ერთგულება, როგორც ალიბი
მყუდრო, ელიტური კლუბი ინგლისელი წარჩინებულებისთვის ულამაზეს და ერთ-ერთ უძველეს ადგილას იყო აშენებული. შენობას გარშემო პარკი, გოლფის მოედნები და ყვავილნარი ეკვროდა. ამ კლუბში, მამაკაცებთან ერთად, ქალების შესვლაც იყო ნებადართული. კლუბში შეიძლებოდა უიშვიათესი ბიბლიოთეკით სარგებლობა, ბილიარდის თამაში... ვისკისა და იშვიათი სასმელების დალევა ბარში. რაც მთავარია, გოლფის მოედანთან ახლოს, უძველესი ჭა იყო, რომელსაც ადგილობრივები ბევრ იდუმალ ლეგენდას მიაწერდნენ. კლუბის ყველაზე ხშირი სტუმრები იყვნენ ახალგაზრდა, სიმპათიური კაპიტანი ბოილი და იურისტი ჰორნი ფიშერი, რომელიც აღმოსავლეთში რამდენჯერმე იყო საიდუმლო ვიზიტით და შეეჩვია კიდეც იქაურ ყოფას. ინგლისის მონატრებას ის კლუბში სიარულით იკმაყოფილებდა. მათ კომპანიაში, ასევე, ხშირად იყვნენ ლორდი ჰასტინგსი – ნამდვილი გმირი, ინგლისის ელჩი და საპატიო დესპანი – ულამაზესი, მასზე ბევრად უმცროსი ცოლით. გოლფის მოთამაშეთა და მოყვარულთა შორის იყვნენ ლორდის თანაშემწე, ტომ ტრაივერსი და გრეინი. ისინი სიამოვნებით სვამდნენ შავ, მაგარ ყავას, რომელსაც დიდი ოსტატობით ხარშავდა არაბი საიდი – ლორდის მსახური და ერთგული ადამიანი. იმ დღესაც ყველანი იყვნენ კლუბში. ფიშერი და ბოილი პარკში სეირნობდნენ, თან კლუბის ვრცელ ვერანდაზე მსხდომთ უყურებდნენ. ლორდის მეუღლის კისკისი ახალგაზრდა ბოილის ყურადღებას უფანტავდა. დაინახეს, როგორ გააცილა ლორდმა მეუღლე – მანქანაში ჩასვა და კარიც მიუხურა. მერე მოსაუბრეებს მიუახლოვდა და ბოილის თავაზიანი ღიმილით შესთავაზა – ბიბლიოთეკაში ყავასა და კუბურ სიგარებზე ხომ არ დამეწვევიო.
ფიშერმა ბიბლიოთეკისკენ მიმავალთ თვალი გააყოლა და გეზი გოლფის მოედნისკენ აიღო, სადაც ტრაივერსი და გრეინი ერთმანეთს ერკინებოდნენ.
– ბიბლიოთეკაში სინათლე აინთო... რატომ მოსწონს ამ ბოილის საიდის მოდუღებული ყავა? ეს არაბი ჩემში უსიამოვნო გრძნობას იწვევს. სულ მგონია, რომ ინგლისელები ვძულვართ და მზად არის, ნებისმიერ მომენტში ზურგში მახვილი ჩაგვარტყას, ან ლორდი ჰასტინგსი როგორ ენდობა მას? – თქვა გრეინმა.
ფიშერმა გაიცინა.
– ლორდს მისი არც უნდა ეშინოდეს. საიდი კბილებით დაიცავს და ტყვიასაც კი გადაეფარება მისთვის. ამ ადამიანებმა, ანუ მუსლიმანებმა, საოცარი ერთგულება იციან.
– ნახე, ბიბლიოთეკაში შუქი ჩაქრა. საიდი კი აქეთ მორბის. ხომ არ იცი, რა ხდება?
ბიბლიოთეკაში აშკარად რაღაც ხდებოდა. ფიშერი ხელის ცეცებით ცდილობდა სიბნელეში გზის გაგნებას. უცებ მოძრავ ავეჯს გადააწყდა და შეცბუნებულმა იყვირა... როცა ჩამრთველი იპოვა და იქაურობა განათდა, დაინახა, რომ მის წინ იშვიათი წიგნების მბრუნავი თარო იყო. მასზე კი ყავის ნალექიანი ორი ფინჯანი იდო. ლორდი და კაპიტანი კი არსად ჩანდნენ...
– აქეთ მოდით, აქეთ! – მოისმა ტრაივერსის შეძრწუნებული ხმა და ყველა იდუმალი ჭისკენ გაიქცა. იქვე, ჭიდან ორი ნაბიჯის მოშორებით, პირქვე ეგდო ლორდი. ხელში მოგლეჯილი ბალახი ჰქონდა ჩაბღუჯული. ის მკვდარი იყო... კაპიტანი ბოილი კი, გვამის ახლოს ოთხზე იდგა, როგორც მაძებარი ძაღლი. სახე შიშითა და მოულოდნელობით დაღრეჯვოდა. რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა და კანკალებდა.
– მე... მე... არ ვიცი, რა მოხდა... ბიბლიოთეკიდან გამომიყვანა, ჭასთან რაღაც უნდა გაჩვენოო და უცებ მოცელილივით დაეცა. მართლა არაფერი ჩამიდენია...
– კაბინეტში რას აკეთებდით?
– წიგნს ვეძებდით... მოიცა, გავიხსენო... კიდევ ყავას ვსვამდით. ლორდმა თქვა, რომ ინგლისის ეგვიპტური ბრძოლების ისტორია აინტერესებდა... ყავას ვსვამდით... – კიდევ გაიმეორა საცოდავად.
