კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდებოდა გია დანელიას ფილმებში და როგორ ტოვებდა ის და ტოვებდნენ მას ქალები №44

საერთოდ რომ არაფერი იცოდე გია დანელიას შესახებ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კინემატოგრაფიაში მისი თილისმა ევგენი ლეონოვი იყო, კაცი, რომლის სახელის გაგონებაც კი კარგ ხასიათზე გაყენებს, უკვე ბევრის მთქმელია. ევგენი ლეონოვის შეფასებით კი, „გია დანელია, უპირველესად, ნიჭიერი და თვითმყოფადი ხელოვანია. ყოველთვის განსხვავებული და მოულოდნელი მათთვისაც კი, ვინც კარგად იცნობს… და კიდევ – ის, უბრალოდ, კეთილი ადამიანია… მისი ნიჭიც და მისი ფილმებიც კეთილია (ლ.ანჯაფარიძე). „ჩემი ნება რომ იყოს, სულ კაბინეტში ვიქნებოდი და სცენარებს ან მემუარებს დავწერდი, რადგან სათქმელიც ბევრი მაქვს და ამას ასაკიც მავალდებულებს. მხატვრულ კინემატოგრაფიაში ჩემს მწერვალებს, ალბათ, მივაღწიე. ვეღარასოდეს გავიმეორებ ისეთი კლასის ფილმებს, როგორიცაა: „შემოდგომის მარათონი“ და „მე დავდივარ მოსკოვში“. მოკლედ, ეს არაჩვეულებრივი, პროფესიით არქიტექტორი გია დანელიაა, რომელსაც სწორედ არქიტექტორობა დაეხმარა კინოში „გადაბარგებისას“ და შედევრებიც შექმნა.  მოდი, ყველამ ერთად წავიკითხოთ მის შესახებ. მასზე ხომ თითქმის არავინ არაფერი იცის.  
ელდარ შენგელაია, მეგობარი: „გიასთან  დიდი ხანია, ვმეგობრობ. ერთმანეთს ახალგაზრდობიდან ვიცნობთ და როცა მოსკოვში ჩავდივარ, მაშინვე მას ვესტუმრები ხოლმე... (რ. შაიშმელაშვილი) გია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი რეჟისორია, ძალიან კარგი მხატვარიცაა. არაჩვეულებრივად ხატავს მეგობრების შარჟებს. რაც შეეხება ცნობილ შემოქმედებით ტანდემს, მახსოვს, როცა გიამ  „არ დაიდარდოს“ გადაღება ჩაიფიქრა და თბილისში ჩამოვიდა, ძველ კინოსტუდიაში შეხვედრის დროს მითხრა: ახალ სურათს ვიწყებ და მინდა, სცენარი ამა და ამ ავტორმა დამიწეროსო. მაშინ მე მას რეზო გაბრიაძე შევთავაზე, რომელიც იმ დროს სცენარს ჩემი ფილმისთვის წერდა. ისინი შევახვედრე და სხვათა შორის, მათ მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი. ასე დაიწერა არაჩვეულებრივი სცენარი ფილმისთვის ,,არ დაიდარდო“.  შემდეგ ის გია ყანჩელსაც შევახვედრე და დაიწერა ბრწყინვალე მუსიკა იმავე ფილმისთვის, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების შედევრად იქცა... მისი პირველი სურათი „სერიოჟა“ იყო. მან და მისმა  მეგობარმა, ტალანტინმა ერთად გადაიღეს  ფილმი, სადაც მთავარ როლს ბონდარჩუკი თამაშობდა. ეს იყო მოვლენა. ყველა მიხვდა, რომ  სტუდიაში მოვიდა ახალი, ძალიან ძლიერი, ნიჭიერი რეჟისორი და მართლაც, მთელი მისი გზა მოფენილი იყო ისეთი კარგი ფილმებით, როგორიცაა: „მიმინო“, „აფონია“ და სხვა. ერთხელ ბონდარჩუკმა თქვა: ყველა მისი სურათი ქართულია, იმიტომ რომ,  მას ისეთი იუმორი და ადამიანების მიმართ ისეთი სიყვარული აქვს, რაც მხოლოდ ქართველებისთვისაა დამახასიათებელიო. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მას ოჯახიც განსაკუთრებული ჰქონდა. მამა ინჟინერი ჰყავდა. რკინიგზა, რომელიც მიდის ვლადივასტოკში, მამამისის აგებულია. დედა არაჩვეულებრივი ადამიანი, ვერიკო ანჯაფარიძის და გახლდათ. როცა დედა გარდამეცვალა, ის სულ მირეკავდა და მეუბნებოდა: ჩემთან მოდი, უჭმელი არ დარჩეო. მეც სულ დავდიოდი ამ თბილ ოჯახში. ღმერთმა მისცეს ჩემს მეგობარს ჯანმრთელობა, რომ კიდევ დიდხანს გაახაროს თავისი მაყურებელი.
