ეს მნიშვნელოვანია
ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ შინაგანი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც წარმატების მისაღწევად, ისე გარეგნული იერსახის შესანარჩუნებლად. ანუ, ხშირად ზუსტად ისე გამოვიყურებით, რამდენი წლისადაც თავს ვგრძნობთ.
მაგალითად, თუკი სულ იმაზე ფიქრობთ, რომ რეალურ ასაკზე გაცილებით დიდი ხართ, ნუ შეგეშინდებათ – ეს მაშინვე არ დაგაბერებთ. თუმცა, ნელ-ნელა, თუკი ტენდენცია ასე გაგრძელდება და შინაგან ენერგიას ნეგატივისთვის გაფლანგავთ, სხვებიც შეამჩნევენ, რომ მობერდით. დროულად მოაგვარეთ ეს პრობლემა – განსაზღვრეთ პრიორიტეტები და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ – ეს მნიშვნელოვანია.
იცით, რას ნიშნავს, როცა თავი იმაზე ახალგაზრდა გგონიათ, ვიდრე პირადობის მოწმობაში ჩაწერილი თარიღით ხართ? – ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავში დიდ პოტენციალს ხედავთ. ხედავთ უამრავ შესაძლებლობას განვითარებისთვის, წინსვლისთვის. თქვენ არ კარგავთ არცერთ წუთს. გეშინიათ, რომ ხელიდან გაუშვებთ შანსს, ხელსაყრელ მომენტს, შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ.
ჯერ კიდევ დროა, შემოატრიალოთ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ. გადაწიოთ საათის ისრები უკან და დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით. ეს იგივეა, სიცოცხლის ელექსირს რომ დალევ – მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.
საუკეთესო სტიმული
რა შეიძლება იყოს ქალისთვის ყველაზე კარგი სტიმული? რა თქმა უნდა, საინტერესო ურთიერთობა, ფლირტი ან რომანი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. ეს გახლავთ ბუნების კანონზომიერება, რომელიც კაცობრიობის არსებობის დღიდან მოყოლებული არ იცვლება.
ხშირად წყვილები ერთმანეთს სამსახურში ეცნობიან და ეს ურთიერთობა ქორწინებით მთავრდება. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამსახურებრივი რომანი უხერხულობას ქმნის, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. დავიწყოთ იმით, რომ როგორი მოსაწყენი სამუშაოც უნდა გქონდეთ, წასვლა აღარ გეზარებათ. პირიქით – გულისცემასთან ერთად, მომატებულია მოტივაცია. ცდილობთ, რაც შეიძლება, უკეთ გამოიყურებოდეთ და ამასობაში, არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მამაკაცის ყურადღების ცენტრში ექცევით. შეიძლება, ფიქრობთ, რომ თქვენ მხოლოდ ის ერთი გაინტერესებთ, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. სიყვარული შესაძლოა, სულ სხვა მხრიდან მოვიდეს და უდიდესი ბედნიერებაც მოგიტანოთ.
არის კიდევ ერთი, შესანიშნავი დამახასიათებელი ნიუანსი სამსახურებრივი რომანისა – როცა მამაკაცს ქუჩაში ან წვეულებაზე ეცნობი, საკმაო დრო დაგჭირდება მის კარგად გასაცნობად. ბევრი რამ თქვენთვის ბოლომდე შეუცნობელი დარჩება – თუნდაც ხასიათის თვისებები. სულ სხვა სიტუაციაა, როცა ის ყოველდღე, თქვენ თვალწინაა და ფაქტობრივად, „გამადიდებელი შუშით“ აკვირდებით. ყველაფერს ხედავთ და ყველაფერს ამჩნევთ – როგორია მეგობრებთან, კოლექტივში... როგორ უყურებს თანამშრომელ ქალებს და არის თუ არა პერსპექტიული, საიმედო და სანდო. ერთი სიტყვით, უკან ნუ დაიხევთ, თუ სამსახურში მამაკაცი მრავალმნიშვნელოვნად გიღიმით. თამამად გადადგით ნაბიჯი საუკეთესო სტიმულისკენ.
