კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-43(826)

 ანას ნაცნობი ქვევით დაეშვა. ჟურნალისტი კი ვერანდაზე ავიდა. შემდეგ ფრთხილად გადაძვრა მოაჯირზე და ბოლის, იგივე მოზესის ნომრისკენ გაემართა, რომ შიგ შემძვრალიყო და მოსასმენები დაეყენებინა. ანამ საკმაოდ სწრაფად დაძლია ვიწრო კარნიზი და კედელზე აძვრა. მოზესის ნომერში შეაღწია და სამი მიკროფონი სხვადასხვა ადგილზე მიაწება. შემდეგ, სწრაფად დაბრუნდა უკან და კედელზე რომ ძვრებოდა, ფეხი მოუცურდა, ქვევით დაეშვა და კარნიზს რომ არ ჩამოკიდებოდა, კლდეზე გადაიჩეხებოდა... ვარდნის დროს ანამ ნეკნები ჩამოარტყა კედელს და მარცხენა ლოყით გამოშვერილ ქვას გაეხახუნა. ქალმა ორივე ხელი მძლავრად ჩაავლო კარნიზს და სული მოითქვა. შემდეგ ნელ-ნელა ზევით აიწია – კაცის მოქნილობა გამოავლინა. კვლავ კარნიზზე დადგა და მშვიდობიანად დაბრუნდა სასტუმროს ეზოში. მისი ნაცნობი გოგონა კვლავ რესტორანთან ტრიალებდა და ანა რომ დაინახა, მიუახლოვდა და შეშინებული სახით ჰკითხა:
– მარცხენა ლოყიდან სისხლი მოგდის. რა დაგემართა?
– კინაღამ კლდეზე გადავიჩეხე, – მიუგო ანამ, თან სისხლი მოიწმინდა.
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... მაგრად გადარჩენილხარ, –  თავი გააქნია გოგონამ, – გავიქცევი, ბამბას და იოდს მოვიტან.
– არ გინდა, არაფერია. მე წავალ, მეჩქარება. შენი კი დიდი მადლობელი ვარ და პატივისცემა ჩემზე იყოს.
– მოგწმინდავ რა, სისხლიანი ხომ არ ივლი?
– ცხვირსახოცს მივიდებ, არა უშავს. აბა, წავედი. მადლობა... – მიუგო ანამ და სასტუმროდან გამოვიდა.
ანა კიკვაძე რომ მეტეხის აღმართზე დაეშვა, დაჟეჟილმა ნეკნებმა სწორედ მაშინ გაახსენა თავი. ისეთი ტკივილი იგრძნო, რომ ქვიანი მოაჯირის კუთხეში ჩამოჯდა სულის მოსათქმელად. შემდეგ მობილური ამოიღო და ვანიკოს დაურეკა.
– სად ხარ? – ჰკითხა ანამ სტაჟიორს.
– საბურთალოზე. მოვიდე, სადაც შევთანხმდით? – მიუგო ვანიკომ.
– მეტეხის აღმართთან მოდი. გელოდები, – თქვა ანამ და ტელეფონი გათიშა.
ვანიკო მალევე მოვიდა. ანა მანქანაში ჩაჯდა და ბიჭს ყველაფერი დაწვრილებით უამბო:
– ვიშუსტრე, თორემ ახლა მკვდარი ვეგდებოდი მტკვარში.
– მადლობა ღმერთს, – თქვა ვანიკომ. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და თითქოს  ცივსისხლიანი ჩანდა, თუმცა შინაგანად ისე განიცადა ანას ამბავი, კინაღამ შემხვედრ მანაქნას შეასკდა, მაგრამ დროზე გაასწორა საჭე. ანა მიხვდა ბიჭის მდგომარეობას და ღიმილით უთხრა:
– ყურადღებით უნდა იყო, ვანიკო, ასე არ ივარგებს. ჩვენს საქმეში სიფრთხილე და სიზუსტე სიცოცხლის ტოლფასია.
– ფრთხილად ვიქნები, ანა, ფრთხილად, მაგრამ შენც ფრთხილად იყავი. არ ჯობდა,  მე მეძრომიალა კედლებზე? შენ ქალი ხარ, მე კი – კაცი და ასე უნდა გვექნა. მომავალში მასეთ საქმეებს მე გავაკეთებ, კარგი?
– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო ანამ, – წინ იყურე, ვანიკო და ყურადღებით იყავი. კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანს და ავარიაღა გვაკლია ახლა.
ვანიკოს ხმა აღარ ამოუღია და ისე მივიდნენ ალექსანდრეს ბაღთან, რომ ანასთვის აღარაფერი უკითხავს. მანქანა რომ გააჩერა, ანამ ბიჭს მორიგი სიხშირეები უკარნახა. ვანიკომ მოსასმენი მოწყობილობის სიგნალი დაიჭირა, ხმას აუწია და ანას უთხრა.
– ნომერშია.
– ლაპარაკი რომ არ ისმის? – ჰკითხა ანამ.
– მერე რა. ისეთი მგრძნობიარე აპარატურაა, რომ უბრალოდ, ადამიანის ყოფნასაც აფიქსირებს. ეგ კი არა, შეუძლია, გაჩვენოს, თუ რამდენი ადამიანია იქ. აი, ნახე, – ბიჭმა პატარა დისპლეი ჩართო და მასზე ციფრი 1 დაიწერა.
– დავუშვათ, ნომერში ცხოველია. როგორ გაარჩევ მას ადამიანისგან? – დაინტერესდა ანა.
– იმავე მგრძნობიარე აპარატურით, – აუხსნა ვანიკომ, – ადამიანების იმპულსები, რა თქმა უნდა, სიჩუმის შემთხვევაში, განსხვავდება სხვა დანარჩენების იმპულსებისგან და აპარატურა ზუსტად გიჩვენებს ამას. ახლა ისეთი მოწყობილობებიც გამოიგონეს, ცხოველებისა და მწერების ნაირსახეობას რომ აფიქსირებს და შესაძლებელია, ზუსტად დაადგინო,  რამდენი და რა სახეობის სულიერია ოთახში.
– მაგარია, – მიუგო ანამ და დააყოლა, – დღეისთვის კმარა. მოდი, ახლა მე შენ სახლში მიგიყვან, შემდეგ კი მეც სახლში წავალ, დავწვები. ძალიან დავიღალე, უნდა დავისვენო.
– კარგი, – დაეთანხმა ვანიკო და მძღოლის გვერდით მოკალათდა. ჯიბიდან 195 ლარი ამოიღო და ანას გაუწოდა.
– გამომართვი. მხოლოდ ხუთი ლარი დაიხარჯა.
– შეინახე, ბიჭო, ეგ ფული, – შეუბღვირა ანამ სტაჟიორს და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
ანა კიკვაძემ ჯერ ვანიკო მიიყვანა სახლში, შემდეგ მთაწმინდისკენ აიღო გეზი და ბინაში რომ შევიდა, მეუღლემ ჰკითხა:
– ლოყაზე რა გჭირს, ანა?
– წავიჯეიმსბონდე, კოტიკო, – მიუგო ჟურნალისტმა ქმარს და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ბოლოს კი დასძინა, – მაშ? რომ არ გამმართლებოდა, ვეგდებოდი ახლა მტკვრის ფსკერზე წყლით გაბერილი.
კოტე ბადრიძე გაფითრდა, მაგრამ პროფესორის გამო კომენტარი არ გაუკეთებია ცოლის სიტყვებზე, რომ უხერხულობაში არ ჩაეგდო. პავლე გოკიელმა თავი გააქნია და ანას უთხრა:
– მასე მეტი აღარ გარისკო, ანა, თორემ აქ აღარ გავჩერდები, ჩემს გზაზე წავალ. ისედაც დიდ შარში გაგხვიეთ და ვინმეს სიკვდილიღა მაკლია. მარტო უბედური თემურ ჯაში მეყოფა სანანებლად მთელი ცხოვრება.
– თქვენმა ასისტენტმა თვითონ დამართა თავის თავს უბედურება და თქვენ რა შუაში ხართ?
