ვინ გააცნო ტრანსსექსუალმა ზიზი შეყილაძემ ლაგოდეხში მეზობლებს, როგორც თავისი ცოლი
გასულ კვირას სასტიკად სცემეს და დაჭრეს ტრანსგენდერი ზიზი (ზურაბ) შეყილაძე. ის ამ დრომდე საავადმყოფოშია და მეგობრების თქმით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარში ბრალდებული გ. მურჯიკნელი 16 ოქტომბერს დააპატიმრეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. მან სასამართლოს გირაოს სახით ათასი ლარი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების მტკიცებით, კამათი მურჯიკნელსა და შეყილაძეს შორის, ვინმე მზია თოდაშვილის გამო დაიწყო, რომელიც სექსმუშაკია. მურჯიკნელი შეყილაძეს სთხოვდა ნება დაერთო თოდაშვილისთვის, ორთაჭალის რაიონში სექსმუშაკად ემუშავა. ორივე მხარე ნასვამი იყო და მათი კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ის, რომ მურჯიკნელმა შეყილაძეს თავში ბეტონის ფილა ჩაარტყა. მერე ყელის არეში დაჭრა და ისევ ფილა ჩაარტყა.
ანა კოვალენკო (ზიზი შეყილაძის მეგობარი): ზიზი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ იძლევიან. თავი აქვს დაზიანებული და ყელი გამოჭრილი. მას აქამდეც ძალიან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. უამრავი ოპერაცია აქვს გადატანილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. ადრე ისეთი პრობლემები ჰქონდა, არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. მაგრამ, სასწაული მოხდა. რამდენჯერმე იჯდა ციხეში, როგორც ვიცი, ქურდობისთვის. იქ ჩვეულებრივ პატიმრებს არ ექცევიან კარგად და მით უმეტეს, ტრანსსექსუალებს. თვითონ პატიმრები არ ეპყრობოდნენ ცუდად, მაგრამ მისი უფლებები ილახებოდა და ამას აპროტესტებდა. პროტესტის ნიშნად, დაახლოებით ოთხი წლის წინ, ჩანგლები და კოვზები გადაყლაპა და ძალიან ცუდად იყო. ნაწლავები დაუზიანდა, ყველაფერი დაულპა. ჩანგლები და კოვზები კი ამოუღეს ორგანიზმიდან, მაგრამ საშინელი ჭრილობები ჰქონდა. მუცელში მილები ჩაუდგეს და ტუალეტში გასვლა არ სჭირდებოდა. მერე ოპერაცია გაუკეთეს, იმკურნალა და გადარჩა. მაგრამ, რა თქმა უნდა ჯანმრთელი არ იყო. ამას ისიც დაემატა, რომ ბოლოს ძალიან გახდა. ბოლო პერიოდში ტუბზონაშიც იწვა იზოლირებულად, ალბათ, რთულ ფორმებში ჰქონდა დაავადება, რაც მისი საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა. ბოლოს იქიდან გამოიპარა. მოკლედ, ახლა ძალიან რთულია მისი ორგანიზმისთვის ამ ჭრილობების მოშუშება.
– შეგიძლია, მითხრა, რა მოხდა, რა არის მისი ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი?
