კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #44

ხოსროშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხოსრო, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად სახელგანთქმულს, დიდებულს ნიშნავს. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა, ხოსროა, ხოსროვა, ხოსროველა, ხოსრუა, ხოსუა.
1818 წელს ეგნატე ხოსროშვილი ნათლავს ქალიშვილს, ქეთევანს.
ამავე ძირისაა გვარები: ხოსიაშვილი, ხოსეიშვილი, ხოსრიაშვილი, ხოსრაშვილი, ხოსრუაშვილი.
საქართველოში 531 ხოსროშვილი ცხოვრობს: თბილისში – 174, დუშეთში – 84, რუსთავში – 60. არიან სხვაგანაც.
მამუჩიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა მამა.
მამუჩიშვილი ჭავჭავაძეთა განაყოფი გვარია და ის მამუჩი ჭავჭავაძისგან წარმოიშვა.
„თავადი ჭავჭავაძე – გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და მათ ემსახურეს ერეკლე მეფესა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე პირველსა წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა. შემდგომად მსახურებისთვის დაასახლნა ადგილსა წინანდალსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემ თეიმურაზმან აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელი უფრო მეფემ მეორემან ერეკლემ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდნენ მამუჩიშვილებად და რომელიც ახლაც იწოდებიან მამუჩისშვილებად“.
საქართველოში 378 მამუჩიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 218, საგარეჯოში – 124, გურჯაანში – 12. არიან სხვაგანაც.
როსტობაია
როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია.
ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიებად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი როსტომი.
უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.
საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს. ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.
მუჯირიშვილი
მუჯირიშვილის ფუძეა  თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა მუჯირი, რაც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით, „ხვარბლის მნეს“ ნიშნავს.
მუჯირიშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, გომარეთში, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში, ასევე – თბილისში.
მუჯირიშვილი დაწინაურებული საგვარეულოა.
ქვემო ქართლში, კოდაში, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონში, სადავო ყმა-მამულის ნუსხაში, მოიხსენიებიან ხუბია მუჯირიშვილი, ზაზა და ქაიხოსრო ციციშვილები.
1666 წელს სამწევრისელ უმიკა მუჯირიშვილს ზაზა ციციშვილის ყმისთვის კარაპნის ადგილი წაურთმევია და თვითონ აუშენებია.
საქართველოში 1 133 მუჯირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 298, დმანისში – 60, ბოლნისში – 43. არიან სხვაგანაც.
სიმონიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სიმონი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და შემსმენელს, გამგონს ნიშნავს. ეს სახელი ორ ქართველ მეფესაც ერქვა. ძველი ფორმაა სვიმონ.
ამ სახელიდან წარმოქმნილია რამდენიმე გვარი: სიმონიძე და სიმონია.
1721 წელს თაფანში მოიხსენიება ნატურა სიმონიშვილი.
საქართველოში 2 433 სიმონიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 764, გურჯაანში – 493, გორში – 156. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3