– ფრთხილად იყავი, ანა, ძალიან ფრთხილად. არ ღირს ეს ყველაფერი თუნდაც ერთი ადამიანის მსხვერპლად, რა ცუდიც არ უნდა იყოს ის, – თქვა გოკიელმა.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო პავლე, მაგრამ კატეგორიულად არ გეთანხმებით, – თავი გააქნია ჟურნალისტმა, – თქვენ ახლა ათეულობით მილიონი ადამიანისთვის ღმერთი ხართ, მათი გადარჩენა შეგიძლიათ და ვიღაც გონებაშეზღუდული, ერთი მუჭა ნაძირლების ბანდა თქვენთვის ხელის შეშლასა და თქვენს განადგურებას ცდილობს. ამიტომ, რაც უფრო მეტი ასეთი ნაძირალა მოისპობა, მით უკეთესია. იდეალური იქნება, რომ საერთოდ აღიგავონ ისინი პირისაგან მიწისა.
– ნაძირლებს რა გამოლევს და რა მოსპობს ამქვეყნად, – ჩაეცინა პროფესორს, ანამ კი მიუგო:
– სიკეთე და კეთილი ადამიანები, ბატონო პავლე. სწორედ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენნაირები არიან.
– ეჰ, – ხელი ჩაიქნია გოკიელმა და დააყოლა, – ეგ იდეალიზმია. ცხოვრება კი სხვა რეალობაა, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე თეორია.
***
სამსახურში დაბრუნებულ ტიტე ბუკიას უამრავი საქმე დახვდა და სამუშაოში ყელამდე ჩაეფლო. ჩვეულებისამებრ, მაიორი საჭმელად სასადილოში შუადღით ჩადიოდა, მაგრამ ისე იყო მუშაობით გართული, რომ სიგარეტის მოწევასაც ვერ ახერხებდა. ტიტე თავის კოლეგებზე შემოსულ უამრავ საჩივარს სწავლობდა. შემდეგ მათ კატეგორიებად ახარისხებდა და მსვლელობას აძლევდა. ქაღალდი იმდენი იყო, რომ ბოლო არ უჩანდა. როდესაც ბოლო საქმეც გადადო და თავი ასწია, საღამოს რვა საათიც შესრულდა. ტიტე გაიზმორა და კოლოფიდან სიგარეტი ამოაცურა, რომ მოეწია. ამ დროს შიდა ტელეფონმაც დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა მაიორმა.
– მაიორო, ბატონი მინისტრი გიბარებთ, – მოესმა ტიტეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწის ხმა, რომელმაც ტელეფონი უმალვე გათიშა.
ტიტემ სიგარეტის ღერი მაგიდაზე დააგდო, კაბინეტიდან გამოვიდა და მინისტრის კაბინეტისკენ გაემართა. თან, დაბარების მიზეზის ამოცნობას ცდილობდა, მაგრამ ერთ აზრამდე ვერ მივიდა. მინისტრის მისაღებში რომ შევიდა, თანაშემწემ მინისტრის კაბინეტისკენ მიუთითა და უთხრა:
– შებრძანდით. ბატონი მინისტრი გელოდებათ.
კაბინეტში შესულ ტიტეს მინისტრი მაგიდასთან მდგომი დახვდა. მაიორი სკამისკენ მიიხმო, ხელი ჩამოართვა და თავადაც სკამზე მოკალათდა. შემდეგ კი ჰკითხა:
– როგორ ხარ, მაიორო.
– გმადლობთ, ბატონო მინისტრო, არა მიშავს.
– გეტყობა, რომ ბევრს მუშაობ.
– დიახ. დღეს ყელამდე ქაღალდებში ვიყავი ჩაფლული.
– ბევრს გვიჩივიან, ხომ? – სიცილით თქვა მინისტრმა, – რას იზამ, ჩემო ტიტე, ასეთი ბედი გვარგუნა ღმერთმა ჩვენ, პოლიციელებს. ყველას ვერ აამებ და ზოგჯერ ჩვენს უფლებამოსილებასაც კი შეიძლება, გადავამეტოთ. მთავარია, დანაშაული არ ჩავიდინოთ, თორემ ერთ-ორს თუ წაარტყამ მავან გარეწარს, ეგ არაფერი. მთავარია, ქვეყანა, ხალხი და კანონი დავიცვათ. მართალი არ ვარ?
