კლინიკა „ინ ვიტრო“ – 18-წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება
უკვე 18 წელია, რაც ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს” ძირითადი ბირთვი ქართულ სამედიცინო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. კლინიკის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის წყალობით არაერთ უშვილო ოჯახში გაჩნდა ბავშვი. მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი და უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირი კლინიკა „ინ ვიტროს” წარმატების გარანტია. რატომ უნდა ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა „ინ ვიტროს” მედპერსონალს და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებით განხორციელება, ამ და ინ ვიტრო განაყოფიერების ირგვლივ არსებული ყველა საინტერესო თემის შესახებ გვესაუბრნენ კლინიკა „ინ ვიტროს” ერთ– ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი – ნატალია ხონელიძე და კლინიკის მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი – შორენა გოგოჭური.
ნატალია ხონელიძე (მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, თსსუ კლინიკის პროფესორი): ჩვენ პირველები ვიყავით, ამ ბუმბერაზ საქმეს, კერძოდ – ინ ვიტრო განაყოფიერებას რომ შევეჭიდეთ და ამ გზით პირველი ბავშვის დაბადების ამბავი მაშინ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ვემსახურებით უდიდეს საქმეს – უშვილობის მკურნალობას. სწორად დაგეგმილი სტრატეგია, პაციენტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება და მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს კლინიკა „ინ ვიტროს” წარმატებას. აღსანიშნავია, რომ „ინ ვიტროს” პაციენტები არ არიან მხოლოდ უშვილო წყვილები. მშობლები, მოზარდთა რეპროდუქციული და ენდოკრინოლოგიური რისკების დაცვის მიზნით, ადრეულ ასაკშივე მიმართავენ კლინიკას. გაიზარდა მომართვიანობა არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის მიზნით. ასევე, გაზრდილია ინტერესი ოჯახის შექმნისა და სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ, საჭირო გამოკვლევების მიმართ.
– დიდია დღეს უშვილო ოჯახების რაოდენობა და რა იწვევს ამ პრობლემას?
– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, მამაკაცის პრობლემებით გამოწვეული უნაყოფობა უკვე უტოლდება ქალის უნაყოფობის პროცენტულ მაჩვენებელს, რაც, ძირითადად, გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებით, სოციალური გარემოს სტრესული მდგომარეობით და ასე შემდეგ. ქალის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალია: სასქესო ორგანოს ინფექციები, განვითარების მანკები, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები – პოლიკისტოზი, ენდომეტრიოზი, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორი და სხვა.
– ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების რა გზები არსებობს?
– ყველა ჩამოთვლილი მიზეზის აღმოფხვრა მედიკამენტების ჩარევით თუ ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერება მაღალი პროცენტით პრობლემის მოგვარების გარანტია. ნორმალური რეპროდუქციული ასაკის პაციენტებთან, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში არ დადგა ორსულობა, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 35 წლის ასაკში ოჯახის შექმნის შემთხვევაში პაციენტების სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში თუ არ მოხდა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
– რატომ უნდა აირჩიონ უშვილო წყვილებმა კლინიკა „ინ ვიტრო”?
– კლინიკისა და შესაბამისი სპეციალისტის არჩევა პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, პაციენტი ირჩევს სპეციალისტს, რომელთანაც თავს იგრძნობს კომფორტულად, ვინც ყურადღებით მოუსმენს და მისი დაორსულების შანსს გაზრდის. „ინ ვიტროში” ყველა ეს პირობაა შექმნილი. ჩვენი გუნდის წყალობით, გაჩნდა არა მარტო პირველი სინჯარის ბავშვი, არამედ პირველი სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვიც. სწორედ ჩვენი დიდი მონდომებით და შრომით დაინერგა ემბრიონებისა და სპერმის გაყინვის მეთოდი, რასაც მოჰყვა ოოციტების (კვერცხუჯრედების) გაყინვის უახლესი მეთოდის დანერგვა.
– როგორ დაახასიათებთ „ინ ვიტროს” მედპერსონალს?
– ჩვენი კლინიკა დაკომპლექტებულია სანდო და პაციენტების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ექიმებით. ჩვენ ვართ ლიდერი ამ საქმეში და ჩვენი გუნდის წყალობით, ათასობით წყვილი გაბედნიერდა, რაც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების დასტურია. ყველასთვის ცნობილია, რომ უშვილობის პერიოდი წყვილებისთვის ძალიან ემოციური და სტრესულია. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კლინიკაში არსებული მშვიდი გარემო და ექიმების პროფესიონალიზმი. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პაციენტებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან – არ ალოდინონ ვიზიტების დროს და მკურნალობის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნოს.
