კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისმა სიკვდილმა დააბერა ბესო ბერულაშვილი ერთ წუთში და რატომ იტირა მის წინაშე პატრიარქმა

პაროდისტი ბესო ბერულაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სახლში ხშირად მოწყენილია. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მესაიდუმლე ცოლია – მაიკო უგრეხელიძე და მის გვერდით თავს ბედნიერ კაცად გრძნობს. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესოს ბინა ქალაქის ცენტრში მთავრობამ ერთ ლარად აჩუქა და ამის გამო, ბევრმა მის მიმართ აგრესია გამოხატა. როგორც თავად გვითხრა, ამ ბინაში ის უკვე წლებია, დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მის დაკანონებაში მხოლოდ მისი ცნობილი მეგობრების რეკომენდაცია დაეხმარა.
ბესო ბერულაშვილი: როცა ოჯახი ერთად ვიკრიბებით, ვხვდები, როგორი ბედნიერი ვარ და მიხარია. იღბლიანი ვარ, ასეთი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები რომ მყავს. ხომ იცით, როგორ ხდება? მეუღლე რომ კვდება, თავისი მეორე ნახევრისთვისაც ამზადებს ადგილს. მე და ჩემმა მეუღლემ ხელშეკრულება დავდეთ – მე მივდივარ და თუ სამოთხეში მოვხვდი, ის ჯერ იყოს აქ, რამდენი ხანიც უნდა; მაგრამ, თუ ვერ მოვხვდი, უეჭველი უნდა წავიყვანო, რადგან ვიცი, ის უეჭველად მოხვდება (იცინის). სულ ვეხუმრები მაიას, ჯერ მე უნდა მოვკვდე და მერე შენ წაგიყვანო-მეთქი. ბევრისთვის ბედნიერებაა „ლა სკალაში” გამოსვლა და სიმღერა, ზოგისთვის „მეტროპოლიტენ ოპერის” სცენაზე დგომა, ჩემთვის „ლა სკალაც” და „მეტროპოლიტენ ოპერაც” ავღანეთში ყოფნა აღმოჩნდა. ჩვენს ბიჭებთან ჩავედი, ვამხიარულე, ვაცინე და მათი ტაში ნებისმერ დიდ დარბაზში დაკრულ ტაშს მერჩივნა. სხვათა შორის, ავღანეთში წასვლამდე, პატრიარქთან მივედი, კურთხევა რომ მომცა და დამლოცა, მოკითხვა დამაბარა ბიჭებთან. რომ ჩამოვედი, თავისთან მიხმო და ამბები გამომკითხა: რამდენი ბიჭია იქო, ვუთხარი, ბევრნი – 500 მე ვნახე, დანარჩენები კი გასულები იყვნენ-მეთქი. ცრემლები წამოუვიდა ღაპაღუპით. მან წინასწარ დაინახა ის უბედურება, რაც წინ გველოდა. ცოტა ხანში საშინელება მოხდა – ყველას გვახსოვს 2013 წელს კუბო-კუბოზე რომ ჩამოიტანეს. აცრემლებული პატრიარქი ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ასე, ღაპაღუპით რომ სდიოდა ცრემლი, პირველად ვნახე.
– ბესო, როდის მიიღე ყველაზე დიდი დარტყმა ცხოვრებისგან, როცა მიხვდი, სამყარომ ზურგი გაქცია?
– რაც არ უნდა მძიმე წუთები მედგას ცხოვრებაში, ვხვდები, ღმერთი ზურგს არ მაქცევს. ერთხელ უწმიდესმა დამიძახა და გვერდით მომისვა. დიდი ხანი მესაუბრა და მერე მივხვდი, მან ამ საუბრით დიდი ტკივილისთვის მომამზადა. ძალიან მალე დედა გარდამეცვალა და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. ამის მერე, მეტად მორწმუნე გავხდი. დედა რომ გარდამეცვალა, მივხვდი, გავიზარდე და წამში დავბერდი.
– ბესო, საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავს და მათ შორის, სამთავრებო სტრუქტურებშიც. მართალია, რომ ბინა, სადაც ცხოვრობ, პრემიერმა გაჩუქა?