– დიახ, ბატონო მინისტრო, ქვეყნის, ხალხისა და კანონის სამსახური ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, – მიუგო მინისტრს ტიტემ, თან გაიფიქრა: „შორიდან მივლის. ნეტავ, რა უნდა?“ ტიტესთან შესულ საჩივრებში ისეთი არაფერი იყო, რის გამოც მინისტრს შეეძლო დაებარებინა და პოლიციის სასარგებლოდ მოგვარება ეთხოვა. „არა, აქ სხვა რაღაცაშია საქმე“, – გაიფიქრა ტიტემ.
– ახლა რატომ დაგიბარე, ტიტე... – დაიწყო მინისტრმა.
– დიახ. გისმენთ, ბატონო მინისტრო, – თქვა ტიტემ და სმენად იქცა.
– გუშინდელ საქმეზე მინდა, გელაპარაკო. აი, იმაზე, მაიორი ნინიძე და ყოფილი პოლიციელი ხაბაძე რომ შენთან დააკავე.
– დიახ. გისმენთ, ბატონო მინისტრო, – თქვა ტიტემ და ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა.
– მოკლედ, ჩემო ტიტე, საქმე ასეა, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით გვაქვს დადგენილი, რომ პროფესორი პავლე გოკიელი, რომელიც ამჟამად ძებნაშია, შენ გააფრთხილე და მიმალვაში შეუწყვე ხელი. ეს კი დანაშაულია. ხოლო, როცა ამას სჩადის პოლიციელი, ეს ორმაგი დანაშაულია. მე მზად ვარ, თვალი დავხუჭო ამაზე, სამაგიეროდ კი, შენ გოკიელის ადგილსამყოფელი უნდა გვითხრა.
მაიორმა მშვიდად მოისმინა მინისტრის სიტყვები და აუღელვებლად მიუგო:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო მინისტრო, მაგრამ თქვენ ცდებით. ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ. მართალია, პროფესორმა გოკიელმა ჩემი ძმა, ზაზა იხსნა სიკვდილისგან და კიბოს გამოჰგლიჯა ხელიდან, მაგრამ მას არც ვიცნობ და არც არასდროს შევხვედრივარ. სიმართლე გითხრათ, მართლა მინდოდა პროფესორის ნახვა და ზაზას გადარჩენისთვის მადლობის თქმა, მაგრამ სწორედ მაშინ მოკლა მან თავისი ასისტენტი და გაიქცა.
მინისტრმა, ისევე, როგორც მანამდე ტიტემ, მშვიდად მოისმინა ოპონენტის სიტყვები და მაიორს უთხრა:
– კეთილი. რა გაეწყობა. არ იცნობ, ნუ იცნობ. მე სულ სხვაგვარი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ, ეტყობა, შეცდომაში შემიყვანეს. რა გაეწყობა. წადი, თავისუფალი ხარ. შეხვედრამდე...
– ნახვამდის, ბატონო მინისტრო, – თქვა ტიტემ. წამოდგა და კარისკენ გაემართა, მაგრამ მინისტრმა შეაჩერა:
– მაიორო!
– დიახ, ბატონო მინისტრო, – შეტრიალდა ტიტე.
– ჩვენი საუბარი არავინ არ უნდა გაიგოს.
– დიახ, რა თქმა უნდა, – თავი დააქნია მაიორმა.
– შეგიძლია, სახლში წახვიდე. დაღლილი ჩანხარ და დაისვენე. ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო ტიტემ მინისტრს და კაბინეტიდან გავიდა.
ტიტე ბუკიამ ჯერ თავის კაბინეტში შეიარა. სეიფი გახსნა. იქიდან კონსპირაციული ტელეფონი და გაუფორმებელი, „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი გამოიღო, რომელიც ქამარში გაირჭო. ტელეფონი კი ჯიბეში ჩაიდო და სამინისტროს შენობიდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა და გზატკეცილზე გავიდა, თან სარკეში იყურებოდა, კუდი ხომ არ მომდევსო.