კახი კავსაძე, მეგობარი:  გიას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემზე ხუთი წლით უფროსია. მისი ნათესავები – ანჯაფარიძეები ჩემი მეზობლები იყვნენ. გიას ოჯახი ხშირად დადიოდა მათთან და ერთმანეთს სწორედ იქ ვხვდებოდით. შემდეგ გია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ჩვენი ურთიერთობა წლების მერე აღდგა. მოსკოვში რომ ჩავდიოდი, ერთმანეთს ზურიკო წერეთლის სახლში ვხვდებოდით. იქ მუდამ ვქეიფობდით. თხუთმეტიოდე წლის წინ, ერთ დღესაც, ქეიფის დროს გიას დაჟინებული მზერა შევამჩნიე – ის ისე მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა. მოულოდნელად მკითხა: რატომ არ მონაწილეობ არცერთ ჩემს ფილმშიო? – მე გამეცინა. იმ მომენტში ჩემ გვერდით ნიკიტა მიხალკოვი იჯდა, მივუტრიალდი მას და ვკითხე, თქვენმა რეჟისორმა მკითხა: ჩემს რომელიმე ფილმში რატომ არ მონაწილეობო და მირჩიე, რა ვუპასუხო-მეთქი. ყველა გაჩუმდა. ნიკიტა ხან მე მიყურებდა, ხან გიას გახედავდა. ბოლოს  მიპასუხა: „ასე უთხარით, რომ ის არასწორად, ანუ სხვაგან იყურებოდა“.  მივბრუნდი გიას და გავიმეორე: ,,შენს ფილმებში იმიტომ არ ვმონაწილეობ, რომ შენ სხვაგან იყურებოდი-მეთქი. ანუ, რუსულად ეს ასე ჟღერდა: „ти не туда смотрел“-მეთქი. იქ ამბავი ატყდა – ხალხი სიცილით გაიგუდა.  
გოგი ქავთარაძე:  მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომელსაც მოუწია გია დანელიასთან მუშაობა. სანამ შევხვდებოდი, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო გია დანელია, მისი ფილმებიც ნანახი მქონდა. ერთ დღესაც მისმა ასისტენტმა დამირეკა და მითხრა: ბატონ გიას თქვენი ნახვა სურსო. ფილმის კასტინგი მაშინ სასტუმრო „საქართველოში“ მიმდინარეობა. მივედი და ველოდები, როდის დამიძახებენ. ამ დროს გამოდის ბატონი გია და მეუბნება: ,,თქვენ უკვე დაგამტკიცეთ, არავითარი სინჯი არ გჭირდებათ, მადლობელი ვარ, რომ დამთანხმდით და აქ მოხვედითო. ახლა წადით და დაისვენეთ, გადაღებები როცა დაიწყება, შეგეხმიანებითო. მუშაობას ძალიან მალე შევუდექით. სანამ ჩემი გმირის მონაწილეობით გადაღებას დავიწყებდით, ჩემთან მოვიდა და მოკრძალებით მეუბნება: „ქორწილში“ რომ პორტრეტი შექმენით, აი, ასეთი სახე მინდა, ჩემთანაც შექმნათო. მეწყინა, რადგან საერთოდ ვცდილობ, ჩემი თავი არ ვითამაშო ან უკვე ნათამაშევი სახე სხვა ფილმში არ გავიმეორო. მაშინ მე მას ვთხოვე (ახლაც მიკვირს, როგორ გავუბედე ამის თქმა), მოდი, მე ჩავიცვამ, გრიმს გავიკეთებ და ისე გეჩვენებით. თუ თქვენ ჩათვლით, რომ არ ვარგა, როგორც მეტყვით, ისე გავაგრძელებ. მთავარია, რომ თქვენთან ვარ და თქვენს ფილმში უნდა ვითამაშო-მეთქი. წავედი, მოვემზადე და უკვე სახეშეცვლილი დავენახვე. ჩემი ახალი სახე დანელიას იმდენად მოეწონა, რომ ფილმშიც ისეთივე დამტოვა, როგორიც მინდოდა.”
