არატრადიციული პოლიტიკა #44
დაგანახვებთ, მაგრამ არ დაგენახვებით
მაშინ, როდესაც, მაგალითად, „ლეიბორისტების“ ლიდერი ძველი როლიდან აგერ უკვე მეოცე საუკუნის ბოლოდან ვერ გამოსულა, მაგალითად, „გირჩმა“ სრულიად ახლებური ხედვა შემოგვთავაზა (პათოსით: მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდიო).
სახელდობრ, კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას (ისევ და ისევ ელექრონული წერილის ფორმით) და ამცნო, ანუ გვამცნო, რომ ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ (მომყავს ციტატა ელწერილიდან): „ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ ტრადიციული პოლიტიკური პარტია ოფისებითა და პარტიული სტრუქტურებით“.
ამიტომაც აპირებენ, რომ იქცნენ პირველ, თანაც – სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც თვით „ფეისბუქის“ მეშვეობით გააერთიანებს ადამიანებს (და ვისაც არ აქვს „ფეისბუქი“ ან, საერთოდაც, ინტერნეტი?!), რომელთაც სწამთ თავისუფლების (არადა იქნებ ისე სწამს, როგორც „გირჩს“ არც კი დასიზმრებია?!).
და იქვე დასძენენ: „არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება Public (ანუ მათი პოტენციალური ამომრჩეველი მთლად სახელმწიფო ენითაც ვერ გავა ფონს, თუ საყველპურო ინგლისურიც არ წააშველა?!).
რაც მთავარია, გვპირდებიან, რომ იქნებიან „სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში.“
თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რად მოაკლეს ამ ჯადოსნურ სარკეში ჩახედვის სიამოვნება მათ, ვისაც არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი (და ასეთები ამ ჩვენს ქვეყანაში ცოტანი არ არიან), მაგრამ, რაც მთავარია, გასაგებია, რომ ძალიან მოხერხებული პოზიცია აურჩევიათ: რა თქმა უნდა, დაწერილის გავრცელება სჯობს „ლაივში“ სჯა-ბაასს, სისულელეების ამოთქმისგანაც უფრო დაზღვეული ხარ და არც ოპონენტი გყავს. –