მინისტრთან დაბარებამ ტიტეს ცუდი წინათგრძნობა გაუჩინა. მასთან საუბარმა კი ეს წინათგრძნობა გაუმწვავა, საფრთხე აგრძნობინა. ერთი შეხედვით, ტიტემ კუდი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ შემოწმება გადაწყვიტა და მანევრი დაიწყო. ის სულ რაღაც ხუთასიოდე მეტრით იყო დაშორებული სამინისტროს შენობას. სიჩქარე გამოცვალა და როგორც კი საჭე მარჯვნივ აიღო, უკანა მარჯვენა ბორბალი გაუსკდა.... მაიორმა მანქანა გზის პირას შეაჩერა. გადმოვიდა და გახეთქილი საბურავი შეათვალიერა. შემდეგ საბარგული გააღო და სათადარიგო ბორბალი გადმოიღო. თუმცა, იქვე დააგდო და გზატკეცილი შეათვალიერა. შემდეგ კონსპირაციული ტელეფონი ამოიღო და ძმას დაურეკა.
– დიახ. გისმენთ, – უპასუხა ზაზამ.
– მე ვარ, ზაზა. ახლა კარგად მომისმინე და ზუსტად შეასრულე, რასაც გეტყვი. ჩემებთან ადი. ვასო და გოგიც  აიყვანე სრულ ფორმაში. ყურადღებით და ყოჩაღად იყავით. მეტი არაფერი მოიმოქმედო. არც არავინ ახსენო და არც არავის დაეკონტაქტო. ამ ნომერზე არ დარეკო. ყველაფერი გასაგებია?
– კი, – მოკლედ მოუჭრა ზაზამ ძმას.
– ნახვამდის. წავედი, – თქვა ტიტემ და ტელეფონი გათიშა.
ვასო და გოგი ბუკიები ტიტეს და ზაზას მამის ძმისშვილები იყვნენ. „სრულ ფორმაში აყვანა“ კი შეიარაღებულ მისვლასა და ტიტეს ცოლ-შვილის დაცვას ნიშნავდა, რასაც ზაზა მშვენივრად მიხვდა და ტიტეს დავალების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა. მაიორმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და კვლავ გზატკეცილი დაათვალიერა. ბოლოს სათადარიგო ბორბლის დაყენებას შეუდგა. სამუშაო თითქმის დასრულებული ჰქონდა და ბოლო ქანჩებს უჭერდა, როცა გზის პირზე უზარმაზარი „ჯიპი“ გაჩერდა. იქიდან სამი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა და სანამ ტიტე რამეს მოასწრებდა, მაიორს ჯერ თავში სთხლიშეს კომბალი და გათიშეს, შემდეგ „ჯიპში“ ჩააგდეს და იქაურობას სწრაფად გაეცალნენ. მაიორს კი, უკვე მანქანაში, ზურგსუკან დაადეს ხელბორკილი. გაჩხრიკეს და ორი პისტოლეტი, ორი ტელეფონი და საფულე უპოვეს.
– უყურე შენ ამ ჩათლახს, – ამბობდა ერთი გამტაცებელი, – ორი „პუშკით“ და ორი ტელეფონით დადის. თავი მომჭერი, თუ ერთი რკინა „ლევი“ არ იყოს, ერთი ტელეფონი კი – კონსპირაციული.
– მომზადებული ყოფილა ეს ბოზი, – ჩაეცინა მეორე გამტაცებელს და დააყოლა, – მაგრამ ჩვენ მაინც ვაჭამეთ.
– ჯერ ხატაში მივიდეთ, – თქვა მესამე გამტაცებელმა, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა და დააყოლა, – რაც ჭამა და არ უჭამია, იმას მოვაჯმევინებ.
– ხუთ წუთში მივალთ, – დაამატა მძღოლმა და უზარმაზარი „ჯიპით“ გზატკეცილიდან გადაუხვია, მარჯვნივ აიღო გეზი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ბეტონის ბლოკებით აშენებულ შენობაში შევიდა, რომელიც ბეტონისვე ღობით იყო შემოფარგლული. ზემოდან მავთულხლართები ერტყა, კარზე კი უზარმაზარი აბრა ჰქონდა, რომელზეც ეწერა – „რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამზადება“...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3