– უცხოელ პარტნიორებთან თუ გაქვთ კავშირი?
– ისრაელის ყველაზე ცნობილი კლინიკების პროფესორებმა „ინ ვიტროს” კაშკაშა პროფესიული ელფერი შესძინეს. ჩვენი ერთობლივი კოლაბორაციით გაფართოვდა პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომის დიაპაზონი, უფრო დაიხვეწა უმნიშვნელო ნიუანსებიც კი, პაციენტთა მკურნალობის საქმეში, რამაც ორსულობის მაღალი პროცენტი განაპირობა. ჩვენი 16-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, კლინიკას თავისი წარმატების ინდექსი აქვს, რაც წარმატებულ ორსულობას ნიშნავს. აღნიშნული ინდექსი იდენტურია იმ მონაცემებისა, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს, მათ შორის, ისრაელში, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების მხრივ განსაკუთრებით წარმატებულია.
– ინ ვიტრო განაყოფიერების დროს რა ფაქტორი ასრულებს ყველაზე დიდ როლს?
– ინ ვიტრო განაყოფიერებისას, წარმატებული შედეგის მისაღებად, ძალიან ძნელია, ვთქვათ, თუ ვის უფრო დიდი როლი ეკისრება, ექიმის მომზადებას, განათლებას, პრაქტიკულ ჩვევებს თუ ემბრიოლოგის სტატუსს. ემბრიონის ხარისხზე აბსოლუტურად დამოკიდებულია ორსულობის შედეგი. ემბრიონის ხარისხს განაპირობებს როგორც ექიმის კვალიფიკაცია, ასევე ემბრიოლოგის მიერ ჩატარებული სამუშაო. ემბრიოლოგთან მიდის კვერცხუჯრედი, რომელიც მივიღეთ ქალის საკვერცხედან. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ერთმანეთთან შერწყმა და ემბრიონის ჩამოყალიბება კი მიდის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. გარდა ემბრიოლოგის კვალიფიკაციისა, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და იმ ნიადაგს, რაზეც მუშაობს ემბრიოლოგი. ჩვენი ემბრიოლოგი პირველი იყო საქართველოში და 16 წელია, რაც ამ საკითხზე მუშაობს. გვაქვს ზუსტად იგივე შედეგები, რაც არის ევროპის ყველაზე განვითარებულ ინ ვიტრო ლაბორატორიებში. ემბრიოლოგის მომზადება ვერ მოხდება 2– 3 თვეში. ჩვენ ყოველ ახალი პაციენტისგან მიღებულ მონაცემებს ვაჯერებთ ემბრიოლოგთან ერთად. ემბრიოლოგი აუცილებლად უნდა იყოს ადგილზე და ხშირი შეხება ჰქონდეს ექიმთან და ხშირ შემთხვევაში, პაციენტთანაც.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა „ინ ვიტროში“ წამყვანი მიმართულება ხელოვნური განაყოფიერებაა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება გინეკოლოგიურ კონსულტირებას და მათ შორის საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამოკვლევასა და მკურნალობას.
შორენა გოგოჭური: მინდა, ვისაუბრო საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ყელი სასქესო სისტემის ერთადერთი ორგანოა, რომელიც ექიმთან ვიზიტისას უშუალოდ თვალიერდება, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის ორგანოებიდან ყველაზე გავრცელებულია, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს ყელის კიბოს საშუალო ასაკად მიჩნეულია 52,2 წელი. რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან 35– 39 წლის და 60-64 წლის ქალბატონები.
– რა უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებას?
– დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების, სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა, მრავლობითი მშობიარობა და აბორტები (შედეგად განვითარებული ყელის ტრავმატიზმი), სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებები, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ბიოცენოზის დარღვევები, ჰორმონული დარღვევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პაპილომავირუსული ინფექციის როლი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებაში, რაც გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. HPV ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შორის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ინფექციების საშიშროება დგება სქესობრივი ცხოვრების დაწყების მომენტიდან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი რეინფიცირებაც. პაპილომავირუსი წარმოადგენს ვირუსების ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია 130 სახეობაზე მეტი ტიპი. მათ შორის არსებული 13 ტიპი გამოირჩევა განსაკუთრებული ავთვისებიანობით და მათ ონკოშტამები ეწოდება. 16 და 18 ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების 70 პროცენტის შემთხვევაშია აღმოჩენილი.