ფიშერი გვამთან დაიხარა.
– ლორდი მკვდარია. ტრაივერს, ბოილი ვერანდაზე აიყვანეთ. გვამი უნდა დავათვალიერო და ვინმე გააგზავნეთ საპოლიციო უბანში. ეჭვი მაქვს, ლორდი მოწამლეს. ბიბლიოთეკაში ყავის ჭიქებს არ შეეხოთ...
ნახევარი საათის შემდეგ ფიშერი, ტრაივერსი და გრეინი ვერანდაზე იდგნენ.
– ყავის ნალექი დავათვალიერე. ჩემი ცოდნა ქიმიაში სრულიად საკმარისია იმის დასადგენად, რომ ერთ-ერთ ფინჯანში ჩარჩენილი ყავის ნალექში საწამლავის ნარჩენია, – თქვა ფიშერმა.
– როგორ? ყავა ხომ საიდმა მოამზადა. თქვენ ამბობდით, ისინი ძაღლივით ერთგულები არიანო.
– ჰო, რაღაც არ გამოდის. თან, ის ჭაც მაფიქრებს – რატომ წაიყვანა ლორდმა ბოილი ჭისკენ?
– მოტივი გავიწყდებათ – მკვლელობის მოტივი. რატომ უნდა მოეკლა ბოილის ლორდი, თუკი საიდი არაფერ შუაშია? – იკითხა ტრაივერსმა და ბოილის გადახედა, რომელიც ხელებში თავჩარგული იჯდა.
– მოტივი? – ფიშერმა იგრძნო, რაც იგულისხმა ტრაივერსმა, – ბოილი, სიმართლე უნდა თქვა, მისის ჰასტინგსის საყვარელი იყავი?
კაპიტანმა დაიგმინა.
– ღმერთო, მაპატიე... მაგრამ ის ისეთი ლამაზია...
– ესეც მოტივი! – წამოიძახა ტრაივერსმა, – ქმარმა ცოლის ღალატის შესახებ შეიტყო და საყვარელმაც შიშისგან მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტა.
– არა, არა, მე არ მომიკლავს! – შეჰყვირა ბოილიმ.
ფიშერმა ამოიოხრა.
– მაშინ, საიდს მოუწამლავს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მაპატიე, ბოილი, პოლიცია უნდა გამოვიძახო... – მაგრამ მოულოდნელად ფიშერი შეხტა, გვამთან მიირბინა და ჯიბეები ამოუქექა. სერთუკის ზედა ჯიბიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო. გაშალა, წაიკითხა და ბიბლიოთეკაში გაიქცა. ტრაივერსი და გრეინი ერთმანეთს განცვიფრებულები შესცქეროდნენ... როცა ფიშერი ბიბლიოთეკიდან დაბრუნდა, სახე ცარცივით თეთრი ჰქონდა.
– უნდა შევთანხმდეთ, რომ ლორდი გულის შეტივით გარდაიცვალა, აქვე, ჩვენ თვალწინ. პოლიციას მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიძახებ.
– კი მაგრამ, ეს საშინელი დანაშაული დაუსჯელი უნდა დარჩეს?
– არა, დამნაშავე უკვე დასჯილია. ხომ გეუბნებოდით, მკვლელობაში რაღაც ისე არ არის და აქ რაღაც შეცდომაა-მეთქი. საქმე ისაა, რომ არასწორი ფორმულირება მოხდა. მკვლელი ეჭვიანი ქმარია და არა სააშკარაოზე გამოყვანილი საყვარელი.
– იმის თქმა გინდა, რომ ლორდს უნდოდა ცოლის საყვარლის მოწამვლა?
– ასეა. წერილი, რომელიც ბოილიმ თავის საყვარელს დაუტოვა, ლორდის ხელში აღმოჩნდა. შეიძლება, უკვე ჰქონდა ეჭვი და უთვალთვალებდა. ხოლო, როცა ცოლი გაისტუმრა, მისი საყვარლის დასჯა გადაწყვიტა. ყავა ერთგულმა მსახურმა მოამზადა და მანვე მიუტანა მოწამლული...
– შეუძლებელია, მაშინ ლორდი კი არა, კაპიტანი ბოილი უნდა მომკვდარიყო, – აღმოხდა ბოილის.
– ჰო, ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ლორდმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მან ყავის ფინჯნები მბრუნავ თაროზე დააწყო. ბოილი კი, შეიძლება, შემთხვევით ან წიგნის მოძებნის მიზნით, თაროს შეეხო. თარო დატრიალდა და ჭიქები აირია. გაინტერესებთ, ჭასთან როგორ აღმოჩდნენ მკვლელი და მსხვერპლი?
– ლორდი აპირებდა, ბოილი ბოლომდე გაენადგურებინა. შხამი მხოლოდ ათი წუთის შემდეგ იმოქმედებდა სრულად. ამიტომ ბოილის ჭამდე მიიყვანდა და შიგ ჩააგდებდა. ამბობენ, ამ ჭას ძირი არა აქვსო... ხვდებით, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ლორდი გულის შეტევით გარდაიცვალა?! ეს ჩვენი და ინგლისის სირცხვილი იქნება. ლორდი ძალიან დიდი ფიგურა იყო. ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა შევინახოთ. ბოილი, შენ ახლა მხოლოდ ჩემმა კრიმინალისტურმა ალღომ და ლოგიკამ გადაგარჩინა სახრჩობელას...