– ამ ბინაში უკვე შვიდი წელია, ვცხოვრობ ოჯახის რვა წევრთან ერთად და დაკანონებული არ მქონდა. შვიდი წელი ვეხვეწე მთავრობას ამ ბინის დაკანონებას. ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამდენიმე თვეა, დამიკანონა. ერთ ლარად დამიკანონა თუ ათას ლარად, რა სალაპარაკოა? ცნობილმა მსახიობებმა და კიდევ სხვებმა, რეკომენდაცია გამიწიეს და ბინა გადმოვიფორმე. დამიჯერებთ, რომ არც მანქანა, არც ბინა და არც აგარაკი არ გამაჩნია: ჩემს სახელზე მხოლოდ ეს ბინაა და ოთხადგილიანი სასაფლაო. სხვა, დედამიწაზე, არაფერი მაბადია.  მიკვირს, რატომ გამოიწვია ამ ფაქტმა ასეთი აგრესია ზოგ-ზოგიერთებში. თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილთან ხშირად ვიყავი და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა იყო საჭირო, მაგრამ არ ვუთხარი. ზურა ჟვანიას გაუკეთებელი არაფერი იყო და ვერ ვუთხარი სამსახური მინდა-მეთქი. დედის ავადმყოფობაც ჩემი ძმაკაცისგან გაიგო და ერთი ამბავი დამაწია. მისი წყალობით, შვიდი წელი გაუხანგრძლივდა დედას სიცოცხლე. შვიდი წელი კიდევ მაჩუქა დედა და ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ზურა. არ დამავიწყდება, ოფისში მივაკითხე დათო ნარმანიას, ჩემი მეგობარია. გავიხედე, ხალხია შეკრებილი – იპოთეკარები და არის დიდი ჩოჩქოლი. ვკითხე ქალებს, რა ხდება-მეთქი და მიპასუხეს: რა და, აგერ გვაქვს გამზადებული ბოთლებით ბენზინი და თუ არ დაგვეხმარებიან, თავს დავიწვავთო. გამისკდა გული, ჩამოვჯექი და დავიწყე ხუმრობა. ისე გავართე, სულ დაავიწყდათ იპოთეკები – იხეოდნენ სიცილით. კარგად რომ ვიცინეთ, ისევ ვიკითხე: მოიცა, რაზე ხართ შეკრებილი-მეთქი? და რომ გამიმეორეს, მერე გამოვფხიზლდი რაჭველივით... მოიტა, მეც თქვენთან დავჯდები, ამის დედაც ვატირე-მეთქი (იცინის). არასდროს მიცხოვრია ფუფუნებაში. მართლია, ბევრი მეგობარი მყავს ყველა სფეროში და მათ შორის, პოლიტიკაშიც, მაგრამ ჩემ გამო არავინ შემიწუხებია.
– ისე, თუ დავაკვირდებით, ვისი პაროდიაც გააკეთე, ყველა გარდაიცვალა...
– ამას ძალიან განვიცდი და მათი სიკვდილის მერე, აღარც „ბენდუქიძე” გამიკეთებია და აღარც „ჟვანია”, შევარდნაძე... სხვები კი, ვის პაროდიასაც ვაკეთებ, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ. ერთხელ კახეთში ვთქვი, რაღაცა უიღბლო პაროდისტი გამოვდექი, ვინც გავაკეთე, ყველა დაიხოცა-მეთქი. ვიღაც ქალი მომვარდა – არიქა, შენი ჭირიმე, იქნება ჩემი დედამთილის პაროდიაც გააკეთოო (იცინის). თუმცა, ჩემი განსახიერებული პოლიტიკოსები ხალხს შევაყვარე და ეს ბევრს უთქვამს. ცხონებულ ზურა ჟვანიასთან ძალიან ახლოს ვიყავი და დღესაც არ არსებობს, მისი დაბადების ან გარდაცვალების დღე გამომეპაროს. დედაჩემი და ზურა ერთ დღეს იყვნენ დაბადებულები და ორივე ერთ თვეში გარდაიცვალა. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა ზურა და ახლა, რომ მახსენდება რა სითავხედეები მაქვს მისთვის გაკეთებული, მეცინება. მისი ხმით ხალხს ვნიშნავდი სამსახურში. ერთი ჩემი ძმაკაცი, თელავში საგადასახადოს უფროსად დავნიშნე ჟვანიას ხმით. მერე გაირკვა ეს ამბავი და კინაღამ გადაირია ზურა (იცინის). მედეა მეზვრიშვილს სამთავრობო სხდომაზე უთქვამს, ბატონო ზურა, თქვენი დავალება შესრულებულიაო. ზურას ჰგონებია, წყალი გაიყვანა, მოხნა-დათესა და რომ უთხრა, კაცი დავნიშნეო, ცეცხლები უყრია. უთქვამს, დროზე მოვიდეს აქ ბესო, უნდა დავახრჩოო (იცინის). ახლახან, ინგა გრიგოლიას დავურეკე გია ვოლსკის ხმით და ვუთხარი: „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მეწყვილეს ვეძებ და შენ უნდა გამოგიცეკვო-მეთქი. დაიჯერა, რომ მართლა გია ურეკავდა, მთვრალი ეგონა და გადაირია. ცხოვრებაში არ მიცეკვია, ბატონო გია, რას მეუბნებითო (იცინის). ერთხელ კი, თავად დამაინტრიგეს მთავრობიდან – გავიხედე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მირეკავს. ვიფიქრე, ვიღაც მეღადავება-მეთქი. დავიბენი და კიდევ კარგი, რამე არ წამომცდა (იცინის). მკითხა, გია ვოლსკის შენ აკეთებო? კი, ვაკეთებ-მეთქი და გავუკეთე ტელეფონში. ბევრი იცინა და მითხრა, არ დაიკარგო, კაცო, გამოჩნდიო და დაკიდა ყურმილი. დავრჩი გაოგნებული. გადავურეკე ძმაკაცს, შენ გამეღადავე-მეთქი, დაიფიცა, არაო. ცოტა ხანში, მომდის შეტყობინება სერგეენკოსგან: „იზვინი ბრატ, ჩვენც ვიცით ხუმრობა.“ კი გავიფიქრე, ჩემს ხუმრობაზე ხალხი სიცილით კვდება და ამ მთავრობის ხუმრობაზე კი გავავსე შარვალი-მეთქი (იცინის).
– შენი ცოლი სადაურია და როგორ გამოგატანეს ასეთი ანგელოზივით გოგო მისმა მშობლებმა?
– ჩემი ცოლი უგრეხელიძეა, იმერელი. სულ ზარ-ზეიმით გამომატანეს, ემანდ, არ გადაიფიქროსო (იცინის). მაიკო ჩემი მეორე ცოლია და საკმაოდ ტკბილი და გემრიელი ოჯახი გვაქვს. ლამაზი კია, მაგრამ რომ არა ჩემი სილამაზე, პირველი იქნებოდა (იცინის).
– ამბობენ, ლამაზი ცოლის ქმარს, იარაღი სულ გადატენილი უნდა ჰქონდესო.
– ერთი ანეკდოტი გამახსენდა ამაზე. ქმარი შეუსწრებს ცოლს საყვარელთან. დაიწყებენ ქმარი და საყვარელი ჭიდაობას. ცოლი ქმარს „ბალეშჩიკობს“ – კვანტი დაუდე, კვანტიო. ქმარმა გამოხედა და უთხრა:  შენი დედა კი ვატირე, რატომ გამიხადე საქმე საკვანტავადო (იცინის). თუ ცოლმა მოინდომა, გინდა, თოფი გადატენე და გინდა, ზარბაზანი. ჩვენ, ორივე მორწმუნეები ვართ და ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. სილამაზესთან ერთად, ჭკვიანი ცოლიც მყავს. მაგრამ, ძმაკაცები დამაკარგვინა – ყველა იმის მხარეს გადავიდა. მე ბედნიერი ვარ მის გვერდით. დიდი ოჯახი გვაქვს და ვცდილობთ, მეტი სიყვარული და სითბო ვაჩუქოთ ერთმანეთს. თანამშრომლებს სულ ვეჩხუბებოდი, რატომ გათხოვდით ადრე, უნდა მოეკალით მშობლებს-მეთქი. მოვდივარ სახლში და არ მეუბნებიან, 16 წლის ქალიშვილი გაგითხოვდაო? აი, რომ ავხტი და გავიკვანძე, ახლაც გადაკვანძული ვარ (იცინის). თუმცა, შვილიშვილებს რომ ვუყურებ, ჩემზე ბედნიერი, კაცი არ დადის.
– ზოგადად, კახური ხასიათი როდის იღვიძებს შენში?
– თქვენ, ისა მკითხეთ, როდის იძინებს? სულ გაღვიძებულია (იცინის). ყველას ხომ ჰგონია, რომ სულ ხალისა ვარ – ვერ წარმოიდგენთ და, სახლში სულ მოწყენილი ვარ.

скачать dle 11.3