მამაკაცი და
პასუხისმგებლობა
რა არის მამაკაცის მთავარი ღირსება?! როგორი მამაკაცია სანდო და სტაბილური პარტნიორი?! ის, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. სამწუხაროდ, მამაკაცების დიდი უმრავლესობა ბევრს ფიქრობს საკუთარ თავზე – ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეგოისტია. თითქოს თანამედროვეობამ კაცებს იერსახე შეუცვალა. დაავიწყა მთავარი მოვალეობა – იზრუნონ საყვარელ ქალსა და ოჯახზე. შეიძლება, მამაკაცი ძალიან მოგწონდეთ, გიყვარდეთ კიდეც და ვერ შეამჩნიოთ, აქვს თუ არა მას პასუხისმგებლობა. მაგრამ, თუ დააკვირდებით, ყურადღებას მოიკრებთ და გონებას ჩართავთ, მიხვდებით, ვინ დგას თქვენ წინ – პასუხისმგებლობით აღსავსე ღირსეული მამაკაცი თუ, უბრალოდ, საკუთარ თავზე შეყვარებული, შესაძლოა სიმპათიური ან საყვარელი ეგოისტი. შეცდომის დაშვება ადვილია და ამისგან დაზღვეული არავინაა. შეამოწმეთ მისი პასუხისმგებლობა. თუ მამაკაცი ზედმეტად აფასებს საკუთარ ღირსებებს, გარეგნობას და მიაჩნია, რომ ცხოვრებისგან გაცილებით მეტს იმსახურებს – უნდა იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობაში მოიკოჭლებს. უპასუხისმგებლობა შეიძლება გამოიხატებოდეს პატარა ნიუანსებში – ერთი შეხედვით წვრილმანებში, თუმცა მნიშვნელოვან წვრილმანებში. მაგალითად, თუ მამაკაცს გაცილებით ნაკლები მიღწევები აქვს ცხოვრებაში, ვიდრე ტრაბახობს და თავს გაჩვენებს, ესეც მის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
უპასუხისმგებლო მამაკაცი ზარმაცია, პასიური და თითქმის არა აქვს მოტივაცია. მხოლოდ თავის კარგად ყოფნაზე ზრუნავს. თუ მზად ხართ, მისი წილი პასუხისმგებლობაც აიღოთ, მაშინ ნება თქვენია. მაგრამ, ეს აუცილებლად მოგბეზრდებათ. აირჩიეთ მამაკაცი მისი პასუხისმგებლობის მიხედვით – ეს ბედნიერი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
რამდენ ხანს
გრძელდება
სიყვარული?!
თუ ვინმე გეუბნებათ, რომ სიყვარული მარადიულია, ის ან ცდება, ან უბრალოდ – გატყუებთ. არც ის არის მართალი, რომ მარადიული სიყვარული მხოლოდ კაცებს არ შეუძლიათ, თორემ ქალს კუბოს ფიცრამდე უყვარს. დავიწყოთ იმით, რომ მარადიული ქვეყნად არაფერია. დასასრული გრძნობასაც აქვს, ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენს. მაგალითად, ფსიქოლოგების ერთი ჯგუფის მოსაზრებითა და კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ქალის სიყვარული, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში გრძელდება. თანაც, მნიშვნელობა არა აქვს, რით დასრულდება ეს სიყვარული – ქორწინებით თუ დაშორებით. სიყვარული არის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიოლოგიასთანაც. რა თქმა უნდა, სიყვარული მთლიანად არ ქრება. რჩება ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, სითბოზე, მზრუნველობაზე, შეჩვევაზე.
ქრება რომანტიკა, შეყვარებულობა, აღმაფრენა... გულს ნუ გაიტეხთ და ნუ იფიქრებთ, რომ ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ საყვარელი მეუღლე აღარ გეყვარებათ, აღარ გენდომებათ და გული სხვა მამაკაცისკენ გაგიწევთ – ასე არ მოხდება, მაგრამ ქმრის მოლოდინში გული აღარ აგიფანცქალდებათ. პრობლემა ის არის, რომ ქალებს ძალიან გვჭირდება რომანტიკა და როცა ის აღარ გვექნება, უნდა გამოვიგონოთ. დიახ – სიყვარულის რეანიმაციაც შეიძლება და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებაც. მოინდომეთ და თქვენი სიყვარული ხუთ წელზე მეტ ხანს იცოცხლებს.