშე.
– ახლა რა პროცედურები გაქვთ გასავლელი?
– ახლა მთელ მუცელზე გახსნილია და უამრავი ნაკერი ადევს. დრენაჟები ჯერ ისევ მუცელში აქვს. მისი ამოღება და ნაკერების მოხსნა წინ გვაქვს. გარდა ამისა, საკმაოდ ხანგრძლივი წამლების კურსი და რაც მთავარია, გიორგის კიდევ ერთი ოპერაციის გადატანა მოუწევს ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ოპერაცია გაიკეთა, დამოუკიდებლად ფეხზე ჯერჯერობით არ გაუვლია. ცდილობს, ფეხზე დგება და ყავარჯნების დახმარებით, სიარული ნელ-ნელა, თავიდან ისწავლა, მაგრამ დამოუკიდებლად არ შეუძლია. დაახლოებით ერთ თვეში ჩაუტარებენ ოპერაციას, რკინებს ამოუღებენ და მერე უკვე დამოუკიდებლად შეძლებს გავლას.
– ძალიან მძიმე პერიოდის გადატანა მოუწია, როგორია მისი ემოციური მდგომარეობა?
– ფსიქოლოგიურად ძალიან მაგრადაა. როცა ეუბნებიან, რომ ამა თუ იმ პროცედურის შემდეგ ერთი კვირა დასჭირდება წამოსაჯდომად, გიორგი ცდილობს, ოთხ დღეში შეძლოს. ამ ოპერაციის შემდეგ ნაკერები საშინლად ტკიოდა, მაგრამ იმდენად უნდა ფეხზე გავლა, არ ეპუებოდა. ყველაზე მეტად თვითონ ცდილობს ამ მდგომარეობასთან გამკლავებას. ვხვდები, სინამდვილეში, ფსიქოლოგიურად და ემოციურად ძალიან უჭირს, ბევრი კრიზისული დღე გვქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს. როცა მარტო რჩება, მაშინ შეიძლება, მაგრამ ჩვენთან ერთად, არა. პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები დეპრესიაში არ ჩავვარდეთ, მისი ამ მდგომარეობაში ყოფნის გამო. როცა თვითონ შემართებითაა და ამბობს, ესეც გაივლისო, ჩვენ აღარ გვაქვს მოწყენის უფლება. რეანიმციაში რომ იწვა, მაშინაც კი ცდილობდა, ხალისი არ დაეკარგა. ახლაც, ქუჩაში რომ გავდივართ, თუ დაინახა, ბავშვი ველოსიპედით, რომელიც გაოცებული უყურებს გიორგის, ეს ეუბნება: მოდი, აბა, შევეჯიბროთო და ვითომ გარბის. მეგობრის ქორწილში ვიყავით, ეტლით შევარდა და ხელებგაშლილი ცეკვავდა შუა ქორწილში. ცდილობს, ყველაფერში დადებითი დაინახოს და იუმორით გამოიყვანოს საკუთარი თავი ამ მდგომარეობიდან ისე, რომ არც სხვა დაძაბოს.
– „კომედი შოუში” უკვე იყო რამდენიმე სკეტჩი მისი მონაწილეობით. სამსახურსაც დაუბრუნდა.
– თვე-ნახევრის შემდეგ, როგორც კი ეტლში გადაჯდომა შეძლო, მეგობრებმა გარეთ გაიტაცეს. მას შემდეგ გატაცებული იყო და ხანდახან ვნატრობდით ხოლმე, რომ სახლში შემოსულიყო (იცინის). რა თქმა უნდა, სამსახურშიც მაშინვე წავიდა და შეძლებისდაგვარად, დადიოდა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც უამრავი სამედიცინო პროცედურის ჩატარება გვიწევს, დიდ დროს ვატარებთ ექიმებთან და შესაბამისად, ყოველთვის ვერა, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მაშინვე სამსახურში მიდის. გარდა იმისა, რომ სამსახური და მეგობრები ძალიან უყვარს, როცა საქმეს აკეთებს, მაქსიმალურად მასზეა გადართული და პრობლემებზე აღარ ფიქრობს.
– ბევრ სამედიცინო პროცედურას იტარებს, მაგრამ უკვე ექვსი თვეა, ოპერაცია არ დასჭირვებია. რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ხელმეორედ გამოვლა.
– ნამდვილად. ამბობს, რომ ახლა გაცილებით ძლიერი ტკივილები აქვს. გუშინ პირველად, თვალცრემლიანმა მითხრა: რატომ დავიტანჯე, ანი, ასე, როდის უნდა მეშველოს და დავუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებასო?.. ამდენი ხნის განმავლობაში, ასე დაღვრემილი და აცრემლებული გიორგი არ მინახავს. ერთი სული აქვს, როდის შეძლებს ფეხზე გავლას. ძლიერი ორგანიზმი აქვს და ვნახოთ, ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ, მალე შეძლებს და რაც შეეხება მუცლის ღრუს, მის ბოლომდე შეხორცებას 6-8 თვე დასჭირდება.
– ბუნებრივია, ეს ყველაფერი თქვენთვისაც ძალიან რთულია.
– ძალიან მძიმე და რთული პერიოდი გამოვიარეთ. მე და ჩემმა ოჯახმა ისეთი ტრავმა მივიღეთ, გიოს ტრავმას არაფრით ჩამოუვარდება. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ფიზიკური დაზიანება არ გვაქვს. არც მინდა, ამ ყველაფრის გახსენება, ძალიან რთულია. მაგრამ, ამდენი ხალხის თანადგომა და გიორგის დამოკიდებულება მოდუნებისა და სისუსტის უფლებას არ გვაძლევდა. ჩვენც ძალიან მაგრად და ჯანმრთელად დავხვდით. სხვანაირად არც შეიძლება, ამხელა კაცია და მის მოვლას მთელი ოჯახის ძალა და ჯანმრთელობა სჭირდება. საბედნიეროდ, თავს ვართმევთ და მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. თავდაპირველ მდგომარეობასთან შედარებაც არ ღირს. ავარიის შემდეგ უამრავი დაზიანება ჰქონდა. ძალიან მძიმე თავის ქალის ტრავმა, მუცლის ღრუს ყველა ორგანო განადგურებული ჰქონდა, მრავალჯერადი და ღია მოტეხილობები. ფეხები საშინელ დღეში ჰქონდა, ფეხის ძვალი ავარიისას ადგილზევე დაკარგა. სეფსისი გადაიტანა და ფაქტობრივად, გულის და ხერხემლის გარდა, ყველაფერი საშინელ დღეში ჰქონდა. 15 დღე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში გაატარა. ეს იმდენად მძიმე დღეები იყო, გახსენება შეუძლებელია. ახლა კიდევ ერთ ოპერაციაზე რომ ვიყავით სავადმყოფოში, ვერ ვიხსენებდით მაშინდელ დღეებს. იმდენად შოკირებულები ვიყავით მაშინ, რომ აღარაფერი გვახსოვს. ეს გასაგებიცაა, გიორგის გადარჩენის საკითხი ეჭვქვეშ იყო. ექიმმა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა ჩვენთვის. წნევა, სიცხე, კომა და მდგომარეობა ყოველწუთს იცვლებოდა. გიორგის სიცოცხლე სასწორზე იდო, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
– გამოძიება დასრულდა? რა გაირკვა ავარიასთან დაკავშირებით?
– გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაბამისად, საბოლოო დასკვნა, ჯერ არ გვაქვს.

скачать dle 11.3