– რა სიმპტომები აქვს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს?
– საშვილოსნოს ყელის დაავადებებს არ ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები და უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას. მას ახასიათებს პათოლოგიური პროცესებისა და კანცეროგენეზის ერთგვარი სტადიურობა.
– საშვილოსნოს ყელის რა და რა დაავადებები არსებობს?
– საშვილოსნოს ყელის დაავადებებს მიეკუთვნება: ფონური დაავადებები, კიბოსწინარე დაავადებები და საშვილოსნოს ყელის კიბო. ფონური დაავადებებია: ჭეშმარიტი ეროზია, ექტომია ანუ ეგრეთ წოდებული ფსევდო ეროზია, ექტროპიონი, საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი და მარტივი ლეიკოპლაკია. აღსანიშნავია, რომ ფონური დაავადებები შესაძლოა შეგვხვდეს როგორც მოზარდთა, ასევე კლიმაქსურ ასაკში, რადგან საშვილოსნოს ყელის დაავადების განვითარების მიზეზი შესაძლოა გახდეს ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებები. საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადებებს მიეკუთვნება დისპლაზიები. ეს მდგომარეობები უკვე გულისხმობს ისეთ პათოლოგიურ ცვლილებებს, რომელთა დროსაც მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. დისპლაზიები იყოფა ოთხ ჯგუფად:
1) კეთილთვისებიანი ატიპია, რომელიც დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან;
2) LSIL (Law grade Squamous Intraerithelial Lwsion) – მსუბუქი ხარისხის დისპლაზია
3) გამოხატული დისპლაზია ან ინტრაეპითელიარული კიბო – SIN III ან CIS
– საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს?
– თანამედროვე კლინიკურ გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დიაგნოსტირების საფუძველია ჩივილები, ანამნეზური მონაცემები, ზოგადი კლინიკური და გინეკოლოგიური გამოკვლევები, აგრეთვე, კვლევის სპეციალური მეთოდები და მათი კომპლექსური გამოყენება. კვლევის ძირითად მეთოდს მიეკუთვნება: 1) საშვილოსნოს ყელისა და საშოს ვიზუალური დათვალიერება და ზოგადი მდგომარეობის შეფასება; 2) ციტოლოგიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უჯრედულ დონეზე განისაზღვროს არსებული ცვლილებები; 3) კოლპოსკოპია – ამ მეთოდით, მრავალჯერადი ოპტიკური გადიდების ქვეშ, დგინდება პათოლოგიური პროცესის ხასიათი, საზღვრები და ლოკალიზაცია. შესაბამისად, ხდება მკურნალობის მეთოდის ოპტიმიზირება და დინამიკაში დაკვირვება. მეთოდი არაინვაზიური, უმტკივნეულო და ინფორმაციულია. ეს მეთოდები მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, როგორც ერთ-ერთი, ძირითადი სკრინინგული მეთოდი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში. 4) მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდი – საშუალებას იძლევა დადგინდეს პაპილომავირუსის არსებობა და მისი კონკრეტული ტიპი. 5) საშვილოსნოს ყელის ბოიპტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
– როგორ უნდა დავიცვათ თავი საშვილოსნოს ყელის კიბოსგან?
– საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველთვის შედეგია კიბოს წინარე მდგომარეობისა. სწორედ ამიტომ, საშვილოსნოს ყელის დაავადებების პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ექიმთან დროულ და რეგულარულ ვიზიტებს, საშვილოსნოს ყელის ფონური და კიბოსწინარე მდგომარეობების, სასქესო ორგანოების ინფექციური და ვირუსული დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას. აუცილებელია, ქალბატონებმა რეგულარულად ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. დროულად დასმული დიაგნოზი და სწორად ჩატარებული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის მრისხანე დიაგნოზი.
მისამართი: თბილისი,
ლუბლიანას ქუჩა 2/6
საკონტაქტო ტელ:
(+995 32) 215 77 77; 215 77 71
ვებ– გვერდი: www. invitro.ge
facebook: In Vitro Fertilization