– ზიზი ამ ეტაპზე პროსტიტუციას ეწეოდა ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საღამოს იქ ჩვეულებრივი სექსმუშაკებიც დგანან და ტრანსვესტიტებიც. იმ საღამოს ზიზი იქ ერთ გოგოსთან ერთად იყო, რომელიც იქ მუშაობს და ზიზისთან მეგობრობს. მურჯიკნელი, ანუ პიროვნება, რომელმაც ზიზი დაჭრა, როგორც ვიცი, ამ გოგოს საყვარელია და მისგან ფეხმძიმედაცაა. როგორც გავიგე, მურჯიკნელი ადრეც ყოფილა ნასამართლევი და ალბათ, ზიზის ციხიდან იცნობდა. როგორც ვიცი, ზიზის მანამდე ამ მურჯიკნელთან სექსუალური ურთიერთობაც ჰქონია. იმ საღამოს სამივე ერთად სვამდნენ ქუჩაში და რაღაც მიზეზის გამო, ზიზის და მურჯიკნელს კონფლიქტი მოუვიდათ. მურჯიკნელს ზიზისთვის თავში რამდენჯერმე ჩაურტყამს აგური და ყელი გამოუჭრია. სამი ჭრილობა აქვს მიყენებული ყელის არეში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოხდა, კამერებია და ეს ყველაფერი ფიქსირდებოდა. თვითონ ზიზი კომაშია და არაფერის თქმა არ შეუძლია. ის გოგო კი შეშინებულია და ვერაფერს ამბობს. შეშინებულზე უფრო მეტიც, ის დღეს ნაცემია. ჩემი ინფორმაციით, ის მურჯიკნელის ძმამ და მისმა მეგობრებმა საშინლად სცემეს და მუცელიც მოეშალა. ეს ინფორმაცია ჩვენმა ორგანიზაციამ მოიპოვა. ზიზი ამ მდგომარეობაში, ქუჩაში უპატრონოდ რომ ეგდო და კაციშვილი არ მიეხმარა, ეს ჩვენმა ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა გაიგო. 21-ე საუკუნეში კი ვართ, მაგრამ ჰომოფობიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თვითონ გიორგიმ ყველაფერი გააკეთა, რაც კი საჭირო იყო. ზიზის დედასაც ის დაუკავშირდა.
შემთხვევით, ამ ამბავს ჩემი მეგობარიც შეესწრო. იმ ადგილას მანქანით გაუვლია ბავშვების მოსანახულებლად. მითხრა: ცემა-ტყეპა რომ დავინახე, შემეშინდა და გავიქეციო. მე ვუთხარი: რატომ გაიქეცი, ხომ შეგეძლო, ტელეფონით გადაგეღო ეს ყველაფერი-მეთქი და მიპასუხა: იმდენად შემეშინდა, ვერ მოვახეხებდი. შეიძლება მანქანის მინა დაემტვრიათ ან რამე მსგავსიო. ძალიან აგრესიულები ყოფილან.
– აქ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი – მომხდარს გენდერული იდენტობის კონტექსტში განიხილავენ. ფიქრობ, რომ დანაშაულის ჩადენის მიზეზი დაზარალებულის სექსუალური ორიენტაცია გახდა?
– ამ შემთხვევაში, შეიძლება, ზიზის ორიენტაცია არაფერ შუაში იყო, მაგრამ ჩემი ვარაუდით, არც უმაგისობა იქნებოდა.
ეს არის მკვლელობის მცდელობა და ველოდებით, რომ მურჯიკნელს მუხლი დაუმძიმდება. იმიტომ რომ, ეს განზრახ მკვლელობაა და არა შემთხვევითობა. შემთხვევით შეიძლება, ხელი გაარტყა ადამიანს, მაგრამ როგორ შეიძლება, შემთხვევითი იყოს ბლოკის ჩარტყმა და სამი ჭრილობა?
– მასთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებს. წარსულში თუ განიცდიდა რაიმე სახის შევიწროებას?