ერთ-ერთი ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორ აფასებს რეჟისორი თავის ფილმებს, გიორგი დანელია პასუხობს: „ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც ჩემი აზრით, „გამოვიდა“.  ესენია: „არ დაიდარდო“ და „შემოდგომის მარათონი“. ეს არ ნიშნავს, რომ  ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ, მათში მეტი აღმოჩენაა. ფილმის საუკეთესო სცენარი კი, ალბათ, „იღბლიანი ჯენტლმენები“ იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე. მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ, ყველა რეკორდი „აფონიამ“ მოხსნა. ხოლო წარმატების მარათონი „მიმინომ“ დაიპყრო. მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი ჩვენება ტელევიზიით“.
***
გიორგი დანელია და ევგენი პრიმაკოვი მეგობრობდნენ (ლ. ანჯაფარიძე), როდესაც პრიმაკოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშნეს. ბატონი გიას თქმით, მას მისმა „შინაგანმა მემ“ მოუხმო და უკარნახა — „100 წელია, იცნობ ამ კაცს და არასდროს არაფერი გითხოვია“. ამ დროს ბატონ გიორგის უწევდა უცხოეთში წასვლა და, როგორც თავად ყვება, მისულა ევგენი მაქსიმოვიჩთან და უთხოვია, საფრანგეთში, კანში მივდივარ და რამე დავალება მომეციო. პრიმაკოვი დაბნეულა — „რა დავალება?!“ ბატონ გიორგის კი „სერიოზულად“ უპასუხია: „აი, მაგალითად, ყვავილების ქოთანი რომ გავდგა სასტუმროს ფანჯრის რაფაზე, ან კრუაზეტის სანაპიროზე მდებარე სკამს კევით რაიმე საიდუმლო წერილი მივაწებო. ამისთვის კი „თქვენი“ სამივლინებო ხარჯები დამჭირდება, ტაქსის ფულიც, თორემ „გოსკინოში“ დღეში მხოლოდ 3 მანეთს იძლევიან“. ევგენი პრიმაკოვს ასევე „სერიოზულად“ გაუცია პასუხი: „გიორგი ნიკოლაევიჩ, გპირდები, თუ ქოთნის გადაადგილება ან წერილის მიწებება დაგვჭირდება, ამ თხოვნით შენ გარდა არავის მივმართავთ“. სხვათა შორის, თბილისში ანეკდოტად დადიოდა ისტორია, რომელიც სინამდვილეში, სწორედ გიორგი დანელიას გადახდომია. თურმე, თბილისში ჩამოსულ 15 წლის გიორგის ფული დაუხარჯავს და მოსკოვში გაუგზავნია დეპეშა – „საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია“, რაზეც მამამ ასევე დეპეშით უპასუხა: „გაიკერე ჯიბე. მამა“. ასევე საოცრად მომხიბლა ბატონი გიორგის პასუხმა შეკითხვაზე მისი პირადი ცხოვრების შესახებ – „მე მიყვარდა და მეც ვუყვარდი… მე მივდიოდი და ჩემგანაც მიდიოდნენ… სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია პირად ცხოვრებაზე“. ამაზე სრული „სულ ესაა“ თუ წაგიკითხავთ სადმე.

скачать dle 11.3