– კი, ზიზის ათ წელზე მეტია, ვიცნობ და ვიცი, რომ ყოველთვის პრობლემები ჰქონდა. ნასამართლევი იყო და აქედან გამომდინარე, პოლიციელებს კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი. ზიზი სექსმუშაკი გახლდათ და ბევრი პრობლემა ჰქონდა. რამდენჯერმე დაჭრეს და ცემეს, მაგრამ რეაგირება არ ხდებოდა. ყველაფერი მხოლოდ ოქმის შედგენით მთავრდებოდა. ბევრჯერ გამხდარა ცუდად. როგორ შეიძლება, ასე, ნაწლავებგადმოყრილმა ადამიანმა იცხოვროს ბუნაგში – ნაქირავებ ერთ ოთახში, რომელშიც საშინელი სუნი დგას. ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები მე მივუტანე, იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ორგანიზაციებს სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ყური არ შეიბერტყეს. ეს ორგანიზაციები მხოლოდ გრანტიმჭამელები არიან. ამიტომაც დავაარსეთ ახლა „ტრანსგენდერ ქალთა დაცვის ცენტრი”. როგორც უკვე გითხარით, ზიზი სექსმუშაკად მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა. იცით, რომ ასეთ მდგომარეობაში არავინ გაეკარებოდა. თუმცა, ის ამ მდგომარეობაშიც მუშაობდა. ჩვეულებრივი „სკოჩებითა” და „ლეიკოებით” ჰქონდა დამაგრებული ჭრილობებზე ბინტი და მუშაობდა, იმიტომ რომ თავი გადაერჩინა. წამლების ფული რომ არ ჰქონდა, სასმელს სვამდა ტკივილების გასაყუჩებლად. სხვა გზა არ ჰქონდა, გადარჩენისთვის ქუჩაში უნდა მდგარიყო.
მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდა, მას არავინ შეიფარებდა. ზიზი ლაგოდეხიდანაა. ტრადიციული ძმა ჰყავს და ასეთი ძმა არ უნდა. მისი ორიენტაციის გამო, მასთან ურთიერთობასაც კი ერიდებოდა. თუმცა, დედასთან, დასთან და რძალთან ურთიერთობა ჰქონდა. მამა გარდაცვლილი ჰყავს. მის ოჯახს ვიცნობ, იდეალური ოჯახი აქვს.
– პრობლემები შექმნია იმის გამო, რომ ტრანსგენდერია?
– თავის დროზე, ოჯახიდანაც ორიენტაციის გამო წამოვიდა. მაშინ დაახლოებით 17-18 წლის იქნებოდა და თბილისში ჩამოვიდა. მერე აქ რამდენჯერმე დააპატიმრეს, ქურდობის გამო. მაშინ ჩვეულებრივი გეი იყო, მაგრამ, როცა საქმეს სჭირდებოდა, ქალის ტანსაცმელს იცვამდა და ქუჩაში გადიოდა ფულის საშოვნელად. კლიენტი ჩაცმულს რომ გხედავს, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ შენ დღისით. მაგ სფეროში კლიენტს ეს არ აინტერესებს.
– და ტრანსი როდის გახდა?
– ამას ბოლო სამი წლის განმავლობაში მიეცა სისტემატური სახე, იმიტომ რომ, მეტი შემოსავალი ჰქონდა. ამ ამპლუაში უფრო კარგად გრძნობდა თავს. სად ათ ლარს რომ გაძლევენ დღიურად სამსახურში და სად, ორასი ლარის შოვნის შესაძლებლობა რომ გაქვს. მაგრამ, ისე, ჰეტეროსექსუალი არასდროს ყოფილა.
– ძმის გარდა, ოჯახის წევრებთან ინარჩუნებდა ურთიერთობას და ერთხელ მეც ვყავდი სოფელშიო, მითხარი. თანასოფლელებს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მასთან?
– კი, როცა მისი ძმა სახლში არ იყო, ოჯახში, ლაგოდეხში, ჩადიოდა. ერთხელ მეც ვიყავი და ბევრი მეზობელი მოდიოდა სანახავად. ზიზი ჩემზე ხუმრობდა, ცოლი მოვიყვანეო. ისინიც ეკითხებოდნენ, რას შვრები, ზურაო. იქ ზიზის, რა თქმა უნდა, არავინ დაუძახებდა. მის მიმართ აგრესიულად განწყობილი არავინ ყოფილა.
სტატია დაწერილია 20 ოქტომბერს – ავტორი